როგორ აისახება ეკონომიკაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა - კვირის პალიტრა

როგორ აისახება ეკონომიკაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა

"ახალ სამთავრობო პროგრამაში ჩაწერილია კეთილი სურვილები, რომ საკითხები დადებითად გადაიჭრება, შემუშავდება, დაინერგება და ა.შ. მაგრამ როგორ? არსად წერია, როგორ აპირებს მთავრობა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას..."

ბახტაძიდან გახარიამდე მხოლოდ წელიწადი და ორი თვე გავიდა, მაგრამ სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დადგა. გადამდგარმა პრემიერმა შესრულებული საქმეების მრავალგვერდიანი ანგარიში დაგვიტოვა, თუმცა მთავარი მისია - სიღარიბის დაძლევა - გარდამავალი თასივით გადაულოცა შემცვლელს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახარიას განვლილი გზა და მომავალი პრემიერობა მრავალმხრივ შეფასდა, ჩვენ კი შევეცადეთ ეკონომიკურ ჭრილში განგვეხილა გზა ბახტაძიდან გახარიამდე და დავინტერესდით, შეძლებს თუ არა ახალი პრემიერი არჩევნებამდე დარჩენილ 1 წელიწადში ეკონომიკური სასწაულის მოხდენას.

ჭარბვალიანობა მთავრობას სტატისტიკას უფუჭებდა...

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი: - მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტში მუშაობისას თავი დაგვამახსოვრა რეგულაციებით, პოპულისტური განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით. ის საბანკო რეგულაციები, რაც ვითომდა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად მიიღეს, რეალურად მთავრობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურება, მათ შორის რეიტინგის გაუმჯობესებას, ამით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის თავის მოწონებას და ბიუჯეტის შევსებას. ხელისუფლების მიერ ჭარბვალიანობის თემის გააქტიურებამდე კი სსფ-ს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემა მწვავედ იდგა და არც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდებები ყოფილა. აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე საქართველოში, თუმცა არავინ უარყოფს, რომ ჭარბვალიანობა ერთ-ერთი სოციალური პრობლემაა. როგორც სხვა შემთხვევებში, ჭარბვალიანობის პრობლემის გადაწყვეტისას "ბრძოლა" გამოუცხადეს არა მიზეზებს, არამედ შედეგებს. ჭარბვალიანობის მიზეზი ორია: მოსახლეობა არის დაბალშემოსავლიანი, ის სესხების დიდ ნაწილს სწორედ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იღებს და შესაბამისად, ამ სესხების ვერდაფარვის რისკი მაღალია. ამიტომ, როცა პირობითად, ბანკში მიდის ათი კაცი და იქიდან მხოლოდ სამია გადახდისუნარიანი, ბანკი ცდილობს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ამ სამისგან ამოიღოს ის მოგება, რასაც დანარჩენი 7 ვერ გადაიხდის.

ამასთან, მოსახლეობის დაბალი შემოსავლების გამო არ არის განვითარებული საბანკო პროდუქტები, რაც მოქალაქეებს უკეთეს და მრავალფეროვან პირობებს შესთავაზებდა. ამავე დროს, ოლიგოპოლიური ბაზარი საბანკო სფეროში, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მხოლოდ ბანკების არსებობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო აუარესებს. მოსახლეობას ფინანსებზე ხელი მხოლოდ ბანკებში მიუწვდება, ფასიანი ქაღალდების ბაზარი კი განუვითარებელია. ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაც იქით უნდა იყოს მიმართული, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, მოსახლეობის გამდიდრებითა და შემოსავლების დონის მატებით, საბანკო სფეროში კონკურენციის ზრდითა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით შევამციროთ მოსახლეობის სავალო ტვირთი და არა ისეთი რეგულაციებით, როგორსაც ქვეყანაში ვიღებთ.

ადამიანს რომ ბანკიდან სესხის მიღება შეეზღუდება, ეს არ ამცირებს მის მოთხოვნას ფინანსებზე. მას უფრო მეტი ეკონომიკური სიდუხჭირისთვის ვწირავთ, ვაიძულებთ, ფინანსები ეძიოს კერძო მევახშეებთან, რაც უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს.

