2.000.000.000 ლარი წყალში გადაიყარა?! - კვირის პალიტრა

2.000.000.000 ლარი წყალში გადაიყარა?!

რატომ ვერ ააღორძინა სოფლის მეურნეობა უზარმაზარი ფულის დაბანდებამ

შეღავათიანი აგროკრედიტი, გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა, "დანერგე მომავალი", ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სახელმწიფო 2013 წლიდან ბიუჯეტიდან აფინანსებს და დაახლოებით 6 წელიწადში 2 მილიარდ ლარამდე აქვს დახარჯული. ასეთი დიდი სახელმწიფო ინვესტიციის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მცირდება, მცირდება ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები, პირუტყვის სულადობა, ხოლო სხვაობა აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტსა და იმპორტს შორის კვლავ საგანგაშოდ მაღალია - დაახლოებით ორჯერ იმაზე მეტი შემოგვაქვს, ვიდრე ქვეყნიდან გაგვაქვს. დიდი სტატისტიკური გათვლები არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ბოლო დროს სავაჭრო ობიექტებიდან, ფაქტობრივად, გაქრა ადგილობრივი წარმოების ხახვი, ნიორი, კომბოსტო და სხვა ბაღჩეული, მათი ადგილი კი ბაზარზე თურქეთიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და უზბეკეთიდან იმპორტირებულმა პროდუქტებმა დაიკავა...

სოფლის მეურნეობაში დახარჯული 2 მილიარდი ლარის მიუხედავად, აღარაფერს ვამბობთ ამ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებზე, ერთ-ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტის - ხახვის 64% საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოდის. მაშინ, როცა შიდა ქართლს ხახვის წარმოების უდიდესი პოტენციალი აქვს და საქართველოში მოყვანილი ეს პროდუქტი გემოთი და ხარისხით გამორჩეულია. ამ დროს კი ის ძალზე დიდი რაოდენობით შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ნიდერლანდებიდანაც კი.

2017 წელს იმპორტირებული იყო 17,82 ათასი ტონა ხახვი, 2018 წელს კი უკვე 27,36 ათასი ტონა. იმპორტის ზრდას ადგილობრივი წარმოების შემცირება იწვევს - 2017 წელს საქართველოში მოწეული 9,1 ათასი ტონა ხახვი წინა წელს მოყვანილი 18,5 ათასი ტონის დაახლოებით ნახევარია. 2018 წლის მონაცემები "საქსტატს" ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მზარდი იმპორტი იმის ნიშანია, რომ სანუგეშოს არაფერს უნდა ველოდოთ.

საქართველოში გაორმაგებულია კომბოსტოს იმპორტიც, რამაც ის დაახლოებით ორჯერ გააძვირა. შარშან ქვეყანაში 2 ათას ტონამდე კომბოსტო შემოვიდა, მათ შორის თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ნიდერლანდებიდან. საქართველოში კი წარმოება მცირდება - 2017 წელს მოყვანილი 17,4 ათასი ტონა კომბოსტო 2011 წლის მონაცემის ნახევარია...

რთულია სუბსიდირების ეფექტიანობაზე იმსჯელო მრავალწლიანი კულტურების ან თუნდაც სახელმწიფოს თანადაფინანსებით რომელიმე საწარმოს შექმნის მაგალითზე, რადგან შედეგი შეიძლება გრძელვადიან პერიოდში დადგეს, მაგრამ როცა საქმე ერთწლიან კულტურებს ეხება, 2 მილიარდი ლარის ეფექტი უკვე უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, პირიქით არის - ერთწლიანი კულტურების წარმოება 2014 წლიდან დღემდე მცირდება. 2014 წელს საქართველოში 291,6 ათასი ტონა სიმინდი მოვიყვანეთ, შარშან კი მისი წარმოება 190 ათას ტონამდე შემცირდა.

თითქმის არ გაზრდილა ბოლო წლებში კარტოფილის წარმოება (215 ათასი ტონა 2014 წელს და 218 ათასი ტონა - 2018-ში). ბოლო წლებში შემცირდა ბოსტნეულის წარმოება - 153 ათასიდან 138 ათას ტონამდე. ასეთ ვითარებაში კიდევ მეტი სიმწვავით დაისმება შეკითხვა: სად წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული მილიარდები და რატომ ვერ გაამართლა სახელმწიფოს აგროპოლიტიკამ?

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის ექსპერტი: "დღეს სოფლის მეურნეობა ეკონომიკური ეფექტიანობით რომ არ გამოირჩევა და ამ დარგში დასაქმებულები სარგებელს ვერ იღებენ, ამაზე ხელფასების სიდიდეც მეტყველებს, რომლითაც სოფლის მეურნეობა ბოლოდან მეორე ადგილზეა განათლების შემდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე პენსია-დახმარებებიდან მიღებული. ამის შემდეგ, წესით, აღარც უნდა განვაგრძოთ საუბარი.

