მოვაჭრეთა ტერორმა ყველაზე დიდ ბაზრობას მიაღწია - კვირის პალიტრა

მოვაჭრეთა ტერორმა ყველაზე დიდ ბაზრობას მიაღწია

"ამიერიდან მოვაჭრეებს ყოველი მყიდველისთვის ჩეკის გამოწერა მოუწევთ"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მუქარა შეასრულა და "პასაჟის" მოვაჭრეების შემდეგ, ლილოს ბაზრობაზე გადაინაცვლა. რეიდი საქართველოში ყველაზე დიდ ბაზრობაზე გასულ ხუთშაბათს მოეწყო. ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს და სასაქონლო ზედნადების არქონის გამო მაღაზია 15-მდე მოვაჭრეს დაულუქეს. დანარჩენები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ და მაღაზიების დიდი ნაწილი დახურეს.

სავაჭრო ობიექტებში რეიდების ჩატარების მიზეზად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქვეყანაში დიდი რაოდენობით აღურიცხავი საქონლის მოძრაობას ასახელებს. მათი თქმით, უცხოეთიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ შემოდის კონტრაბანდული საქონელი, რომელიც არსად აღირიცხება და ბიუჯეტიც დიდი ოდენობით შემოსავლებს კარგავს. დაკარგული თანხების ამოსაღებად საგამოძიებო სამსახურმა შემოწმებები აგვისტოდან დაიწყო, რასაც მოვაჭრეების დაჯარიმება და დაკავება მოყვა.

"პასაჟის" 70-მდე დაკავებულ მოვაჭრეთა უმრავლესობა წინა კვირაში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ამით "უძირო" ბიუჯეტიც ნაწილობრივ შეივსო.

"პასაჟის" ოპერაციის შემდეგ საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მალე სხვა ბაზრობებსაც მიხედავდა და ლილოსთვისაც მოიცალა. ხუთშაბათს დილით ბაზრობაზე საგამოძიებო სამსახურის ათეულობით თანამშრომელი ერთდროულად შევიდა და ე.წ. საკონტროლო შესყიდვები განახორციელა. იმ მოვაჭრეებს, ვინც ჩეკი არ გამოწერა ან სასაქონლო ზედნადები ვერ წარმოადგინა, სავაჭრო ობიექტი დაულუქეს.

ვასილ კ. (მოვაჭრე): "დარტყმა იმათზე მიიტანეს, ვისაც მაღაზიები კარგ, ხალხმრავალ ადგილებში აქვთ. ეს ადგილები მათ თავის დროზე 15-20 ათას დოლარად იყიდეს. ეჭვი გაჩნდა, რომ ვიღაცას სწორედ ამ ადგილების ხელში ჩაგდება სურს. მფლობელებს დააჯარიმებენ, სავაჭრო ადგილს წაართმევენ და მერე ხელახლა გაყიდიან. ცოტა ხნის წინ ჩინელები ჰყავდათ ბაზრობაზე მოყვანილი და ეს ადგილები დაათვალიერებინეს, ალბათ უნდათ მათ მიჰყიდონ. იმასაც ამბობენ, ლილოში ახალი სამკერვალო გაიხსნა, რომელსაც ბაზრობაზე პროდუქციის გასაყიდი ადგილები სჭირდებაო. ისიც ითქვა, რომ ლილოს ბაზრობის მფლობელები იცვლებიან, იყიდებაო. ერთი სიტყვით, მოვაჭრეები მძიმე მდგომარეობაში არიან".

მალხაზ ტ. (ლილოს ბაზრობის მოვაჭრე): "ჩვენ ამ პირობებში მუშაობა აღარ შეგვიძლია. ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ბაზრობაზე ძალიან ხშირად შემოდიან, ყიდულობენ საქონელს და აჯარიმებენ. არის საქონლი, რომელიც ერთი წლის წინ გვაქვს შემოტანილი, საბუთი როგორ ვაჩვენოთ? ბევრმა ამის გამო შემოტანას თავი დაანება, რადგან საბუთის აღებისას პრობლემა ექმნება. თან ბევრი დასახელების საქონელი გვაქვს, ყველაზე სათითაოდ ზედნადები როგორ უნდა გამოვწეროთ? საბუთის გამოწერას დრო უნდა, ეს კი კლიენტს გვაკარგვინებს".

დალი ს. (მყიდველი): "საქონელი ვიყიდე ლილოს ბაზრობაზე. რაიონში მიმაქვს მაღაზიაში გასაყიდად. სულ ხუთი ჩეკი მაქვს. შემოწმებაზე ჩემთან რომ მოვიდნენ, მთელ საქონელზე, რაც მაღაზიაში მაქვს, საბუთი როგორ უნდა ვაჩვენო?"

არჩილ ვარადაშვილი (მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე): "მოვაჭრეები შეშინებული და ტერორის ქვეშ არიან. ბევრმა უკვე დაანება თავი ამ საქმეს. ზოგმაც დროებით დაკეტა მაღაზია. გადასახადის გადახდაზე მოვაჭრეები უარს არ ამბობენ, მაგრამ გადახდის შეღავათიანი ფორმა უნდა მოიძებნოს. მცირე მეწარმეებს ჯერ აჯარიმებენ, შემდეგ დიდ თანხებს ახდევინებენ. ეს სქემა უკვე ტრადიციული გახდა. ვითარება საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს. ყველას ფიქსირებული გადასახადი აწყობს. განაკვეთი შესაძლოა ზონების მიხედვით განისაზღვროს. თუ სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ აღრიცხვიანობა მოწესრიგდეს, ფიქსირებული გადასახადი უნდა შემოიღოს. მოვაჭრეებს მოეწონათ ეს იდეა და ახლა ხელმოწერებს ვაგროვებთ.

თანაც სასაქონლო ზედნადებების გამოწერას ყველა ვერ შეძლებს. ლილოს ბაზრობაზე უმეტესობა აზერბაიჯანელი ეროვნებისაა, რომლებიც ქართულს კარგად ვერ ფლობენ და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება არ შეუძლიათ. მცირე მეწარმისთვის ბუღალტერიის წარმოება რთულია. საზღვარგარეთ, სადაც ისინი საქონელს ყიდულობენ, ხშირად ზედნადებს არ აძლევენ. ამიტომ ზოგმა შემოტანა შეწყვიტა, ზოგის საქონელი საბაჟოზეა გაჩერებული. ზოგს კი აღურიცხავი საქონელი ადრე აქვს შემოტანილი, ახლა რომ გაყიდოს, დააჯარიმებენ, რადგან ზედნადებს ვერ გამოწერს.

ამიტომ ვთავაზობთ შემოსავლების სამსახურს, მოვაჭრეს ეს საქონელი დაუკანონოს, გადასახადი გადაახდევინოს და თავისუფლად გაყიდვის საშუალება მისცეს. თქვეს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით 30 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატის ქონა სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ეს შეღავათი განსაზღვრული კატეგორიის მოვაჭრეებსა და საქონელზე გავრცელდება. ეს საკითხი კანონქვემდებარე აქტებით უნდა დარეგულირდეს, მაგრამ რას მივიღებთ საბოლოოდ, ჯერ არავინ იცის".

საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ სალარო აპარატი ლილოს ბაზრობაზე ყველა მოვაჭრეს აქვს, თუმცა ისინი მყიდველს ჩეკს არ უწერენ. ეს იმიტომ, რომ კვლავ აღურიცხავ საქონელს ყიდიან. მოვაჭრემ ჩეკი რომ გამოწეროს, ეს ნიშნავს, რომ გაყიდვა უნდა აჩვენოს, ანუ მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს, რაც მეწარმეს არ აწყობს. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მოვაჭრეებს ამიერიდან ყოველი მყიდველისთვის სალაროს ჩეკის გამოწერა მოუწევთ, როგორც ეს მაღაზიებშია დამკვიდრებული.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ უკეთესი იქნება, თუ მოვაჭრე სუფთად იმუშავებს, საბაჟოზე საქონელს განაბაჟებს, შემდეგ კი გაყიდვას სრულად აჩვენებს. ამ შემთხვევაში მას დღგ-ის გამოქვითვის საშუალება ექნება და ხარჯი შეუმცირდება. ხარჯის შემცირების შემდეგ კი საქონლის გაიაფებას შეძლებს, მაგრამ "მოვაჭრე ამას ვერ ხვდება", რადგან "შავად" მუშაობას არის მიჩვეული. ამიტომ უმჯობესია, მოვაჭრეს ჩეკი მყიდველმაც მოსთხოვოს.

მას შემდეგ, რაც აგვისტოდან საბაჟოზე კონტროლი გამკაცრდა და იმპორტიორებს ტვირთის ლეგალიზაციამ მოუწიათ, ლილოსა და სხვა ბაზრობის მოვაჭრეებმა საქონელი გააძვირეს. საგამოძიებო სამსახურის დიდმოხელეები ირწმუნებიან, რომ აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემდეგ, ბაზრობებზე გაზრდილმა ფასებმა თავისთავად უნდა დაიკლოს.

ნონა ქვლივიძე