"უნდა დასრულდეს საქონლის დაკვლა ორღობეებში და ხორცის ტარება მანქანის საბარგულებით!" - კვირის პალიტრა

"უნდა დასრულდეს საქონლის დაკვლა ორღობეებში და ხორცის ტარება მანქანის საბარგულებით!"

რამდენიმე დღეა, საქონლის ხორცი გაძვირდა. საყოველთაო გაძვირების პირობებში ეს ერთადერთი პროდუქტი იყო, რაზეც ძველი ფასი რჩებოდა. ზრდამ 1,5-2 ლარი შეადგინა და კილოგრამი ხორცის ფასმა ბაზარზე 10-10,5 ლარს მიაღწია.

გაძვირება სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ხორცით ვაჭრობის კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება. უკვე ერთი კვირაა, თბილისის მაღაზიები და რესტორნები ხორცს აღარ იბარებენ, თუ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე არ არის დაკლული. ეს ცვლილება ჯერჯერობით ღორის ხორცს არ ეხება.

ვეტერინარიის შესახებ კანონში დიდი ხანია წერია, რომ ხორცი სავაჭრო ქსელში სასაკლაოს გავლით უნდა მოხვდეს, მაგრამ ამის შესრულებას ვეტერინარიის სამსახური ვერ ახერხებდა, როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის სასაკლაო არ არსებობდა. კანონის აღსრულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნატახტარის სასაკლაოს, რომლიც უდიდესია ქვეყნის მასშტაბით, პრეზიდენტი ესტუმრა.

17 ოქტომბრიდან რაიონულ ცენტრებში ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის სამსახურებმა თბილისში წამოსაღებ ხორცზე ხარისხიანობის დამადასტურებელი ცნობების, ე.წ. ფორმა #2-ის გაცემა შეწყვეტეს. ცნობას ახლა მხოლოდ ხორცის გადამმუშავებელი საწარმოები გასცემენ. შეზღუდვა ჯერჯერობით თბილისზე ვრცელდება, ანუ თუ გლეხს საქონლის სოფლადვე გაყიდვა უნდა, ამის გაკეთება ისევ ფორმა-2-ით შეეძლება.

მაგალითად, კახეთის რეგიონში მცხოვრებმა თბილისში წამოსაღები ხორცი თელავში, სოფელ ყარაჯალაში არსებულ სასაკლაოზე უნდა დაამუშავებინოს, ახალციხის მცხოვრებმა - ასპინძაში, მაგალითად, საგარეჯოელებს კი გაცილებით რთულად აქვთ საქმე. ისინი თელავში უნდა წავიდნენ ან საქონელი ნატახტარში ჩაიყვანონ.

ამ ცვლილების გამო ხელისუფლების წევრები პირველ ეტაპზე პრობლემებს ელოდებიან, განსაკუთრებით, ხორცის კერძო რეალიზატორებისგან. აქამდე ისინი სოფლად მიდიოდნენ, გლეხებისგან საქონელს იაფად ყიდულობდნენ, იქვე თვითონვე კლავდნენ და შემდეგ ჩასაბარებლად თბილისის ბაზრებსა და რესტორნებში მოჰქონდათ. მათ ბიზნესს სასაკლაოები წაართმევენ და ხორცის მონოპოლისტი გამყიდველი თვითონ გახდებიან.

სასაკლაოები, ე.წ. ბოინები, სადაც ცხოველებს დაკლავდნენ და გასაყიდად მხოლოდ ვეტერინარის შემოწმების შემდეგ უშვებდნენ, საბჭოთა დროსაც არსებობდა. ძველი სასაკლაოებიდან აღარაფერი დარჩა, ახლების მშენებლობა კი ცოტა ხნის წინ დაიწყო. შარშან გადაწყდა, რომ სასაკლაოების ასაშენებლად "იაფი სესხი" ბიუჯეტიდან უნდა მიეღოთ. სესხი გრძელვადიანი, 7%-იანი უნდა ყოფილიყო, 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით. მსურველს თანადაფინანსების სახით, სულ მცირე, 30% უნდა გაეღო. მაგრამ პროექტი ჩაიშალა, რადგან რთველმა "მოუსწრო" და იაფი სესხებიც ყურძნის შესასყიდად დაიხარჯა.

ამის შემდეგ სასაკლაოების აშენება კერძო პირებმა მათ მიერვე მოძიებული თანხებით დაიწყეს. თუმცა ბიზნესი მომგებიანი ვერ გახდა, რადგან მსხვილი რეალიზატორები ხარჯს თავიდან იცილებდნენ და საქონელს თვითონ კლავდნენ. ამ ვითარებაში დაავადებული ხორცის დახლზე მოხვედრის რისკი მართლაც არსებობდა. სხვადასხვა დაავადებებით მკვდარი შინაური ცხოველის ხორცის სოფლად გაყიდვა უფრო ძნელი იყო, ამიტომ ის თბილისში მოჰქონდათ.