წლებია უკვე ტენდენციად იქცა, რომ ნათესი ფართობები და სხვადასხვა კულტურის წარმოება მცირდება. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სამომხმარებლო კალათში შედის და სასურსათო უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. ფაქტია, რომ ამ ფორმით სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ვერ იძლევა სასურველ შედეგს და მას მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი აქვს. ამგვარი მიდგომით სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება.

ბევრი პრობლემაა სოფლის მეურნეობაში, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა, სარწყავი სისტემები, აგროდაზღვევა, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ფინანსებია.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულს სათანადო ფინანსური საშუალება რომ ჰქონდეს, თავად მოიგვარებდა პრობლემებს. თუ კონკრეტულ საკითხში კვალიფიკაცია დააკლდება, ფინანსების ქონის პირობებში, დაიქირავებს სპეციალისტს და საჭირო მომსახურებასაც მიიღებს.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უქონლობას განაპირობებს მისი ძირითადი კაპიტალის, ანუ მიწის დაბალი ფასი. დღეს 1 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა საშუალოდ 1.000-2.000 დოლარი ღირს, არსებობს უფრო დაბალი ღირებულების მიწის ფართობებიც. ცხადია, ამ ფასის მიწით ვერც ბანკისგან და ვერც სხვა ინვესტორისგან იმ ოდენობის თანხას ვერ მიიღებ, რომელიც მეურნეობის განვითარებაში დაგეხმარება. საპირისპიროდ გერმანიისა, სადაც 1 ჰექტარი რამდენიმე ათეული ათასი ევრო ღირს.

მიწის დაბალ ღირებულებას ორი ფაქტორი განაპირობებს: პირველი და უმთავრესი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 70% სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფოა დღეს მიწის ბაზარზე მთავარი მიმწოდებელი, გამყიდველი. ცხადია, როცა მყიდველს არჩევანი აქვს, მაღალი ღირებულების კერძო ან დაბალფასიანი სახელმწიფო მიწა იყიდოს აუქციონზე, ის ირჩევს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას, არასამართლიანი კონკურენცია კი მიწის ფასს დაბლა სწევს. ამას ემატება დაბალი ეკონომიკური განვითარება, სიღარიბე და შემოსავლების სიმცირე, ანუ მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, რაც მიწაზე მოთხოვნას ამცირებს, ხოლო სახელმწიფოს პრივატიზების გეგმით მის სრულ განკერძოებას ათეული წლები დასჭირდება.

ამიტომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სოფლად დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის აუცილებელია სახელმწიფო ქონების უფასო განკერძოება მის მოქალაქეებზე.

მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწები 100%-ით გადავა კერძო საკუთრებაში, როგორც გერმანიაში, მიწის ფასი გაიზრდება. პირველ ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ფასი, რომელთა ღირებულება დღეს, ფაქტობრივად, ნულის ტოლია, საბაზრო ფასებს გაუტოლდება. შემდეგ ყოველი ნაბიჯი ყიდვა-გაყიდვისა, ყოველი ინვესტირება, ახალი საწარმოების თუ ფერმების გაჩენა მიწის ფასს გაზრდის და ის საბაზრო ფასის მაქსიმუმს მიაღწევს. იმავდროულად, სხვა ეკონომიკური აქტივების განკერძოების შედეგად განვითარებულ ეკონომიკასა და შემოსავლიან მოსახლეობაში გაიზრდება მიწის შეძენის მოთხოვნა, რაც დამატებითი სტიმულია ფასის ზრდისთვის.

ვთქვათ, თუ დღეს ადამიანს აქვს 5 ჰექტარი, რაც დაახლოებით 10.000 დოლარის ღირებულებისაა, მას შეუძლია ყველაზე კარგ შემთხვევაში გამოიტანოს მაღალი საპროცენტო განაკვეთით 5.000 დოლარი ბანკიდან, რითაც ის მეურნეობას ვერ განავითარებს. მაგრამ, თუ 1 ჰექტრის ფასი იქნება 10.000 დოლარი, მიწის მესაკუთრე 50.000-დოლარიანი აქტივის მფლობელი იქნება და 25.000 დოლარის მოზიდვით მეურნეობას მოაწყობს და სოფლის მეურნეობის პროდუქციასაც აწარმოებს. ის თავად გადაწყვეტს, სათესლე მასალა იყიდოს, ახალი ტექნოლოგიები შეიძინოს თუ სასაწყობე მეურნეობა გამართოს.

მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ახდენს სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ერთი შეხედვით თითქოს კარგი ნაბიჯია, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ეს პროექტი მხოლოდ ერთეულებისთვის არის. რაც უნდა იაფად მოგცენ სესხი, თუ ზურგს მაღალი ფასის მქონე კაპიტალი არ გიმაგრებს, ამ შემთხვევაში მიწა, ბანკისგან ვერ მიიღებ იმ ოდენობის დაფინანსებას, რომ საქმიანობა შეცვალო და მომგებიანი გახადო.

