Azersun Holding-ი მათი პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელ კვლევებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

Azersun Holding-ი მათი პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელ კვლევებს აქვეყნებს

ჩაის საერთაშორისო ბრენდებს "Maryam"-ს, "Final"-ს და "Azerçay"-ს დაუშვებელი მეთოდებით ებრძვიან!

ბოლო დროს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით, საერთაშორისო ბრენდების - ჩაი "მარიამის", "ფინალისა" და "აზერჩაის" შესახებ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა, - ეჭვქვეშ იყო დაყენებული აღნიშნული პროდუქციის ხარისხი. ამასთან დაკავშირებით კომპანია "dafna-ha"-მ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც ბრენდების მწარმოებელი აზერბაიჯანული კომპანია  Azersun Holding-ის ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს.

"თითქმის ერთი წელია, რაც ჩვენი ბრენდების მისამართით მედიაში პერიოდულად ქვეყნდება უსაფუძვლო ბრალდებები და ვრცელდება დეზინფორმაცია ჩაის ამ ბრენდების ხარისხისა და შემადგენლობის შესახებ. მათ, ვისაც შეცდომაში შეჰყავთ მედია და საზოგადოება, ავიწყდებათ ის გარემოება, რომ თავისი მაღალი ხარისხის გამო ჩაი "მარიამი", "ფინალი" და "აზერჩაი" საქართველოს გარდა წარმატებით იყიდება აზერბაიჯანში, დსთ-ის ქვეყნებში, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე.

ამ ქვეყნების მომხმარებლები სიამოვნებით აგემოვნებენ ამ ბრენდებით წარმოდგენილ ჩაის და დარწმუნებულები არიან მის მაღალ ხარისხში, რომელსაც უზრუნველყოფს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, რომელსაც ზედმიწევნით იცავენ წარმოებისას. სწორედ ამის გამო თითოეული ბრენდის ღირებულება მილიონებს შეადგენს.

2010 წლის 20 ივლისს ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მეშვეობით რესპონდენტებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და მედია. აღინიშნებოდა, რომ  ჩაი "მარიამში" ნაპოვნია საღებავის მინარევები და, ამასთან ერთად კეთდებოდა პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ჩვენმა ჩაის ბრენდებმა გამოიწვიეს ადგილობრივი წარმოების ჩაიზე მოთხოვნის შემცირება.

ამავე სიუჟეტში რესპონდენტების მიერ აღინიშნებოდა ისიც, რომ ადგილობრივი ლაბორატორიული კვლევის ანალიზის შედეგად ჩაი "მარიამში" გამოვლინდა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებიც. საზოგადოებაზე ზრუნვა ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი კომპანიის ფასდაუდებელ ღირებულებას, ხოლო ჩვენი რეპუტაცია კი ყოველთვის მიგვაჩნდა ამ ღირებულების საყრდენად. ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული ჩაი გამოგვეკვლია ავსტრიაში, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ლაბორატორიაში, რომელმაც წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ჩაი "მარიამში", "ფინალსა" და "აზერჩაიში" ხსნადი ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

როგორც ექსპერტიზიდანაც კარგად ჩანს, ჩვენი ბრენდის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა, რაც გვაფიქრებინებს, რომ Aზესრუნ Hოლდინგ-ის პროდუქციის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა დაუშვებელია და სცდება ბიზნესეთიკის ნორმებს. ამიტომ ვაფრთხილებთ ყველას, მათ შორის იმ კონკურენტებს, რომლებიც ბაზარზე დამკვიდრებას ჩვენი დისკრედიტაციით ცდილობენ - განმეორებითი ცილისწამების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და პასუხს ვაგებინებთ ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის." - განაცხადა კომპანია  Azersun Holding-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ალჰან ალიზადამ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Azersun Holding-ის ჩაის ბრენდები "მარიამი", "ფინალი" და "აზერჩაი" უამრავი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია, ხოლო ჩაის ქარხანა შუნ თეა, სადაც იწარმოება აღნიშნული ჩაის ბრენდები, ფლობს ISO 9001:2008, ISO 14001, ISO 18001 და ISO 22000 საერთაშორისო სერტიფიკატებს.

აფიქ საფაროვი (კომპანია Azersun Holding-ის პიარისა და მედიის სამსახურის წარმომადგენელი): "დღევანდელი შეხვედრის მიზანია ვისაუბროთ იმ შავი პიარის შესახებ, რომელიც ხორციელდება ჩვენი ბრენდების წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ზუსტად გადასცემთ თქვენს ხალხს ყველაფერს, იმ მტკიცებულებებს, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ და ამით შეიტანთ წვლილს, რათა არაკეთილმოსურნეებმა არ შეიყვანონ მომხმარებელი შეცდომაში. აგრეთვე ბოლო დროს ხორციელდება კამპანია ჩვენი ბრენდების: "მარიამის", "ფინალისა" და "აზერჩაის" წინააღმდეგ.

ვრცელდება უსაფუძვლო სტატიები და რეპორტაჟები მასმედიის საშუალებით. ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, არასწორი ინფორმაცია ჩვენი ბრენდების ჩაის შემადგენლობის შესახებ. მასმედიის მხარდაჭერა სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ მოვახდინოთ მედიის სწორი ინფორმირება. ეს ერთგვარი გაფრთხილებაც იქნება ამ კამპანიის ორგანიზატორების მისამართით. თუ ეს კამპანია გაგრძელდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ საქართველოს სასამართლოს. ჩვენ გვჯერა ქართული სასამართლოს სამართლიანობისა."

სადაკატ იუსუპოვი (ექსპერტი): "დღეს აზერბაიჯანში სწრაფად და დინამიკურად ვითარდება ჩაის წარმოება. ვაძლიერებთ როგორც წარმოების ხაზს, ასევე ქვეყნიდან მისი გატანის პერსპექტივებს. პროდუქციის ხარისხი კი ჩვენთვის უპირველესია. ზოგჯერ მომხმარებელს ასეთი კითხვა უჩნდება, რომ დადუღების და გაცივების შემდეგ ჩაი თითქოს იჭრება. ზოგი ამბობს, რომ ეს ემულგატორებისა და საღებავების დამსახურებაა.

მაღალი ხარისხის ჩაის საუკეთესო მაჩვენებელი, მასში ექსტრაქტული ნივთიერებების რაოდენობაა. სწორედ ამის გამოა, რომ გაგრილებულ მდგომარეობაში მასზე მუქი შეფერილობის ნადები ჩნდება. მომხმარებელს ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევის გარეშეც შეუძლია შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეს ჩაი სინამდვილეში ნამდვილი და ნატურალურია. თუ მას ადუღებულ წყალს დავასხამთ, ის აუცილებლად დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. უბრალოდ, იმის გამო, რომ მომხმარებელს პროდუქციის ხარისხის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს, ზოგჯერ ადვილია მისი შეცდომაში შეყვანა."