"გამოდის, რომ 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსია 1.250 ლარი უნდა იყოს..."
"გამოდის, რომ 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსია 1.250 ლარი უნდა იყოს..."
"თუ ქვეყანაში არ გაიზარდა შემოსავლები, არც დაგროვებითი და არც საბაზისო პენსია საკმარისი არ იქნება"

უკვე ოთხი თვეა, ჩვენი ხელფასის 2% დაგროვებით საპენსიო სისტემაში მიდის და ამ სქემაში 750 ათას მოქალაქეზე მეტია ჩართული. კანონის თანახმად, საპენსიო სქემიდან გასვლა შეუძლია ყველა იმ პირს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის. როგორც საპენსიო სააგენტოში ამბობენ, სქემიდან უკვე გავიდა 2915 კაცი, საიდანაც 2712 საჯარო სექტორშია დასაქმებული. სააგენტოს განმარტებით, ეს ისინი
არიან, ვისაც პენსიამდე რამდენიმე წელი დარჩათ და მიაჩნიათ, რომ დაგროვებით სქემაში დარჩენით საპენსიო ასაკისთვის საკმარის თანხას მაინც ვერ დააგროვებენ. მაგალითად, თუ 41 წელი შეგისრულდათ და თქვენი ხელფასი 1.000 ლარია, პენსიაზე გასვლა 60 წლის ასაკში გიწევთ და დაახლოებით 15 წელიწადია ამის შემდეგ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაგროვებული
თანხით თვეში 343,47 ლარის აღება მოგიწევთ. ამას დაემატება სახელმწიფო საბაზისო პენსია, რომელიც 20 წლის შემდეგ რამდენი იქნება, არავინ იცის.

როგორ უნდა იზრდებოდეს სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის? პროფკავშირების აზრით, სახელმწიფომ საზოგადოებისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტოს. თვეში 7-ლარიანი პენსია, რომლის გაცემაც საქართველოს სახელმწიფომ 90-იან წლებში დაიწყო, სიმბოლური უფრო იყო. დღევანდელი პენსია 200 ლარამდე, ძირითადად, 750 ათასი პენსიონერის გულის მოსაგებად გაცემული საარჩევნო დაპირებების საფუძველზე გაიზარდა. ასაკით პენსიონერის პენსია მცირედით, სულ რაღაც 20 ლარით აღემატება შრომისუნარიანი ასაკის მინიმუმს, რომლის გადათვლის საჭიროებას თავად "საქსტატიც" აღიარებს, რადგან თვის განმავლობაში 181 ლარით თავის გადარჩენაც კი ძნელად წარმოსადგენია. ხელისუფლებას დაანონსებული აქვს, რომ 2020 წელს პენსია კიდევ 20 ლარით გაიზრდება. თუ მთავრობა პენსიის ზრდას ამ ტემპით განაგრძობს, 20 წლის შემდეგ ის დაახლოებით 600 ლარი უნდა იყოს. ეს უკვე იმაზე მეტია, რასაც 1.000-ლარიანი ხელფასით დაგროვებით სისტემაში ჩართული მოქალაქე დააგროვებს 20 წელიწადში, მაგრამ ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ღირსეული სიბერისთვის არც ეს თანხა იქნება საკმარისი. შესაბამისად, პროფესიული კავშირები მთავრობისგან იმ ვალდებულების შესრულებას ითხოვენ, რომელიც მათი აქტიური მოთხოვნის წყალობით დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ჩანაწერის სახით გაჩნდა - ის ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს, "კანონის მიღებიდან 9 თვის განმავლობაში მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება". ეს ნიშნავს, რომ პენსია კანონის საფუძველზე ავტომატურად ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს და აღარ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ჩანაცვლების კოეფიციენტი ცხადყოფს, ხელფასის რამდენ პროცენტს შეადგენს პენსია და რამდენი პროცენტითაც გაიზრდება საშუალო ხელფასი, პენსიაც იმდენითვე უნდა გაიზარდოს. როგორც პროფკავშირებში ამბობენ, 9-თვიანი ვადა 2019 წლის მაისის დამდეგს იწურება. შესაბამისად, უახლოეს ხანში უნდა მივიღოთ პასუხი ხელისუფლებისგან - დაგროვებითი პენსიის პარალელურად, რა პოლიტიკის გატარებას აპირებს სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებით და არჩევნების თარიღებისგან დამოუკიდებლად, გაიზრდება თუ არა პენსია ყოველ წელს.

