"რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, რაც მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან გვექნება ეკონომიკური ურთიერთობები, მით უკეთესია, სამშვიდობო პროცესისთვის" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, რაც მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან გვექნება ეკონომიკური ურთიერთობები, მით უკეთესია, სამშვიდობო პროცესისთვის"

რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, რაც მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან გვექნება ეკონომიკური ურთიერთობები, მით უკეთესია, სამშვიდობო პროცესისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ კახეთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არსებობს რეალობა რეგიონში, რომ ტრადიციული ბაზრები, მათ შორის რუსეთის ბაზარი, სასურველია ბევრი ქვეყნისთვის.

"არავის უთქვამს რუსულ ბაზარზე უარი. ეს არის პრაგმატიზმი და ბიზნესის ლოგიკა, ბაზარი, სადაც ბევრი ახსნა არ სჭირდება, რეკლამა და დამატებითი ხარჯები იმას, თუ რა არის საქართველო, ქართული ღვინო, ქართული სტუმართმოყვარეობა. ასეა ეს ისტორიულად და რა უფლება გვაქვს, გიკარნახოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უარი თქვით და არ იმუშავოთ ამაზე. ეს სრულიად არასწორი იქნება და ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ასევე მითია, რომ თითქოს, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა და ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება. არამც და არამც. რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც მეტ ქვეყანასთან და მათ შორის, რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წაიღებს ინფორმაციას აქედან რეალურ საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენი სამშვიდობო პროცესისთვის. რადგან ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა. რუსი ტურისტი, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს, არის ერთი ცალკეული ადამიანი, მართალი ინფორმაციის მატარებელი რუსეთში, ასე ჩათვალეთ. ვინც საპირისპიროს ამბობს, ან არ აანალიზებს ამ საკითხებს, ან სხვა ინტერესები ამოძრავებს. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოდის რუსი ტურისტი", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან დასძინა, დღეს საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია.

"რუსეთში ვაჭრობა ექსპორტის ნაწილში 13%-ია, თუმცა ღვინის სექტორში უფრო მაღალი წილია. არის სხვა ქვეყნები და არჩევანი, მაგრამ ამის გამო უარი ვთქვათ ამ პროცენტზე? რა თქმა უნდა, არა! ეკონომიკა და ექსპორტი მთლიანობაში უნდა გაიზარდოს", - განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მეღვინეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"