ინდური სინათლე ჩვენს ფანჯრებში - კვირის პალიტრა

ინდური სინათლე ჩვენს ფანჯრებში

ხუდონჰესი, რომელიც უკვე თითქმის 15 წელიწადია გაჩერებულია, შესაძლოა ამჯერად მართლაც აშენდეს. პროექტის დასრულებით დაინტერესებას სხვადასხვა დროს რუსეთშიც გამოხატავდნენ და შემდეგ აშშ-შიც, თუმცა ამაზე შორს საქმე არ წასულა. 700-მეგავატიანი ჰესის აშენებას ინდოელები აპირებენ.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედი" სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2011 წლის ბოლოსთვის აპირებს.

მათი წინასწარი გათვლებით, ჰესი 2015 წელს უნდა ჩაირთოს.

ინდურმა კომპანიამ ჰესის წინასაპროექტო კვლევებისთვის 7 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა. ინდოელ ინვესტორებს გასულ კვირას მუმბაიში (ბომბეიში) ვიზიტად ყოფნის დროს სამთავრობო დელეგაცია შეხვდა და საქართველოში ბიზნესის დაწყების გარანტიები კიდევ ერთხელ მისცა. ინდოელი ინვესტორი აცხადებს, რომ მშენებლობისთვის საჭირო $700 მილიონს მას ინდური სამთავრობო ფონდები ჰპირდებიან. ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემა რჩება.

მოინდერ ვერმა ("ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედის" გენერალური დირექტორი): "ჩვენ საქართველოში უკვე ხუთი წელიწადია ვმუშაობთ და ბიზნესის კეთების გამოცდილებაც გვაქვს. 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხუდონჰესში უკვე ჩავდეთ, 15 მილიონს კი მას შემდეგ დავაბანდებთ, რაც საქართველოს მთავრობისგან საბოლოო თანხმობას მივიღებთ... გამომუშავებულ ელექტროენერგიას ადგილობრივ ბაზარსაც მივაწვდით და ექსპორტზეც გავიტანთ".

ხუდონჰესი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი გახდება ენგურჰესის შემდეგ, რომლის სიმძლავრე 1300 მეგავატია. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შედგენილი პროექტით, ხუდონჰესი 201-მეტრიანი უნდა იყოს. ის ზემო სვანეთში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. 700 მეგავატი სიმძლავრის ჰესის გამომუშავება წლიურად 1,7 მლრდ კვტ/სთ, ხოლო რეზერვუარის მოცულობა 230 მილიონი კუბ.მ. უნდა იქნეს. წინასწარი ტექნიკური კვლევები, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მსოფლიო ბანკმა გააკეთა.

მთავრობა მშენებლობის ნებართვას გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის გარეშე არ იძლევა. ეს დოკუმენტი მსოფლიო ბანკმა უკვე დადო, ანუ ინდოელებს ის მზად დახვდათ. ინდური კომპანია პროექტში კორექტივების შეტანასაც აპირებს, კომპანიის სპეციალისტები ჰესის პროექტს აზუსტებენ და სწავლობენ.

ხუდონჰესმა პიკური ელექტროენერგიით (ანუ დატვირთვის გრაფიკის პიკზე გამომუშავებული ელექტროენერგიით) უნდა უზრუნველყოს საქართველოცა და მეზობელი ქვეყნებიც. მისი გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი თურქეთი იქნება, ნაწილი შესაძლოა ევროპის ენერგობაზარზეც მოხვდეს. საქართველოს მთავრობას დენის ექსპორტზე მოლაპარაკებები აქვს სირიასა და ერაყთან.

ამჟამად ელექტროენერგიის ექსპორტი, თურქეთის გარდა, სომხეთსა და რუსეთში ხდება. ზაფხულში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია აზერბაიჯანშიც იყიდებოდა.

ალექსანდრე ხეთაგური (ენერგეტიკის მინისტრი): "ჩვენი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 18%-ია ათვისებული. ამდენი აუთვისებელი ელექტროენერგია არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ არის. გარშემო ყველა ქვეყანას დეფიციტი აქვს, ამიტომ ჩვენი ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაღების პრობლემა არ შეიქმნება. ძირითადი მომხმარებელი თურქეთი გახდება, სადაც კილოვატი ელექტროენერგია 10-11 ცენტი ღირს.

თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 2012 წელს ამოქმედდება, 2 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობით. ამ წელს დაიწყება კიდევ ერთი ხაზის მშენებლობა. 2012 წელსვე შეუერთდება თურქეთი ერთიან ევროპულ ენერგოსისტემას და ამის შემდეგ საქართველოდან დენი ევროპაშიც გავა. მომავალში დამატებით აშენდება კერძო ხაზები, რომლებიც ერთიან რეგულირებას დაექვემდებარება და ამ ხაზებით დენის გადაცემა ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება".

რევაზ არველაძე (ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი): "ყველა მდინარე საქართველოში მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება, ამიტომ ჰესები ზაფხულში ჭარბ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ზამთარში პირიქით, დეფიციტი იქმნება. ხუდონჰესიც, ისევე როგორც ენგურჰესი, წყალსაცავიანი იქნება და მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ხუდონის ელექტროენერგია საშუალოდ 7-8 ცენტი დაჯდება, რაც მაღალი ფასი არ არის. ამიტომ ეს პიკური ელექტროენერგია ძვირი არ იქნება და მას ყოველთვის ეყოლება მყიდველი. შესაძლოა ეს პიკური დენი, ერთი სამზე თანაფარდობით, უფრო იაფ ბაზისურ დენში (ელექტროენერგია, რომელიც გამომუშავებულია დატვირთვის გრაფიკის ბაზისური ნაწილისთვის) გადაიცვალოს".

ანზორ ჭითანავა (საინჟინრო კონსალტინგ "გროსენერჯის" დირექტორი): "ხუდონის პროექტის გაკეთება 1978 წელს დაიწყო და მოსკოვმა 1984 წელს დაამტკიცა, რადგან ჰესის პროექტს, რომლის სიმძლავრე 300 მეგავატზე მეტი იყო, მაშინ მოსკოვი ამტკიცებდა. ხუდონის დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტიდან არ ხდებოდა. მაშინ სპეციალური ეკოლოგიური ტომი გაკეთდა, სადაც დასკვნები სატყეო, სოფლის მეურნეობის, ბოტანიკის, ლანდშაფტის, გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით დაიდო. ამ დოკუმენტის თანახმად, ის უსაფრთხო და კარგი პროექტი იყო.

ხუდონჰესზე პირველი შეტევა ეროვნული მოძრაობის დროს დაიწყო. შეტევა ეკოლოგიური ხასიათის გახლდათ. ხმაური მწვანეებმა ატეხეს. მშენებლობის საწინააღმდეგოდ 100-200 ათასიანი მიტინგები იმართებოდა. მაშინ მეორე მხარეს მე ვიდექი. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იყო მაშინ ამ ხალხისთვის პასუხის გაცემა და შემოტევების გაძლება. ამბობდნენ, რომ სვანებს სისხლძარღვების დაავადებები დაეწყოთ, ფილტვებისა და გულის დაავადებებმა მოიმატა, რადგან ხუდონის წყალსაცავში წყლის შეგროვება ეკოლოგიურ გარემოს ცვლიდა. ბოლოს ზურაბ ჟვანიამ ბოდიში მომიხადა, რომ რაღაც შეცდომა მოხდა. ეს დაფიქსირებულია, ჩანაწერიც არსებობს.

რაც ხუდონის თავს მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ დატრიალდა, აშენებით მოსახდენზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. რაც იყო, ისიც დაინგრა, თაღოვანი კაშხალისთვის გათხრილი გვირაბი ჩამოიშალა, გზები წყალმა წაიღო. ყველაფერი გაპარტახდა. კარგ მდგომარეობაში დარჩა მხოლოდ სვანეთის გზა ხაიშამდე, რომელიც კარგად იყო გაკეთებული. კონსერვაცია რომ გაეკეთებინათ, ასეთ დღეში არ აღმოჩნდებოდა. მაგრამ მაშინ ამისთვის არავის ეცალა. კედლებიდან არმატურა ამოიღეს და ჯართში ჩააბარეს. ახლა ხუდონჰესის აშენება ჰაერივით აუცილებელია. ჰესი არავითარ ზიანს არ მოიტანს.

პირიქით, მხოლოდ სიკეთის მომტანია. სვანეთის კურორტების ელექტროფიცირება მოხდება, ანაკლიის, სვანეთის კურორტების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, გაზი საერთოდ არ სჭირდება. ქვეყნის ენერგიით უზრუნველყოფა შესაძლებელია მთლიანად დენით მოხდეს. ამისთვის არის საჭირო ხუდონი, ნამიხვანი, ფარავანი და სხვა ჰესები. თუ ეს ჰესები აშენდა, გაზი საერთოდ აღარ დაგვჭირდება, ეს დღეც დადგება.

უბრალოდ, გული მწყდება, რომ ამ პროექტებში ქართველები არ არიან ჩართული. არადა, გვყავს სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ჰესების მშენებლობის სფეროში მუშაობა. უცხოელებმა, რომლებიც მოდიან, ჩვენზე მეტი არ იციან. ზოგიერთი უცხოელი ინვესტორი სეისმომედეგობის შესწავლასაც არ ახდენს, იმიტომ, რომ ამაზე ფულის დახარჯვა არ სურს".

ჰესების მშენებლობაშიც ფულის ჩადებას კიდევ ერთი ინდური კომპანია "ისარ გრუპი" აპირებს. ინდურ ინვესტიციებს ელოდებიან გაზისა და ნავთობის ძებნა-ძიების სფეროშიც.

ფართოდ გაშლილი ფასები

- ევროპაში ელექტროენერგიას დღის განმავლობაში რამდენიმე ფასი აქვს – დილის, შუადღის, პიკური, ღამის და სხვ.

- საფრანგეთში ელექტროენერგიის ყველაზე მეტი - 15-მდე სახის ტარიფი არსებობს.

ნონა ქვლივიძე