რას მოუტანს საქართველოს პუტინის "საჰაერო" დარტყმები - კვირის პალიტრა

რას მოუტანს საქართველოს პუტინის "საჰაერო" დარტყმები

"ჩვენი ეკონომიკა კვლავ მნიშვნელოვნად არის მიბმული რუსეთზე და შესაბამისად, საკმაოდ მოწყვლადია"

საქართველოდან, ფაქტობრივად, გაძევებულმა გავრილოვმა "კუდი მოიქნია" - პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება. საქართველოში ახლა აქტიური ტურისტული სეზონია და როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტმა მტკივნეულად დარტყმა გადაწყვიტა. ასევე, მან რეკომენდაცია მისცა რუსულ ტუროპერატორებს, საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტსაც დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან.

რას გვიმზადებს შეურაცხყოფილი პუტინი?

რუსულმა ავიაკომპანიებმა არ დააყოვნეს და უკვე შეაჩერეს ავიაბილეთების გაყიდვა საქართველოს მიმართულებით, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჯავშნების გაუქმების შემთხვევაში პრეტენზია ექნებათ გადახდილი თანხის სრულად ანაზღაურებაზე, რაც ტურისტულ კომპანიებს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს.

პუტინს ეს სულ არ ანაღვლებს, ხოლო მისი რეკომენდაცია რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად იცის. გაყიდული ბილეთების საზღაურის დაბრუნება მოუწევთ რუსულ ავიაკომპანიებსაც.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 5-7 ათასი ორგანიზებული ტურისტი იმყოფება და დაახლოებით სამ-ოთხჯერ მეტია ე.წ. დამოუკიდებელი მოგზაური. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ წლეულს პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა (21,4%) რუსეთიდან შემოვიდა და 222 ათასი კაცი შეადგინა.

2006 წელს ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ემბარგოს შემდეგ პუტინის ეს ნაბიჯი აღარავის უკვირს, მაგრამ გაჩნდა შეკითხვა, რა ზიანის მოტანა შეუძლია რუსი ტურისტების შეკავებას და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს დუმის დეპუტატის გაძევებით შეურაცხყოფილი რუსეთის პრეზიდენტი?

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "მიუხედავად ბოლო წლების დათმობის პოლიტიკისა, ის სისტემური შეუთავსებლობა, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობასა და რუსეთის ხელისუფლებას აქვთ ერთმანეთის მიმართ, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

რუსეთს არ აწყობს დამოუკიდებელი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა და ურჩევნია, საქართველო იყოს მასზე დამოკიდებული ან სულაც ინკორპორირებული.

თუ რუსულ მედიაში რევანშისტული ძალების გამონათქვამებს მივადევნებთ თვალს, მათ მიაჩნიათ, რომ 1991-92 წლებში რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს მიერ სრული სუვერენიტეტის გამოცხადება მაშინდელ საბჭოთა კავშირში უფრო დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე 1941 წლის 22 ივნისს გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე. ასეთ პირობებში მოსალოდნელიც იყო რუსეთის მიერ აგრესიული, ძალისმიერი მეთოდების გამოყენება საქართველოს მიმართ, მით უფრო ჰიბრიდული ომის პირობებში.

მართალია, 2006 წლის პირველი ემბარგოდან განსაზღვრული გაკვეთილი გამოვიტანეთ და გაიზარდა ქართული პროდუქციის, უპირველესად კი ღვინის ხარისხი, მაგრამ დიდწილად, დაახლოებით 3/5-ით, ისევ რუსეთზეა მიბმული ჩვენი ღვინის ექსპორტი. ემბარგომდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4/5 იყო, ქართული ღვინის ექსპორტის 86%-მდე მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე. რისკები რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, არც ერთ სავაჭრო პარტნიორთან კონკრეტული პროდუქციის ექსპორტის წილი 1/3-ზე მეტი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება მარცვლეულის იმპორტს, შარშან რუსეთზე თითქმის 100%-ით ვიყავით დამოკიდებული. ახლა ცოტა შემცირდა ეს მონაცემი და პირველ კვარტალს თუ ვნახავთ, რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის დაახლოებით 67% შემოდის. 35-37% ფარგლებში მერყეობს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავ მნიშვნელოვნად არის მიბმული რუსეთზე და შესაბამისად, საკმაოდ მოწყვლადია.

