ფრთხილად! როგორ დავიცვათ თავი ონლაინთაღლითებისგან! - კვირის პალიტრა

ფრთხილად! როგორ დავიცვათ თავი ონლაინთაღლითებისგან!

ცოტა ხნის წინ ბანკებმა მომხმარებლებს SMS-შეტყობინებები გაუგზავნეს და გააფრთხილეს, რომ გახშირებულია კიბერთაღლითობისა და საბანკო ბარათების უკანონოდ გამოყენების შემთხვევები, შესაბამისად, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდეს. როგორც აღმოჩნდა, ონლაინ კიბერდანაშაული სულ უფრო "იხვეწება", ახალ ფორმასა და სახეს იღებს და საფრთხე, რომ ვიღაც თაღლითურად დაეუფლოს თქვენს საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხას, საკმაოდ დიდია.

"ერთი კვირის წინ, შუაღამით მიჯრით მივიღე სამი შეტყობინება ტელეფონზე. პირველ შეტყობინებაზე რეაქცია არ მქონია, რადგან ჩავთვალე, რომ ასეთ დროს ალბათ, რომელიმე კომპანიის სარეკლამო შეტყობინება იყო. დაახლოებით ერთი წუთის ინტერვალში, როცა დანარჩენი ორი SMS-იც მოჰყვა პირველს, დავხედე ტელეფონს და თვალებს არ დავუჯერე - 401 ლარი იყო გადარიცხული ჩემი საბანკო ანგარიშიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე. პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ბანკის ბარათი ხომ არ დამრჩა სადმე. როცა ვნახე, რომ ბარათი ჩემთან იყო, სასწრაფოდ დავრეკე ბანკში და მათაც უსაფრთხოების მიზნით ჩემი ბარათი და შესაბამისად, საბანკო ანგარიში დაბლოკეს და მირჩიეს, პოლიციისთვის მიმემართა. 112-ში დარეკვიდან დაახლოებით 5 წუთში დამირეკა გამომძიებელმა და პოლიციის განყოფილებაში ჩვენების დასაწერად დამიბარეს, მომთხოვეს მიმეტანა საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს ფულადი ტრანზაქციები, რომ საქმე ძიებაში წასულიყო. ბარათი დაზღვეული არ მქონდა და, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოვჩნდი თაღლითებისგან", - გვიყვება დაზარალებული, რომლის ვინაობასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. მსგავსი შემთხვევა ბევრია, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში.

ალექსანდრე ძნელაძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: "ბანკი თქვენ ვერ დაგიცავთ ყველა იმ საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა თაღლითებისგან მოდიოდეს. რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო ორიგინალური მეთოდით ხდება კიბერდანაშაული. იყო და არის შემთხვევები, როცა უცხო პირისთვის ხდება საბანკო ბარათის გადაცემა და შესაბამისად, ბარათზე დატანილი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, თაღლითები ანგარიშზე არსებულ თანხებს ეუფლებიან. ეს თაღლითობის ყველაზე მარტივი და შეიძლება ითქვას, მოძველებული ფორმაა. ამიტომ არ უნდა გადავცეთ ჩვენი ბარათი სხვა პირს. მისი სხვისთვის გადაცემა დაახლოებით იმას ჰგავს, ვიღაცამ ჯიბეში რომ ხელი ჩაგიყოთ და ფული ამოგაცალოთ.

ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ე.წ. ფიშინგი - კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. საქართველოში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ინტერნეტით იღებს სხვადასხვა სერვისს, ყიდულობს სხვადასხვა პროდუქციას და ამდენად, უფრო საინტერესო ხდება კიბერთაღლითებისთვის. ეს უკანასკნელნი, მაგალითად, ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ, მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები ან გზავნიან ელექტრონულ ფოსტას კომპანიების სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ, შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და სხვ.). ამიტომ მონაცემების შეყვანამდე აუცილებლად გადაამოწმეთ საიტის მისამართი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

ასევე არ უნდა ვენდოთ იმეილებს, რომლებიც ჩვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. ბანკი, რომლის მომხმარებელიც ხართ, არასდროს მოგთხოვთ საიდუმლოდ შესანახავ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით. გასათვალისწინებელია, რომ ბანკისგან მიღებული SMS-კოდები, რომლებიც ავტორიზაციისას გამოიყენება, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის ინტერნეტბანკინგის მისამართზე უნდა შევიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო. არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე.

ერთი რჩევაც - თუ პროდუქციას ისეთ საიტზე იძენთ, რომელზეც საკმარისი ინფორმაცია არ მოგეპოვებათ, უმჯობესია, იქონიოთ ცალკე სადებეტო ბარათი შეზღუდული თანხით, მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციისთვის საჭირო ოდენობით".