ორმაგი დარტყმა ლარზე
ორმაგი დარტყმა ლარზე
"ამ ვითარებაში ეროვნულ ბანკთან უფრო უნდა იმართებოდეს აქციები, ვიდრე პარლამენტთან"

პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ გასული კვირა ლარისთვისაც მძიმე იყო - ხელისუფლების მსგავსად მასაც "დაუცდა ფეხი" და ეროვნული ვალუტა 1 კვირის განმავლობაში დოლარის მიმართ დაახლოებით 10 თეთრით გაუფასურდა. სამუშაო კვირისა და შესაბამისად, ვაჭრობის ბოლო დღეს ლარმა­ ფეხზე წამოდგომა სცადა და მცირედით - 1 თეთრით გამყარდა. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ლარს ხანგრძლივ პერსპექტივაში არაფერი ემუქრება, თუმცა არ უარყოფს, რომ ქვეყანაში არასტაბილურობა და ნეგატიური მოლოდინი,
რომელიც თუნდაც რუსეთის უკვე გადადგმულ თუ მოსალოდნელ ნაბიჯებს უკავშირდება, ეროვნულ ვალუტაზე ცუდად მოქმედებს.

"ლარმა ბოლო დროს ორმაგი დარტყმა მიიღო", - ასეთია ექსპერტების შეფასება. პუტინის მიერ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვისა და ტუროპერატორებისთვის თითის დაქნევის შემდგომ, ტურისტული ნაკადი ჯერ ოდნავ არის შემცირებული, თუმცა მოლოდინი მძიმეა, რამაც უკვე
დაატყო ლარს კვალი. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აქციები, ლარს გაუფასურების ახალ-ახალი რეკორდის მოხსნა მოუწევს. ლარის აჟიოტაჟური კურსით საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ისე შეწუხდა, რომ პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუფასურების მიზეზების შესახებ განცხადებაც კი გაავრცელა. ეროვნული ბანკის განმარტებით, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინი და შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც აისახა.

"ლარზე გავლენას ახდენს არასტაბილური ვითარება, მათ შორის, აქციები"


პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: "ლარმა გაუფასურება მაისში დაიწყო და პირველი ანტირეკორდიც დაამყარა - 1 დოლარის ღირებულებამ პირველად შეადგინა 2,80 ლარი. იმ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა: პირველი იყო M2 (ფულის მასა) აგრეგატი, რომელიც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 2 მლრდ ლარით იყო გაზრდილი, რაც, ცხადია, ზეწოლას ახდენდა კურსზე; მეორე და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება და ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორები, რაც სრული­ საინფორმაციო ვაკუუმის გამო პანიკაში გადაიზარდა. ორივე ამ გარემოების განეიტრალება ცენტრალურ ბანკს სწორი პოლ­იტიკით შეეძლო, თუმცა ერთადერთი, რაც ეროვნული ბანკისგან მოვისმინეთ, ის იყო, რომ საზოგადოებას საპანიკო არაფერი ჰქონდა.

პანიკის გადავლის შემდგომ ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების გათავისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარებას შეუდგა. თუმცა აქ უკვე "არ დააგვიანა" სებ-მა და დაუყოვნებლივ მოახდინა ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე - ბაზრიდან 10 მლნ დოლარი ამოიღო, რითიც ლარის გამყარება შეაჩერა და გაუფასურება წაახალისა.

მეორე ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ 28 ივნისს ბლუმბერგის პლატფორმაზე დაამყარა, როცა 1 დოლარი 2,86 თეთრად ივაჭრებოდა და კიდევ უფრო ძვირი ღირდა კომერციულ ბანკებში.
გაუფასურების ეს მეორე ტალღაც, თავის­ მხრივ, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი იყო ეროვნული ბანკის სრულიად გაუმართლებელი ინტერვენცია, რომელმაც გაუფასურება წაახალისა. ამას დაერთო რუსეთის როგორც ამოქმედებული, ისე პოტენციური სანქციები. თუმცა რეალურად რამდენად შეუძლია უკვე არსებულ სანქციებს მნიშვნელოვანი დარტყმა­ მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას? სანქციები ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველია ტუროპერატორებისთვის საქართველოს საგზურების შეზღუდვა, ხოლო მეორე - ფრენების. რაც შეეხება რუსულ ტუროპერატორებს, მათი მომსახურებით რუსი ვიზიტორების მხოლოდ 1,7% სარგებლობს, ხოლო სახმელეთო გზით რუსი ტურისტების თითქმის 90% შემოდის.

თუ გაუფასურების მეორე ტალღას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მკვეთრი გაუფასურება სანქციების დაანონსების მეორე დღესვე დაიწყო. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა რომც არ მოვიშველიოთ, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში არანაირ სანქციას არ შეუძლია ეროვნულ ვალუტაზე მსგავსი დარტყმის მიყენება. შესაბამისად, ისევ მივდივართ აჟიოტაჟურ კურსთან. ასეთ ვითარებაში არავის აუხსნია საზოგადოებისთვის, ჰქონდა თუ არა პანიკის საფუძველი, თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე კოლეგას. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებმაც სწრაფად დაიწყეს ლარის მოშორება და დოლარის ყიდვა, რამაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხი გაზარდა. ეროვნულ ბანკს მისი განეიტრალება სწორი პოლიტიკითა და კომუნიკაციით შეეძლო.

