გზა პატარებისთვის დიდ ავიაციაში - კვირის პალიტრა

გზა პატარებისთვის დიდ ავიაციაში

"ავიაციას არა მხოლოდ მფრინავები და ბორტგამცილებლები, არამედ პროფესიონალი ავიატექნიკოსებიც სჭირდება"

საქართველოში უკვე მეორედ იმართება კონკურსი "გახდი ავიატორი". კონკურსის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მომავალ თაობაში ისეთი მნიშვნელოვანი დარგის პოპულარიზაციაა, როგორიც სამოქალაქო ავიაციაა.

პროექტს ავიაკომპანია "აირზენა ჯორჯია ეარვეისი" და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებენ. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს შეუძლია.

ახლა საქმე ბავშვების ფანტაზიაზე, მარჯვე ხელებსა და დიდ ავიაციამდე მიღწევის სურვილზეა. ბავშვების შექმნილ თვითმფრინავის მოდელებსა და ნახატებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს კი ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცემათ.

კონკურსმა "გახდი ავიატორი" სტარტი ჯერ კიდევ 2007-2008 სასწავლო წელს აიღო და მასში ასამდე ბავშვი მონაწილეობდა. კონკურსის იდეა კომპანია "აირზენა ჯორჯია ეარვესის" პიარმენეჯერ ნინო გიორგობიანს ეკუთვნის.

ნინო გიორგობიანი: "პირველად 2007 წლის შემოდგომაზე გამოვაცხადეთ ეს კონკურსი. პროექტის ფარგლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა. მაგალითად, სოფელ ქურთაში მცხოვრები ბავშვები თბილისიდან ბათუმში გადავაფრინეთ. ძლიერი ემოციები ჰქონდათ, ჯერ ერთი, რომ პირველად იფრინეს თვითმფრინავით და თან პირველად ნახეს ბათუმიც.

დიდი დაინტერესება იყო რეგიონებიდან. არ დარჩენილა თუნდაც ერთი რეგიონი, თვითმფრინავის მოდელები არ ჩამოეტანოთ. არ ველოდით, რომ ასეთი დაინტერესება იქნებოდა გოგონების მხრიდანაც, ისინიც ხატავდნენ და თვითმფრინავის მოდელებს ქმნიდნენ. ქარელის რაიონის სოფლიდან დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ პილოტებსა და ბორტგამცილებლებს ჩავიყვანდით და ბავშვებს შევახვედრებდით. ასეც მოვიქეცით და ქარელელ მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრა მოვუწყვეთ. აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა ჩვენთან მუშაობის დაწყება, რა გზა უნდა გაევლოთ საამისოდ და სხვ.

კონკურსის შედეგად ორმა მოზარდმა საავიაციო ინსტიტუტში ჩააბარა და თავისი მომავალი ავიაციას დაუკავშირა. საუბარი არ არის მხოლოდ მფრინავისა და ბორტგამცილებლის პროფესიაზე, დარგს პროფესიონალი ავიატექნიკოსებიც სჭირდება. ავიაცია, მით უფრო სამოქალაქო, სტრატეგიული დარგია ქვეყნისთვის. ამის მაგალითი 2008 წლის აგვისტო იყო, როცა საომარი მოქმედებების გამო არც ერთი ავიაკომპანია არ დაფრინავდა ქვეყანაში, ერთადერთი "აირზენა" იყო, რომელსაც ფრენა არ შეუწყვეტია.

ჩვენმა ავიაკომპანიამ პრაქტიკულად ქვეყანა იზოლაციას გადაარჩინა. გარდა ამისა, როცა იმავე აგვისტოში არც ერთი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, ჩვენ ჰუმანიტარული რეისები დავნიშნეთ. ამ მაგალითების მოყვანით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ქვეყანას ძლიერი ეროვნული ავიაკომპანია სჭირდება.

ძალიან დიდ დროსა და თანხას ვხარჯავთ პილოტის სპეციალიზაციაზე. სხვათა შორის, ქართველი პილოტების პროფესიონალიზმი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჩვენს მფრინავებს უფლება აქვთ, ნებისმიერ ამინდში აფრინდნენ და დაეშვან, რის შესაბამის სერტიფიკატებსაც ფლობენ. პერიოდულად მათი გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება ევროპულ სასწავლო ცენტრებში ხდება. ამიტომ ძალიან გაგვახარებს, თუ ბავშვებშიც გავაღვივებთ ინტერესს ამ პროფესიის მიმართ".

"გახდი ავიატორის" პირველი კონკურსი, ახლანდელის მსგავსად, ორ კატეგორიად იყო დაყოფილი. მოსწავლეებს შეეძლო წარმოედგინათ როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ნამუშევრები. პირველი კონკურსის ინდივიდუალურ კატეგორიაში გამარჯვებულს კომპიუტერი გადაეცა, ხოლო ჯგუფურ ნომინაციაში გამარჯვებულს - ფულადი პრემია 1000 ლარი. მეორე ადგილზე გასულებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ნომინაციაში 500-500 ლარი გადაეცათ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებმა 300-300 ლარი მიიღეს.

ავიაკომპანიამ პროექტი "გახდი ავიატორი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა. ინფორმაცია პროექტის შესახებ ქვეყნის მასშტაბით სწორედ განათლების სამინისტროს რესურსცენტრების მეშვეობით ვრცელდება.

ნინო გიორგობიანი: "ვინც ვერ შეძლებს თავისი ნამუშევრის თბილისში ჩამოტანას, შეუძლია რაიონის რესურსცენტრში მიიტანოს და ისინი მოგვაწვდიან. ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადა 15 დეკემბერია, გამარჯვებულს საახალწლოდ გამოვავლენთ და ბავშვებს დავასაჩუქრებთ. ასაკი არ არის შეზღუდული. თვითმფრინავის მოდელისა თუ ნახატის წარმოდგენა ნებისმიერი კლასის მოსწავლეს შეუძლია.

შეზღუდვები არ არსებობს არც მასალაზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს მოდელების შექმნისას. ერთადერთი, რაც მოთხოვნებში გვაქვს მითითებული, უნდა იყოს მსგავსება რეალურ თვითმფრინავთან, ამ შემთხვევაში ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავებთან. კონკურში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ესტუმრონ ჩვენს საიტს და ნახონ თვითმფრინავები. ან შეუძლიათ ჩვენთან მობრძანდნენ და ფოტომასალასაც მივაწვდით.

რაც შეეხება გუნდურ კატეგორიას, ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს ხუთი მოსწავლე. შეუძლიათ ჰყავდეთ ხელმძღვანელი, ოღონდ მხოლოდ ინტელექტუალური დახმარების თვალსაზრისით. წინა კონკურსზე რამდენიმე ისეთი მოდელი წარმოადგინეს, აშკარა იყო, რომ ის ბავშვის გაკეთებული ვერ იქნებოდა.

გარდა სამი საპრიზო ადგილისა, ჩვენ გვექნება სპეციალური პრიზები ნიჭიერი ბავშვებისთვის. მაგალითად, წინა კონკურსზე ექსპერტმა, რომელიც ჟიურის შემადგენლობაში იყო, თავის რჩეულს პულტით სამართავი თვითმფრინავი გადასცა. არც პედაგოგებსა და მშობლებს დავტოვებთ უყურადღებოდ და მათთვის უფასო ბილეთებს გავათამაშებთ ავიაკომპანია "აირზენას" პირდაპირ რეისებზე".