ახალი "ბიზნესხიდი" აღმოსავლეთში - კვირის პალიტრა

ახალი "ბიზნესხიდი" აღმოსავლეთში

თბილისი - თეირანი: მინუს სავიზო რეჟიმი, პლუს პირდაპირი ავიარეისები

ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალი წლის დასაწყისისთვის იგეგმება. შეთანხმების პირობების თანახმად, საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს უვიზოდ მეორე ქვეყანაში სტუმრობა 45 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამ დღეებში, ათწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა თეირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ავიაკომპანია "აირზენა" თბილისი-თეირანის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს.

პირველი ავიარეისი თეირანის მიმართულებით კომპანიის საჰაერო ხომალდმა გასულ კვირაში შეასრულა. აქამდე ირანში გამგზავრების მსურველები თბილისიდან სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით მიფრინავდნენ და გზაში დროის ხარჯი დაახლოებით 10 საათს შეადგენდა, რაც მგზავრებისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნიდა. პირდაპირი რეისები თბილისიდან თეირანში და პირიქით, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ეს დროის დანახარჯს საათ-ნახევრამდე შეამცირებს. ირანში გამგზავრების მსურველებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ მგზავრობის ხარჯებიც, "აირზენას" ხომალდით თეირანში ჩაფრენა 160 ევროდ იქნება შესაძლებელი.

მაჯიდ სამად ზადე საბერი (ირანის ელჩი საქართველოში): "მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე ვართ ორმხრივ ურთიერთობაში. იწყება პირდაპირი რეისების განხორციელება და უქმდება სავიზო რეჟიმი. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხებს შორის ურთიერთობის გამარტივებასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას".

გიორგი ჯანჯღავა (საქართველოს ელჩი ირანში): "ირანთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი და კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასაწყისია. ირანელ ტურისტებს უკვე აღარ დასჭირდებათ ვიზები საქართველოში ჩამოსასვლელად".

თამაზ გაიაშვილი (ავიაკომპანია "აირზენას" პრეზიდენტი): "თეირანსა და საერთოდ ირანში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ალბათ, მათაც გაუჩნდებათ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. პირდაპირი რეისების აღდგენა მათ ამ სურვილის რეალობად ქცევას მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ. ამ ეტაპზე რეისებს 50-ადგილიანი თვითმფრინავით შევასრულებთ. ჩვენი პროგნოზით, მგზავრთა ნაკადი გაზაფხულიდან კიდევ უფრო გაიზრდება და რეისებზე უფრო დიდ საჰაერო ხომალდს დავნიშნავთ".

უკვე ცნობილია, რომ საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობას ცნობილი ირანული ტურისტული კომპანია "მარკო პოლო" გახსნის. ირანელ ტუროპერატორს საქართველოში ბიზნესის წამოწყების სტიმული ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის დაწესებამ და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ მისცა.

აჰმად იმესადი (ტურისტული კომპანია "მარკო პოლოს" ხელმძღვანელი): "ირანელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია. ჩვენ ამ ინტერესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ამ მოვლენის შესახებ ირანის ბეჭდურ მედიაში რეკლამები უკვე გავრცელდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ხელი შევუწყოთ ტურისტების საქართველოში ჩამოყვანას. ვიცით, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა".

დავით გოგოლაძე (ტურისტული კომპანია "აირზენა ჰოლიდეის" გაყიდვების მენეჯერი): "ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს ირანულ ტურისტულ კომპანიებთან. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დროთა განმავლობაში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. "მარკო პოლო" ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიაა, რომელთანაც ჩვენ პარტნიორობის ხელშეკრულება დავდეთ. თბილისი-თეირანის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან ერთად, შევეცდებით დავტვირთოთ ირანის ბაზარი ქართველი ტურისტებით და საქართველოს ბაზარი - ირანელი ტუროპერატორების დახმარებით. კომპანია "მარკო პოლოს" ირანში 300-ზე მეტი წარმომადგენლობა აქვს და კომპანიის ხელმძღვანელობა მსოფლიოს მასშტაბით ქსელის გაფართოებას გეგმავს".

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში 18 ათასი ირანელი ტურისტი იმყოფებოდა. პირდაპირი ავიარეისების დაწყების შემდეგ ტურისტების რაოდენობის გაზრდას 50 ათასამდე ელოდებიან. წინასწარი პროგნოზი მეზობელი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით კეთდება.

ცნობილია, რომ ყოველწლიურად სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში დაახლოებით შვიდი მილიონი ირანელი ისვენებს. თუ საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის სათანადო პირობები შეიქმნება, ტუროპერატორები არ გამორიცხავენ, რომ ირანელი ტურისტების დიდმა ნაწილმა შესაძლოა არჩევანი სწორედ საქართველოზე გააკეთოს.

უახლოეს დღეებში კი საქართველოში ირანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მათთვის თბილისსა და ბათუმში საინფორმაციო ტურები მოეწყობა.