მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლისთვის მართვის მოწმობის აღება მოგიწევთ
08-07-2019
მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლისთვის მართვის მოწმობის აღება მოგიწევთ
საქართველოში დაახლოებით 19 ათასი მოპედი დადის

მხოლოდ 2017-2018 წლებში მოპედით 220 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რის შედეგადაც 3 კაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ წლევანდელი სტატისტიკა მზარდია, ხოლო იმის გამო, რომ მოპედები არ რეგისტრირდება და კამერები მათ არ აღიქვამს, ისინი ხშირად არიან ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი. ამას გარდა, მოპედების სამართავად საჭირო არ არის ნებართვის მოპოვებაც. ამ მიზეზების გამო შს სამინისტრო მოპედებით გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს სრულად ვერ აღრიცხავს და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ
ასეთი ავარიების რიცხვი გაცილებით დიდია. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ შსს-მ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრებაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს. ამიტომ მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები. როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები,
მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები რეგისტრაციას დაექვემდებარება, ხოლო მათი მართვისთვის საჭირო გახდება ახალი - "AM " კატეგორიის მართვის მოწმობა.

მარიანა მორგოშია, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი: - კანონპროექტი, რომელიც ჩვენმა სააგენტომ შეიმუშავა, განპირობებულია ევროკავშირის დირექტივით და საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოოს. კანონპროექტის მიღება აუცილებელია მართვის უფლების მისაღები საგამოცდო სისტემის დახვეწისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვისაც.

2005 წლიდან დღემდე საქართველოში 19 ათასამდე მოპედია შემოყვანილი და კანონმდებლობით ამ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ რეგულირდება. საკანონმდებლო ცვლილებებით კი დაწესდება მოპედების რეგისტრაციის ვალდებულება და ახალი მართვის მოწმობის კატეგორია "AM", რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს. სატრანსპორტო საშუალებების არსებულ კატეგორიებს ემატება ასევე "A2" ქვეკატეგორია, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის მძღოლობის კანდიდატს თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ვისაც უკვე აქვს ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა, მას ავტომატურად მიენიჭება "AM" კატეგორია. ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული გამოცდის საკითხები იგივეა, რაც "A" კატეგორიის ("A" - მოტოციკლი, ასევე მოტორიზებული ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს) მართვის მოწმობისთვის.

მოპედის მართვის მოწმობას 16 წლის ასაკიდან აიღებენ - 16 წლამდე პირებისთვის ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალული იქნება. იმ ქვეყნებში, სადაც ამ კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელია, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენთან მოქმედებს ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციები. შემოთავაზებული ცვლილებებიც სწორედ საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას ემსახურება. რაც შეეხება მინიმალურ ასაკს "A1" და "B" კატეგორიებისთვის, მართვის მოწმობის ასაღებად მინიმალური ასაკი 17-დან 18 წლამდე იზრდება.

- ხშირად მოპედები ბასლეინებზე, ველობილიკებსა და ტროტუარებზე მოძრაობენ. ახალი რეგულაციებით ამ ზოლებზე გადაადგილება ჩაითვლება მოპედებისთვის კანონდარღვევად?
- რა თქმა უნდა, მოპედი ვერც ტროტუარზე ივლის და ვერც ავტობუსებისთვის განკუთვნილ საგზაო ზოლზე. ის სრულად მოექცევა საგზაო მონაწილეებისთვის განკუთვნილ წესებში და მასზეც გავრცელდება საჯარიმო სანქციები. ახალი რეგულაციები მოპედების რეგისტრაციას ითვალისწინებს, ჭკვიანი კამერები ნებისმიერი სამართალდარღვევის აღქმას შეძლებენ.

- აქამდე მართვის მოწმობის აღებისას სტუდენტები შეღავათებით სარგებლობდნენ, ეს მოპედების მართვის მოწმობაზეც გავრცელდება?
- სტუდენტებისთვის შეღავათებში აქცენტი გაკეთდება მოპედებზე, ანუ "AM" და "A2" კატეგორიის მართვის მოწმობებზე - სტუდენტები თავისუფლდებიან თეორიული გამოცდის საფასურისგან ამ კატეგორიებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ევროკავშირის ნორმებთან მოვდივართ თანხვედრაში.