რა მივიღეთ? თუ აქამდე, პირობითად, 10-დან 7 კაცი ვერ ფარავდა სესხს და გვქონდა მაღალი ჭარბვალიანობის პრობლემა, ახლა თუ ამ 7-ს არც მივუშვებთ ბანკთან სესხის ასაღებად და მხოლოდ 3 ყველაზე დაბალრისკიანს მივცემთ სესხს, ცხადია, სტატისტიკა გაგვიუმჯობესდება. ამით საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს მოვაწონებთ თავს, თუმცა რეალურად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა კვლავ დარჩება და უფრო გაღრმავდება კიდეც.

აქვე ბახტაძის პრემიერობის კიდევ ერთი ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ - სანამ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა დაანონსდებოდა, სსფ-მა ჩრდილოვანი ეკონომიკის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში მაღალია და 50%-ს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კრიმინალები ნამდვილად არ არიან და მუშაობენ ტაქსისტებად, ძიძებად, რეპეტიტორებად, საქმიანობენ სოფლის მეურნეობის სექტორში, ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიან. 2018 წლის 1-ლი ივლისიდან მცირე ბიზნესის გადასახადი 5-დან 1%-მდე შემცირდა, რაც დადებითად შეფასდა, თუმცა შემდეგ საბანკო რეგულაციებით იმ ადამიანებს, ვისაც ოფიციალურად არ უფიქსირდებათ შემოსავლები, სესხებზე წვდომა შეეზღუდათ. ანუ ეს არის გზავნილი ჩრდილოვან ეკონომიკაში მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან, რომ დარეგისტრირდნენ მცირე ბიზნესად, გადაიხადონ ყველაზე დაბალი გადასახადი და სესხის აღებასაც შეძლებენ. ასე ცდილობს სახელმწიფო, რომ სესხის აღების მოტივაციით თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოიყვანოს და ბიუჯეტი შეავსოს.

ფართოდ მოჭერილი ქამრები

- ბახტაძის სახელს მცირე მთავრობის კონცეფციაც უკავშირდება, მის დროს მოხდა რამდენიმე სამინისტროს შერწყმა-გაერთიანება, რასაც მათ საბიუჯეტო ხარჯების უფრო რაციონალურად ხარჯვაც უნდა მოჰყოლოდა. - მცირე მთავრობის კონცეფცია ნიშნავს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, რაც გამოიხატება სახელმწიფო სექტორის შემცირებასა და კერძო სექტორის ზრდაში. ბახტაძის მცირე მთავრობის კონცეფცია რეალურად მცირე მთავრობას არ ნიშნავს. ჩვენ შემოგვთავაზეს სამთავრობო სექტორში დაქირავებულთა შრომის ანაზღაურების წილის ზედა ზღვრის შემცირება მშპ-ის 3,9%-მდე. თუმცა

2018 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო სექტორში დაქირავებულთა შრომის ანაზღაურების წილი მშპ-ის 4,2%-ს შეადგენდა, 2019 წლის პირველ კვარტალში კი ის 4,4%-მდე გაიზარდა და 2017 წლის საშუალო მაჩვენებელს გაუთანაბრდა. გამოდის, ქამრების შემოჭერა მთავრობაში აზრადაც არ მოსვლიათ.

3,9%-მდე შემცირებაც ვერ იქნება დიდი შეღავათი. ერთია ხარჯვითი ნაწილი და მეორე, რამდენად ეფექტიანად იხარჯება ბიუჯეტის ფული. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად იზრდება და სამთავრობო ხარჯები უცვლელიც რომ დარჩეს, მისი წილი მშპ-ში ავტომატურად შემცირდება. გამოდის, მთავრობა იმდენივეს ან უფრო მეტსაც დახარჯავს, სამთავრობო ხარჯების წილი მშპ-ის მიმართ კი დაპირებისამებრ შემცირდება...

მამუკა ბახტაძე წერილში დადებით კონტექსტში განიხილავს მშპ-ში განათლების ხარჯების წილის გაზრდას; ყველა მომდევნო მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სექტორის დაფინანსებისკენ მიმართოს. პირველი საკითხია, რამდენად შეძლებს ამას ამჟამინდელი მთავრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა სოციალური ხარჯების ზრდასაც გვპირდებიან და ბიუჯეტის ფული ციდან მანანასავით არ ცვივა. რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, მით მეტ თანხას ართმევს ხელისუფლება გადასახადის გადამხდელებს და ასე ზრდიან სამთავრობო ხარჯებს.

ამასთან, განათლებაზე გაწეული ხარჯის წილი მშპ-ის მიმართ სრულიადაც არ არის განათლების დონის ზრდის გარანტია. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით განათლებაზე ყველაზე მეტს ისეთი ქვეყნები ხარჯავენ, როგორიცაა: არუბა (7,1%), ავღანეთი (7,1%), ანგოლა (6,7%), ალბანეთი (6,4%), ანდორა (6,2%), საამიროები (6,0%), არგენტინა (5,8%), სომხეთი (5,3%), სამოა (5,3%) და ანტიგუა და ბარბუდა (5,3%). მიუხედავად ამისა, ვერც ერთ ამ ქვეყანაზე ვერ ვიტყვით, რომ იქ განათლების დონე მაღალია.

მსგავს გადაწყვეტილებებში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენია მშპ და შემდეგ ვინ და როგორ ხარჯავს ამ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვახსოვს განათლების სამინისტროს ნაყიდი მწვანე ვაშლები, რამაც ცხადია განათლების ხარჯების ზრდა და შესაბამისად, მისი წილის ზრდაც გამოიწვია მშპ-ში, რეალურად კი ამ პროგრამას განათლების დონის ზრდასთან კავშირი არ ჰქონია.

- ფაქტია, რომ სიღარიბის დაძლევა ბახტაძემ მის შემცვლელს გადაულოცა. ეს ისეთი მძიმე მემკვიდრეობაა, რომლის დაძლევა ვერც ერთმა პრემიერმა ვერ შეძლო. - ვიდრე სიღარიბეზე ვისაუბრებთ, ბახტაძის რამდენიმე პოპულისტური გადაწყვეტილება გავიხსენოთ. მათ შორის ერთ-ერთი პურის ფასის ზრდას შეეხებოდა, როცა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, ფასების ზრდის მიზეზები შეესწავლათ და ისიც მეცხრე თვეა იკვლევს. არადა, ყველამ ვიცით, რომ პურის ფასის ზრდის მიზეზი გაუფასურებული ლარი და ფქვილზე გაზრდილი ფასია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თითქმის 3-ლარიან ნიშნულს სწორედ მისი პრემიერობის დროს მიუახლოვდა.

ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი პრემიერობისას ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა იყო, რაც ასევე საკამათო თემაა, განსაკუთრებით ბიუროკრატიულ ხარჯებს, სამოხელეო სექტორში კორუფციის დონის 50%-იან ზრდასა და ქრთამის აღების ფაქტებს თუ გავიხსენებთ.

სიღარიბის მთავარ მიზეზად ბახტაძე ასახელებს იმპორტზე კატასტროფულ დამოკიდებულებას, რაც, ვფიქრობ, შუა აბზაციდან გაგრძელებული ტექსტია. სიღარიბისა და მოსახლეობაში შემოსავლების დაბალი დონის მთავარი მიზეზია არასწორი ეკონომიკური რეგულაციები და ის, რომ წარმოების საშუალებები, ეკონომიკური აქტივები სახელმწიფოს ბალანსზე ნულოვანი ღირებულებითაა დაკონსერვებული და მთავრობა მათი გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს მოქალაქეებს, რათა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ დოვლათს ქვეყანაში.

ერთადერთი, რაც დადებითად უნდა შევაფასოთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 13-იდან 4,5%-მდე შემცირებაა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ექსპორტი, რაც კარგია, თუმცა რუსეთზე დამოკიდებულებისა და მცირე სასაქონლო ჯგუფების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ქვეყანა გამოწვევის წინაშე დგას. მიმდინარე ანგარიშის კიდევ ერთი მუხლი, ინვესტიციები, მნიშვნელოვნად მცირდება, რაც ქვეყნის დაბალ ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს. იმატებს უცხოური დახმარებები და გრანტები, რაც საგარეო მხარდაჭერაზე კი მიუთითებს, მაგრამ იმასაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებებზე ვხდებით დამოკიდებული.

ახალი სადღეგრძელო ძველი ჭიქით?!

- გახარიას გაპრემიერება რა გზავნილია ბიზნესისთვის?

- თუ ახალი პრემიერის მომავალი საქმიანობის პოზიტიურ სცენარს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გამოცდილება, როგორც ყოფილი ბიზნესომბუდსმენის, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, მნიშვნელოვანი იქნება სწორი ეკონომიკური განვითარებისთვის. მას ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა.