გლეხი და ფერმერი, რომელიც დღეს მიწას თოხითა და ბარით ამუშავებს და ასე მოჰყავს მოსავალი, ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე ტექნოლოგიებით მოყვანილ იმპორტირებულ პროდუქციას.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, თურქეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია გენმოდიფიცირებულია, დაბალი ხარისხისაა და გემოთიც ჩამორჩება ადგილობრივ პროდუქციას - ის ან დაბალი ფასით იმკვიდრებს ადგილს, ან უკონკურენტო პირობებშია მაღალი ფასითაც, რადგან ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქცია აღარ არის. ასე რომ, სუბსიდირებას ერთჯერადი ეფექტი აქვს. ერთეულებს, კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება დაეხმარა, მაგრამ დარგის განვითარებას ამან ბიძგი ვერ მისცა. ფაქტობრივად, წყალში გადაყრილია 2 მილიარდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასე ფულის ხარჯვა კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.

ყველაზე არაეფექტურია, როცა სხვის ფულს ხარჯავ სხვაზე - ანუ სახელმწიფო იღებს ბიუჯეტიდან თანხებს, გადასახადების გადამხდელთა გამომუშავებულ ფულს, და სხვა დარგებს აფინანსებს. სწორედ ეს ქმნის არაეფექტური ხარჯვისა და კორუფციის რისკებს. მაგალითისთვის რამდენიმე პროგრამას დაგისახელებთ, რომლებზეც ბიუჯეტის მილიონები იხარჯება. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა" ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 10-11 მილიონი ლარი გვიჯდება. ეს მაშინ, როცა თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა დაახლოებით 17 მილიონი ლარით ფინანსდება. ბიუჯეტში ცალკეა გათვალისწინებული "სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში", რისთვისაც დაახლოებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, კიდევ 1,5 მილიონი ლარი იხარჯება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. ეს ფული, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილია მაშინ, როცა სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად, განადგურებულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ პროექტებში დასაქმებულებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ".

რატი კოჭლამაზაშვილი, IშEთ-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი აგრარული პოლიტიკის მიმართულებით: "მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაიზარდა ბიუჯეტიდან დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ბევრი პროგრამა ხორციელდება, შედეგი, რომელიც უნდა აისახოს სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის გამოშვებაში, არასახარბიელოა. შარშან წინა წელთან შედარებით მხოლოდ 0,7%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობა, 2017 წელს კი თითქმის 4%-იანი კლება გვქონდა. სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7,7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8% იყო.

მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი გასაკვირი არ არის - მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელმა 2017 წელს 6,4% შეადგინა, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია და 1-დან 3%-მდე მერყეობს. ამდენად, ჩვენი ეკონომიკისთვის სოფლის მეურნეობის წილის შემცირება არ იქნებოდა საზიანო, რომ არა ერთი ფაქტი - საქართველოში სამუშაო ძალის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 26% იყო, განვითარებულ ქვეყნებში კი 5%-ს არ გასცდენია...

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი, 40%-იანი მაჩვენებლით საქართველო ისეთი ქვეყნების რიცხვშია, როგორიცაა გაბონი, განა, ჰაიტი, ინდოეთი, კენია, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, ვიეტნამი და სხვ. ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია მეზობელ ქვეყნებში: აზერბაიჯანში (37%), სომხეთში (33%), თურქეთსა (19%) და რუსეთში (7%).

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერთა უმრავლესობა "შემთხვევით ფერმერებს" მიეკუთვნება და არა "მოწოდებით ფერმერებს", სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს ისიც განაპირობებს, რომ სამუშაო ადგილების სიმცირეა ეკონომიკის სხვა სექტორებში. ამასთან, "შემთხვევითი ფერმერების" უმეტესობა ცოდნითა და უნარებით ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. სოფლის მეურნეობაში მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და მშპ-ში სექტორის შემცირებული წილი მიუთითებს, რომ საჭიროა პროფესიული განათლების გაძლიერება და სტრუქტურული ცვლილებები სექტორში. ასევე აღსანიშნავია ტექნოლოგიების სიმცირე და დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები...

სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი სწორედ ამ სისტემური პრობლემების მოგვარება უნდა იყოს და არა კონკრეტული დარგების წახალისება. ეს ვიწროსექტორული პროგრამები შესაძლოა იყოს მხოლოდ თანამდევი პროცესი იმ ძირითადი პოლიტიკისა, რომელმაც უნდა შექმნას ინფრასტრუქტურა, სადაც სოფლის მეურნეობა იქნება მომგებიანი ფერმერებისთვის, შექმნას კონკურენტული გარემო ადგილობრივი წარმოების პროდუქციისთვის. მთლიანი სურათი უფრო კომპლექსური მიდგომით უნდა შეიცვალოს და არა ასე წერტილოვანი დარტყმებით, ცალკეული პროგრამების დაფინანსებით, რაც ვითარების შესაცვლელად ფაქტია, არასაკმარისი აღმოჩნდა".