"მინერალური წყალი "ბორჯომი" და ჯანსაღი ცხოვრების წესი" - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბაკურიანში - კვირის პალიტრა

"მინერალური წყალი "ბორჯომი" და ჯანსაღი ცხოვრების წესი" - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბაკურიანში

ბორჯომსა და ბაკურიანში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "მინერალური წყალი "ბორჯომი" და ჯანსაღი ცხოვრების წესი" გაიმართა.

კონფერენცია კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოსა" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები. კონფერენციის მონაწილეებმა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანაც მოინახულეს.

ვახათ ტაკმალდინოვი (ალმა-ატის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი): "კონფერენციაზე დასასწრებად ყაზახეთიდან ჩამოვედი. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, ჩვენს ქვეყანაში "ბორჯომი" ცნობილი ბრენდია და ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყაზახეთში ყველამ იცის ამ მინერალური წყლის განსაკუთრებული თვისებების შესახებ. აქტიურად მოიხმარენ ამ წყალს ყაზახეთში და უყვართ.

პირველად ვარ საქართველოში, წარმოვადგენ საკონტროლო ზედამხედველობის სამსახურს და ამიტომაც მომიწვიეს ამ კონფერენციაზე. ჩვენი ექიმები, განსაკუთრებით კი გასტროენტეროლოგები პაციენტებს ხშირად ურჩევენ მიიღონ "ბორჯომის" მინერალური წყალი. პირადად მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვი გამიხდა ავად, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და მაშინაც ექიმმა "ბორჯომის" მიღება გვირჩია. მეც საკმაოდ ხშირად მოვიხმარ ამ მინერალურ წყალს. ვფიქრობ, რომ ეს არის მინერალური წყალი #1."

ზოია კოვალენკო (ლატვიის სერტიფიცირების ცენტრის წარმომადგენელი): "უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ჩვენ კომპანია "IDშ ბორჯომი საქართველოსთან" ვთანამშრომლობთ, მინერალური წყლების სერტიფიცირებას ვახდენთ, ანუ ვაფასებთ წარმოების ხარისხს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. მოცემულ ეტაპზე წარმოება პასუხობს ევროპულ მოთხოვნებს და მინერალური წყალი "ბორჯომიც" სრულად პასუხობს ამ ნორმებს.

ჩვენ ყოველ წელს ვგზავნით "ბორჯომის" ნიმუშებს ევროპულ ლაბორატორიაში შესაბამისი კვლევისთვის. ამიტომ სერტიფიკატი, რომელიც ჩვენ "ბორჯომს" მივანიჭეთ, ევროპული სტანდარტების შესაბამისია. ჩვენი სერტიფიკატის საფუძველზე "ბორჯომი" შედის ევროპის ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის ლატვიაშიც. ამ წყალს კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის მომხმარებელი, ის იყიდება სავაჭრო ქსელში და დიდი პოპულარობით სარგებლობს."

გალინა კარასევა (ექიმი): "კონფერენციაზე დასასწრებად ბელორუსიიდან, მინსკიდან ჩამოვედი, სადაც ვმუშაობ სამედიცინო აკადემიაში, რომელიც ექიმებისთვის დიპლომის შემდგომ განათლების მიღებას უზრუნველყოფს. ვასწავლი ექიმებს - გასტროენტეროლოგებს, დიეტოლოგებს, ნუტრიციოლოგებს. კუჭ-ნაწლავის სისტემის მკურნალობის და პროფილაქტიკის პროცესში მინერალურ წყალ "ბორჯომს" უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს წყალი ბელორუსში უყვართ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან".

გურამ ბექაია (საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი): "ამ კონფერენციას ორგვარი დატვირთვა აქვს: ჯერ ერთი ის, რომ რამდენიმე დღის წინ აღინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლისთავი და თავად "ბორჯომის" იუბილე, რომელსაც 120 წელი შეუსრულდა. "ბორჯომის" მინერალურმა წყალმა მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი კატეგორიის მედალი დაიმსახურა.

წლების განმავლობაში მაღალ დონეზე მიმდინარეობდა მინერალური წყლის "ბორჯომის" კვლევა, არა მარტო საკვების მომნელებელ სისტემაზე მისი ზემოქმედების გამოსავლენად, არამედ ის თუ როგორ მოქმედებს ის ნერვულ სისტემაზე, მინერალურ წყლის აბაზანების მიღების მოქმედება ორგანიზმზე და სხვა. ეს წყალი საუკეთესოდ მოქმედებს ასევე ბავშვების ორგანიზმზე."

ირინა კვაჭაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "ძალიან საინტერესო ტანდემი შედგა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოსა" და სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, რადგან ჩვენ ორივე მოწოდებული ვართ ადამიანის ორგანიზმზე ზრუნვისთვის. კონფერენცია ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან ორ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება. ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლისთავი და "ბორჯომის" პირველი ბოთლის ჩამოსხმის 120 წლისთავი. ამ ორი ობიექტის სიყვარულმა და პატივისცემამ შეგვკრიბა აქ.

"ბორჯომი" და ჯანსაღი ცხოვრების წესი" - ეს არის კონფერენციის მთავარი თემა. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ თანამედროვე კვლევები "ბორჯომის" შესახებ, არამედ ადამიანის ორგანიზმზე "ბორჯომის" მოქმედების შესწავლის ისტორია. ჩემთვის, როგორც ფიზიოლოგისთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ "ბორჯომის" მოქმედების შესწავლაში ერთ-ერთი პიონერის, პროფესორ ალექსანდრე ბაკურაძის სამეცნიერო კვლევების მიმოხილვაც გაკეთდა კონფერენციაზე."

ლევან ბაღდავაძე ("IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე): "მოგეხსენებათ, რომ წელს საიუბილეო წელია როგორც "ბორჯომისთვის", ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. ეს ერთობლივი კონფერენციაც ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს ეძღვნება. საკმაოდ წარმატებულია ჩვენი თანამშრომლობა სამედიცინო უნივერსიტეტთან და ეს კონფერენცია საწყისი იქნება წარსულში არსებული ტრადიციის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, მისი ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ვფიქრობ, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც ძალიან საინტერესო შეხვედრები გველოდება."

R