გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები
15-04-2019
გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები
რა არის ე.წ. რუხი ბაზარი

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა­ განაცხადა, "საბანკო რეგულაციები იმისთვის დაწესდა, რომ ღარიბმა ოჯახებმა ცხოვრება არ გაიუბედურონ", თუმცა ბევრს ამ შეზღუდვებმა ცხოვრება ძალიან გაურთულა. მოსახლეობის ნაწილი განვადებით ნივთებს ვერ ყიდულობს, რადგან შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი არა აქვს. ასეთ კატეგორიას მეტწილად თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, მათ შორის რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსის მძღოლები, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში არცთუ მცირეა. ზოგს სესხს იმ მიზეზით არ აძლევენ, რომ მეტად მწირი შემოსავალი აქვს
და არ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დადგენილ კოეფიციენტს, რომლის თანახმადაც, 1.000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებისთვის სესხის დასაფარავად ყოველთვიური გადასახდელი თანხა 200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. არადა, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი სწორედ 1.000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მოსახლეობა განვადებით ყველაზე ხშირად საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულ­ობდა და
შესაბამისად, საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შეზღუდვების პირველი ტალღა სწორედ ტექნიკის მაღაზიებს შეეხო.
როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ყველაზე მეტად ტექნიკის გაყიდვა რეგიონებში შემცირდა,­ რადგან განვადების დასამტკიცებლად საკრედიტო ოფიცრები თურმე გლეხებისგანაც კი ხელფასის ცნობას ითხოვენ. არადა, ფერმერულ მეურნეობაში დასაქმებულს საკმარისი სეზონური შემოსავალი აქვს საიმისოდ, რომ საბანკო პროდუქტებით ისარგებლოს და განვადებით ნივთის შეძენაც შეძლოს.

თუმცა ახალი საბანკო რეგულაციებით ამის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელების მეპატ­რონეების თქმით, შეზღუდვების გამო მხოლოდ ა. წ. იანვარში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვა დაახლოებით 50%-ით შემცირდა, თებერვალ-მარტში კი - 30-35%-ით. როგორც ამბობენ, შეზღუდვების დაწესებამდე განვადებით გაყიდული პროდუქციის წილი მთლიან რეალიზაციაში დაახლოებით 65%-ს შეადგენდა, დღევანდელი მდგომარეობით კი 20%-მდე დავიდა. შემცირებული გაყიდვების გამო მოუხდათ მაღაზიების დაკეტვაც და თანამშრომლების დათხოვნაც.

მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ავეჯითა და ფუფუნების საგნებით მოვ­აჭრე რიტეილერებიც, რომელთა გაყიდვები­ დიდწილად საბანკო განვადებებზე იყო მიბმული.
რეგულაციების პირველი ტალღის "და­რტყმის" შემდეგ, რეალიზატორებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს. ზოგმა გაქირავების სერვისი დანერგა - ნივთს მომხმარებელს ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ ატანდნენ და მხოლოდ ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ გადადიოდა ნივთი მომხმარებლის საკუთრებაში.­ თუმცა ამბობენ, რომ ამ გამოსავალმა არ გაამართლა, რადგან გაქირავებით გაყიდული პროდუქციის ღირებულების დაახლოებით 40% რეალიზატორებს უკან არ უბრუნდებოდა.

წარუმატებელი "გაქირავების" შემდეგ, რიტეილერები შიდა განვადების მექანიზმის დანერგვას გეგმავენ და მოლაპარაკებებს­ აწარმოებენ პროდუქციის მწარმოებლებსა და მიმწოდებლებთან, რათა პროდუქცია მომხმარებელს ერთ წელიწადში გადახდის პირობით შესთავაზონ.

რიტეილერების თქმით, ამ შემთხვევაშიც მაღალია რისკი, რომ გაყიდული პროდუქციის ღირებულების ნაწილი აღარ დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, ერჩივნათ ეს საქმე ბანკებს ეკეთებინათ, მაგრამ ახლა იძულებული არიან რისკზე წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღაზიების დაკეტვა მოუწევთ.

შიდა განვადების დეტალებზე რეალიზატორები არ ლაპარაკობენ, რადგან მექანიზმი ჯერ კიდევ ზუსტდება, ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ "კრედიტინფოსთან" და განვადებით ნივთის გასატანად მომხმარებლისთვის შემოსავლის დადასტურება აუცილებელი არ იქნება.

ავითარებენ ონლაინგაყიდვების მიმართ­ულებასაც და შიდაონლაინგანვადების დანერგვასაც აპირებენ. გამოდის, ბანკების­ მიღმა, ონლაინსესხების მსგავსად, განვითა­რდება ალტერნატიული ბაზარი, რომლის გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება, ოღონდ ფულის ნაცვლად ბრუნვაში სხვადასხვა პროდუქცია იქნება. არადა, მთელი ამ რეგულაციების მიზანი ის იყო, რომ სახელმწიფოს გაუაზრებელი, რისკიანი სესხების გაცემა შეეზღუდა და მოსახლეობა დამატებითი სავალო ტვირთისგან დაეცვა.

