პოლიტიზებული საარსებო მინიმუმი ანუ როგორ უნდა ეყოს 4-სულიან ოჯახს თვეში 288 ლარი?! - კვირის პალიტრა

პოლიტიზებული საარსებო მინიმუმი ანუ როგორ უნდა ეყოს 4-სულიან ოჯახს თვეში 288 ლარი?!

250 გ ხორბლის პური, 20 გ ლობიო, 10 გ ღორის ხორცი, 20 გ ყველი, ნახევარი კვერცხი, 150 გ კარტოფილი და 5 გრამი მურაბა ან ჯემი - ამ და კიდევ 33 პროდუქტის დღიური მინიმალური ნორმით "საქსტატი" ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის არსებობისთვის საკმარის თანხას ითვლის. გასული თვის მონაცემებით დადგინდა, რომ ერთი ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის თვიდან თვემდე არსებობისთვის 181 ლარი და 20 თეთრია საკმარისი. კიდევ უფრო ნაკლები თანხით (160,5 ლარი) შეუძლია თავის გატანა საშუალო მომხმარებელს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 3-4 წევრისგან შედგება, თვეში 288,9-321 ლარია. არადა, იმას, რომ ამ თანხით თვის განმავლობაში თავის გატანა შეუძლებელია, ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს. დავით სერგეენკოს თქმით, საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს, რომ ოჯახმა ეს თანხა უნდა იკმაროს(?!). მინისტრის განმარტებით, საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი, რომელსაც საქართველო 16 წლის წინ დადგენილი მეთოდოლოგიით ითვლის და მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზისთვის იყენებს. ანუ რა გამოდის? - ოფიციალური სტატისტიკა საარსებო მინიმუმს რეალური ადამიანებისთვის კი არ ითვლის, რომ შემდეგ, მაგალითად, ყველაზე ღარიბებისთვის სოციალური დახმარების გაცემისას მათი საჭიროებები გათვალოს და ამით იხელმძღვანელოს, არამედ ამას რაღაც სხვა დატვირთვა აქვს, რომელიც შესაძლოა რეალობის შელამაზებასაც ისახავს მიზნად.

ისე, ვინ-ვინ და, მინისტრმა კი უნდა იცოდეს, რომ წინა ხელისუფლების დროს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში "ქირურგიული ჩარევა" მოხდა - ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კალორიულობის შემცირების ხარჯზე საარსებო მინიმუმი ფულად გამოსახულებაში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1000 კილოკალორია, ხორცის ნაცვლად, შეგვიძლია შაქრის ჭამითაც მივიღოთ და ეს დაახლოებით 15-ჯერ იაფი დაგვიჯდება. სამაგიეროდ, თუ მანამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 52% იყო, მეთოდოლოგიაში ცვლილებების შედეგად სიღარიბე 35%-მდე შემცირდა.

გიორგი პაპავა, ეკონომისტი: "უპირველესად, უნდა ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, როგორ ითვლის "საქსტატი" საარსებო მინიმუმს. მას შექმნილი აქვს მინიმალური სასურსათო კალათა, რომელშიც შესულია დაახლოებით 40 სახეობის პროდუქტი და სტატისტიკის სამსახურის აზრით, ამ პროდუქტებში შემავალი ცილების, ცხიმებისა და კალორიების დღიური ნორმის მიღება საკმარისია ადამიანის არსებობისთვის. შემდეგ "საქსტატი" ითვლის კალათაში შესული სურსათის ფასს და აკეთებს დაშვებას, რომ ადამიანი თავისი ხარჯების 70%-ს ახმარს სურსათს, ხოლო 30%-ს - არასასურსათო ხარჯებს.

