ვაზსა და ვენახს ზურგი ბუნებამაც აქცია - კვირის პალიტრა

ვაზსა და ვენახს ზურგი ბუნებამაც აქცია

მევენახეებმა რთველზე იმდენად მცირე მოსავალი მოიწეს, რომ ხარჯების ანაზღაურებაც ვერ მოახერსეს

საქართველოში რთველი თითქმის დასრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ საბოლოო შედეგები არ დაუჯამებია, მაგრამ საპროგნოზო მაჩვენებლებით კახეთში 87 ათასი ტონა, ხოლო რაჭაში -450 ტონა ყურძენი უნდა დაკრეფილიყო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყურძნის ყველაზე დაბალი მოსავალია. 2007 წელს მხოლოდ კახეთში 227 ათასი ტონა ყურძენი მოვიდა.

მართალია, სახელმწიფომ წლეულსაც გამოყო სუბსიდირება რთვლისთვის -40 მილიონი ლარი, მაგრამ ამჯერად მევენახეებს ამინდმა უღალატა. ჯერ ზაფხულის განმავლობაში დაისეტყვა კახეთის თითქმის ყველა რაიონი, რამაც მოსავალი მნიშვნელოვნად გააფუჭა, რთვლის დასასრულს კი ჭარბი ნალექი მოვიდა, რამაც ყურძნის შაქრიანობა შეამცირა. ასე რომ, მართალია, წლეულს ღვინის ქარხნებთან რიგები აღარ ყოფილა, მაგრამ მიღებული ანაზღაურებით გლეხებმა ყურძნის მოყვანის ხარჯებიც კი ვერ დაფარეს.

ილია მარტყოფლიშვილი (ინტერნეტგაზეთ "ქიზიყის" მთავარი რედაქტორი): "ყველაზე ადრე ყურძენი აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლებში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში შემოდის, სადაც მოსავალი მაშინ იკრიფება, როცა მთელ კახეთში რთველი ჯერ არ არის დაწყებული. მართალია, ნალექებს აქ რთვლისთვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ გლეხები უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან. ბოლო წლებში, კლიმატური ცვლილებების გამო, დედოფლისწყაროში გაუდაბნოების პრობლემა დადგა.

არადა, ამ ტერიტორიაზე, შირაქის ველებსა და მოსაზღვრე სოფლებში, მოსახლეობა ძირითადად მევენახეობით არის დაკავებული. წლეულს რეკორდულად დაბალი მოსავალი მოიწიეს. მაგალითისთვის, სოფელ ფიროსმანში ოფიციალური მონაცემებით წლეულს მხოლოდ 100 ტონა ყურძენი დაკრიფეს, მაშინ როცა 40 ტონამდე ყურძენს თითო ოჯახი კრეფდა ხოლმე. არადა, ამ სოფლებში დასაქმების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ნიადაგი ქვაღორღიანია და მხოლოდ ვაზი ხარობს, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროა. უხუცესებიც ამბობენ, რომ ასეთი მცირე მოსავალი ჯერ არ ახსოვთ. ამდენად, ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შექმნიათ, რადგან ჩასაბარებელი თითქმის არაფერი იყო, თუმცა მათ ჯერ ძველი დავალიანებაც არ აუღიათ.

არის ოჯახები, ვისთვისაც ღვინის ქარხნებს 5, 10 და 15 ათასი ლარი აქვთ გასასტუმრებელი. ეს დავალიანება ქარხნებს 2005 წლიდან მოსდევთ, როცა რუსეთის ემბარგოს დაწესების შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ ქარხნებს დაავალა, მეტი ყურძენი ჩაებარებინათ გლეხებისგან. მათაც რა უნდა ექნათ, მიიღეს ყურძენი, მაგრამ ვეღარ გაყიდეს და მოსახლეობასაც ვერ გადაუხადეს ფული.

მაგალითად, სოფელ ზემო ქედში ილო თუშიშვილს ღვინის ქარხანა ჰქონდა. ხელისუფლების დავალებით მან მთელი სამი სოფლის მოსახლეობის მოსავალი ჩაიბარა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ამდენ ღვინოს ვერ გაყიდდა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა იყო ასეთი, უნდა მიეღო მოსახლეობისგან მოსავალი, რომ ხალხი უკმაყოფილო არ ყოფილიყო მთავრობის მუშაობით. ვალი რომ ვერ გაისტუმრა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და უცხოეთში გადახვეწილიყო. ბოლო წლებში მისმა მევალეებმა საწარმო დაშალეს და რაც კი რამ იყო, ჯართად გაყიდეს.

ზოგადად კახეთს რაც შეეხება, ხელისუფლება რატომღაც ამბობს, რომ რთველმა მშვიდად ჩაიარა. მართალია, წინა წლების მსგავსად რიგები არ ყოფილა, თუმცა კახელი გლეხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა. მართალია, თანხის დროულად მიღების პრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ მოსავალი იყო იმდენად მცირე, რომ ხარჯებიც ვერ აანაზღაურეს.

ამას შხამქიმიკატების უხარისხობაც ემატება. გლეხები ჩივიან, რომ ყველა აუცილებელი პროცედურა ჩაუტარეს ვენახს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. კიდევ სხვა პრობლემაა სარწყავი სისტემების მოუწესრიგებლობა, რაც მოსავალს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, მოსავალი წლიდან-წლამდე შემცირდება და ჩასაბარებელიც აღარაფერი იქნება".

უამინდობამ რთველზე რაჭაშიც იმოქმედა. ადგილობრივების თქმით, ამჟამად ყურძნის ჩასაბარებელი ყველა პუნქტი დაკეტილია. დაბალი შაქრიანობის გამო, მეღვინეები მოსავლის მიღებაზე უარს ამბობენ.

ილია კენჭაძე (ფონდ "აფხაზინტერკონტის" სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, მობილიზატორი კონსულტანტი, ამბროლაურის მკვიდრი): "მოსავალი შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლებია. შარშან 461 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული დაიკრიფა, ჯიშები, რომლებისგანაც "ხვანჭკარას" ამზადებენ. წლევანდელი მოსავლის ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს ციფრი ბევრად ნაკლები იქნება. წლეულს ყველა კომპანიამ, რომელიც შემოსული იყო რაჭაში ყურძნის ჩასაბარებლად, აქცენტი შაქრიანობაზე გააკეთა. ათი დღე რაჭაში გამუდმებით წვიმდა და მოსავლის შაქრიანობა საკმაოდ დავარდა.

თუნდაც ტექნოლოგიური ჩარევის შედეგად მაღალი ხარისხის "ხვანჭკარის" დასამზადებლად საჭიროა შაქრიანობა 23 გრადუსს ზემოთ იყოს, ასე, 24-25 გრადუსის ფარგლებში. ყურძნის შაქრიანობა, განსაკუთრებით რიონის მარცხენა მხარის თემებში, ბუგეულში, ამბროლაურში, ჯვარისასა და ქედისუბანში, 20-21 გრადუსი იყო ძირითადად. ამიტომ მოსავლის საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩაუბარებელი დარჩა. გლეხებს შინ მიაქვთ და თავად წურავენ. შესაძლება ითქვას, რაჭაში რთველი დასრულებულია. მხოლოდ ცოლიკაური რჩება დასაკრეფი. ისიც მხოლოდ მცირე რაოდენობით, რადგან ძირითადად ლეჩხუმის ენდემია.

ვშიშობ, გლეხებს ღვინის გაყიდვა გაუჭირდებათ, რადგან რაჭაში სამწუხაროდ არ არის განვითარებული აგროტურიზმი. სამომავლოდ კი შეიძლება აქაურ გლეხს ისეთი პირობა შეექმნას, რომ არც კი მოისურვოს ყურძნის ჩაბარება თუნდაც სამ ლარად, რადგან მისთვის ღვინის გაყიდა უფრო მომგებიანი იქნება. ამ საქმით დაინტერესებული ვარ, მეურნეობა მაქვს და ვიცი, რამდენად რთულია ეს მდგომარეობა გლეხისთვის, მაგრამ მეღვინის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. თუ ის ვერ დაამზადებს მაღალი ხარისხის ღვინოს, ვერც გაყიდის.

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ რთველი გვიან დაიწყო. დღეს არ არის ინფორმაციის მიღების პრობლემა, მათ შორის არც ამინდის გრძელვადიანი პროგნოზისა, რათა მეტ-ნაკლები სიზუსტით იცოდე, როდის რა ამინდია მოსალოდნელი. თუ რაჭაში რთველი სექტემბრის ბოლოს დაიწყებოდა, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი დაკრეფილიყო, მარცვალიც საკმაოდ იყო დამსხვილებული და შაქრიანობაც მაღალი ჰქონდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რამაც რთველს შეუშალა ხელი, ყუთების დეფიციტი იყო. ყუთში ყურძენი ხარისხს შედარებით უკეთ ინარჩუნებს. აქ კი ქარხნებში ყურძენი ხშირად მიჰქონდათ პოლიეთილენის პარკებით, რაც ყურძნის ხარისხს ძალიან აფუჭებს... ახლაც ისეთი ამინდია რაჭაში, ყურძნის კრეფას აზრი არ აქვს. სველი ყურძნის დაკრეფა იმას ნიშნავს, რომ სამ თვეში ააძმარებს ღვინოს".