დიდი ავიაცია პატარაობიდან იწყება - კვირის პალიტრა

დიდი ავიაცია პატარაობიდან იწყება

საქართველოშიც და მსოფლიოშიც კვალიფიციური მფრინავების დეფიციტია

ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია "აირზენამ"სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა - "გახდი ავიატორი "აირზენასთან"ერთად”. ბავშვებმა უნდა წარადგინონ როგორც ინდივიდუალური, ასევე შესაძლოა გუნდური ნამუშევრებიც. შეიძლება იყოს ნახატი, პლასტელინისგან გამოძერწილი ან სხვა მასალით შესრულებული თვითმფრინავის მოდელი, ავიაკომპანიის კუთვნილი "ბოინგების"ფერებში გადაწყვეტილი. "აირზენაში"განმარტავენ, რომ სამოქალაქო ავიაცია ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგია, ამიტომ ინტერესი ჯერ კიდევ პატარებს უნდა გავუღვივოთ. კონკურსის მიზანიც სწორედ ეს არის.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ თუ მონაწილეთაგან ერთი ბავშვი მაინც ავიაციასთან დაკავშირებულ პროფესიას აირჩევს, კონკურსის მისია შესრულებული იქნება. გამარჯვებული ნამუშევრები საახალწლოდ გამოვლინდება და ავტორები ფულადი და სხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. მანამდე კი ავიაკომპანიის წარმომადგენლები სკოლებში აწყობენ საინფორმაციო შეხვედრებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ცოტა ხნის წინ თბილისის 1-ელ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.

ბავშვების შეკითხვებს ავიაციის შესახებ "აირზენას"პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მფრინავი და ბორტგამცილებელი პასუხობდნენ - როდის და სად შეასრულა პირველი რეისი კომპანიამ? როდის შეიქმნა პირველი თვითმფრინავი? რამდენ რეისს ასრულებს ავიკომპანია ყოველდღიურად? რა სიგრძის არის "ბოინგი”? ბავშვებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი შარშანდელი კონკურსის შესახებ.

ნინო გიორგობიანი (ავიაკომპანია "აირზენას"პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): "ამგვარ შეხვედრებს კონკურს "გახდი ავიატორის"ფარგლებში ვაწყობთ. ბავშვებს ავიაციის შესახებ ვუყვებით, მეტ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს კომპანიაზეც. ჩვენი მიზანია მომავალ თაობებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგის, ავიაციის პოპულარიზება. 1-ელი კლასიკური გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებთან შესახვედრად ჩვენი პილოტი და ბორტგამცილებელი მოვიყვანეთ. ისინი უხსნიან ბავშვებს, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, ესაუბრებიან ავიაციაზე.

საინფორმაციო შეხვედრები თბილისის სხვა სკოლებშიც გავმართეთ. პროექტის ფარგლებში ბავშვებს აეროპორტში მოვუწყობთ ექსკურსიას, მათ ნაწილს ბათუმში გადავაფრენთ. ამ სფეროში ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა გვინდა, ქართულ ავიაციას ახალი თაობა სჭირდება. კონკურსის მიმართ დიდი ინტერესია რეგიონებში, მაღალმთიანი რაიონებიდანაც გვირეკავენ და ნამუშევრების ჩამოტანის სურვილს გამოთქვამენ”.

ლუკა გაბისონია (V კლასის მოსწავლე): "პატარაობიდან ვხატავ და საკმაოდ კარგად გამომდის. ამიტომაც გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა და "აირზენას"თვითმფრინავის დახატვა. კარგი გამოვიდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვნახოთ, რას გადაწყვეტს ჟიური. ამ შეხვედრისთვის კი მე და ჩემი კლასელი გიორგი ავალიშვილი ერთად მოვემზადეთ. ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია თვითმფრინავების შესახებ, მაგრამ ზოგი კითხვის პასუხი ინტერნეტში ვერ ვიპოვეთ და გვინდა მფრინავისგან გავიგოთ”.

ოლია სუდაძე (ავიაკომპანია "აირზენას"ბორტგამცილებელი): "ბავშვებთან რომ მოვდიოდი, ეს ამბავი ძალიან მახარებდა, მაგრამ თან ვნერვიულობდი, დღევანდელი თაობა განვითარებული და ინფორმირებულია. მაგალითად, მკითხეს, როგორ ვამშვიდებ იმ მგზავრებს, ვისაც ფრენის ეშინია... ჩემს მგზავრებს შორის ხშირად ბავშვებიც არიან, ისინიც ჩვეულებრივი მგზავრები არიან და ჩვეულებრივად ვემსახურებით.

მიმაჩნია, რომ პერიოდულად სკოლებს ყველა პროფესიის ადამიანები უნდა სტუმრობდნენ და ბავშვებს თავიანთ საქმიანობაზე ესაუბრებოდნენ. საქართველოში ახლა მფრინავების დეფიციატია, თუმცა არსებობს კარგი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც პროფესიონალების მომზადება შესაძლებელია, ამიტომ რაც შეიძლება, უნდა დავაინტერესოთ ბავშვები, რათა მეტი ადგილობრივი კადრი აღიზარდოს”.

ბექა ონიკაშვილი (კომპანია "აირზენას"მფრინავი): "ძალიან ვცდილობდი, ჩემი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ ბავშვებისთვის რაც შეიძლება გასაგებ ენაზე მესაუბრა და მგონი, გამომივიდა. ერთმა მკითხა, თვითმფრინავის ძრავა როგორ იქოქებაო. ეს პროცესი თავისთავად რთულია და ამის ახსნა ბავშვისთვის გასაგები ენით მით უფრო ძნელია. მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი მფრინავობაზე, თუმცა ამ პატარების მსგავსად არასდროს მქონია ავიაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის, ან მსგავს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ამგვარ კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს სტრატეგიული დარგია და საერთოდაც, მსოფლიოში კვალიფიციური მფრინავების დეფიციტია. ბავშვების უმრავლესობამ დაინტერესება გამოავლინა ავიაციის მიმართ და თუ ერთი მაინც აირჩევს სამომავლოდ ამ პროფესიას, მივიჩნევთ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი შესრულდა”.