”შენ უკვე გადაიხადე კომუნალური გადასახადები?!”
01-11-2010
უახლოეს მომავალში თბილისის მცხოვრებთ ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ. ერთი კომუნალური გადასახადის გადახდაც რომ დაუგვიანდეთ, ელექტროენერგიას გაუთიშავენ. მაგალითად, თუ წყლის დავალიანება დაგიგროვდათ,”თბილისის წყალს””თელასი” გამოუცხადებს”სოლიდარობას” და სიბნელეში დაგტოვებთ.

იგივე ეხება დასუფთავების გადასახადსაც. გადაწყვეტილება პარლამენტმა 1-ელ ოქტომბერს მიიღო და შესაბამისი ორგანოს შექმნა, რომელიც კომუნალურ გადასახადებს ადმინისტრირებას გაუწევს, სემეკ-ს დაავალა. ერთიანი ადმინისტრირება ჯერჯერობით არ შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადს.

რამდენიმე დღის წინ სემეკ-მა ადმინისტრატორი გამოავლინა. ამ კომისიამ კი სადამსჯელო ოპერაციის შესრულება”თელასსა” და”ენერგოპროს” (თბილისის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე
მცხოვრებლებს ის აწვდის ელექტროენერგიას) დაავალა, რომლებსაც აბონენტების ყველაზე დიდი ბაზა აქვთ. ენერგოკომპანიები გაწეული მომსახურებისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ.

რამდენს ან საიდან გადაუხდიან”თელასსა” და”ენერგოპროს”, ჯერჯერობით უცნობია. ენერგოკომპანიები ამ თემაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთიან ადმინისტრატორთან ტექნიკურ საკითხებზე ამჟამად მათი იურისტები მუშაობენ.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტმა კანონის გამკაცრება, პასუხი
არც ამ კითხვაზე არსებობს. საკანონმდებლო ორგანო თითს სემეკ-ისკენ იშვერს. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მარეგულირებელი კომისია ამ ცვლილების ინიციატორი არ ყოფილა. მასაც, ისევე როგორც პარლამენტს, ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა ხელისუფლებისგან დაევალა. პარლამენტში კანონის გამკაცრებას დეპუტატთა ნაწილი შეეწინააღმდეგა, მაგრამ მის მიღებას ხელი ვერ შეუშალა.

”თბილისი ვოტერ ენდ პაუერში” აცხადებენ, რომ ახალი წესით ადმინისტრირება მათი სურვილით არ შემოუღიათ და გადაწყვეტილება სემეკ-მა მიიღო. თუმცა ისიც ცნობილია, რომ მოსახლეობისგან ძველი დავალიანებების ამოღების ყველაზე დიდი პრობლემა”თბილისის წყალს” აქვს. იმის გამო, რომ მრიცხველები არ არის და კომპანია ურჩ გადამხდელს წყლის მიწოდებას ვერ უწყვეტს, მოსახლეობის ნაწილი გადასახადს თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში არ იხდიდა.

კომპანიამ დავალიანების მქონე პირებს რამდენიმე თვის წინ გადასახადის გადანაწილება და შეღავათიანი გრაფიკით დაფარვა შესთავაზა, მაგრამ თანხის სრულად მობილიზება ვერ შეძლო. ამიტომ კომპანიის დახმარება საკანონმდებლო ცვლილებით გადაწყვიტეს. ზარალის ანაზღაურების მიზნით, ცოტა ხნის წინ”თბილისის წყალმა” ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკ-საც მიმართა, მაგრამ კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა. კომისიაში ხელახალი გაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის რეალური ტარიფი ამჟამად არსებულ საფასურზე (1 სულზე 2,40 ლარი) ნაკლები უნდა იყოს.

ურჩ გადამხდელებს რომ დავალიანების დაფარვა აიძულოს, წყლის კომპანიამ მოსახლეობის სატელეფონო გაფრთხილების გზას მიმართა. აბონენტებს შპს”საფინანსო-საკრედიტო ბიურო” ურეკავს და ეუბნება,”თბილისის წყლის” ოფისებს მიაკითხონ.”საფინანსო-საკრედიტო ბიურო” აქამდე მხოლოდ ბანკებისა და კერძო პირების დავალიანებების ამოღებაზე მუშაობდა. შევარდნაძის დროს მილიციელი და ამჟამად ბიუროს თანამშრომელი თემურ მღებრიშვილი, ახლა გლდანელებს შინ ურეკავს და მკაცრი ხმით წყლის გადასახადის დროულად დაფარვას ურჩევს.

თემურ მღებრიშვილი (საფინანსო-საკრედიტო ბიუროს თანამშრომელი): ”ვურეკავთ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, სად უნდა გადაიხადონ, რამდენი უნდა გადაიხადონ. კომპანიაში მისულებს გრაფიკს უდგენენ, ზოგი 5 ლარს გადაიხდის, ზოგი 10 ლარს. თუ ერთიანად გადაიხდიან, 60%-ს აპატიებენ.

- მხოლოდ წყლის დავალიანებას ახდევინებთ?
- ჯერჯერობით წყლისას. თუ დაგვავალებენ სხვა გადასახადებს, იმასაც დავიწყებთ”.”თბილისის წყლის” კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დენს მყისიერად არ გაუთიშავენ და ძველი დავალიანების დასაფარად დროს მისცემენ.”ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც დღემდე აქვს დავალიანება, პირდაპირ შეუწყდება ელექტროენერგია ან სხვა კომუნალური მომსახურება. დავალიანება გადანაწილდება არანაკლებ 36 თვეზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, ნაწილ-ნაწილ დაფარონ. ამასთან, კომპანია ფიქრობს, მომხმარებლებს თანხის გადახდის სხვა შეღავათიანი პირობებიც შესთავაზოს”, - განმარტავენ წყლის სადისტრიბუციო კომპანიაში.

ნონა ქვლივიძე
sasha
02 ნოემბერი 2010 15:19
ჯალათების ვაკანსიები გამოჩნდება მალეგამიხარდა მღებრიშვილი უმუშევარი რომ არ დარჩენილა
vano
01 ნოემბერი 2010 13:43
ნაგავში ვცხოვრობთ არაპირდაპირი გაგებით...

რედაქტორის რჩევით