შეუძლებელია შედეგიანი პოლიტიკის წარმართვა, თუ ქვეყანა ეკონომიკურად განუვითარებელია. ეკონომიკურად დაბალგანვითარებულ და ღარიბ ქვეყანაში შეუძლებელია იყო წარმატებული პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე. რაც უფრო ღარიბი და სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, მით მეტად ძალადობს მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.

გახარიას თავისი პიროვნული თვისებებიდან, წარსული გამოცდილებიდან და ძალაუფლებიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარდაქმნები მოახდინოს ქვეყანაში. რამდენად მოხდება ეს და ხომ არ იქნება ახალი პრემიერი არა მარტო პარტიული პოლიტიკის გამტარებელი, მომავალი თვეები გვიჩვენებს. ამასთან, მმართველ ძალას ერთ-ერთი ბოლო შანსი აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო არჩევნები მის ძალაუფლებას შეასუსტებს და იქნებ მმართველობასაც ჩამოაშოროს.

20 ივნისის მოვლენების შემდგომ გახარიას საზოგადოებაში რეპუტაციის გამოსწორების დიდი შესაძლებლობა აქვს, კერძოდ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმებით. რამდენად მოახერხებს ანდა არის თუ არა მხოლოდ არჩევნების მოსაგებად დანიშნული კადრი, მალე ვნახავთ.

- მან ახალი სამთავრობო პროგრამა განსახილველად უკვე წარმოადგინა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც არის განხილული. - ამ პროგრამის ეკონომიკური განვითარების ნაწილში წერია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუმცა თქმასა და ქმნას შორის დიდი განსხვავებაა. შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, უამრავი სამთავრობო ეკონომიკური გეგმა დაწერილა, თუმცა სადღეგრძელოდ ნათქვამი სადღეგრძელოდვე რჩებოდა. ამ დოკუმენტში აღნიშნულს სრულად ვიზიარებ და ეკონომიკური განვითარების მთავარი ფორმულაც ეს არის - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში". თუმცა რამდენად ესმის მთავრობას ამ წინადადების შინაარსი და რამდენად რეალობად აქცევს ამას, სხვა საკითხია. დღემდე რასაც ვხედავთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი საპირისპიროს აკეთებს, მაქსიმალურად ზღუდავს ბაზარს და სახელმწიფო სექტორის გაზრდას ცდილობს.

ეკონომიკური ნაწილის შეფასებისას უნდა ითქვას, რომ ყველა არსებულ პრობლემაზე ყურადღება გამახვილებულია, შემდეგ კი მოდის კეთილი სურვილები, რომ ეს საკითხები დადებითად გადაიჭრება, შემუშავდება, დაინერგება და ა.შ., მაგრამ, როგორც წესი, არც ამ პროგრამაშია პასუხი მთავარ შეკითხვაზე - როგორ? არსად წერია, როგორ აპირებს მთავრობა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც ამ დოკუმენტს არარეალისტურსა და ბუნდოვანს ხდის. მაგალითად, დასაქმების ნაწილში საუბარია შრომის ბაზრის კვლევაზე, მოთხოვნა-მიწოდების შესწავლასა და სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის მჭიდრო კოორდინაციაზე, რაც არაფრისმთქმელი პროგრამაა. რა საჭიროა დამატებითი კვლევა-ძიება და ბიუჯეტის ფულის ფლანგვა, როცა დასაქმების პრობლემებს კვლევის გარეშეც ვხედავთ. როცა მთავრობა ერთსა და იმავე დოკუმენტში ჯერ წერს თავისუფალი ბაზრის განვითარებაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების ეფექტიან გამოყენებასა და კერძო სექტორის განვითარებაზე, რაც, თავის მხრივ, უკვე ნიშნავს წარმოებისა და ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაშინ დასაქმებისა და სხვა პუნქტებში ჩაწერილი მსგავსი ციტატები რა საჭიროა? ეს იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ დოკუმენტი შეიქმნა დოკუმენტისთვის და შიგნითაც პოპულისტური ფრაზები ჩაიწერა. თუ ასე განაგრძეს, შორს ნამდვილად ვერ გაფრინდებიან და რეალობა, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ, უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეიცვლება.