ბიზნესს "იაფი კრედიტი" ძვირად უჯდება - კვირის პალიტრა

ბიზნესს "იაფი კრედიტი" ძვირად უჯდება

"იაფი სესხის" მქონე საწარმოების ნაწილს გაკოტრება ემუქრება

რამდენიმე დღეში "თიბისი ბანკი" აუქციონზე გასაყიდად კომპანია "ალიონი XXI"-ს გამოიტანს. ქარხანა, რომელიც მერქან-ბურბუშელოვან ფილებს (ე.წ. დე-ეს-პეს) ამზადებდა, ვალებშია ჩაფლული და უკვე ხუთი თვეა გაჩერებულია. ქარხანას რამდენიმემილიონიანი ვალი აქვს, რომლის დიდი ნაწილი "იაფი სესხის" სახით დაედო. "ალიონი XXI"-ის მსგავსად, სესხის დაბრუნების პრობლემა არაერთ საწარმოს შეექმნა, ბევრი მათგანი გაჩერებულია და გაკოტრება ემუქრება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელსაც მთავრობამ "იაფი სესხით" მოსარგებლე საწარმოების მონიტორინგი გადააბარა, რამდენიმე მათგანის საქმე სასამართლოს უკვე გადასცა. სასამართლოს წინაშე წარდგენა, უახლოეს მომავალში, ვალებში ჩავარდნილ კიდევ რამდენიმე საწარმოს ემუქრება. ვინც თანხა გრაფიკით ვერ დაფარა, მათ ფონდი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს არიცხავს. ამის გამო ბიუჯეტის მიმართ მათი დავალიანება ყოველდღიურად იმატებს.

შარშან ზაფხულში 15-მდე საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს წერილით მიმართა და სესხის გადავადება სთხოვა. ეს ის საწარმოებია, რომლებსაც ბიზნესი აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისი გამო ჩაუვარდათ. სამინისტრომ ამ კომპანიებს (მათ შორის იყო "ალიონი XXI"), შეღავათი გაუწია.

მაგრამ საშეღავათო პერიოდიც გავიდა და ახლა მათ თანხის გადახდის დრო დაუდგათ. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ შეღავათი აღარ იქნება. საწარმოები ვალს თუ ვერ გადაიხდიან, მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაიწყება. ამ საწარმოებს ქონება გირაოში აქვთ ჩადებული, ზოგი იპოთეკით არის დატვირთული, ამიტომ მათ ქონების დაკარგვა ემუქრებათ.

თუ "ალიონი XXI" აუქციონზე გაიყიდება, მიღებულ თანხას მოვალეები დაინაწილებენ. დავალიანება ჯარიმების დარიცხვის შემდეგ 3,4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. დაახლოებით 511 ათას ლარს ბიუჯეტი "იაფი სესხის" სანაცვლოდ წაიღებს, 300 ათასამდე ლარი შემოსავლების სამსახურს ერგება, დარჩენილ თანხას კი "თიბისი ბანკი" დაიტოვებს.

ძეგვში არსებული ქარხანა თურქულმა კომპანია "იონტაშმა" და შპს "ალაფმა" ერთობლივად ორი წლის წინ აამუშავეს. მოგვიანებით 50%-ანი მოწილე "ალაფი" ქარხნიდან გავიდა და ის მთლიანად „იონტაშს" დარჩა. თურქებმა კომპანიაში 8 მილიონ დოლარამდე თანხა ჩადეს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ქარხანა მიატოვეს, მათ შორის, საწარმოში დაამონტაჟებული მაღალტექნოლოგიური დანადგარებიც.

მაშინ, როცა ქარხანამ მუშაობა დაიწყო, მერქან-ბურბუშელოვანი ფილების წარმოება მომგებიანი ბიზნესი იყო. ქვეყანაში სამშენებლო ბუმი იყო და დამხმარე მასალაც დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. მაგრამ კრიზისმა ყველაზე მეტად სწორედ ეს სფერო დააზარალა, გაყიდვა ჩავარდა, მოთხოვნა შემცირდა უცხოურ ბაზარზეც.

წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის შეძენის რამდენიმე მსურველი გამოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი სომხური "ტარგოვი დომ ბელაშია", რომელსაც ქარხნიდან "დე-ეს-პე" სომხეთში გაჰქონდა. სომხები აუქციონს ელოდებიან. არის რამდენიმე სხვა მსურველიც. უმეტესად ისინი, რომლებსაც საქართველოში ლამინატის საამქროებს ამუშავებენ.

ასევე გაკოტრება ემუქრება ახმეტაში მდებარე როლანდ ყანჩაშვილის პარკეტის ქარხანას. ქარხანამ იაფი სესხი 3 წლის წინ მიიღო. იმის გამო, რომ პირველი ორი წლის შეღავათიანმა პროცენტის ნაცვალგებამ მთლიანად მესამე წელიწადზე გადაინაცვლა, კომპანიამ თვეში 28 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, რაც მის ფინანსურ შემოსავალს ბევრად აღემატება. ქარხნის ხელმძღვანელი მთავრობას სთხოვს, სესხის გადახდა გადაუვადოს.

იაფი კრედიტები 120-მდე საწარმოს ბიუჯეტიდან ორი წლის წინ გამოუყვეს. სესხი უპრეცენდენტოდ იაფი -7%-იანი იყო, 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით. უპირატესობა იმ კომპანიებს მიანიჭეს, რომლებიც საექსპორტო პროდუქციაზე მუშაობდნენ. სულ 2008-2009 წლებში "იაფი სესხის" პროგრამის ფარგლებში 80 მილიონი ლარამდე გაიცა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, "იაფი სესხის" ადრესატების უმრავლესობას ბიზნესგეგმები არასწორად ჰქონდა შედგენილი და მთავრობამ სიჩქარეში ისიც ვერ განსაზღვრა, შეძლებდა თუ არა ბიზნესი თანხის დაბრუნებას. ბევრსაც მუშაობაში ხელი ბაზარზე მოულოდნელად დაწყებულმა პრობლემებმა შეუშალა. პროგრამამ არ გაამართლა და მთავრობამაც იაფი ფულის გაცემა შეწყვიტა. წლეულს ბიუჯეტიდან ბიზნესის დაფინანსებისთვის თანხები აღარ გაუთვალისწინებიათ.

ნონა ქვლივიძე