ჯერ ერთი, საკამათოა, რამდენად საკმარისია მინიმალურ სასურსათო კალათაში ჩამოთვლილი პროდუქტების დღიური ნორმა სრულფასოვანი არსებობისთვის. და კიდევ, რამდენად რეალურია, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯის წილი 70%-ია. სინამდვილეში, საკვებზე დახარჯული თანხა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ამ პროპორციით "საქსტატი" საარსებო მინიმუმის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ახერხებს. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ადამიანი შემოსავლის 50%-ს ხარჯავს საკვებზე, ხოლო დანარჩენ 50%-ს ენერგომატარებლებზე, წამლებზე, მგზავრობაზე და ა.შ., რა თქმა უნდა, საარსებო მინიმუმი გამოვა არა 181 ლარი, არამედ გაცილებით მეტი და ასეც უნდა იყოს, რადგან სურსათის გარდა, ადამიანს ბევრი სხვა ხარჯი აქვს - იმ სურსათის მოსამზადებლად, რომელიც კალათით არის განსაზღვრული, ენერგომატარებლები ხომ უნდა გამოიყენოს. მაგრამ ჩვენთან საარსებო მინიმუმს ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. თუ საარსებო მინიმუმს 180 ლარის ფარგლებში ინარჩუნებ, შეგიძლია თქვა, რომ არსებობისთვის საკმარისზე მეტს აძლევ პენსიონერს.

საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია უმუშევრობისა და სიღარიბის პარამეტრების დათვლისას და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ეს მონაცემები არ გაუარესდეს.

სწორედ პოლიტიკური სენსიტიურობა განაპირობებს, რომ წლიდან წლამდე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი დიდად არ იცვლება, მიუხედავად ფასების ზრდისა.

შესაბამისად, საარსებო მინიმუმის დათვლისას სწორედ მეთოდოლოგიაა გადასახედი და შემდეგ მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება".

სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი: "ნებისმიერი არჩევნების წინ ოპოზიციური ძალები აყენებენ საკითხს, რომ გადაისინჯოს საარსებო მინიმუმი, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან, ავიწყდებათ თავიანთი მოთხოვნა. ფაქტობრივად, ვითარება "ცისფერი მთების" სიუჟეტს ემსგავსება: იცვლება დრო, გარემოებები, მთავრობები, "გრენლანდია" კი ისევ კიდია კედელზე და ვერაფერს უხერხებენ.

90-იან წლებში, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ინფლაციის გაანგარიშების ინდექსში სურსათის წილი 70%-ის ფარგლებში განისაზღვრა, მაშინ საარსებო მინიმუმშიც სწორედ ამავე პროპორციით განისაზღვრა სურსათზე გაწეული ხარჯების წილი, ახლა ინფლაციაზეც კი სურსათის წილის გავლენა 30%-მდე შემცირდა. მას შემდეგ ოთხჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია, ხუთჯერ საგადასახადო სისტემა და საარსებო მინიმუმს წმინდა წიგნივით ხელს ვერ ვკიდებთ.

საარსებო მინიმუმის ამ ზღვარზე შენარჩუნებით ერთგვარად სტატისტიკას აკეთილშობილებენ. მაგალითად, თუ ახლა თავს ვიწონებთ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 22%-ია, რეალური მინიმუმის დათვლით შესაძლოა 45% აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება უფრო ყინჩად დაიჭერს თავს, თუ ღარიბთა რაოდენობა ოფიციალურად, ქაღალდზე, ნაკლები დაფიქსირდება და სათქმელიც ექნება, რომ მისი პოლიტიკის წყალობით სიღარიბე შემცირდა.

ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ხარჯების პროპორცია უნდა იყოს 50/50-ზე, ანუ საარსებო მინიმუმში ნახევარი უნდა ეთმობოდეს სურსათს, მეორე ნახევარი კი სხვა ხარჯებს. თუ ამ მიდგომით დავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 330 ლარია, ნაცვლად ახლანდელი 181 ლარისა.

ამით ყველა პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ რეალობასთან უფრო მიახლოებული მონაცემი გვექნება. რა თქმა უნდა, კალორიულობაც გადასახედია და მინიმალური სასურსათო კალათა უფრო რაციონალური უნდა გახდეს".