გიორგი ცუცქირიძე, პროფესორი: "ბოლო დროს პოლემიკა ამ საკითხზე მემარცხენე ფლანგზე გადავიდა. მსჯელობენ, რამდენად დაცულია საპენსიო შენატანები და ხომ არ დაკარგავენ ამ ფულს მოქალაქეები წლების შემდეგ, თუნდაც ხელისუფლებების შეცვლის გამო. არადა, უფრო საინტერესო იქნებოდა გვეკითხა ხელისუფლებისთვის, რა შეიძლება იყოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ალტერნატივა? დავიწყოთ რისკებით. თუ გადავხედავთ კომენტარებს, ლაპარაკია, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ვერ მართოს ეს ფული ან არამიზნობრივად დახარჯოს და არავინ იცის, რა მოხდება ქვეყანაში 30 წლის შემდეგ. შედარებისთვის, ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელთაც ეროვნული ბანკი მართავს, ფასიან ქაღალდებშია განთავსებული და ამგვარადვე იგეგმება საპენსიო ანარიცხების დაბანდებაც. ეროვნულმა ბანკმა არაერთი ხელმძღვანელობა გამოიცვალა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები არ დაქვემდებარებია პოლიტიკურ განწყობებს და არ განიავებულა. თუ სწორი მიდგომა ექნება მენეჯმენტს, ეს არის ერთ-ერთი გარანტია, რომ არც ეს ფული აორთქლდება. კანონით განსაზღვრულია, სად და როგორ უნდა განათავსოს მენეჯმენტმა საპენსიო თანხები და როგორც კი გაჩნდება თანხის არასწორად განკარგვის რისკი, მენეჯმენტი სოლიდარულად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე. თუ ეჭვი გაჩნდა, რომ შესაძლოა მენეჯმენტის ქმედებას მოჰყვეს ზარალი და ის თავის გადაწყვეტილებას სათანადოდ ვერ დაასაბუთებს, დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

არსებობს დაბალრისკიანი, საშუალო და მაღალრისკიანი ფასიანი ქაღალდები. დაბალრისკიანი ფასიანი ქაღალდების მომგებიანობა 1,5%-2,5%-ს შეადგენს. ეს არის მაღალი კლასის გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მაგალითად, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები, ფაქტობრივად, ნულოვანი რისკით. დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, თავად გააკეთოს არჩევანი, სად განთავსდება მის მიერ დაგროვებული თანხა. ფაქტობრივად, იმის დაშვება, რომ ამ სქემაში ფული შეიძლება დაიკარგოს, არ არსებობს.

პირველ ეტაპზე ეს თანხები ბანკებშია აკუმულირებული, სანამ განსაზღვრული ოდენობა არ დაგროვდება. ამ დეპოზიტზე ბანკები 8,5%-ს არიცხავენ. საპენსიო რეფორმამ დადებითი როლი ეკონომიკის განვითარებაშიც უნდა შეასრულოს. ვამბობთ, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ ძალიან მაღალპროცენტიანი საცალო დაკრედიტება, რამაც ასევე გამოიწვია ჭარბვალიანობა, ხოლო ფონდის თანხის ბანკებში აკუმულირებით ფინანსურ ინსტიტუტებს უჩნდებათ გრძელვადიანი ხელსაყრელი ფინანსური რესურსი ლარში. ეს მათ საშუალებას მისცემს, საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ და საცალო დაკრედიტების პარალელურად, ბიზნესდაკრედიტება გაზარდონ. აქამდე კი გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ბანკებს უფრო უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ. ამ ყველაფერმა ეკონომიკის განვითარებას უნდა მისცეს ბიძგი.

მართალია, ითვლება, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ტემპი საკმარისი არ იქნება სიღარიბის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, თუ ქვეყანაში შემოსავლები არ გაიზარდა, არც დაგროვებითი და არც საბაზისო პენსია არ იქნება საკმარისი. ამიტომ გვჭირდება მინიმუმ 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

