მკვლელი ”ბუღალტერია” - კვირის პალიტრა

მკვლელი ”ბუღალტერია”

კვირას, 14 ნოემბერს თელავში, საბითუმო მაღაზია "დელფინის"ერთ-ერთმა მეპატრონემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პაატა პაპალაშვილი ახლობლებმა თავისივე მაღაზიის სარდაფში ჩამომხრჩვალი ნახეს. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა შემოსავლების სამსახურის მიერ მაღაზიის შემოწმება, რაც იმით დასრულდა, რომ მეწარმეს, ფინანსურ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი დარღვევების გამო, ჯარიმა 320 ათასი ლარით განუსაზღვრეს. მაღაზიის კარს შემოსავლების სამსახურის ლუქის კვალი დღემდე ატყვია.

რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიების დასრულებამდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება, თუმცა თელაველები თანამოქალაქის თვითმკვლელობის მიზეზად დაკისრებულ არარეალურად დიდ ჯარიმას ასახელებენ. პაპალაშვილს უთქვამს კიდეც: ამხელა ფულს ვერ გადავიხდი და სხვა გამოსავალი არ მაქვს, თავი უნდა მოვიკლაო.

"ეკოპალიტრა"თელავში, მაღაზია "დელფინის"მიმდებარე ტერიტორიაზე სწორედ იმ დროს მივიდა, როცა კურიერმა შემოსავლების სამსახურიდან, აწ უკვე გარდაცვლილი ბიზნესმენის სახელზე, წერილობითი შეტყობინება მიიტანა. მსგავსი შინაარსის წერილი სხვა დაჯარიმებულმა მეწარმეებმაც მიიღეს.

შემოსავლების სამსახური იტყობინებოდა, რომ ბანკებში დაგირავებული მათი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია და ვიდრე დაკისრებულ ჯარიმებს არ გადაიხდიან, საბანკო ოპერაციებსაც ვერ შეასრულებენ. ჩანს, ჯარიმისგან მეწარმე სიკვდილმაც ვერ იხსნა და დაკისრებული თანხა შესაძლოა მისი ქონების იძულებითი გაყიდვით დაიფაროს.

როგორც თელაველები ამბობენ, პაატა პაპალაშვილი საბითუმო მაღაზია "დელფინს"თელავის ბაზრის ტერიტორიაზე თითქმის ათი წლის განმავლობაში ამუშავებდა და საგადასახადო სამსახურებთან პრობლემები არასდროს ჰქონია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი თელავის რაიონის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე სავაჭრო ობიეტში ერთდროულად შევიდნენ, დარღვევები აღმოაჩინეს და ჯარიმებიც დააკისრეს. ყველაზე დიდი თანხის გადახდა რატომღაც ბიზნესმენ პაპალაშვილს დააკისრეს. მაღაზიას, რომელსაც 70 ათასი ლარის სასაქონლო ნაშთი ჰქონდა, ჯარიმა ასეული ათასებით განუსაზღვრეს.

მეწარმეები ამბობენ, რომ თავდაპირველად თელავის შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა და ჯარიმები დაარიცხა, მოგვიანებით კი მათ მიერ შესრულებული სამუშაო თბილისიდან ჩამოსულმა კოლეგებმა გადაამოწმეს და ჯარიმებიც მნიშვნელოვნად გაზარდეს.

"შემოსავლების სამსახურმა მაღაზია რამდენიმე დღით დაგვილუქა, მაგრამ შემდეგ მუშაობის უფლება ისევ მოგვცეს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ვვაჭრობდით... კვირას, სამუშაო დღე რომ დასრულდა, მაღაზიის გასაღები ბატონ პაატას ჩავაბარე და შინ წავედი. თვითონ მაღაზიაში შებრუნდა. სარდაფში საწყობი გვაქვს და იქ უპოვიათ გარდაცვლილი”, -გვითხრა "დელფინის"ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

"ეკოპალიტრამ"პაატა პაპალაშვილის ბიზნეპარტნიორ გია ბალუაშვილთანაც სცადა გასაუბრება, თუმცა მან მოგვიბოდიშა: ძალიან ცუდად ვარ პაატას ამბის გამო და ვერაფერს გეტყვითო. კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.

შემოსავლების სამსახურთან შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, ღიად საუბარს სხვა დაჯარიმებული მეწარმეებიც ერიდებიან, თუმცა შიშობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ამგვარმა რეკეტმა, პაპალაშვილის მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა გაკოტრების პირას მყოფ სხვა ბიზნესმენებს მიაღებინოს. კახეთში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს სახელმწიფო უწყებებისგან შევიწროებული მეწარმის თვითმკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. ორიოდე თვის წინ თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ღვინის ქარხნის ერთ-ერთმა მეპატრონემ მოიკლა თავი.

"დამიჯერეთ, ჩვენც გვინდა, ყველა გაყიდული პროდუქცია დავასაბუთოთ, მაგრამ ამის ტექნიკური საშუალება არ გაგვაჩნია. მთელი მაღაზია ერთიან კომპიუტერულ სისტემაში რომ მოვაქციო, სულ მცირე, 20 ათასი დოლარი მჭირდება. ამ პირობებში კი, როდესაც ვაჭრობა ათჯერ და მეტად არის შემცირებული, ამის საშუალება არ გვაქვს. ყველა სალარო აპარატი კომპიუტერთან უნდა იყოს მიერთებული, კადრებსაც გადამზადება სჭირდება, რადგან კომპიუტერით სარგებლობა ბევრმა არ იცის.

როცა კონკრეტული ფასი ეტიკეტზე მიწერია, რატომ მივყიდი ერთ მომხმარებელს ამ ფასად და სხვას -სხვა ფასად? შემოსავლების სამსახური კი ყოველი გაყიდული საქონლის ზედდებულით დასაბუთებას ან კომპიუტერში გატარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმებსა და საურავებს გარიცხავენ. საოცარია, რომ ჯარიმის ოდენობა ხუთ წელწიდაზე მრავლდება და ისეთი კოლოსალური თანხა გამოდის, რომ ზოგს მთელი მუშაობის განმავლობაში არ ჰქონია ამდენი ფული”, -გვითხრა ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე შეამოწმა შემოსავლების სასახურმა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 120 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

"სეტყვასავით დაგვატყდება ხოლმე თავს ეს შემოსავლების სამსახური. "დასეტყვავენ"რამდენიმე ობიექტს, დააკისრებენ ჯარიმებს, საურავებს და შემდეგ ცოტა ხნით გაეცლებიან იქაურობას. ობიექტებიდან ამოღებული ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა და დამუშავება თბილისში ხდება. მეც შემამოწმეს და 140 ათასი ლარის ჯარიმა დამაკისრეს. რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გავასაჩივრე, მაგრამ იქ იმდენი საქმეა შესული, არ მაქვს დადებითი გადაწყვეტილების იმედი. საგადასახადო კოდექსი ისე აქვთ მორგებული თავიანთ ინტერესებზე, რომ კანონებს, როგორ განმარტებასაც უნდათ, ისეთს აძლევენ.

გეტყვიან, ნაშთი არ გაქვს სწორად ნაჩვენებიო და ასეთ ვითარებაში საკუთარი სიმართლის მტკიცება აბსურდია. აიღებენ რომელიმე ერთი სახეობის საქონელს და ასაღებ ფასად კი არ გიანგარიშებენ მის ღირებულებას, არამედ საბაზრო ფასში და იქვე შემოგედავებიან, რომ ხარჯები არასწორად გაქვს ნაჩვენები. ესეც დაჯარიმების საბაბი! ღვინის ქარხნებსაც დაერივნენ, განსაკუთრებით მათ, ვინც წლეულს ყურძნის ჩაბარებაზე უარი თქვა. ლექსაც კი ღვინოში უთვლიან მეწარმეებს და თუ ფინანსურ დოკუმენტაციაში არ აქვთ აღრიცხული, აჯარიმებენ.

დღეს თუ კაცს ბიზნესი სამთავრობო დონეზე არ გაქვს, ხელი არ უნდა მოჰკიდო. ისეთი განუკითხაობაა, თავის მოკვლა მოგინდება. იყო შემთხვევა, როცა შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთ მეწარმეს დარღვევა ვერ აღმოუჩინა, მაგრამ "ზემოდან"ჰქონდათ დავალებული და 600 ათასი ლარი მაინც დაარიცხეს. ოთხჯერ გაასაჩივრა სასამართლოში, მაგრამ იმასაც ვერ მიაღწია, რომ შემოსავლების სამსახურს განემარტა, რა დარღვევებისთვის აჯარიმებდნენ.

ადრე თუ კარგ ადგილას კომერციული ფართის შოვნა სანატრელი იყო, დღეს ყველა კეტავს ბიზნესს და ყოველ ას მეტრში შეხვდებით მაღაზიებს, რომლებსაც აწერია, რომ ქირავდება. აღარ უნდათ ბიზნესის კეთება, რადგან ყველაფერი სახელისუფლებო წრეების გავლენის ქვეშ მოექცა.

მაგალითად, რამდენიმე თვის განმავლობაში შაქრის იმპორტი საქართველოში მონოპოლიზებული იყო და ერთი ტომრის ფასი 43 ლარიდან ექვს თვეში 90 ლარამდე გაიზარდა. ახლა ბაზარზე შაქრის 4-5 იმპორტიორია, მაგრამ ფასის დაწევა უკვე შეუძლებელია. კვირაში ერთხელ ფასები სურსათსა და სხვა საქონელზე საშუალოდ 3-4%-ით იზრდება, რადგან საგადასახადო წნეხის გამო სულ უფრო მცირდება იმპორტიორთა რაოდენობა. საქართველოში საქონლის შემოტანა აღარავის უნდა, რადგან ოფიციალური რეკეტი ხორციელდება, მთავრობა როდის ჩაგიყოფს ხელს ჯიბეში და ამოგაცლის უკანასკნელ კაპიკებს, არავინ იცის.

ჯერ ისედაც იმის შიშით არ გვძინავს, ბანკმა არ წაგვართვას ის ქონება, რაც გირაოს სახით გვაქვს ჩადებული, რადგან ყველას სესხი გვაქვს გამოტანილი. ახლა კიდევ ეს საგადასახადო გვაგდებს ასეთ პიროებებში.

ხალხი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ხვნა-თესვის დროა და კახეთში მიწების 10%-იც არ არის დამუშავებული. დაუმუშავებელ სავარგულებზე კი ხელისუფლება გლეხებს ჯარიმებს დააკისრებს და აიძულებს, რომ უცხოელებს მიჰყიდონ”, -გვითხრა კიდევ ერთმა თელაველმა მეწარმემ.

როგორც "ეკოპალიტრამ"ადგილობრივებისგან შეიტყო, შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმებული მეწარმეების დიდი ნაწილი საბიუჯეტო ვალის დასაფარავად იძულებულია, საკუთარი უძრავი ქონება გაყიდოს, ამიტომ თელავში დღეს საკმაოდ ბევრი ბინა და კომერციული ფართი იყიდება. დაჯარიმების შემდეგ, თვითმკვლელობამდე ბიზნესმენი პაატა პაპალაშვილიც ყიდდა თურმე სახლს, მაგრამ ჯარიმის დაფარვას მთელი მისი ქონებაც არ ეყოფოდა.