საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
28-03-2019
საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 47.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტია.

2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო - 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 65.7 და
25.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (19.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 369.2 მლნ აშშ დოლარი (988.2 მლნ ლარი;
მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 790.6 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 874.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (11.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.3 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (27.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის მშპ-ს 64.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.3 პროცენტია.

2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 40.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2018 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 369.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

ცნობისთვის, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?