- ცვლილება შედის მართვის მოწმობის აღების წესშიც. გარდა თეორიული და დახურულ სივრცეში პრაქტიკული გამოცდისა, მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება ღია სივრცეშიც მოუწევთ. კონკრეტულად, ამ მხრივ რა სიახლეებს ითვალისწინებს კანონპროექტი?
- პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება. დახურული მოედანი რჩება უცვლელი პირობებით და ამას ემატება ახალი ეტაპი - რეალურ საგზაო სივრცეში მოძრაობა. მართვის მოწმობის აღების მსურველს დაახლოებით 20 კილომეტრის გავლა მოუწევს რეალურ საგზაო სივრცეში. ამგვარი მარშრუტები ყველა სერვისცენტრის მახლობლად მოეწყობა. ოთხი მარშრუტი უკვე განსაზღვრულია და მძღოლობის მსურველს არ ეცოდინება, კონკრეტულად რომელ მარშრუტს შეურჩევენ.
პირველ ეტაპზე "B" კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება ყველა ჩვენს სერვისცენტრში ზუგდიდისა და ფოთის გარდა, რადგან ამ ქალაქებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს და რეალურ საგზაო სივრცეში გამოცდის ჩასატარებლად სივრცეების განსაზღვრა რთულია. როგორც კი დასრულდება სამუშაო, გამოცდის მეორე ეტაპისთვის მარშრუტები იქაც დაიგეგმება. რაც შეეხება მართვის მოწმობის სხვა კატეგორიებს, პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება მათი აღება დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - რუსთავში.

- მართვის მოწმობის აღების საფასურიც იცვლება?
- აქამდე თუ თეორიული გამოცდის ღირებულება 40 ლარი იყო, ახლა 20 ლარამდე შემცირდება, ხოლო შედეგების მოქმედების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე იზრდება. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ახალ ეტაპს ახალი საფასო პოლიტიკა მოაქვს. "B" კატეგორიის მართვის მოწმობისთვის ჩვენ მიერ კანონში წარდგენილი საფასური 90 ლარია, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის - 150 ლარი. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩასაბარებლად კი, მოგეხსენებათ, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებული საფასო ტარიფები მოქმედებდა. წარმოდგენილი ცვლილებით საფასურები გათანაბრდება და გამოცდის ჩასაბარებლად დახურულ მოედანზე ავტომობილით ყოველი გასვლა - ავტომატური თუ მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფით - 40 ლარი ეღირება. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შემდეგ მძღოლობის კანდიდატი რეალურ საგზაო პირობებში გამოცდაზე დაიშვება, სადაც ყოველი გასვლა, კატეგორიის მიხედვით, 90 ან 150 ლარი ეღირება.

- რა ეტაპზეა კანონპროექტის განხილვა და როდიდან უნდა ველოდოთ ცვლილებების ამოქმედებას?
- როგორც კი საპარლამენტო განხილვები დასრულდება და სესიაზე გავა, მაქსიმუმ 1 თვის ვადაში ნორმატიულ ბაზას მოვაწესრიგებთ. შესაძლებელია ცვლილებები ძალაში 2020 წლის 1-ლ იანვრამდეც შევიდეს.
როცა პროექტი კანონის ძალას შეიძენს, მძღოლებს 6-თვიან გარდამავალ პერიოდს მივცემთ მოპედების რეგისტრაციისა და ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად.
მინდა დავაზუსტო, რომ მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის კატეგორიაში გადის ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძრავის მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრამდეა. ამის ზემოთ ისედაც რეგისტრირდება ყველა სატრანსპორტო საშუალება. 2020 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ საგზაო მოძრაობაში არ დაიშვება "AM"კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სააგენტოში არ იქნება რეგისტრირებული. ამასთან, დადგინდება საფასური მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციისთვის.
და კიდევ ერთი სიახლეც, რომელიც კანონპროექტში მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე შევიდა - მართვის მოწმობის აღება პირს დღეს შეუძლია ან 7 სამუშაო დღის ვადაში, რისთვისაც 15 ლარი უნდა გადაიხადოს, ან დაჩქარებული მომსახურებით - გამოცდის ჩაბარების დღესვე და ამისთვის 50 ლარის გადახდა მოუწევს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან, თუ ვთქვათ, დაჩქარებული მომსახურების მიღება სურთ, მაგრამ გამოცდის ჩაბარების დღესვე არ ესწრება, რადგან სამუშაო დღე იწურება, მომხმარებელი იძულებულია, სტანდარტული ვარიანტი აირჩიოს, კანონპროექტის თანახმად კი 40 ლარის გადახდის სანაცვლოდ პირს უფლება ექნება 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს მართვის მოწმობა თუნდაც გამოცდის ჩაბარების მე-2, მე-3 ან შემდეგ დღეებში.

მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, ცალკეულ შემთხვევაში კი სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

სტუდენტები თეორიული გამოცდის საფასურისგან თავისუფლდებიან.

მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

გადაადგილებისას მოტოციკლის, მოპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედის, კვადროციკლის, მსუბუქი კვადროციკლის, თოვლმავლისა და მოტოციკლის მძღოლებმა და მათმა მგზავრებმა შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
17 აგვისტო 2019 16:15
ეს კანონი 2020 წლის 1 იანვარს იქნება ძალაში ?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?