სოფლების დაცარიელება გრძელდება - კვირის პალიტრა

სოფლების დაცარიელება გრძელდება

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?!" - მთავრობა სოფლის მეურნეობისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობაში მორიგ ამბიციურ გეგმას - სოფლის მეურნეობის წამოწევას ისახავენ. ამავე დროს, სასურსათო წარმოების შეუჩერებელ კლებასთან ერთად, ბოლო წლებში კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა ქართული სოფლის დაცარიელება. ბოლო დროს სოფლის მეურნეობის პროდუქტის, ხილისა და ბოსტნეულის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სოფელში ნივრის თუ კარტოფილის დამთესიც კი თითზე ჩამოსათვლელად დარჩა. თუ ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა, შესაძლოა სოფლის მეურნეობის ფეხზე დამყენებლებიც საძებარი გახდეს.

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება ოთხჯერ არის გაზრდილი - მინისტრის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებით იმდენად გაიზრდება ადგილობრივი ეროვნული პროდუქციის წარმოება, რომ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებაც კი მოეხსნება. სასურსათო დამოუკიდებლობის მისაღწევად, მთავრობის გეგმით, უნდა შეიქმნას მიწის ბანკი და საინფორმაციო ცენტრი ინვესტორებისთვის.

მეორე მხრივ, საქართველოს ერთ-ერთ შედარებით დასახლებულ რეგიონში - კახეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 12-13 ათასით შემცირდა. ადვილი წარმოსადგენია, რა ვითარებაა რაჭაში ან აღმოსავლეთ საქართველოს მთაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2011 წლიდან მიწის გადასახადის გაზრდასაც გეგმავს, რადგან თურმე მიწების დიდი ნაწილი ისეთი ხალხის ხელშია, ვინც მისი დამუშავებით არ არის დაინტერესებული. გადასახადის გაზრდის მიზანი მათი იძულებაა, მიწა დაამუშაონ, არენდით გასცენ ან გაასხვისონ.

ლევან ბიჭიაშვილი (სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის მკვიდრი): "ბოლო წლებში ჩვენი სოფლის შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 25-30% საზღვარგარეთ ან თბილისში წავიდა ლუკმაპურის საშოვნელად. მაგალითად, ერთი ჩემი ნათესავი, რომელიც აქ თვეში 200 ლარსაც ვერ შოულობდა, ახლა დედაქალაქში ავტობუსის მძღოლად მუშაობს და 800 ლარამდე შემოსავალი აქვს. ხალხის დიდი ნაწილი თბილისში ვაჭრობით, საცხობებში, ზოგჯერ მშენებლობაზე მუშაობით არის დაკავებული. სიღნაღის რაიონის სოფლები დღითი დღე ცარიელდება. ბევრგან ნახავთ დაცარიელებულ უბნებს, სადაც მოხუცებიღა დარჩნენ".

დავით ცხვარიაშვილი (სოფლის მეურნეობის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ფერმერების" თავმჯდომარე): "ოფიციალური სტატიტიკით, ქვეყნის მოსახლეობის 53% ქალაქად, ხოლო 47% სოფლად ცხოვრობს. თუ 2000 წელს კახეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 414-415 ათას ადამიანს, ამჟამად ეს ციფრი 402-403 ათასამდეა შემცირებული. წარმოიდგინეთ, თუ ასეთ მაღალმოსავლიან რეგიონში მცირდება ხალხი, რა მდგომარეობა იქნება სხვაგან. შედარებისთვის: 2009 წელს საქართველოს მასშტაბით ნათესი ფართობები შეადგენდა საშუალოდ 305 ათას ჰექტარს, წლეულს კი 250-260 ათასი ჰექტარია.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შარშან დაახლოებით მილიონ 140 ათას სულს შეადგენდა, წლეულს კი ეს მაჩვენებელი მილიონ 100 ათასზე ნაკლებია. ჩვენს მიერ მოწყობილი კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ხორბლის წარმოება შემცირდა ოთხჯერ, კარტოფილისა - ორჯერ, ხილისა - 50%-ით, ყურძნისა - 30%-ით, ჩაისა - 5-ჯერ, ბოსტნეულის - 2,5-ჯერ. სამაგიეროდ, სასურსათო პროდუქციაში იმპორტის წილი 76%-ია.

ყველაფერი ეს უდავოდ მიანიშნებს სოფლის მეურნეობის კრიზისზე. ჩვენ გვახსოვს 2004 წელს გამართული მევენახეების საპროტესტო აქციები. ხელისუფლებისგან მათ დაშინებას მალევე მოჰყვა შოუს დონეზე მოწყობილი მხარდამჭერი აქციები. გლეხებს არა მარტო გვალვა, სეტყვა, გადაუღებელი წვიმები აფერხებს, არამედ საწვავის სიძვირე და აგრარული პოლიტიკის არარსებობა. მართალია, ხელისუფლებამ სარწყავი არხების გასუფთავება-მოწესრიგება უზრუნველყო, მაგრამ სამუშაოები მეტწილად უხარისხოდ შესრულდა და ამის გამო, სავარგულები არხებიდან მოვარდნილმა წყალმა დააზიანა".

სოფლების დაცარიელებამ და სურსათის წარმოების შემცირებამ საშიში მასშტაბები მიიღო. ნებისმიერი მთავრობისთვის ძნელია ამხელა პრობლემები ვერ შეამჩნიოს, კიდევ უფრო ძნელი - მათი გადაჭრაა. იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ მხოლოდ საჩვენებელი ღონისძიებებით სოფელსა და სოფლის მეურნეობას არც შველებია რამე და არც ეშველება.

სანდრო უსტიაშვილი