თუ დღეს არსებულ ტემპს შევინარჩუნებთ და წელიწადში ეკონომიკას საშუალოდ 5%-ით გავზრდით, 20 წელიწადში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6-ჯერ გაიზრდება. დღეს ჩვენი შემოსავალი საშუალო ევროპელისას მინიმუმ ხუთჯერ და საშუალოდ ათჯერ ჩამორჩება და ასეთი ტემპით 20 წლის შემდეგაც ღარიბები ვიქნებით. ამიტომ კითხვაზე, გვქონდა თუ არა სხვა ალტერნატივა, გარდა დაგროვებითი საპენსიო სისტემისა, პასუხია - არა!
დღეს ქვეყანაში მოქმედებს "სამსვეტიანი" მოდელი: გვაქვს სახელმწიფო, საბაზისო პენსია, ამოქმედდა დაგროვებითი სახელმწიფო სავალდებულო საპენსიო მოდელი და არსებობს კერძო ფონდები. არის ქვეყნები, სადაც სამივე "სვეტი" ერთად თანაარსებობს.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიის, ბალტიის სახელმწიფოებში, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა.
ბევრი ქვეყნის მაგალითზე გეტყვით, რომ ჩვენისთანა გარდამავალი ტიპის ეკონომიკაში კერძო დაგროვებითი სისტემები, ფაქტობრივად, არ მუშაობს. ამის მაგალითია საფინანსო კომპანია "საქართველო", რომლის მიერ დაზარალებულები დღემდე აქციებს მართავენ იმ იმედით, რომ დაკარგული თანხების დაბრუნებას შეძლებენ. როცა სახელმწიფო რაღაცას გავალდებულებს, თავად დგება გარანტად, რომ სისტემა გამართულად იმუშავებს. ამ შემთხვევაში რისკების დაზღვევა კანონით არის განსაზღვრული. ლაპარაკია იმაზეც, დაირღვა თუ არა ჩვენი უფლებები, როცა სახელმწიფომ ჩვენი სურვილის მიუხედავად გადაწყვიტა, ჩავერთეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. მაშინ ადამიანმა არც გადასახადები არ უნდა გადაიხადოს. ჩვენ იმიტომ ვიხდით გადასახადებს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ჩვენს უსაფრთხოებაზე. ასეთივე ანალოგიით უნდა შევხედოთ დაგროვებით საპენსიო სისტემასაც.

ვნახოთ, რა სურათს მივიღებდით 20 წლის შემდეგ, ეს სისტემა რომ არ აგვემოქმედებინა. დავუშვათ, ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, ეკონომიკის ზრდა იქნება საშუალოდ 5% და როგორც ვთქვით, ჩვენი ეკონომიკა 2,6-ჯერ გაიზრდება. დღე საბაზისო პენსია 200 ლარია, საშუალო ხელფასი კი 1.200 ლარი, ანუ პენსია ხელფასის 17%-მდეა, რაც კატასტროფულად ცოტაა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ის 70-90%-ის ფარგლებშია, ხოლო რეგიონის ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში სახელმწიფო პენსია საშუალო ხელფასის 40%-ია. გაეროს კვლევებით, ევროპელი ერების დაბერების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. დღეს თუ 65 წელს გადაცილებული და უფროსი ასაკის ადამიანების წილი მთელ მოსახლეობაში, ანუ დაბერების კოეფიციენტი, 14%-ია, 20 წლის შემდეგ მის 20%-მდე გაზრდას ელიან. დღევანდელი 750 ათასი პენსიონერის ნაცვლად გვეყოლება 850 ათასი ასაკით პენსიონერი. ხელფასის საშუალო ზრდა ბოლო წლებში დაახლოებით 5% იყო. ამ ტემპით 2039 წლისთვის საშუალო ხელფასი საქართველოში 3.100 ლარი უნდა იყოს. ჩანაცვლების კოეფიციენტს თუ რეგიონის დონისას ავიღებთ (40%-ს), გამოდის, 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსია 1.250 ლარი უნდა იყოს. ბიუჯეტს წელიწადში 12 მილიარდი დასჭირდება 850 ათასი პენსიონერის პენსიისთვის, რაც ბიუჯეტის ზრდის პირობებშიც ძალიან ბევრი, დაახლოებით 35% იქნება. ანუ ლამის მთელი ბიუჯეტი მოემსახურება პენსიონერებს, ხოლო ფული ამ ბიუჯეტში დასაქმებულებს შეაქვთ. თუ პენსიონერების რიცხვი გაიზრდება და დასაქმებულების თანაფარდობაც შემცირდება, რით უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა სოციალური ვალდებულებები? გამოდის, გადასახადები ორჯერ უნდა გავზარდოთ. როგორც კი დაიწყებ გადასახადების ზრდას, ეს პირდაპირ იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებზე, განწყობებზე, ბიზნესზე და სხვ. ამდენად, ობიექტურად რომ ვთქვათ, ჩვენ სხვა ალტერნატივა არც გვქონდა".

რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ

- პენსიის გატანა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში წარმოადგენს 65 წელს, ხოლო ქალების შემთხვევაში 60 წელს.

- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოს საპენსიო თანხის ერთიანად მიღება.
პენსია შესაძლებელია გაიცეს:

- პროგრამული გაცემის გზით, რაც გულისხმობს დაგროვილი საპენსიო თანხის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას.

- ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო აქტივით კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენასა და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე.

- მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემის გზით. ასეთი მეთოდით გატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ მონაწილე დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები