"თუ მე მაქვს კომბოსტო­, შენ კი ხორცი, ყველა მივირთმევთ ტოლმას" - კვირის პალიტრა

"თუ მე მაქვს კომბოსტო­, შენ კი ხორცი, ყველა მივირთმევთ ტოლმას"

"ფაქტობრივად, მომსახურებაზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. შედარებით რთულ - ტექნოლოგიებისა და ტექნიკის სპეციალისტებზე მოთხოვნა გაქრა"

"ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა", - ასეთ ინფორმაციას გვაწვდის "საქსტატი". ამ სიახლის შეფასება ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ.

- სტატისტიკა სასიხარულოა, თუმცა სიხარული მოსახლეობის სახეებზე ნაკლებად ჩანს.

- უმუშევრობის დონე განისაზღვრება უმუშევარი ადამიანების თანაფარდობით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან.

ეკონომიკურად არააქტიურია ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა 15 წელს გადაცილებულია, მაგრამ არ უმუშავია გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგალითად, დიასახლისები, შშმ პირები, პატიმრები და სხვ. ყველა ეს კატეგორია გამოკლებულია და თუ გვყავს, პირობითად, 15 წელს გადაცილებული 3 მილიონამდე მოსახლეობა და მათგან 1 მილიონამდეა ეკონომიკურად არააქტიური, გვრჩება 2 მილიონამდე კაცი, რომელთაგან ნაწილი დასაქმებულია, ნაწილი - უმუშევარი. ჩვენ დაახლოებით 250 000 უმუშევარი გვყავს, დანარჩენები დასაქმებულად ითვლებიან, მაგრამ ზოგი დაქირავებული მოსამსახურეა, ზოგიც თვითდასაქმებული. ზოგიერთი თვითდასაქმებულის შემოსავალი კი თვეში საარსებო მინიმუმსაც კი ვერ სწვდება. დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვითდასაქმებულის საშუალო შემოსავალს 2,5-ჯერ აღემატება.

სტატისტიკას აქვს ერთი უნივერსალური, ერთდროულად ძლიერი და სუსტი ინდიკატორი, საშუალო მაჩვენებელი. ცნობილია ასეთი სარკასტული შედარება: პირობითად, თუ ერთს აქვს კომბოსტო და მეორეს ხორცი, საშუალოდ გამოდის, რომ ყველა მიირთმევს ტოლმას...

წინა წლებთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა და დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობაც შეგვიმცირდა, მაგრამ მოხდა გადანაწილება - თვითდასაქმებულთა რაოდენობა 48 ათასით, ხოლო ხელფასის მიმღებთა 36 ათასით გაიზარდა.

- ხშირად ვაკანსიაზე ისეთ კვალიფიკაციას ითხოვენ, რომელიც არ არის საჭირო იმ პოზიციისYთვის. 30 წლის სამუშაოს მაძიებელს ისეთ სტაჟსა და განათლების ხარისხს სთხოვენ, წარმოუდგენელია, ამ ასაკისთვის ჰქონდეს. - ეს კონკურსები მეტწილად ფორმალურია და ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნა პროტექციით, ნეპოტიზმის ნიშნით ხდება. მეორე მხრივ, საბაზრო ეკონომიკაში კონკურენციაა, კერძო სექტორი ცდილობს ჰყავდეს არა მარტო შემსრულებელი, არამედ ერთგულებით გამორჩეული თანამშრომშრომლები. პრობლემაა ისიც, რომ კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა.

კადრების მოთხოვნის სტრუქტურა მნიშვნელოვნად არის აცდენილი ფაქტობრივი მიწოდების სტრუქტურას და ეს წარმოქმნის უმუშევრობას. მაგალითად, ვახუშტის ხიდთან საბურავი რომ დაგეშვას, ოცამდე კაცი დაგადგება თავზე და სხვადასხვა მომსახურებას შემოგთავაზებს, მაგრამ კონკრეტული სპეციალობის მქონე მაღალკვალიფიციური მუშაკი შესაძლოა ვერ იშოვო. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გაყვანისას საქართველოში მაღალი კლასის შემდუღებლები რომ ვერ ნახეს, პაკისტანიდან ჩამოიყვანეს. ამიტომ უნდა მოხდეს ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირება.

- ვაკანსიების 90% არის მიმტანების, კონსულტანტების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების, ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია... - ფაქტობრივად, მომსახურებაზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. შედარებით რთულ - ტექნოლოგიებისა და ტექნიკის სპეციალისტებზე მოთხოვნა გაქრა. მაგალითად, ელექტროტექნიკური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა - ეს დარგები საქართველოში ჩაკვდა და გაქრა მოთხოვნაც კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე.

მეტიც, რაც უფრო მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს ვამზადებთ საქართველოში, მით მეტად იზრდება მასზე მოთხოვნა საზღვარგარეთ. ბევრი პროგრამისტი სამსახურს საზღვარგარეთ შოულობს, იქ კარიერული ზრდის პერსპექტივა მეტია, ანაზღაურებაც უკეთესი...

ამიტომ საქართველო ჯერჯერობით დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მქონე ქვეყანაა. ამის გამოსწორება მხოლოდ კერძო ბიზნესის ინიციატივას არ შეუძლია, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მიზანმიმართული. სამხრეთ კორეის მაგალითი გამოგვადგება: გასული საუკუნის 50-იან წლებში ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები მათ რეკომენდაციას აძლევდნენ, განევითარებინათ მსუბუქი მრეწველობა, მაგრამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მძიმე მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობის განვითარებას და დღეს სამხრეთი კორეა მოწინავე ქვეყანაა. ასე რომ, ყოველთვის ბრმად არ უნდა მივიღოთ თუნდაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები...

უპირველესად საშურია ჩვენი ეკონომიკის მაპროფილებელი დარგების (კვების მრეწველობა, ღვინის წარმოება, გადამმუშავებელი მრეწველობა) ტექნოლოგიური მომსახურებისთვის წარმოების განვითარება. რატომ არ უნდა დავისახოთ მიზნად, რომ მანქანა-იარაღების, დანადგარების იმპორტი ჩავანაცვლოთ ადგილობრივად წარმოებულით?

თავის დროზე საქართველო პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ჩაის საკრეფი კომბაინები გამოუშვეს. შესაძლებელია რეალური სექტორის ხელშეწყობით ამა თუ იმ დარგის ამოწევა. შემდგომ კი, როცა ტექნოლოგიურად დაწინაურებული ცალკეული რგოლი ერთ ჯაჭვად შეიკვრება, საქართველოს ექნება ინდუსტრიული განვითარებისა და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე დარგები დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის პირებით.

- ეს ხმაურიანი სტატისტიკური განაცხადი, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის შემცირების საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, მხოლოდ ხმაურიანი სიტყვები ყოფილა... - რატომ? სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პირველად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულთა რაოდენობას გადააჭარბა. დღეს საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 52 ანაზღაურებას იღებს და 48 თვითდასაქმებულია, მაგრამ ევროპაში 100 დასაქმებულიდან 85 იღებს ხელფასს, აშშ-ში კი - 91.

ვამბობთ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაბალია უმუშევრობა, მეტიც, 2009 წლის 18,3%-დან 2018 წლისთვის 2,7%-ით შემცირდა, მაგრამ თუ ევროკავშირს შევადარებთ, იქ უმუშევრობა მხოლოდ 7,7%-ია. ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ს უმუშევრობის საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამ მხრივ მხოლოდ ესპანეთი და საბერძნეთი გვისწრებენ.

- მაშინ რატომ გარბიან საქართველოდან ამ ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად? - იმიტომ, რომ დასაქმების სტრუქტურა საბერძნეთსა და ესპანეთში გაცილებით უკეთესია - ყოველი 100 დასაქმებულიდან 80 ხელფასის მიმღებია, 20 კი თვითდასაქმებული. სტატისტიკა უკეთესი კი გვაქვს, მაგრამ სამუშაოდ ხალხი მაინც იქით მიდის.

- სტატისტიკური დათვლების მეთოდი ხომ ყველგან ერთნაირია? - რა თქმა უნდა. თუმცა იგეგმება ცვლილება - 2019 წლის შედეგების მიხედვით, სოფლად დასაქმებულები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და დღეს დასაქმებულად ითვლებიან, დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან და უმუშევართა კატეგორიას შეუერთდებიან. ასეთ შემთხვევაში ჩვენი უმუშევრობის მაჩვენებელი შესაძლოა 12,7-დან 20%-მდეც კი ავიდეს.