გამყიდველს ბაზარში ან მაღაზიაში რომ შეეტანა, ფორმა #2 სჭირდებოდა, ამიტომ ხორცს პირდაპირ ქუჩაში ყიდდა. არც ფორმა #2-ის გაყალბება ყოფილა პრობლემა. ვეტერინარი განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ გასცემდა ცნობას, რომ ხორცი საღი იყო და ის ბაზარში ან მაღაზიაში ხვდებოდა. გარე ვაჭრობა მთლიანად უკონტროლოდ იყო და მისი შემოწმების უფლება სურსათის უვნებლობის სამსახურს არ ჰქონდა. ხელისუფლებამ ჯერ გარე ვაჭრობა აკრძალა, ახლა კი წესები კიდევ უფრო გაამკაცრა.

კობა ძამაშვილი (ვეტერინარიის სამსახურის უფროსი): "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქონლის დაკვლა ეზოებსა და ორღობეებში და ხორცის ტარება მანქანის საბარგულებით. ხორცის ასეთი ფორმით გაყიდვა ინფექციების გავრცელების წყარო იყო და ის სრულად ვერ კონტროლდებოდა. ახლა პირუტყვმა სასაკლაო უნდა გაიაროს და ხორცი ცივილიზებული ფორმით ჩაბარდეს. ცხადია, ამის გამო გლეხებს ხარჯი გაეზრდებათ, რაც ხორცის ფასზე აისახება, მაგრამ ცვლილება დიდი არ იქნება. პირველ ეტაპზე ეს სირთულეებს შექმნის, მაგრამ შემდეგ, როცა ახალი სასაკლაოები ამუშავდება, ფასები თავისთავად დარეგულირდება და შესაძლოა ხორცი გაიაფდეს კიდეც.

ამასთან, სასაკლაოების ბიზნესს, რომელიც აქამდე არ მუშაობდა, სტიმული მიეცემა და ვისაც გაჩერებული ჰქონდა, დაინტერესდება, რომ საწარმო აამუშაოს. ჩვენთან სამსახურში უკვე ყოველდღიურად 5-10 კაცი მოდის, ვისაც სასაკლაოს მოწყობა უნდა და რეკომენდაციებს ითხოვენ. ჩვენი სპეციალისტები დაათვალიერებენ ამ საწარმოებს და სტანდარტებს თუ დააკმაყოფილებს, სასაკლაო ლიცენზიას მიიღებს.

თანამედროვე სასაკლაოს უნდა ჰქონდეს ცხოველების გასაჩერებელი ადგილი, უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ვეტერინარი, მინილაბორატორია, მაცივარი, ცხელი, ცივი წყალი, ხორცის გასასვლელი გზა, ნარჩენების დასამარხი ადგილი. სასაკლაოს მივამაგრებთ ინსპექტორებს, რომლებიც სტანდარტებსა და ხარისხს გააკონტროლებენ. ინსპექტორები ასევე გააკონტროლებენ მაღაზიებსა და ბაზრებს".

სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედების მიუხედავად, ბაზრის 95%-ს გააკონტროლებენ, მაგრამ ხორცის ხარისხის სრულად გაკონტროლება მაინც შეუძლებელი იქნება.

ადრე სასაკლაოზე ერთი სული საქონლის დაკვლა 5-დან 10 ლარამდე ჯდებოდა და საქონლის მფლობელს მათთვის შიგნეული და ტყავი უნდა დაეტოვებინა. ახლა უკვე ნატახტარის სასაკლაოზე კილოგრამი ხორცის დამუშავებისთვის ერთ ლარს იღებენ და შიგნეულსა და ტყავს კვლავაც იტოვებენ. ანუ ძროხის დაკვლა, რომლის სუფთა წონა დამუშავების შემდეგ 100 კილოგრამი აღმოჩნდება, 100 ლარი დაჯდება.

დავით ბარაბაძე (ნატახტარის სასაკლაო "იბერმით-ჯორჯიას" დირექტორი): "უახლოეს მომავალში თბილისში მაღაზიების საკუთარი ქსელი გვექნება, "იბერულა", სადაც ხარისხიან ხორცს გავყიდით. თვეში სამი მაღაზიის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. ჩვენთან მყიდველი გარანტირებული იქნება, რომ საღ და ხარისხიან ხორცს შეიძენს, შესაბამისად, იქნება დაცული. კილოგრამი საქონლის ხორცი 7-დან 9 ლარამდე ეღირება, უფრო იაფი, ვიდრე სხვა მაღაზიებში. კონკურენცია გაჩნდება და ბაზარზე გაზრდილი ფასებიც შესაბამისად დაიწევს".

ელდარ მილდიანი (ყარაჯალის სასაკლაოს დირექტორი): "როგორც კი ახალი წესები ამოქმედდა, მოთხოვნა გაიზარდა. მომხმარებელთა რიცხვმა ორჯერ მოიმატა. წესით კიდევ უნდა მოიმატოს. ჩვენი სასაკლაოს წარმადობა დღეში 50 სული საქონელია. საფასურის გაზრდას არ ვაპირებთ, გლეხებს ხელი რომ შევუწყოთ, ამიტომ დიდ მოგებას არ ველოდებით".

დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ობიექტები აცხადებენ, რომ სასაკლაოდან ხორცის მიღებამ პროდუქტი გააძვირა. თუმცა ხორცის მიღების პროცედურა გაუმარტივდებათ, რადგან სერტიფიცირებული ვეტერინარის დაქირავება აღარ დასჭირდებათ.

ნონა ქვლივიძე