საგადასახადო შემოწმების დროს ბიზნესი აირჩევს - კვირის პალიტრა

საგადასახადო შემოწმების დროს ბიზნესი აირჩევს

მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად იქცა, მომსახურებას ფასი დაადო. ამიერიდან კომპანიებმა ნებისმიერი სერვისისთვის, რაც დასჭირდებათ, შემოსავლების სამსახურს ფული უნდა გადაუხადონ. ბიზნესი საგადასახადო-საბაჟო უწყებას თან გადასახადებსაც გადაუხდის და თან მომსახურებაც ფული ეღირება.

ორიოდე კვირის წინ შემოსავლების სამსახურმა კომპანიებს პირადი აგენტის ფასიანი სერვისი შესთავაზა. ადრე მსხვილ გადამხდელებს სამსახურის თანამშრომლები ფინანსურ დოკუმენტაციას უფასოდ უმზადებდნენ და სხვა საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც უგვარებდნენ. ახლა ამ მომსახურებაში მათ ექვს თვეში 2 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. პირადი საგადასახადო აგენტის აყვანა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია.

მაგრამ კომპანიების დიდი უმრავლესობა მაინც ფასიან სერვისს დაყაბულდება, რადგან დოკუმენტაციას თუ პირადი აგენტი შეადგენს, ეს მეწარმისთვის იმის წინაპირობა იქნება, რომ შემოსავლების სამსახური იქ ჩაწერილ ციფრებზე ვეღარ მოედავება. როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ, მოთხოვნა აგენტის მომსახურებაზე გაზრდილია და კონტრაქტორთა რიცხვი უკვე 14-ზე მეტია.

რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა კომპანიებს აუდიტორული შემოწმებაც შესთავაზა. ბიზნესს შეუძლია აუდიტორის შემოწმება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით მოითხოვოს. სერვისის ფასს ბიზნესს წლიური ბრუნვის შესაბამისად განუსაზღვრავენ.

გიორგი ცხაკაია (შემოსავლების სამსახურის უფროსი): "ბიზნესს შეუძლია მოითხოვოს აუდიტის შემოწმება, როცა სურს, ანუ თვითონ აირჩიოს დრო, როდის უნდა, რომ შეამოწმონ. მაგალითად, ბანკებისთვის არახელსაყრელია, შემოწმების 1-ელ აპრილამდე დაწყება, რადგან ფინანსური ანგარიშგება ეროვნულ ბანკში ამ დროისთვის აქვთ წარსადგენი.

აქამდე კომპანიას ვამოწმებდით, როცა ის პროგრამულად ამოვარდებოდა. ახლა უკვე შეუძლიათ ჩვენთვის თქმა, როდის სურთ შემოწმება. თუ ამაში რამე რისკს არ ვხედავთ, ვეთანხმებით. რესურსები არც გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველწლიურად ყველა კომპანიაში შევიდეთ. გვინდა, ბიზნესის პარტნიორები ვიყოთ, ურთიერთობა მხოლოდ კონტროლსა და შიშზე არ გვქონდეს აგებული. აუდიტორული შემოწმების დროს თუ აღმოჩნდა დარღვევა, გადასახადების დამალვა, მას, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ, მაგრამ მომავალში იმავესგან დაზღვეული იქნება.

მიმაჩნია, რომ ამ ახალი სერვისით პარტნიორობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. კომპანიას შეუძლია აირჩიოს, როდის შეამოწმებს საგადასახადო სამსახური. ეს დამატებით სარგებელს აძლევს მას, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია მოითხოვს, რომ ყოველწლიურად შევამოწმოთ.

- რა დაუჯდებათ კომპანიებს ეს სერვისი?

- მილიონამდე ლარის წლიური ბრუნვის მქონე კომპანიისთვის აუდიტორული შემოწმება 10 ათასი ლარი ეღირება. მილიონზე მეტი ბრუნვი მქონე კი 30 ათას ლარს გადაიხდის.

- რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესს პრობლემა ექმნება, როცა სეზონზე ამოწმებენ, ქრონომეტრაჟის წესით. შეეძლებათ, რომ შემოწმების დრო აირჩიონ?

- რა თქმა უნდა. ამ ტიპის ბიზნესს არ უნდა, რომ სეზონზე შემოწმდეს და სურს, ზამთარში შეამოწმონ. ყველას შეეძლება, მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მისთვის სასურველი დრო დაასახელოს. ბიზნესს გააჩნია. თუ ვიცით, რომ რაღაცას გეგმავს, რათა მოგვატყუოს, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვით. მაგრამ თუ რისკი არ ჩანს, დავეთანხმებით, რატომაც არა. 99%-ს დავეთანხმებით.

როცა კომპანიამ იცის, რომ უნდა შევამოწმოთ, დოკუმენტაციაც მოწესრიგებული აქვს. მთავარია, ბიუჯეტმა კუთვნილი თანხა მიიღოს. თუ ბიზნესი თვითონ მოახდენს დეკლარირებას, დანარჩენი აღარ გვაინტერესებს. ჩვენი ამოცანა არ არის დაჯარიმება.

- ბიზნესი ფიქრობს, ჩასაფრებული ხართ, რომ დააჯარიმოთ...

- ყველაფერი კეთდება, რათა არ იფიქრონ, რომ ჩასაფრებული ვართ. მომავალში მათთვის მეტი შეთავაზება გვექნება.

ნონა ქვლივიძე