როგორ უნდა "დამუხრუჭდეს" ფასების ზრდა
16-09-2019
როგორ უნდა "დამუხრუჭდეს" ფასების ზრდა
ექვსი მიზეზი, რომელიც დღეს ხელს უშლის ეკონომიკას

ხელისუფლებას სიღარიბესთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე ფასები პროდუქტებსა და წამლებზე ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ კიდევ მეტ მოქალაქეს უჭირს თავის გატანა მცირე შემოსავლებით. ყველა კვლევით, წლის ბოლოს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი მიზნობრივს, სულ ცოტა, ორჯერ გადააჭარბებს, თუმცა რეალურად ფასების ზრდა, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნებზე, გაცილებით მაღალი და მოსახლეობისთვის ბევრად მტკივნეული იქნება. დაკვირვებული თვალი დიდი ხნის წინ შენიშნავდა, რომ ბოლო რამდენიმე მთავრობა უჩვეულოდ
კმაყოფილია საკუთარი საქმიანობით, ექსპერტები კი ხელისუფლებას სწრაფი ქმედებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიღარიბე ქვეყანაში შემცირების ნაცვლად, უფრო დრამატულ ფორმებს მიიღებს.

სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი: - სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როცა ფასების ზრდა აბსოლუტურად ყველა ოჯახს შეეხო. მეტსაც გეტყვით, ეკონომისტებს წესად გვაქვს, არ შევაფასოთ მოვლენები მეტისმეტად
მუქად, დრამატულად და ამით ხელი არ შევუწყოთ ვითარების გამძაფრებას, მაგრამ იმ მონაცემებთან შედარებითაც კი, რომელთაც ქვემოთ მოვიყვან, რეალობა გაცილებით მძიმეა.
ავიღოთ საშუალო შინამეურნეობა. არსებული ინფლაციური პროცესების გამო მათი ყოველთვიური ხარჯი, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც, 60 ლარით გაიზარდა, საიდანაც 45 ლარი სურსათზე მოდის, ამ 45-დან კი 38 ლარი - ისეთ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, რომელთა გარეშეც ოჯახს არსებობა არ შეუძლია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან მაღალია საშემოსავლო დიფერენცირება და ბევრ ოჯახს არა აქვს საშუალება, ინფლაციურ ტემპს მისდიოს, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ბოლო ერთ წელიწადში ოჯახების 40%-ისთვის არსებითად გაუარესდა კვების რაციონი - მაგალითად, ხორცის ნაცვლად გადავიდნენ პურსა და შაქარზე, ან გაუარესდა მათი კეთილდღეობა და მნიშვნელოვნად შეამცირეს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარება.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ საქართველო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის "ლიდერია" ადამიანური განვითარების ინდექსსა და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის სხვაობით - ანუ საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით 45-46 ერთეულით უსწრებს ეკონომიკურ განვითარებას.

რამდენიმე წლის მონაცემები რომ შევადაროთ და ათვლის წერტილად 2012 წელი ავიღოთ, ვნახავთ, რომ საქართველოში საშუალო პენსიაც გაიზარდა და საშუალო ხელფასიც, მაგრამ მსყიდველობითი უნარის მიხედვით შესამჩნევია პენსიის ჩამორჩენა ხელფასზე. მაგალითად, 2012 წელს პენსია თუ ხელფასის 17,5% იყო, ახლა 16,5%-ია. თითქოს 1%-იანი შემცირება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ არსებითია, რომ პენსიონერთა ბიუჯეტი, პირველ რიგში, მიემართება იმ საქონლის შესაძენად, რომლის ფასებიც უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი პროდუქციისა. ფაქტობრივად, ვიღებთ სანდვიჩის ეფექტს - პენსიონერთა პენსიები საშუალო ხელფასზე ნაკლებად გაიზარდა, მაგრამ ფასები იმ სასურსათო კალათაზე, რომელსაც პენსიონერები მოიხმარენ, უფრო მეტად გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით აგვისტოში (წინა წლის აგვისტოსთან შედარებით), მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში
ინფლაცია 4,9%-ს შეადგენდა. იმავე სტატისტიკით, მხოლოდ სურსათზე ფასების ზრდა 8%-ია, მაგრამ ამ სურსათში მხოლოდ პირველადი მოხმარების საქონლის ზრდა 12,2%-ს აღწევს!
ფაქტობრივად, რაც უფრო აუცილებელი და გადაუდებელია სამომხმარებლო საქონელი, მასზე ფასები მეტად და სწრაფად იზრდება.

