მიიღე "ბილაინის" SMS-ით ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - კვირის პალიტრა

მიიღე "ბილაინის" SMS-ით ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ

"საქართველოში აივ პრევენციის პროექტი" და კომპანია "ბილაინი" ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის იქნება მიმართული.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოში აივ პრევენციის პროექტს" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. კამპანიის ფარგლებში, კომპანია "ბილაინი" თავის მომხმარებლებს რეგულარულად მიაწვდის "აივ პრევენციის პროექტის" ექსპერტების მიერ შემუშავებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ანტინარკოტიკულ თემებზე, შიდსის პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

მსგავსი მეთოდი აპრობირებულია და წარმატებით ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი საინფორმაციო ვებგვერდის ჩაშვება ინტერნეტში, რომლის საშუალებით ახალგაზრდები ასევე გაეცნობიან ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, თანასწორთა ზეგავლენისა და სხვა თემების შესახებ.

მამუკა ჯიბუტი ("აივ პრევენციის პროექტის" დირექტორი): "საქართველოს აივ პრევენციის პროექტის" ფარგლებში ძალიან საინტერესო ინიციატივის წარდგენა ხდება. კერძოდ, კომპანია "ბილაინთან" თანამშრომლობით დაიწყო SMS კამპანია და ჩაეშვა ახალგაზრდული საინფორმაციო ვებგვერდი. ორივე ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ეს პროექტი ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი ინტერაქტიული იქნება. მინდა მადლობა ვუთხრა კომაპნია "ბილაინს" თანამშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტში ერთის მხრივ სახელმწიფო უწყების, დონორი ორგანიზაციის და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებული იქნება."

ჯონათან კონლი (USAID კავკასიის მისია საქართველოში, დირექტორი): "მიხარია, რომ შემიძლია ამერიკის მთავრობის სახელით წარვდგე ქართველი საზოგადოების წინაშე. ინიციატივას, რომელიც ეხება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას, ამერიკის განვითარების სააგენტო აფინანსებს. გვინდა, რომ ქვეყანაში აივ გავრცელების ტემპები შევამციროთ. მხარს ვუჭერთ სწორ განათლებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას სკოლებში. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ პოპულაციაში, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარს. მოხარული ვარ, რომ პარტნიორობა ამ პროექტის გარშემო შედგა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და კომპანია "ბილაინს" შორის."

ლადო ვარძელაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა USAID-ს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის განვითარების სააგენტოსთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტებზე ერთად გვიმუშავია. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია "ბილაინს" იმისათვის, რომ მხარი დაუჭირა ამ წამოწყებას. ჩვენი სამინისტრო შეუერთდება და მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივასა და პროექტს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისთვის იქნება მიმართული. რაც უფრო მეტი ადამიანი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, თუ სახელმწიფო ორგანიზაცია იქნება ჩართული ამ ტიპის პროპაგანდაში, მით უფრო უკეთესი შედეგები გვექნება."

ირაკლი გიორგობიანი (საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე): "მართლაც მნიშვნელოვანი საქმე კეთდება ამერიკის საერთაშორისო სააგენტოსა და "ბილაინის" მხარდაჭერით, რადგან პრევენციული ღონისძიებები ყველაზე ეფექტური ნაბიჯია. USAID-ის მხარდაჭერა უკვე წლებია გრძელდება და მათი ეგიდით ბევრი პროექტი მიმდინარეობს საქართველოში. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველანაირი პრევენციული ღონისძიება, მათ შორის აივ ინფექციის წინააღმდეგ მიმართული, მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყანაში ჯანდაცვის ხარჯებს. ამას დავამატებ აგრეთვე ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელსაც ერთობლივად ვნერგავთ ქვეყანაში. ეს ყველაფერი საზოგადოების ჩართულობის დამსახურებაა. მადლობა მინდა ვუთხრა "ბილაინის" წარმომადგენლებს და ასეთივე ნაბიჯისკენ მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც."

ანდრეი პიატახინი (კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი): "ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. "ბილაინის" ყველა აბონენტს დაეგზავნება SMS-ები და ვისაც აქვს სურვილი, მიიღოს ინფორმაცია, რჩევები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ისინი გაგზავნიან თანხმობას მოცემულ ნომერზე. ახალ-ახალი ინფორმაციის დაგზავნა ჩვენი აბონენტებისთვის ორ კვირაში ერთხელ მოხდება. ეს მომსახურება "ბილაინის" აბონენტებისთვის უფასო იქნება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა."

R