"როცა სრულად დავინახავთ რეგულაციის შედეგს, ძალიან დაგვიანებული იქნება"


ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: "რეალურად ჯერ მხოლოდ ორი თვის მაჩვენებლები გვაქვს და კიდევ დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდება, რომ პირველი კვარტალის მონაცემები სრულად გვქონდეს. მაგრამ როგორიც უნდა იყოს პირველი სამი თვის შედეგი, მაინც ვერ მოგვცემს სრულ სურათს. გასათვალისწინებელია, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სესხის გაცემა გართულდებოდა და მომხმარებელთა ნაწილმა სწორედ გასული წლის მიწურულს მიმართა ბანკებს სხვადასხვა პროდუქტის მისაღებად. შესაბამისად, რეალურ შედეგს ეს რეგულაციები უკვე წლის მიწურულს მოგვცემს. შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ მონაცემებზე, რაც კონკრეტულმა კომპანიებმა მოგვაწოდეს. კერძოდ, ბანკებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს განვადებებისა და სწრაფი სესხების გაცემა, ხოლო იპოთეკური სესხების პორტფელი ჯერჯერობით მზარდია. თუმცა იპოთეკურ სესხებში შემცირება შეეხო ახალაშენებული ბინების გაყიდვას.­ რაც დრო გავა, შემცირება მით უფრო თვალსაჩინო გახდება. ამ რეგულაციას შუალედური პერიოდი არა აქვს. ის ძალზე კომპლექსურია და მოთხოვნა-მიწოდების პროცესში ხისტად ერევა. როცა სრულად დავინახავთ რეგულაციის შედეგს, ძალიან დაგვიანებული იქნება და საჭირო გახდება ვითარების გამოსწორება.

ჩვენ შევისწავლეთ, თუ რა ხდება ბაზარზე ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროდუქციის რეალიზატორების მიერ მომხმარებლისთვის შიდა განვადებების თუ ლიზი­ნგის შეთავაზება აბსოლუტურად ლეგალურია, თუმცა, ცხადია, საბანკო სექტორის გვერდის ავლით, ამ ურთიერთობებს­ ეროვნული ბანკი არ არეგულირებს. ეს არის ე.წ. რუხი ბაზარი, რომლის რისკების შეფასება ნამდვილად ღირს. ჩვენ დაახლოებით ისეთ სურათს მივიღებთ, როგორიც ონლაინსესხების კომპანიების გამოჩენის დროს გვქონდა. ეს კომპანიები არ იყვნენ რეგისტრირებული ეროვნულ ბანკში როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თუმცა მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სესხები გაეცათ.
ასე იქნება შიდა განვადების შემთხვევაშიც - კომპანიები რაღაც ვადით გასცემენ პროდუქციას და ონლაინკომპანიების მსგავსად, ბერკეტებიც ექნებათ მომხმარებლისგან შეუსრულებელი ვალდებულებების ამოსაღებად, მათ შორის, კოლექტორი კომპანიების საშუალებით; ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს, მარტივი აღსრულება მოითხოვონ და ა.შ.

თუმცა გაცილებით მაღალი რისკის შემცველია ის, თუ რამდენად ხილული იქნება მათი სასესხო პორტფელი. თუ აქამდე­ საფინანსო სექტორისთვის ცნობილი იყო, სად უნდა შეემოწმებინა მომხმარებლის ვალდებულებები, დღეს ამგვარი "შიდაკულუარული" ურთიერთობით შესაძლოა მომხმარებლის სავალო ტვირთი უხილავი გახდეს და ამასთან დაკავშირებული რისკები სრულად ვერც შეფასდეს.

კიდევ უფრო რთულად აქვთ საქმე დეველოპერებს. მათ აქამდეც ჰქონდათ შიდა განვადებები, მაგრამ მოკლე და საშუალოვადიანი. ახლა ლაპარაკია, რომ მომხმარებლისთვის იპოთეკური სესხების გაუცემლობის შემთხვევაში, მათ უნდა შექმნან სრულფასოვანი იპოთეკური პორტფელი, რისი საშუალებაც ბევრს არა აქვს. წარმოიდგინეთ, ამისთვის დიდი მოცულობის დამატებითი ინვესტიცია უნდა მოიზიდონ. რიტეილერებისგან განსხვავებით, სადაც საკრედიტო პორტფელი მოკლევადიანია და ბრუნვაც სწრაფია, იპოთეკურის შემთხვევაში ლაპარაკია 10-15-წლიან განვადებებზე. გამოდის, დეველოპერი 10-15 წელიწადს უნდა ელოდოს მობინადრისგან ბინის სრული ღირებულების მიღებას. ამასობაში ხომ ის რამდენი პროექტის დაწყებასა და დასრულებას შეძლებდა. ამიტომ საეჭვოა, დეველოპერებმა შიდა განვადებით იპოთეკური სესხის ჩანაცვლება შეძლონ. თუმცა ფანტაზიას საზღვარი არა აქვს - როცა არსებობს მომხმარებლის მოთხოვნა სესხებსა და განვადებებზე, კიდევ ბევრი ალტერნატიული საშუალება გამოჩნდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სესხებზე დაწესებული შეზღუდვები გადაჭარბებულ ზომად მიგვაჩნია".

P.S. არ არის გამორიცხული, რომ "პასუხი­სმგებლიანი დაკრედიტებისთვის" შემოღებული საბანკო რეგულაციები კიდევ შეიცვალოს. ჩვენი ინფორმაციით, ზემოხსენებულ მონაცემებსა და რისკებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში­ ანალიტიკოსები სწავლობენ. სწორედ მათი დასკვნა და პროგნოზი იქნება გადამწყვეტი­, შერბილდება თუ არა სესხის გაცემაზე დაწესებული საკმაოდ მკაცრი რეგულაციები.
ia
03 მაისი 2019 13:42
"საბანკო რეგულაციები იმისთვის დაწესდა, რომ ღარიბმა ოჯახებმა ცხოვრება არ გაიუბედურონ",პირიქით იარსებონ გაჭირვებული ხალხის ზურგზე,დააღრჩვეს ხალხი.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები