"უკრაინული და ირანული ვაშლი ვჭამოთ?!" - კვირის პალიტრა

"უკრაინული და ირანული ვაშლი ვჭამოთ?!"

უხარისხო შხამქიმიკატებმა და ამინდმა ვაშლის მოსავალს მუსრი გაავლო

წლეულს ვაშლის დეფიციტია. უამინდობას ვაშლის მოსავლის მხოლოდ მეათედი თუ გადაურჩა. მოსავლის სიმცირის გამო ცარიელია ხილის სამაცივრეები, სადაც ფერმერები საექსპორტო ვაშლს ინახავენ. ნედლეულის გარეშე დარჩნენ ვაშლის კონცენტრატებისა და წვენების ქარხნებიც. ისინი იმპორტის იმედად რჩებიან. ქართული ვაშლის დეფიციტია აგრარულ ბაზრებშიც, სადაც ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

გიორგი ბარბაქაძე (ფერმერი): "ძალიან ცუდი წელი იყო. ვაშლი არც შიდა ქართლში მოვიდა და არც ქვეყნის სხვა რეგიონებში. წლეულს გლეხების 90%-ს არ მოუვიდა მოსავალი. ვაშლის ბაღები ქარელში მაქვს და ყოველწლიურად 30-40 ტონა ვაშლის მოსავალს ვიღებდი. წლეულს სულ 5 ტონა იყო და უმეტესად უხარისხო. მოსავალი ამინდებმა გააფუჭა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ის შხამქიმიკატებიც უხარისხო შემოიტანეს, რასაც ფერმერები ვაშლის შესაწამლად ვიყენებთ. შხამქიმიკატები 3 ათას ლარამდე დამიჯდა, შეწამვლის ხარჯი კიდევ სხვა იყო. ამის გამო ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა კილოგრამი ვაშლის საბითუმო ფასი ორ ლარამდეა. ასეთი რეკორდულად მაღალი ფასი ჯერ არ ყოფილა".

ზურაბ აბალაკი (გორის ხილის საექსპორტო კომპანია): "წლეულს კურკოვანი ხილიც ძალიან მცირე რაოდენობით იყო, ვაშლი კი საერთოდ არ მოვიდა. ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, მცირე დამამზადებლები თუ იქირავებენ ჩვენს მაცივარს. ვაშლი შარშან კი მოვიდა, მაგრამ მაინც ვერ ვიმუშავეთ, რადგან უხარისხო იყო და საექსპორტოდ არ ივარგებდა. წინა წლებში უხარისხო შხამქიმიკატები შემოიტანეს, ხეხილი დაავადდა და ამან წლევანდელ მოსავალზეც იმოქმედა.

წლეულსაც ვერ ვიმუშავებთ. გვინდოდა წვენების ჩამოსხმაც დაგვეწყო, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ. პერსპექტიული საქმე კი არის, მაგრამ ჯერ არ გამოდის. როგორც გავიგე, ვაშლის იმპორტი უკრაინიდან დაიწყეს. საკმაოდ ხარისხიანი ხილი აქვთ, კარგადაც გამოიყურება. ადრე აქედან გადიოდა ვაშლი ექსპორტით და ახლა პირიქით, შემოგვაქვს. ვაშლის დიდი ექსპორტიორია პოლონეთიც, შესაძლოა მოლდავეთიდანაც შემოვიდეს. წლეულს ვაშლი დიდი რაოდენობით ალბათ სომხეთიდან და ირანიდანაც შემოვა. ექსპორტზე ლაპარაკიც ზედმეტია".

მოუსავლიანობამ ცუდ დღეში ჩააგდო გერმანული "ჰიპიც", რომელიც აგარასა და ხაშურში ხილის კონცენტრატებისა და წვენების ქარხნებს ფლობს. "ჰიპიმ" შარშან ჯერ ამ კომპანიებში დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა შეამცირა, წლეულს კი ხაშურის ქარხნის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ორი ქარხნის გაძღოლა არ უღირს. "ჰიპი" გააჩერებს ტეტრაპაკების წარმოებას, რადგან წვენების წარმოებას არარენტაბელურად მიიჩნევს.

ქარხანა საქართველოდან გაქცეულ გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა, რომელიც სახელმწიფომ საგადასახადო დავალიანების გამო ჩამოართვა და აუქციონზე გაყიდა. კონცენტრატებისა და წვენების წარმოებაზე ცნობილი გერმანული კომპანია დიდ იმედებს ამყარებდა, პროექტში 6 მილიონ ევრომდე ინვესტიციაც ჩადო, მაგრამ იმის გამო, რომ ნედლეულის მოძიება გაუჭირდა, გაყიდვა ამჯობინა.

"ჰიპის" მენეჯმენტის ინფორმაციით, მცირე მოსავლის გამო, კონცენტრატების ქარხანამ წლეულს მხოლოდ 600 ტონა ვაშლი ჩაიბარა - ოცჯერ ნაკლები, ვიდრე შარშან. კომპანია კილოგრამ ვაშლს ადგილობრივი გლეხებისგან 8 თეთრად იბარებს, წლიურად 40 ათას ტონამდე ვაშლს ამუშავებდა და მიღებული კონცენტრატის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გაჰქონდა.

უკეთეს დღეში არც წვენების მწარმოებელი სხვა ქარხნები არიან. ნედლეულის სიმცირეს უჩივიან წვენების ქარხანა "კულაშიც". სადაც წარმოების დაახლოებით 20%-იან კლებას ვარაუდობენ. იმპორტული ვაშლის იმედი აქვთ გურჯაანის წვენების ქარხანაში.

ისინი ვაშლის კონცენტრატს აგარის ქარხნისგან შესყიდიან, დანაკლისს კი უკრაინიდან იმპორტირებული ვაშლით შეივსებენ. დეფიციტი ვაშლის ფასებს საცალო ბაზარზეც დაეტყო. კარგი ვაშლის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში 3-4-ჯერ გაიზარდა. რეალიზატორები მის კიდევ უფრო გაძვირებას ელოდებიან და ამბობენ, რომ კილოგრამი ვაშლის ფასი საახალწლოდ 5 ლარსაც მიაღწევს. წლეულს ვაშლის მსგავსად სხვა ხილზეც ფასების ზრდაა მოსალოდენელი.

ნონა ქვლივიძე