რუსეთს შეუძლია ქართულ ღვინოზე უფრო ადვილად თქვას უარი, ვიდრე ჩვენ რუსულ ხორბალზე. ხორბალი და ღვინო სამომხმარებლო კალათის იერარქიაში სხვადასხვა საფეხურზე დგას. ღვინის გარეშე შეგვიძლია დიდხანს გავძლოთ, მაგრამ პურის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. შესაბამისად, ამ მხრივაც საფრთხე რეალურია.

რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაც მნიშვნელოვან წილს იკავებს ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში. ამ დღეებში აქტიურად ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელებში რუსეთის მოქალაქეების გამოხმაურებებს პუტინის გადაწყვეტილებებზე და უკმაყოფილო ბევრია. ზოგი ამბობს, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, არ აპირებს საქართველოს დატოვებას, ზოგიც კვლავ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. რუსეთის მოქალაქეების ასეთი წინააღმდეგობა სამოქალაქო გმირობადაც შეიძლება შეფასდეს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ პუტინის ეს განცხადება უფრო პოლიტიკური რეზონანსის მატარებელია - როგორ გაუბედეს დიდი სახელმწიფოს დეპუტატებს საქართველოში ასეთი დამოკიდებულების ჩვენება - ვიდრე რეალურად ზიანის მომტანი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთი მაინც არაპროგნოზირებადი ქვეყანაა და ვეცადოთ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირება. ყველა კვერცხის ერთ კალათში ჩადებას დიდი რისკები ახლავს. გასათვალისწინებელია, რომ პუტინის განკარგულება არ ეხება საავტომობილო ტრანსპორტით შემოსულ ტურისტებს, ხოლო საჰაერო მიმოსვლას რუსი ტურისტების 20-25% თუ იყენებდა საქართველოში შემოსასვლელად. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ლარსის გამშვებ პუნქტს უფრო მეტი დატვირთვა დააწვება.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტისთვის მიცემულ პუტინის დავალებას, რომ სამშობლოში დააბრუნოს რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან. არ მინდა ყველაზე აპოკალიფსური და ცუდი სურათი დავხატო, მაგრამ 2008 წლის 3 აგვისტო გამახსენდა, როცა რუსეთმა მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, ცხინვალი დაეტოვებინათ და შემდეგ თავს დაესხა საქართველოს. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, უპირველესად კი ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთს მოვლენების ასე განვითარების შესაძლებლობას არ მისცემენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ. მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".

მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარით...

ვახტანგ ჭარაია, ეკონომისტი, ექსპერტი: "თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე და ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ მხრივ დადებითი დინამიკა გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ დამოკიდებულება რუსეთზე ექსპორტში, თუმცა ღვინის ექსპორტის წილი მაინც მაღალია - ჩვენი ღვინის დაახლოებით 60% რუსეთში გადის. ამავე დროს გაჩნდა სხვა ბაზრებიც და ღვინის ექსპორტი ჯამურად გაიზარდა როგორც რუსეთის ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში. აღარ ვართ ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორც 10-15 წლის წინ, როცა რუსეთი ჩვენი ღვინისთვის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო. სხვათა შორის, რუსეთიდან იმპორტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და თუ 2007-2008 წლებში ჯამური იმპორტის 5-6%-ს შეადგენდა, დღეს გაორმაგებულია და 10%-ს აღემატება. მაგრამ მაინც, ეს არ არის ძალიან მაღალი ციფრი, რაც ნიშნავს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება თავისუფლად შეგვიძლია.

რაც შეეხება რუს ტურისტებს, რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა ამასაც ჯამურად შევხედოთ - გასულ წელს საქართველოს 8,6 მილიონი ვიზიტორი ეწვია და აქედან 1,4 მილიონზე ცოტა მეტი რუსეთიდან ჩამოვიდა. დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი წილია, თუმცა არა გადამწყვეტი. ვფიქრობ, რუსი ტურისტების შემოუსვლელობა საქართველოს ტურიზმის სექტორს არ დაანგრევს, თუმცა მნიშვნელოვანი წნეხი იქნება. ამ ეტაპზე ლაპარაკია მხოლოდ ავიამიმოსვლის შეზღუდვაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსები პროპაგანდირებენ, თითქოს საქართველოში სამოქალაქო ომია და ცდილობენ, მედიაში ისეთი სურათი დახატონ, თითქოს მთელ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 20-21 ივნისს იყო რუსთაველის პროსპექტზე. შესაბამისად, რუსული პროპაგანდა, რომელიც ავრცელებს ხმებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის, აფრთხობს საქართველოში სახმელეთო გზით შემომსვლელ ტურისტებსაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა მარტო ავიამიმოსვლა, არამედ ზოგადად რუსეთიდან ტურისტების ნაკადი შემცირდება.

