თემურ ჭყონია: "ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით" - კვირის პალიტრა

თემურ ჭყონია: "ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით"

"ლარის კურსი კატასტროფულ მდგომრეობაშია. თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ თავის ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ხარჯებით, რისთვის გვჭირდება?"

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენა და გირაოდ 700-700 ათასი ლარის შეფარდება ოპოზიციის ნაწილმა ბიზნესზე ზეწოლად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. ბრალდება ცნობილ ბანკირებს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას ედავება, რასაც ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან. სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ხაზარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაც ხდება, არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული კამპანია, რომელიც მასთან ერთად, ქვეყანასა და მის ეკონომიკას აზარალებს. როგორც ცნობილმა ბანკირმა აღნიშნა, მხოლოდ ორ დღეში პროკურატურამ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან წარმოდგენილი, ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარით დაუგდო. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენების ფონზე ლარმა სწრაფად დაიწყო გაუფასურება და ყველა დროის რეკორდი მოხსნა. მიმდინარე საგამოძიებო პროცესებთან ერთად, ეროვნული ვალუტის ამგვარი გაუფასურება ქვეყნის მსხვილ ბიზნესმენებს ძალიან აშფოთებთ, ამიტომ სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან:

- ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა. არადა, ლარი და მისი სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკის სტაბილურობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლებიდან, რომელიც ამბობს, თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვსო, შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ლარი მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს.

თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?

ერთი თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან - ამოიღეთ, რას ამბობდნენ ლარის შესახებ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ექსპერტები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები, თვითონ ბანკის პრეზიდენტისა და სებ-ის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ყველა ერთხმად აკეთებდა პროგნოზს და გვპირდებოდა, რომ ლარი წონასწორობის ნიშნულს დაუბრუნდებოდა, მაგრამ არავინ ამბობდა, კონკრეტულად რამდენი იყო ეს წონასწორობის კურსი. ამიტომ ვცხოვრობთ მუდმივად გაურკვეველ, არასტაბილურ ვითარებაში როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით. რომ ვამბობთ, 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, დარწმუნებული ვარ, ეს არა ხელისუფლების მიერ ეკონომიკაში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და რეფორმების შედეგია, არამედ თავისთავადი პროცესი. ძლიერი ბიზნესმენები გვყავს და იმ ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ბიზნესის წარმოება გვიწევს, მინდა ყველა ბიზნესმენს ტაში დავუკრა ამისთვის.

- როგორ მოქმედებს ბიზნესზე ლარის კურსის ასეთი მერყეობა? - ბიზნესიც ადამიანივით არის - დილით რომ დგები და საქმის კეთებას იწყებ, უნდა იცოდე, იმ დღეს, მომავალი ერთი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში რას გააკეთებ. დრო სიცოცხლის ნაწილია და არა ბილეთი კინოში. ამ დროს ჩვენ უნდა ვუთმობდეთ არა ეკონომიკის 4,5%-ით გაუმჯობესებას, არამედ 10 და 20%-ით ზრდას. ამის ნაცვლად დროს იმაზე ფიქრში ვხარჯავთ, თავს რით ვუშველოთ.

როგორ შეიძლება პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა იმაზე ფიქრობ, არ გაკოტრდე, პარტნიორი არ დაკარგო, ხელფასები დროზე გასცე, მოტივაცია არ დაკარგო და როგორ გამოძვრე კრიზისული ვითარებიდან.

ასეთ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ამბობს და, მგონი, არც არაფერს აკეთებს, უნდა გველაპარაკებოდეს ლარის კურსის რყევის მიზეზებზე, პროგნოზებზე, ოღონდ რეალობასთან მიახლოებულ გათვლებს უნდა აკეთებდეს. იგივე მოეთხოვება ფინანსთა მინისტრსაც. ესენი კი დემოკრატიაზე გველაპარაკებიან და კომუნისტური ლოზუნგებით საუბრობენ. კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი კი არ დაინგრეოდა.

- ლარის გაუფასურების მიზეზად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სახელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შეიძლებოდა გამხდარიყო ბიზნესის განვითარების შეფერხების მიზეზი? - ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ჩვენ რუსეთის ბაზარიც გვინდა, რუსი ტურისტიც, ჩინური ბაზარიც და კიდევ ბევრი ქვეყნის. ბაზარს, ეკონომიკასა და ფინანსებს ეროვნება და წარმომავლობა არა აქვს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე უნდა ვიყოთ გადაყოლილი. ზუსტად იმ ფარგლებში გვინდა ჩვენ რუსეთის ბაზარი, რაც ცივილიზებულ ფორმებში ჯდება და არ იქნება ჩვენთვის დიქტატორული და დამცინავი. რუსული ბაზარი კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, რადგან სტაბილური არ არის. თვითონ მათი პოლიტიკა არ არის სტაბილური ჩვენ მიმართ და ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს ამ არასტაბილური ბაზრის შექმნას. ამიტომ აქცენტები იმაზე, მოდი, ახლა რუსულ ბაზარს გადავყვეთო, არ არის სწორი, მაგრამ არც მისი დაკარგვაა გამართლებული. ჩვენ გვიყვარს უკიდურესობაში გადავარდნა - ზოგჯერ ან ძალიან ევროპელი ვართ, ან ძალიან აზიელი და გვავიწყდება, რომ ყველაზე კარგია, ვიყოთ ზომიერი. საქართველოს სჭირდება ყველა იმ ქვეყანასთან ვაჭრობა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და ხალხს მოუტანს სიმდიდრესა და კეთილდღეობას, ოღონდ იმ ფარგლებში, რომ ჩვენი ეროვნული ღირსებები შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ. ამიტომ ის, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა არასწორი ქცევისა და დაგეგმვის შედეგი. დღევანდელი ეკონომიკაც, სამწუხაროდ, არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესების სარკეა.

- მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ბიზნესმენებზე ზეწოლად და კონკრეტული პროექტების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად შეფასდა. თქვენ ფიქრობთ, რომ გამოძიების ინტერესი 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს? - ასეთი შეფასებები თავისთავად კი არ გაკეთებულა, მაგალითად, ვინმეს შეხედულებების მიხედვით, არამედ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და დამოკიდებულების გათვალისწინებით, რაც პროკურატურიდან მომდინარეობს.

თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი?

სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. მთელი საქართველო აალაპარაკეს ამაზე.

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.

ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური. ხომ შეიძლება ცივილიზებულად გაკეთდეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც გაჩნდა ტრანზაქციით დაინტერესება, უნდა ეთქვა ხელისუფლებას, რომ მასაც არ ეპარება ეჭვი, რომ ასეთი კარგი წარსულის ბიზნესმენები არიან, მაგრამ ისევ მათი სახელის დასაცავად საჭიროა დაზუსტდეს, მოხდა თუ არა კანონდარღვევა.

- ბევრს ეჭვს სწორედ 11 წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქციით დაინტერესება უჩენს. იმასაც ამბობენ, ასე შორს თუ წავალთ და სხვა ბიზნესების ფინანსური საქმიანობით დაინტერესდება საგამოძიებო უწყება, კიდევ ბევრ ბიზნესში აღმოაჩენენ დარღვევებსო... - 90-იანი წლების შემდეგ რომ მოჰყვნენ და შეისწავლონ, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ საქმიანობდნენ საქართველოში და როგორ ვითარდებოდა ბიზნესი, მაშინ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ვსხედვართ ყველანი, ოღონდ ლარის არ იყოს, "თავისუფალი მიმოსვლა" გვაქვს.

- მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რაც პოლიტიკაში მოსვლის განაცხადად ჩაითვალა. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვა ბიზნესმენებთან ერთად შესაძლოა ხაზარაძის გუნდში თქვენც გიხილოთ. - მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. შეწუხდა ადამიანი დღევანდელი მდგომარეობით და თქვა, რომ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააჯანსაღებს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. რა არის ამაში ცუდი? ამ იდეის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ამ გაერთიანებაში შესაძლოა ისეთი მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში არიან. რა თქვა სამტრო და ვინმეს საწინააღმდეგო მამუკამ? რომელ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდა მისი განცხადება? არც ერთს. თუ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ისინი, ვინც მათ ოჯახს მოუტანს კეთილდღეობას. ადამ სმითმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში თქვა, ქვეყნის სიძლიერისა და სიმდიდრის წინა პირობა ოჯახის სიმდიდრე და სიძლიერეაო, მარგარეტ ტეთჩერი კი ამბობდა, რომ ეკონომიკური თავისუფლების გარეშე პიროვნული თავისუფლება შეუძლებელია. ამ ადამიანებმა მსოფლიო გადააკეთეს თავის ეპოქაში.

ახლა დავუბრუნდეთ მამუკა ხაზარაძის ინიციატივას. წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება ძალიან ცნობილი ბიზნესმენების ჯგუფი, ვისაც აქვს სურვილი და უნარი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს. წინასწარ ვიცი, რომ მათზე იტყვიან - ოლიგარქები არიან, ქვეყნის შესაჭმელად მოდიანო და კიდევ ათას სიბინძურეს დასწამებენ, მაგრამ, მოდი, მათ დავუსვათ შეკითხვა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს იყო ხელისუფლებაში - თვითონ რა გააკეთეს?

ხომ ხედავთ, როგორი სწორი ნაბიჯები გადადგეს ბადრიმ და მამუკამ და საერთოდ გაერიდნენ იმ ბიზნესპროექტებს, რომელთა სათავეშიც იდგნენ. ყველაფერი დატოვეს, რომ ბიზნესზე არ იმოქმედოს ცუდად საგამოძიებო პროცესმა, სანამ სიმართლე არ გაირკვევა.

მათ აქვთ პასუხისმგებლობა პარტნიორებისა და აქციონერების წინაშე და თავიანთი ქმედებით თქვეს - დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, არ ვებღაუჭებით თანამდებობებს, დავამტკიცებთ, რომ მართლები ვართ და შემდეგ დავბრუნდებით ვაჟკაცურადო. სხვა რამეს ვერც განვიხილავ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, მათ შორის პოლიტიკაშიც.