პოლიტიკური რყევების ეკონომიკური ფასი
22-07-2019
პოლიტიკური რყევების ეკონომიკური ფასი
"ბიუჯეტი უძირო კასრი არ არის, ყველა ასეთი რყევის დროს ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თანხას იხდიდე"

20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და თითქმის მუდმივ რყევებსა და დაძაბულობაში გვიწევს ცხოვრება. აქციები, რუსეთისგან ეკონომიკური სანქციებით დამუქრება "თაფლაკვერისა და მათრახის" პრინციპით, გამოძიება, რომელსაც აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაკავება მოჰყვა, ოპოზიციის ლიდერებს გამოკითხვებზე დაატარებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის საქმესთან დაკავშირებით, დროდადრო ვითარება მწვავდება დავითგარეჯაშიც... ლარის კურსსა და თვალსაჩინოდ შემცირებულ ტურისტებს თუ არ ჩავთვლით, პოლიტიკური კრიზისი
ჯერ ოფიციალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე არ ასახულა, თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა ამ პროცესებით მიყენებულ ზარალს მალე იგრძნობს.

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი:
- პოლიტიკური დესტაბილიზაცია ბიზნესზეც აისახება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოა ეკონომიკური აქტივების მთავარი მესაკუთრე. როცა მთავრობა დიდი წილით არის ეკონომიკაში ჩარეული, ეკონომიკურ პოლიტიკასაც ის
განსაზღვრავს. როცა სამართლებრივი ნორმები არ არის მკაფიოდ დადგენილი, ყოველი ხელისუფლების ან პოლიტიკური გუნდის ცვლილების შემდეგ ელოდები ახალ ცვლილებებს, ახალ გადაწყვეტილებებს ეკონომიკაში, სადაც ოლიგოპოლიური ბაზრები და პოლიტიკური მონოპოლიები გვაქვს. ბიზნესი და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ყოველი პოლიტიკური ცვლილება შესაბამისად აისახება ბიზნესზეც. მაგალითად, ანაკლიის პორტის საკითხი, რომელიც დიდი ეკონომიკური მოგების მომტანი შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის, ვერ მოგვარდა, რადგან ის პოლიტიკური თემა გახდა და ეკონომიკას ჩამოშორდა. ეს პორტი, აკვატორიითა თუ მიწის ფონდით, სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. აქ აქტივებზე სამთავრობო და პოლიტიკურმა ინტერესებმა იმძლავრა, ეს არ გახლავთ ეკონომიკური ურთიერთობა კერძო ბიზნესსუბიექტებს შორის.
20 ივნისის შემდეგ უფრო გამოიკვეთა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების პრობლემა, რაც შესაძლოა კატასტროფულად მაღალი არ იყოს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ექსპორტში 14,7%-ით რუსეთი პირველ ადგილზეა, ხოლო იმპორტში რუსეთის წილი 9,9%-ია. ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ფეროშენადნობებს, ღვინოებსა და წყლებს უჭირავს და ამ სფეროებს რუსული ბაზრის აკრძალვა საგრძნობლად დააზარალებს.

მთავარი ეკონომიკური ზარალი, ცხადია, ტურისტული ნაკადის შემცირებას მოჰყვა, რაც წლეულს მასთან დაკავშირებულ ბიზნესსაც დააზარალებს. პოლიტიკური მოვლენები აისახა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრ ცვლილებაშიც. მოსალოდნელი აკრძალვების გამო ლარზე მოთხოვნა შემცირდა და გაუფასურების განსაკუთრებით მაღალი ტემპი 23 ივნისიდან დაიწყო. თუმცა გაუფასურებას მარტო მოლოდინი არ იწვევს, მთავარ მიზეზს ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარება და ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი დარტყმა ტურიზმს მიადგა, ხოლო ამით გამოწვეული უცხოური ვალუტის ნაკადის შემცირება უარყოფით გავლენას ლარის კურსზეც მოახდენს.

თავისუფლება ჩვენთვის ყველაფერია. მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ომი და აჯანყება თავისუფლების მოსაპოვებლად ხდებოდა, პიროვნული და ქვეყნის თავისუფლების მთავარ საფუძველს კი ეკონომიკური თავისუფლება წარმოადგენს. რაც უფრო ძლიერი ვიქნებით ფინანსურად და ეკონომიკურად, მით უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე, აგრეთვე სახელმწიფოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

- რის გაკეთება შეიძლება ასეთ დროს, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?
- ჩვენ შესაძლოა ვისაუბროთ სახელმწიფოს როლის მნიშვნელობასა და ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებულ მუშაობაზე, თუმცა, რაც უფრო იჭრება პოლიტიკა ეკონომიკაში, ამით უარეს მდგომარეობას ვიღებთ. სახელმწიფოს ჩართულობის წილი ეკონომიკაში მინიმუმამდეა დასაყვანი, ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ეკონომიკური სუბიექტები უნდა მონაწილეობდნენ. წლებია გვესმის, რომ აუცილებელია ბაზრის დივერსიფიცირება და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი კომპანიების მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შესრულდა. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ბევრ ხარისხიან პროდუქციას, რითაც ევროპულ ბაზარზე გასვლას შევძლებთ. ამიტომ არის მიმზიდველი რუსეთის ბაზარი. ის ყველაზე მეტად ნაცნობი ბაზარია და ხარისხზე მოთხოვნაც ნაკლებია. ბაზრის დივერსიფიცირება უნდა დაიწყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივების კაპიტალიზაციითა და კერძო სექტორში ჩართვით, ეკონომიკის დენაციონალიზაციითა და დერეგულირებით, რასაც მოჰყვება ახალი კომპანიების გაჩენა და მათი ფინანსური გაძლიერება. ძლიერ კომპანიას მეტი ალტერნატივა ექნება, რათა დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზარი და ახალი საექსპორტო ბაზარი აითვისოს. რუსეთის ბაზრის წილი არა ექსპორტის აკრძალვით, არამედ ახალი ბაზრების ათვისებით უნდა შემცირდეს.

- მოქმედებს თუ არა რეალურ სექტორზე თუნდაც ისეთი მოვლენები, როგორიც ბოლო დროს დავითგარეჯაში ხდება?
- კონკრეტულად დავითგარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები რამდენად მოახდენს ეკონომიკაზე გავლენას, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ერთი მხრივ, მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა ტურისტული პოტენციალის გამოუყენებლობას ნიშნავს. ამავე დროს, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაძაბულობა იმ დონემდე არ უნდა გამწვავდეს, რომ შემდეგ ეს მათ ეკონომიკურ ურთიერთობაზე აისახოს. ყოველ შემთხვევაში, ორ ქვეყანას მართებს კონსტრუქციული მოლაპარაკება და საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა. წესით, არც ერთი ქვეყნის სტრატეგიულ პოლიტიკურ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ვითარების გართულება და კონფლიქტის გაღვივება. ეს უკვე პოლიტიკოსებისა და ისტორიკოსების სამუშაო თემაა. ცხადია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკურ ურთიერთობაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

- გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო წელიწადში შევდივართ. ასეთ დროს როგორ იქცევა ბიზნესი და შესაბამისად, როგორ აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკაზე?
- გასული წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საარჩევნო პერიოდში, როცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. ინვესტორებს ეკონომიკური საქმიანობისთვის მოლაპარაკება უწევთ მთავრობასთან და არა პოლიტიკურად ნეიტრალურ კერძო ეკონომიკურ სუბიექტებთან. ასევე მოლოდინიც, პოლიტიკური კონიუნქტურა რა ცვლილებებს მოიტანს, ცხადია, ინვესტორებს თავშეკავებისკენ უბიძგებს. ამავე დროს, როცა მომდევნო წლებში არა აქვთ გარანტიები, რომ ეკონომიკური და ფინანსური ბაზარი სტაბილური იქნება, ცხადია, ეს დამატებით აფერხებს ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების შემოსვლას. იმის მოლოდინში, თუ რომელი პოლიტიკოსი რა ინიციატივით გამოვა - იქნება ეს საბანკო რეგულაციები, ე.წ. ოქროს სიის გაუქმება თუ აქციზის განაკვეთის ზრდა, რაც ხშირად მოულოდნელად და მოკლე ვადაში ხდება, ცხადია, ბიზნესზე უარყოფითად აისახება. მას არ შეუძლია ფინანსური გეგმების შემუშავება და ბაზრის პროგნოზირება. ეკონომიკა მუშაობს ეკონომიკური კანონზომიერებებით, რომელთა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით დარღვევა ეკონომიკის ზრდის შენელებას იწვევს.

- ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სასტუმრო ბიზნესს საბანკო კრედიტების პროცენტის გადახდაში დაეხმაროს. რამდენად სწორი და ეფექტიანია მსგავსი გადაწყვეტილება და რამდენად შესაძლებელია ბიუჯეტის ხარჯზე რყევებით დაზარალებული ყველა სექტორის დახმარება?
- სესხის პროცენტის ნაწილობრივი დაფინანსება საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, სახელმწიფოს კეთილი ჟესტია, თუმცა ის პრობლემას ვერ აგვარებს. ამავე დროს, იხარჯება ბიუჯეტი, რომელსაც სხვა გადასახადების გადამხდელები ავსებენ და გაუთვალისწინებელი ხარჯი სხვა მიზნებს აკლდება. ჩვენ მივეჩვიეთ სახელმწიფოსგან შემწეობების მიღებას, ის ქმნის მოდელს, რომ მასზე დამოკიდებული ვიყოთ. სახელმწიფო დახმარებებით ბიზნესის სიცოცხლის გახანგრძლივებას სჯობია ის ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი გახდეს. ბიზნესს, თუნდაც ტურისტულ სეგმენტში მოქმედ მეწარმეებს, არა აქვთ დიდი კაპიტალი (მიწა, შენობა, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები), რითაც ბიზნესს გააფართოებენ, განავითარებენ და მოიზიდავენ დამატებით ფინანსებსაც. არ არის განვითარებული საფონდო ბაზარი, გვაქვს ოლიგოპოლია საბანკო სექტორში და შესაბამისად, მაღალი სასესხო განაკვეთები. ტურისტების დახარჯული ფულის დიდი ნაწილი იმპორტის დაფინანსებას ხმარდება და ნაკლებად ვითარდება ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოება და მომსახურების დარგები, რათა უფრო მეტი "მდიდარი" ტურისტი მოვიზიდოთ. ამ მიმართულებით მოქმედება იქნებოდა სახელმწიფოს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. რეალურ შედეგებს სესხების თანადაფინანსება ვერ მოიტანს. სახელმწიფომ უკვე ათეული წლებია, არათანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით ხელოვნურად გააღარიბა, დაასუსტა კერძო სექტორი და ახლა მცირე შემწეობების გაღებით სურს კეთილი სახელმწიფოს როლი შეასრულოს.

ბიუჯეტი ხომ უძირო კასრი არ არის, ყველა ასეთი რყევის დროს ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თანხას იხდიდე. ბიუჯეტის ხარჯვის გაზრდა ნიშნავს ბიზნესიდან და მოქალაქეთა ჯიბეებიდან მეტი ფულის ამოღებას. ფული ყველაზე ეფექტიანად იხარჯება მაშინ, როცა საკუთარ ფულს ხარჯავ, და ფულის ფლანგვაა, როცა სხვა (სახელმწიფოს წარმომადგენელი) სხვის ფულს (გადასახადების გადამხდელების ფულს) ახარჯავს მესამე პირს (იმ დარგის წარმომადგენლებს, რომელთაც თავად მიიჩნევს საჭიროდ). ამ დროს საკუთარი ფულისა და დანახარჯების აღქმა არ ხდება, ჩნდება კორუფციით საკუთარი მოგების მიღების სურვილიც.

მთავრობები და ეკონომისტთა ნაწილი თვლიან, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფოს ბიუჯეტი, მით უკეთესი, და მთავრობას შეუძლია ეს თანხები მიმართოს სოციალური ან სხვა საჭიროებებისკენ, რაც ხშირად არცთუ სახარბიელო სახეს იღებს. ვემხრობი მცირე ბიუჯეტის არსებობას, რაც ბევრად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე ბიზნესისა და მოსახლეობისთვის. საქართველოს ბიუჯეტის 75% გადასახადებით ივსება. მცირე ბიუჯეტი ნიშნავს, რომ შემცირდება გადასახადები, მეტი ფული დარჩება ბიზნესს, რაც მისი განვითარებისთვის პოზიტიური იქნება, მეტი ფული დარჩება მოსახლეობას, რითაც მეტად აიწევს მათი შემოსავლების დონე და გაიზრდება და გამრავალფეროვნდება მათი ხარჯვითი სტრუქტურა. ნაკლები ბიუჯეტით სახელმწიფო ვალდებული იქნება დააფინანსოს მხოლოდ აუცილებელი მიმართულებები, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური მიმართულება, თავდაცვა, აუცილებელი სახელმწიფო მმართველობა; იძულებული იქნება შეამციროს სამთავრობო ხარჯები, უარი თქვას ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, სადაც მაღალია კორუფციის რისკები და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა.

და კიდევ, რუსეთის ვითომ კეთილი ჟესტი, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ გვიწესებს, მიზნად ისახავს მის ბაზარზე უფრო ღრმად შეტყუებას, რაც პოლიტიკური შანტაჟისთვის უფრო ქმედით ბერკეტს მისცემს. რუსეთს კარგად ესმის, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა რუსეთისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს და ამის დაშვებას არ აპირებს. ეს საქართველოს ხელისუფლებამ კარგ მაგალითად უნდა გამოიყენოს და დროულად დაიწყოს ზრუნვა საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?