- ფასების ზრდას რომ ლარის გაუფასურება იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციას მოვიხმართ, ყველასთვის გასაგებია, ხოლო რასაც ადგილობრივად ვაწარმოებთ, ნედლეულის ყიდვა მაინც უცხოურ ვალუტაში საზღვარგარეთ გვიწევს. შეგიძლიათ თუ არა ეკონომისტებს დაგვისახელოთ ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადადგას როგორც გადაუდებელი ღონისძიება, რათა ინფლაციამ უკიდურეს სიღარიბეში კიდევ მეტი მოქალაქე არ ჩააგდოს?
- ექვსი ძირითადი მიზეზი შემიძლია დაგისახელოთ, რაც დღეს ქვეყანაში ლარის გაუფასურებას იწვევს: პირველი სისტემურია, რომელსაც ხელისუფლება გვერდს ვერ აუვლის და ეს არის საქართველოს ეკონომიკის ზოგადი სისუსტე, მისი მცირე ზომა. შედარებისთვის, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მილიარდერის აქტივებს რომ შევადაროთ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მხოლოდ 76-ე ადგილზე აღმოჩნდებოდა. გამოდის, მსოფლიოში 75 მილიარდერს მეტი აქტივი აქვს, ვიდრე საქართველოს მშპ-ია.

მეორე მიზეზი ინსტიტუციურია. მართალია, ეროვნულ ბანკს კანონით არ ევალება ლარის კურსის დაჭერა და ამისთვის მაინცდამაინც თავს არც იკლავს - როგორც ამბობს, მისთვის მთავარია ინფლაციის მართვა, თუმცა ბოლო დროს ამასაც ვერ ახერხებს. რაც შეეხება მთავრობას, ცნობილი და ყბადაღებული ორგანული კანონის მიხედვით "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ", მთავრობას უფლება არა აქვს ფისკალური მანევრირების საკითხი წამოჭრას - მარტივად რომ ვთქვათ, ახალი გადასახადი შემოიღოს ან მოქმედ გადასახადში გაზარდოს განაკვეთი, გარდა აქციზური განაკვეთისა. გამოდის, ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტიდან, რომლებსაც შეუძლიათ საფინანსო, ფისკალურ სფეროში მოქმედება, ერთი თავს არიდებს ამას, მეორეს კი კანონი არ აძლევს უფლებას. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მანქანამ რომ მუხრუჭისა და უკუსვლის გარეშე იმოძრაოს.

მესამე მიზეზად დავასახელებდი პოლიტიკურ ვითარებას, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ოპოზიციაში ხელისუფლებას სიტყვით უდგას, ხოლო საქმით ქვეყანას. მათი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ეკონომიკის მდგრადობას და საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობას.
კიდევ ერთ მიზეზად დავასახელებდი სტრუქტურულ პრობლემას, როცა საქონლისა და მომსახურების ექსპორტში მეტისმეტი დამოკიდებულება გვაქვს ერთი ქვეყნის ბაზრისა და მომხმარებლების მიმართ. ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყოო, ჩვენ კი შესაშური პერიოდულობით გვიყვარს ფოცხზე ფეხის დადგმა და შუბლის დაზიანება.

არ უნდა დავივიწყოთ კონიუნქტურული პრობლემაც. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ და ვაკრიტიკოთ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები, მათ მიმართ გატარებული ღონისძიებები უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ამ ბანკის რეპუტაციაზე, არამედ საზოგადოდ, საბანკო სექტორზე, ასუსტებს მათი აქტივების კაპიტალიზაციასა და უცხოელ ინვესტორებს სიფრთხილეს აიძულებს.
პირდაპირი კავშირის დანახვა ძნელია, მაგრამ წლეულს უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვნად შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ხაზარაძე-ჯაფარიძესთან დაკავშირებული პროცესებიც უნდა დავასახელოთ.

კიდევ ერთ მიზეზად გამოვყოფ სუბიექტურ ფაქტორს. ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზეზით ლარის გაუფასურება ხშირად ჩქარდება და საბოლოოდ ყველანი წაგებული ვრჩებით, ზოგი მეტად და ზოგიც ნაკლებად. რას ვგულისხმობ? მაკიაველის უთქვამს, სუსტი სახელმწიფო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანობს, ხოლო დაგვიანებით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის დამაზიანებელიაო. ეს ჯერ კიდევ XV საუკუნეში ითქვა, ახლა კი XXI საუკუნეა და იმავე პრობლემას ვაწყდებით. ტენდერებით დაწყებული და საბიუჯეტო სახსრების ათვისებით დამთავრებული გადაწყვეტილებების მიღება ყოვნდება. მხოლოდ შარშან აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების გამო ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით 0,4% დააკლდა. ამ თანხების ათვისების შემთხვევაში ჩვენ 170-180 მილიონი ლარის დამატებული ღირებულება უნდა გვეწარმოებინა და ბიუჯეტში დამატებით 45-50 მილიონი ლარის მობილიზაცია მოგვეხდინა. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმასაც არ ვიყენებთ. როგორც

ამბობენ, ცუდი შემნახველი ქურდზე უარესიაო. ამას უნდა მივხედოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება უფრო გაუარესდება.

- გამოდის, ხელისუფლება თავისი უმოქმედობით სიღარიბის ზრდას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე მის შემცირებას?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოქმედება, დროული გადაწყვეტილებები და მათი აღსრულების ვადების შემცირება მნიშვნელოვნად დააჩქარებდა, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას, ბიუჯეტის შემოსავლების მატებას და მეორე მხრივ, არსებით გავლენას მოახდენდა სიღარიბის შემცირებაზე. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, მისი გადაწყვეტილებები იყოს არა მხოლოდ სწორი, ობიექტური, არამედ სწრაფადაც შესრულდეს. პრობლემაა, რომ ბევრი დაუსრულებელი, შუა გზაზე მიტოვებული საქმე გვაქვს. რამდენი პროექტი დაიწყო ხელისუფლებამ და შემდეგ მიზეზთა გამო მათი აღსრულება შეფერხდა. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები - ან აქეთ, ან იქით!
საზოგადოდ, სიღარიბე საბაზრო ეკონომიკის თანამდევი პროცესია, აშშ-შიც კი დაახლოებით 42 მილიონი კაცი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. თუმცა იქ სპეციალური პროგრამები აქვთ, რათა სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს, გასცემენ სასურსათო ტალონებს, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეები პირველად მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ.

იმ მეთოდიკის მიხედვით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში სიღარიბის დასათვლელად იყენებს, მოსახლეობის 20-21% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. სინამდვილეში ჩვენ გაცილებით მეტი ღატაკი გვყავს. ჩემი შეფასებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს.

ლარის კურსით გამოწვეული ფასების ზრდა ყველაზე მძიმე ტვირთად სწორედ ამ მოქალაქეებს აწვებათ.

ახლა ვნახოთ, რამდენია იმ მოსახლეობის შემოსავლები, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. დღეს ერთი ასეთი ოჯახის შემოსავალი, რომელიც დაახლოებით ოთხი წევრისგან შედგება, 600 ლარს აღემატება. ეს ის თანხაა, რომლითაც ამ ოჯახს თვის განმავლობაში გააქვს თავი, მხოლოდ აუცილებელს - საკვებს­ ყიდულობს და კომუნალურ ხარჯებს ფარავს. როცა ფასები იზრდება და უკეთეს შემთხვევაში (ოფიციალური მოლოდინით) ინფლაციის დონე 7-8%-ს აღწევს, ასეთი ოჯახი იძულებულია, ხარჯები შეამციროს და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე თქვას უარი, ანუ უნდა იშიმშილოს. ეს კი პირდაპირ იწვევს ამ კატეგორიის მოსახლეობის გადასვლას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიგებში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით