კრედიტით დაძირულნი - კვირის პალიტრა

კრედიტით დაძირულნი

უკვე რამდენიმე წელია, მთავრობა მევენახე გლეხების დახმარებას სუბსიდირებით ცდილობს. ამასთან ერთად, ღვინის საწარმოებს, ხან იძულებით, ზოგჯერ წახალისებითა და მატერიალური დაინტერესებით, გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებას აიძულებს.

მოსავლის მოიმედე გლეხისთვის, დახმარებაზე საერთოდ უარის თქმა მთავრობას არ სურს. მაგრამ ღვინის გასაღებაც არ არის ადვილი საქმე. იკვრება ერთგვარი მოჯადოებული წრე, რომელიც კმაყოფილს არავის ტოვებს.

ბოლო წლების განმავლობაში ლამის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ღვინის ქარხნებს ყურძნის მიღებას ფაქტობრივად აიძულებენ. წლეულს ყურძნის მოსავალი რეკორდულად დაბალი იყო, ამიტომაც რთველმა კახეთში შედარებით უხმაუროდ ჩაიარა, თუმცა გასული წლების პოლიტიკური რთვლების შედეგებს ზოგი დღემდე იმკის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კახეთში ამჟამად ორი ღვინის ქარხანა ბანკის ვალში იყიდება, მათ შორის ერთი”თუშიშვილის ღვინის სორტებია”.

ილია თუშიშვილი (`თუშიშვილის ღვინის სორტების” ხელმძღვანელი):”2004 წელს კახელმა გლეხებმა თბილისში აქცია მოაწყეს, რადგან ყურძენს ვერსად აბარებდნენ. მაშინ ზურაბ ჟვანია და მთავრობის სხვა წევრები შეწუხებული იყვნენ ამ ფაქტის გამო. მთელი კახეთი შემოიარეს, შერვაშიძე გახლდათ სოფლის მეურნეობის მინისტრი, მაგრამ ხალხს ყურძენი ვერსად ჩააბარებინეს, რადგან ღვინის ქარხნებს უკვე მიღებული ჰქონდად ყურძენი და დამატებით მიღება არ შეეძლოთ. მოვიდნენ ჩემთან, პეტრე ცისკარიშვილიც ახლდა მათ. მკითხეს, მივიღებდი თუ არა ყურძენს, მეც ვუპასუხე, რომ კი მივიღებდი, მაგრამ საამისო ფინანსური საშუალება არ მქონდა.

შენ მაგაზე ნუ იდარდებ, მაგის ფულს ჩეენ მოგცემთო. დამპირდნენ, 9%-იან გრძელვადიან სესხს გამოგიყოფთო. 3 მილიონი ლარი იყო მაშინ დაპირებული ამ სესხის ფარგლებში. ასეთ პირობებში დავთანხმდი, რომ მივიღებდი დარჩენილი ყურძნის მთელ მოცულობას გლეხებისგან და დავამუშავებდი კიდეც. ხალხსაც მოუწოდეს, რომ ყურძენი ჩაებარებინათ. მითხრეს, რომ დაპირებული თანხა 20 დღეში ჩემს ანგარიშზე იქნებოდა.

დაახლოებით 5-6 დღეში მივიღე და გადავამუშავე 1,3 მილიონი ლარის ყურძენი დედოფლისწყაროს სოფლებიდან - ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბადლო. გავიდა 20 დღე, ერთი თვე, თვე-ნახევარი და ფული არ ჩარიცხეს. ეს ხალხი მოდიოდა, ხელმეორედ აქციების გამართვით იმუქრებოდა და კანცელარიასთან მოაწყვეს კიდეც.

თბილისიდან ისევ დამირეკეს, სახელმწიფო კანცელარიაში დამიბარეს და მითხრეს, წავსულიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომელიც ყველაფერს მოაგვარებდა. ეს ხალხიც წამომყვა. იქიდან მაშინდელ”სახალხო ბანკში” გამაგზავნეს: ფული უკვე გადარიცხულია დედოფლისწყაროს ბანკში და გელოდებიანო. გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე 400 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს, ხოლო მას შემდეგ, რაც საკრედიტო ხაზი გაიხსნებოდა, თანხას კიდევ გაზრდიდნენ.

გრძელვადიან კრედიტს ველოდი, ერთწლიანს მაინც, სანამ ღვინო დადგებოდა და მის რეალიზაციას შევძლებდი. ბანკის წარმომადგენელმა რაღაც დოკუმენტებზე მომაწერინა ხელი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ რამე აფერა იქნებოდა. სინამდვილეში ფული მხოლოდ 300 ათასი იყო მისული და მეორე დღესვე დავიწყე გლეხებზე მისი გაცემა.

მე ერთი თეთრიც არ ამიღია. თან სამინისტროდან გამაფრთხილეს, ხალხზე საერთო დავალიანების 20-20% გაეცი, რომ ყველას ეყოსო. ხალხს ძალიან უჭირდა, ზოგს შხამქიმიკატების ვალი ჰქონდა, მევალეები აკითხავდნენ, ზოგს რა და ზოგს რა... დაახლოებით ერთ კვირაში კიდევ 100 ათასი ლარი გადმოირიცხა. ისიც დავარიგეთ. სულ 400 ათასი ლარი გადმოირიცხა ჩემს ანგარიშზე და ეს ფული ბანკის წარმომადგენელმა გასცა ხალხზე.

გავიდა თვეები და მეტი ფული აღარ გადმოურიცხავთ, ხალხი კი თავისას თხოულობდა, ბატონმა გუბერნატორმა პეტრე ცისკარიშვილმა თავისი დაცვის უფროსი მომამაგრა, რომ თუ რამეს გავყიდდი, ეს ფული აღრიცხული ყოფილიყო. მანამდე მშვენივრად ვიყავი, ხალხს ყურძენს ვუმუშავებდი და ჩემი სამყოფი მრჩებოდა. ერთი 400 ათასი გაყიდული ღვინიდან მივეცი კიდევ ამ ხალხს. 1 მილიონ 300 ათასიდან მე 800 ათასი გადახდილი მაქვს. კოჯორში მამაპაპისეული სახლიც კი გავყიდე, რომ ეს ხალხი გამესტუმრებინა. იანვარში ბანკში დამიბარეს, ხელშეკრულება გავაფორმოთო.

ვფიქრობდი, თუ სამი წლით იქნებოდა და თან 9%-ში, ამ ვალს ადვილად გავისტუმრებდი. ღვინოც დადგებოდა, დაახლოებით 300 ტონა საფერავი იყო და 550 ტონა თეთრი ღვინო, ეს კი დაახლოებით 3 მილიონი ლარის იყო. ბანკებთან ურთიერთობა არ მქონია, თან პირობები წინასწარ ვიცოდი, ამიტომ ხელიც ისე მოვაწერე, ხელშეკრულების პირობებს აღარ გავეცანი. რაიონში რომ დავბრუნდი, ბუღალტერმა გაოცებულმა მკითხა:

შვიდთვიანი კრედიტი მოგცესო. წავიკითხე და რას ვხედავ, შვიდი თვით არის ეს 400 ათასი ლარი გაცემული, გაფორმებულია ნოემბრის რიცხვით და ორ-სამ თვეში თანხა დასაფარი მაქვს. თანაც საპროცენტო განაკვეთი 18%-მდე იყო გაზრდილი. შევედი გუბერნატორთან და მითხრა: როგორმე უნდა გადავიხადოთ და ვადას გაგიგრძელებთო. ბანკში ვადა ერთ წლამდე გამიგრძელეს.

რომ ვნახე, ჩემს დახმარებას არავინ აპირებდა, იტალიელი ინვესტორი ვნახე. ბანკი გავაფრთხილე, რომ ის ვალსაც დამიფარავდა და იტალიიდან ჩამოსასხმელი ხაზებიც უნდა ჩამოგვეტანა. თურმე ამათ უკვე შეტანილი აქვთ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი, იპოთეკით ყოფილა დატვირთული ჩემი ქარხანა. ესეც არ ვიცოდი. წავედი იტალიაში და ერთი კვირაც არ იყო გასული, შვილმა დამირეკა საქართველოდან: სასწრაფოდ ჩამოდი, ქარხანა დაგვილუქესო. ის ინვესტორიც დავკარგე.

ქარხანაში შესვლის უფლებას არ გვაძლევდნენ, არადა, ღვინის უყურადღებოდ გაჩერება ათ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. ვთხოვდი, ერთობლივად გაგვეხსნა. როცა საარბიტრაჟო სასამართლო გაიმართა, არც გამაგებინეს. შევიტანე სასამართლოში სარჩელი და მან გამოიტანა განაჩენი, ერთობლივად გახსნილიყო საამქრო, დამუშავებულიყო ღვინო და ვალი დაფარულიყო. როგორც გავიგე, ვალი 700 ათასზე ასულიყო თავისი პროცენტითა და ჯარიმებით. არ ვიყავი უარზე, ოღონდ კი ღვინის გაყიდვის ნება დაერთოთ. მხოლოდ საფერავი დამიფარავდა მაგ ვალს.

2006 წლის 19 ივლისს სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, 20-ში კი სიღნაღის სააღსრულებო ბიურომ გადასცა ბანკს მფლობელობაში ჩემი ღვინის ქარხანა. მთელი წელი იყო დალუქული და ღვინოს არავინ შეხებია. ერთი წლის შემდეგ დაიწყეს ღვინის ქარხნიდან გატანა. ჯერ ვიფიქრე, რომ ამ 700 ათასი ლარისას გაიტანდნენ და იმდენი გაიტანეს, მილიონ ლარს გადააჭარბა. წინ დავუდექი, მაგრამ ჩვენია ქარხანა და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო. ხალხსაც ვუთხარი, რომ ეს მათი ფული იყო.

აღძრეს ჩემზე სისხლის სამართლის საქმე დედოფლისწყაროს პოლიციაში, რომ ბანკს ხელს ვუშლიდი მათი ქონების გატანაში. სულ გაიტანეს ღვინო ქარხნიდან. ახლა იძახიან, ის ღვინო გაფუჭებული იყოო. თუ უვარგისი იყო, რატომ გაჰქონდათ? დღეისთვის ქარხანაში პატარა ცისტერნასაც ვერ ნახავთ, ყველაფერი დაჭრეს და ჯართად გაყიდეს.

იცით, რა დანადგარები მქონდა... ახლა გლეხმა არ იცის, ყურძენი სად წაიღოს, გზა-გზა ვედროებით ყიდიან. ხან სად ეხვეწებიან ყურძნის მიღებას და ხან სად. როგორც ტელევიზორში აჩვენებენ, ასე არ არის, რეალურად ყურძნის ჩაბარების პრობლემა დგას კახეთში. ქარხნები კი უმოწყალოდ ინგრევა და ნადგურდება. ვისაც დააძალეს, კი მიიღეს, მაგრამ ეშინიათ, ჩემი მაგალითი წინ უდევთ”.

გიგლა გაბელაია (ადვოკატი): ”მოძრავი ქონება გირავნობის საგანი იყო, იპოთეკით უძრავი ქონება იყო დატვირთული. დღესაც ქარხანა და ის ტერიტორია, რომელზეც ქარხანა დგას, თუშიშვილის საკუთრებად ირიცხება. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული თუნდაც მხოლოდ ის არის, რომ ვიღაცები ტერიტორიაზე მის კანონიერ მეპატრონეს არ უშვებენ. დადგენილია, რომ ბანკს უკვე წაღებული აქვს 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ქარხნიდან და მეტის მოთხოვნის უფლება არ აქვს.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ, რომ გირავნობით დატვირთული ქონების გარდა, ქარხნის ტერიტორიაზე იყო სხვა სახის მატერიალური სიკეთე, რომელიც დაჭრილია. ბანკი პრივატულ საუბრებში განმარტავს, რომ მოგვაწვდიდა ხელშეკრულებას, თუ რა ქონება გაასხვისა, მაგრამ მიღებული აქვთ დირექტივა, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ გასცენ. გირავნობაში არსებობა არ ნიშნავს საკუთრებაში არსებობას, ამიტომ არსებობს რეალიზაციის წესი. არანაირი წესი არ არის შესრულებული. არ ვიცით, რა ქონება გაიყიდა და რა ფასად.

ყოველდღე ვაგზავნით წერილს ბანკში, მაგრამ არანაირი პასუხი არ მოგვდის. ჩვენ მოვთხოვეთ ბანკს მოეწოდებინა ცნობა, რა მოცულობის დავალიანება დარჩა”თუშიშვილის ღვინის სორტებს”, რაზეც გასცეს ცნობა, რომ დავალიანება არის 317 639 ლარი. ვიღაცას უნდა გადაეხადა, არა? არადა, ჩვენ ამოვიღეთ საბანკო ამონაწერი, სადაც ცნობის გაცემის დროისთვის”თუშიშვილის ღვინის სორტებს” ბრუნვა არ ჰქონდა. ანუ თანხა არავის შეუტანია, არც კრედიტორს, და თანხის ჩამოჭრა საიდან განახორციელეს, უცნობია.

შემდგომ ჩვენს ანგარიშზე გაჩნდა თანხის გაუგებარი შენატანები, რეალიზებული სპირტის ღირებულება, რეალურად კი ქარხანას სპირტი არ ჰქონია. ვინმე ნანული გურაშვილმა შეიტანა 25 ათასი ლარი. ვინმე გიორგი თაბაგარმა კი, რომელიც არც შვილია და არც ბიძაშვილი, სესხის დასაფარად რატომ შეიტანა 25 ათასი ლარი, გაუგებარია და სხვ. ეს ამონაწერი ოპერატორმა მოგვცა, მას შემდეგ აღარ გვაძლევენ, დავალიანების შესახებ ცნობასაც კი არ გვაწვდიან.

ქარხნის სახურავი გადახდილია, ჭიშკარი მოხსნილია. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის გადაცდომაა და მივმართავთ სასამართლოს. საბანკო სექტორმა დაკარგა თავისი ფუნქცია და ძალისმიერ სტრუქტურად იქცა, რომელიც ქმნის სპეციალურ კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ქონების ხელში ჩასაგდებად და საკუთრებაში წასაღებად. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამით კარგად მოითბეს ხელი”.”ეკოპალიტრამ” ამ საკითხთან დაკავშირებით”ლიბერთი ბანკსაც” მიმართა, სადაც განმარტეს, რომ დამკვიდრებული საბანკო პრაქტიკით, მსესხებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია სესხის შესახებ მესამე პირებისთვის კონფიდენციალურია (!)...