ბიზნესს სახელმწიფო შესყიდვების ახალი სისტემა გააცნეს - კვირის პალიტრა

ბიზნესს სახელმწიფო შესყიდვების ახალი სისტემა გააცნეს

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველო-საფრანგეთის ბიზნესსაბჭო იყო

2010 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ქაღალდის ფორმის გამოყენების გარეშე, რაც ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს საშუალება მიეცემათ კონკრეტული შესყიდვის პროცესის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მიიღონ. პარალელურად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთათვის გადასახადიც მცირდება. გადახდის პროცესი ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდება.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უზრუნველყოფს.

სისტემის რეფორმის პროექტის პრეზენტაცია ბიზნეს-კომპანიებისთვის 11 ნოემბერს გერმანულ სახლში გაიმართა. პრეზენტაცია საქართველო-საფრანგეთის ბიზნეს-საბჭოს, საქართველო-გერმანიისა და შვეიცარიის ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტატო ურჯუმელაშვილი (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი): "ადრე კომპანიას 24 საათის განმავლობაში უნდა ეძებნა ინფორმაცია, სურდა თუ არა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს რაიმე სახის შესყიდვა. ხოლო შემდეგ თუ მოიძიებდა ამ ინფორმაციას და ტენდერში მონაწილეობას თუ გადაწყვეტდა, ათეულობით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შეგროვება და ადგილზე მიტანა სჭირდებოდა.

მხოლოდ საბუთების სრულად წარდგენის შემდეგ შეეძლო მას ტექნიკური დოკუმენტების გატანა. ახლა სატენდერო დოკუმენტაცია ელექტრონულ სისტემაში განცხადებასთან ერთად აიტვირთება და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საწარმოს ტენდერში რომ მიეღო მონაწილეობა, უამრავი სარეკომენდაციო დოკუმენტი უნდა წარედგინა: ცნობა საჯარო რეესტრიდან, სასამართლოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნასამართლეობის შესახებ, შემოსავლების სამსახურიდან, რომ არ აქვს ბიუჯეტის მიმართ დავალაინება..

ამიერიდან ამ ტიპის დოკუმენტაციას მხოლოდ გამარჯვებული კომპანია წარადგენს. ელექტრონული სისტემა ბიზნესს დროსაც და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს. თუ მაგალითად, ქუთაისში, ქუჩის რეაბილიტაციისთვის ამ ქალაქის მერია ტენდერს აცხადებდა, რომელშიც თბილისში არსებული კომპანიები მონაწილეობენ, მათ სატენდერო დოკუმენტაციისთვის ქუთაისში 4-ჯერ ჩასვლა უწევდათ.

ახლა კი მათ ქუთაისში ჩასვლა აღარ მოუწევთ და ოფისიდან გაუსვლელად შეძლებენ ტენდერში მონაწილეობას, რაც სოლიდურ ადმინისტრაციულ ხარჯებს აარიდებთ. დღემდე სატენდერო დოკუმენტაციის სახით სააგენტოში 10 მილიონი ფურცელი დაგვიგროვდა. მარტო 2008-9 წლებში ტენდერებისთვის 2 მილიონი ფურცელია შემოტანილი. ამიერიდან ფურცლების აქეთ-იქით ტარება საჭირო აღარ იქნება.

ელექტრონული სისტემა გამორიცხავს ეჭვებს ტენდერის დროს ფარულ გარიგებებზეც. ყველა დაინახავს, ვის რა ფასი აქვს დაფიქსირებული. პრეტენდენტების მიერ წარდგენილ წინადადებას ელექტრონული სისტემა ფასის მიხედვით დაალაგებს და თვითონვე შეაფასებს. ის კომპანია, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი ექნება მოთხოვნილი, ჩვენს მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებს, გამარჯვებულად გამოცხადდება.

ეს მონაცემები ავტომატურად აიტვირთება ელექტრონულ სისიტემაში და მისი მიღება და დამუშავება ნებისმიერს შეეძლება. გარდა ამისა მზადდება კიდევ ერთი ცვლილება. ადრე შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებს სააგენტო იხილავდა. ახლა დავების განხილვის საბჭოს ვქმნით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევლენ. შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, რაც ასევე სისტემაში ელექტრონულად აიტვირთება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება - ტენდერი გამოცხადდება ნებისმიერ საქონელსა და მომსახურებაზე, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებზე თუ მისი ღირებულება 5 ათას ლარს აღემატება. ადრე საქონელსა და მომსახურებაზე სატენდერო ზღვარი 100 ათასი ლარი იყო, სამშენებლო სამუშაოებისთვის კი ტენდერი 200 ათას ლარზე ცხადდებოდა. ამ ზღვარის ქვემოთ მხარეებს შეეძლოთ თვითონ მოეძებნათ კონტრაქტორი და ხელშეკრულება გაეფორმებინათ.

ახლა სახელმწიფო სუბიექტები ვალდებული იქნებიან მომსახურე კომპანია ტენდერით შეარჩიონ. და რაც ასევე ძალიან დიდი შეღავათია პრეტენდენტებისთვის - 4-ჯერ, 50 ლარამდე, შემცირდება სატენდერო მოსაკრებელი. ვცდილობთ ეს ინფორმაცია ფართოდ გავავრცელოთ. უცხოურმა ბიზნეს-ასოციაციებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ მოეწყოთ შეხვედრა კომპანიებისთვის. იმისთვის, რომ ამ ცვლილების შესახებ უკეთ იყვნენ ინფორმირებული".

ლუდოვიკ ჟირო (საქართველო-საფრანგეთის ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელი): "მიმაჩნია, რომ სატენდერო სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირის ღია, გამჭირვალე და კონკურენტუნარიან გარემოს შეუქმნის. სახელმწიფოსაც და ბიზნესსაც შესყიდვების პროცესს გაუმარტივებს. კარგი იქნება ისიც, რომ ფირმას, რომელიც ტენდერში მონაწილეობს, ყველა საბუთის წინასწარ მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა აღარ დასჭირდება. სრულ დოკუმენტაციას კომისიაში მხოლოდ გამარჯვებული შეიტანს. ეს ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება".

უტა ბეიერი (გერმანიის ბიზნეს-ასიოციაცია საქართველოში დირექტორი): "სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმა საჭიროა უცხოური კომპანიებისთვისაც, რომლებსაც საქართველოში პარტნიორები ჰყავთ და ადგილობრივი კომპანიებისთვისაც. ეს შესყიდვების პროცესს უფრო მოსახერხებელსა და გამჭვირვალეს გახდის. ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა ონლაინ-რეჟიმში გაცილებით მარტივი იქნება".

ეკა გორდაძე (კომპანია "ვისოლის" კორპორატიული გაყიდვების პროექტის მენეჯერი): "სატენდერო დოკუმენტაციის კომისიაში მიტანისთვის დიდი დროს ვხარჯავდით. პრობლემა იქმნებოდა მაშინაც, როცა რამდენიმე ტენდერი ერთდროულად იყო დანიშნული. ამ დროს მასში მონაწილეობის მიღებას კომპანია ვერ ასწრებდა. შესყიდვების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ამ პრობლემას მოგვიხსნის და პროცესსაც უფრო დახვეწილს გახდის".

ლევან ტაბიძე ("ენგურჰესის" შესყიდვების სპეციალისტი): "ტენდერში მონაწილეობისთვის ათეულობით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შეტანა, საჭირო არ იყო. მათ შორის ბევრი ისეთი საბუთიც იყო, რომელსაც არავინ კითხულობდა. ახლა პროცესი გამარტივდება. საწარმოებს მოსაკრებლის შემცირება თანხებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს".

R