ყოველდღიურად რუსული ავიახაზებით საქართველოში დაახლოებით 2500 კაცი ჩამოდის.

თუ ეს რაოდენობა გამოაკლდება ტურისტულ სექტორს, კატასტროფა არ მოხდება, მაგრამ თუ ამას დაემატება სახმელეთო გზით შემომსვლელთა შემცირება ან მესამე ქვეყნებიდან ტურისტების კლება, ეს უკვე მნიშვნელოვან პრობლემებს შეგვიქმნის.

მოგეხსენებათ, ჩვენი ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და დრო აღარ არის დივერსიფიცირებისთვის, სხვა ქვეყნის ტურისტებზე გადაწყობისთვის. ამ სექტორში დაახლოებით 500 ათასი კაცია დასაქმებული პირდაპირ თუ ირიბად - ზოგი სასტუმროში მუშაობს და ზოგიც სუვენირებს ამზადებს. ტურისტული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური სექტორია. მაგალითად, საბანკო სექტორში ერთი ოპერატორი მილიონიან ოპერაციებს ახორციელებს და თუ ფინანსურ სექტორს რამე პრობლემა შეექმნება, სამუშაო ადგილების შემცირება შესაძლოა უმუშევრობის თვალსაზრისით ფართო ფენებზე არც აისახოს. მაგრამ ტურიზმში ყოველი დასაქმებული ადამიანი მცირე მოცულობის თანხის პროდუქტს აგენერირებს. შესაბამისად, ამ დარგში ათასი დოლარის ნაკლებობაც რამდენიმე კაცის სამუშაო ადგილის დაკარგვას შეიძლება უდრიდეს. მთლიანობაში, თუ რუსეთი მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას დასჯერდება, ქართული ეკონომიკისთვის ეს ასატანი პრობლემა იქნება, მაგრამ თუ უფრო შორს წავა, მაშინ პრობლემა უფრო მტკივნეული გახდება. მაგალითად, ტურიზმის სექტორში რუსი ტურისტების წილი ნახევარი მილიარდიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. თუ რუსეთიდან ყველა ტურისტს დავკარგავთ, ფულად გამოსახულებაში შესაძლოა სწორედ ამ დანაკარგზე იყოს საუბარი. რა თქმა უნდა, ამ თანხის არშემოსვლა ლარის კურსზე გავლენას იქონიებს.

თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფაქტორებიც. მნიშვნელოვანია, რამდენი შემოვა ამ პერიოდში ინვესტიციებიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და შეძლებს თუ არა ამ გზით შემოსული ვალუტა ტურისტებიდან მისაღები შემოსავლების დანაკარგის დაბალანსებას. სხვა შემთხვევაში, არათუ მილიარდის, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დანაკარგიც კი ლარის კურსზე შესაძლოა მტკივნეულად აისახოს; ან შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ რუსეთიდან ტურიზმი შემცირდეს, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან გაიზარდოს, რადგან ჩვენ ხომ ზოგადად ტურიზმის დინამიკა ყოველწლიურად მზარდი გვაქვს... თუ მოვლენათა განვითარებას ყველაზე ცუდი სცენარით წარმოვიდგენთ, შესაძლოა ეს იყოს საზღვრის ჩაკეტვა. სახმელეთო საზღვარი ჯერ არ არის ჩაკეტილი, მაგრამ ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვის საბაბით შესაძლოა საჰაეროს ჩაკეტვაც მოჰყვეს. გარდა ამისა, შესაძლოა საქართველო დაისაჯოს "ანტირუსული პროპაგანდის" გამო და რუსეთში ქართული ღვინის, "ბორჯომისა" და სხვა პროდუქტების შეტანა აიკრძალოს. მართალია, "ბორჯომი" რუსული კომპანიაა, მას "ალფა გრუპი" ფლობს, მაგრამ ემბარგოს დაწესება პოლიტიკური ჟესტი უფრო იქნება, ვიდრე ეკონომიკური. ეს არის ყველაზე პრიმიტიული გზები, რომელთაც შეიძლება რუსეთმა მიმართოს. უფრო რთული შეიძლება ის იყოს, რომ თითქოსდა რუსი ტურისტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აქ სპეცოპერაციები ჩაატარონ. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია!"