"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული 1.1 მლნ ლარის ჯარიმა გადაიხადა - კვირის პალიტრა

"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული 1.1 მლნ ლარის ჯარიმა გადაიხადა

"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის მიერ, გასული წლის ნოემბერში დაკისრებული ჯარიმა, 1.1 მილიონი ლარი 12 მარტს გადაიხადა, - ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

წლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის ტრანზაქციების შესწავლის შედეგი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ისინი ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. "თიბისი ბანკის" ცნობით, ამის შემდეგ რიგი ნაბიჯები გადაიდგა საანგარიშო წლების დოკუმენტაციის შესწავლისთვის.

"ჩვენ დავადგინეთ რომ ჯარიმა სწორად იყო დაკისრებული და მის გადახდას დავთანხმდით. შესაბამისი გადახდა განხორციელდა 2019 წლის 12 მარტს",– აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ "თიბისი ბანკმა" სებ-ის გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა. თუმცა, უკვე მიმდინარე წელს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხით იყო დაინტერესებული და მათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადეს, გაკეთდა განცხადება, რომ ბანკი წყვეტდა სასამართლო დავას და ჯარიმასაც გადაიხდიდა.

ცნობისთვის, 2 აპრილს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს.

ამის შესახებ განცხადება უცხოელი აქციონერებისთვის უკვე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაზარაძე და ჯაფარიძე კვლავ შეინარჩუნებენ პოსტებს ბანკის მფლობელ TBC Bank Group PLC-ში. ამასთან, განცხადების მიხედვით, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"