კარგად შემოწმებული გზა სოფლის მეურნეობისთვის
01-11-2010
მსოფლიოში კოოპერატივების წევრი 800 მილიონ ადამიანზე მეტია

წლეულს, მცირემოსავლიანობის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი ქვეყანაში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. შარშან საქართველოში $776 მილიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოვიდა, მათ შორის ხახვი, ნიორი, კარტოფილი და სხვ.

ადგილობრივი მოსავლის მარაგები ჯერ არ ამოწურულა და ბაზარზე უკვე იყიდება სომხეთიდან შემოტანილი ნიორი და კომბოსტო. არადა, უცხოელი სპეციალისტებიც აღიარებენ, რომ საქართველოს ხილის, ბოსტნეულისა და ციტრუსის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. მთელი რიგი ადმინისტრაციული პროცედურების გათვალისწინებით, იმპორტის მონოპოლიზება შედარებით
ადვილია. ამას ემატება ადგილობრივი წარმოების მცირე მოცულობებიც.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას მთავრობა ხან აქა-იქ ახალთახალი ტრაქტორების დახარბებით, ხან გლეხებისთვის ამონიუმის გვარჯილისა და ხანაც დიზელის საწვავის დარიგებით ცდილობდა, მაგრამ დაუმუშავებელი სავარგულების ფართობი წლიდან წლამდე იზრდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში პრივატიზაციის შედეგად დანაწევრებული, სეგმენტირებული მიწა სოფლის მეურნეობაში თუნდაც
ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ნაკლებად ეფექტიანს ხდის. დარგში გათვითცნობიერებული ადამიანები გამოსავალს ორ რამეში ხედავენ:

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებით ან უცხოელი ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ (ამის ალბათობა ნაკლებია. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ხდება), ან გლეხებმა და ფერმერებმა შექმნან კოოპერაციული საზოგადოებები, რასაც ზოგი მცდარად ურევს საბჭოთა კოლმეურნეობებში.

ზაზა საბანაძე (კოოპერაციის დანერგვის აქტიური მომხრე): -კოოპერაციული მოძრაობა ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა მსოფლიოში, 160-წლიანი ისტორით. დღეს არსებობს კოოპერაციის 120 ნაირსახეობა, კოოპერატივთა რიცხვი 70 ათასს აჭარბებს, ხოლო წევრთა რაოდენობა 800 მილიონ ადამიანზე მეტია. ყოველი მეხუთე გერმანელი, ყოველი მეოთხე ამერიკელი, ყოველი მესამე დანიელი და ჰოლანდიელი, ყოველი მეორე კანადელი სხვადასხვა კოოპერატივის წევრია. სხვათა შორის, საერთაშორისო კოოპერატიულ ალიანსში საქართველო ჯერ კიდევ მენშევიკებმა გააწევრეს. დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა და კოოპერაციის შესასწავლად გააგზავნა იტალიაში ნოე ჟორდანია. სამწუხაროდ, 2007 წელს ამ ორგანიზაციიდან გამოგვრიცხეს.

ისეთი აგრარული პოტენციალის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სოფლის მეურნეობის კოოპერაცია ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს. მოსახლეობა თავისი ინიციატივით კოოპერატივებს ვერ ქმნის, ამიტომ კოოპერაციის ნაციონალური პოლიტიკაა შესამუშავებელი. გლეხებმა და ფერმერებმა უნდა გააერთიანონ საქმიანი ინტერესები, მთავრობა კი ამ გაერთიანებებს ტექნიკით ან იაფი კრედიტით დაეხმაროს. დღეს 1 ჰექტარი მიწის დამუშავებისთვის 100 ლარი უნდა გადაიხადო და დამატებით ტრაქტორისთვის 50 ლიტრი საწვავიც შეიძინო.

ამის საშუალება ბევრ გლეხს არ აქვს და მიწას დაუმუშავებელს ტოვებს. კოოპერაციულ გაერთიანებას კი თავისი ტექნიკა ეყოლება და სხვისგან ქირაობა არ დასჭირდება. რატომღაც ზოგი კოოპერაციას კოლმეურნეობასთან აიგივებს, რაც სრულიად მცდარი წარმოდგენაა. კოლმეურნეობაში მიწა სახელმწიფოს ეკუთვნოდა, კოოპერაციის შემთხვევაში კი სავარგულები კერძო საკუთრებაა. კოოპერაციის შემთხვევაში იმას მიიღებ, რასაც მოიყვან, კოლმეურნეობის დროს კი შენი მხოლოდ ის იყო, რასაც მოიპარავდი. კოოპერაციული მეურნეობების ამოქმედების შემთხვევაში ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს დააკმაყოფილებს.

თეთრიწყაროს რაიონში არის სოფელი ირაგა, სადაც მოსახლეობამ მიამბო, რომ საპატრიარქომ სოფელს თივის საპრესი მოწყობილობა აჩუქა. იქაურები ამბობენ: ამით გვიდგას სულიო. სათიბები ბევრი აქვთ, შემდეგ თივას პრესენ და შემოსავალს თანაბრად ანაწილებენ სოფელში. არ გაუაზრებიათ, რომ ფაქტობრივად, კოოპერაციული საზოგადოება აქვთ შექმნილი... გურულებში წესად არის ყანაში სათოხნად მეზობლებისა და ახლობლების დაძახება. ერთად უფრო იოლი და ეფექტურია საქმის კეთება. ერთ საქმეს რომ დაამთავრებენ, შემდეგ სხვის ყანაში გადაინაცვლებენ ხოლმე. ესეც ერთგვარი კოოპერატივია.

კოოპერაციული არა მარტო წარმოება, არამედ შუალედური სადისტრიბუციო რგოლიც უნდა შეიქმნას. აქ პროდუქციას შეისყიდიან და შემდეგ საცალო ქსელში განაწილდება. სასურველია ქალაქად კოოპერაციული მაღაზიების შექმნაც, სადაც პროდუქცია ოპტიმალურ ფასში გაიყიდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და საერთოდ, კოოპერაციული მოძრაობის განვითარების შესახებ არაერთხელ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, მაგრამ ყველას ერთი პასუხი აქვს: კოოპერატივი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მათ საქმიანობაში ჩარევა ჩვენს კომპეტენციას სცილდებაო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს აქვს კოჰრანის ყოველწლიური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა 2-3 კვირიან სტაჟირებას ითვალისწინებს. პროგრამაში საქართველოდან სტაჟიორებს 1993 წლიდან იწვევენ, საელჩოს მეშვეობით. საინტერესოა, რომ 2011 წლის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები პირველ ნომრად არის დასახელებული.
shalva
25 ნოემბერი 2010 00:27
კარგი იდეაა. ეს ჰაერივით სჭირება ქვეყანას

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?