ამ ვითარებაში ეროვნულ ბანკთან უფრო უნდა იმართებოდეს აქციები, ვიდრე პარლამენტთან. ეროვნული ბანკის განცხადება ლარის შესახებ უკვე დაგვიანებული იყო, რადგან ის შოკური ეფექტი, რომელიც უნდა მოეხდინა პუტინის განცხადებებს, უკვე მოახდინა. იმავე დღეს უნდა გამოსულიყო ეროვნული ბანკი და განმარტებები გაეკეთებინა. თუმცა არათუ იმავე დღეს, მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც არაფერი მოგვისმენია. არადა, ბაზარზე ისტერიკული ვითარება შეიქმნა, ხალხმა, ბიზნესოპერატორებმა გამალებით დაიწყეს ეროვნული ვალუტის მოშორება და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლარმა რეკორდული გაუფასურება დაიწყო, ერთი და ისიც წერილობითი განცხადება გააკეთა ეროვნულმა ბანკმა. სხვათა შორის, მეორე დღესვე კურსმა გაჯანსაღება დაიწყო. ეს ყველაფერი რომ დროულად მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პრობლემების თავიდან აცილება შეგვეძლო.
ლარზე გავლენას ახდენს არასტაბილური ვითარება, მათ შორის აქციები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

მე მესმის ამ ადამიანების პროტესტის, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი აფერხებს როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორს, ყველა ვითარების დამშვიდებას ელოდება".

"თუ გადაივლის ეს პანიკა, ლარი თავის ჩვეულ კორიდორს დაუბრუნდება"


გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი: "ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამ ერთ კვირაში, ასე უცებ, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება შემოსულობებს ისე ვერ დააკლდებოდა, რომ ლარის გაუფასურების ამხელა ნახტომი გამოეწვია. ეს ყველაფერი განაპირობა მოლოდინმა, მათ შორის, პუტინის განცხადებების შემდეგ. ამით გამოწვეული პანიკის ნიშნებიც შეინიშნება უკვე ბაზარზე. კარგია, რომ პრინციპით - ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც უნდა იყოს სიგნალი ბაზრის მონაწილეებისთვის, თუ რა მოლოდინი აქვს თავად სებ-სა და რა პროგნოზს აკეთებს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ არ აპირებს სავალუტო რეზერვების გაყიდვას, რომ ეს დროებითი მოვლენაა და საბოლოოდ შემოსულობების დანაკლისი, რომელიც ტურისტულ სექტორს შესაძლოა დააკლდეს, 200-300 მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება. თუ გადაივლის ეს პანიკა, ლარი თავის ჩვეულ კორიდორს დაუბრუნდება - ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების გათვლებით, 2,70-2,75-ის დერეფანში დაბრუნდება.

ამავე დროს, არაფერი გამოვა, თუ ინვესტიციების მოზიდვაზე არ ვიმუშავებთ. ვისურვებდი, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ჩამოდიოდეს მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების ეკრანებიდან, სადაც ისაუბრებდა, როგორ გვებრძვის პუტინი, როგორი კარგი ქვეყანა გვაქვს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და მაქსიმალურად პოზიტიურ გზავნილებს უგზავნიდეს მსოფლიოს, სადაც ინვესტიციებისთვის მიდის ბრძოლა.
სამწუხაროდ, გადაწყვეტილებების მიმღები პირები არა გვყავს ხელისუფლებაში და ამას კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როცა შეცდომას შეცდომაზე ამატებენ. არ გაბედოს არავინ, რომ ამ აქციებს ახლა ლარის გაუფასურებაც დააბრალოს! აქციებიც გვქონია ქვეყანაში, გამოსვლებიც, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდა. აჯობებს ხელისუფლებამ ვითარების განმუხტვასა და იმაზე იფიქროს, რამდენად დადებითად იმოქმედებს ეს ლარის კურსზე. მუშაობაა საჭირო და არა გულხელდაკრეფილი ჯდომა და მიმდინარე აქციებისთვის ლარის კურსის გაუფასურების გადაბრალება".

"ტურისტული ნაკადი მცირდება, ამას ემატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაც"


აკაკი ცომაია, ანალიტიკოსი: "ბუნებრივია, პუტინის განცხადება გავლენას მოახდენდა ლარის გაუფასურებაზე, გაჩნდებოდა მოლოდინი, რომ ტურისტული ნაკადების შემცირებასთან ერთად სავალუტო შემოდინებები დაიკლებდა.
უკვე აშკარაა, რომ ტურისტული ნაკადი მცირდება, მაგრამ ამას ემატება ისიც, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მცირდება, რაც მეტად სახიფათოა საქართველოს ეკონომიკისთვის. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხების მოცულობა ლარში იზრდება, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხების რაოდენობა მცირდება, კომერციული ბანკები უცხოეთიდან ვალუტას აღარ სესხულობენ და ლარის გაუფასურებაზე ესეც ახდენს გავლენას. სებ-ი ამ შემთხვევაში უძლურია - რა ოდენობის რეზერვიც უნდა დახარჯოს, ვითარებას ვერ შეცვლის.

გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავ, ვერ მექნება დადებითი პროგნოზის მოლოდინი. ქვეყანაში, სადაც არაფორმალური მმართველობაა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები სათანადოდ არ მოქმედებენ, სადაც არ არსებობს სამართალი, რა უცხოურ ინვესტიციებზეა ლაპარაკი?! არათუ უცხოური, ადგილობრივი ინვესტიციებიც ვერ ხორციელდება, თუ ხელისუფლებისგან მყარი გარანტიები არა გაქვს და ივანიშვილთან დაახლოებულ პირთა წრეს არ ეკუთვნი".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?