ოქროს იდეა საკონტროლო ნაშრომიდან - კვირის პალიტრა

ოქროს იდეა საკონტროლო ნაშრომიდან

როგორ ავიდა სტენფორდელი ასპირანტი 500 დოლარიდან 11 მილიარდამდე

40 წლის წინ ფილიპ ნაიტი მიხვდა, რომ ბოტასების აზიაში შეკერვა და ამერიკაში გაყიდვა სარფიანი იქნებოდა. დამწყებმა ბიზნესმენმა ამ იდეაში 500 დოლარი დააბანდა და სპორტულ ფეხსაცმელს თავისი მანქანის საბარგულიდან ყიდდა. 1971 წელს გაჩნდა ლოგო და სახელწოდება ”ნაიკი” (Nike). სამი წლის შემდეგ ჩოგბურთელმა ჯიმი კონორსმა უიმბლდონის ტურნირი სწორედ ”ნაიკის” ბოტასებში გამოწყობილმა მოიგო. 1979 წელს კი კომპანიამ ე.წ. ჰაერბალიშის მქონე პირველი ბოტასები გამოუშვა. ”ფორბსის” შეფასებით, 2010 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 72 წლის ფილიპ ნაიტი 62-ე ადგილზეა. მისი ქონება 11,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ნაიტი აღარ არის კომპანიის პრეზიდენტი და აღარც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზეა, რომელიც 30 წელიწადზე მეტხანს ეკავა. თუმცა მართვას მთლიანად არ ჩამოშორებია და კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად რჩება. მისი წყალობით ”ნაიკი” დღეს სპორტული სამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებლებს შორის ლიდერობს.

ნაიტის ხელმძღვანელობისას ”ნაიკი” მსოფლიო ბრენდად იქცა მარტივი, მაგრამ ცნობილი სლოგანით ჟუსტ დო იტ. ფილ ნაიტის პირადი კონტაქტების წყალობით მოიზიდა ”ნაიკმა” სარეკლამო კამპანიებში პირველი კლასის სპორტის ვარსკვლავები - კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, გოლფის ვარსკვლავი ტაიგერ ვუდსი, ჩოგბურთელი სირენა უილიამსი. ნაიტი პირადად აკონტროლებდა კომპანიის ყველა განყოფილებას და ყველაზე წარმატებული სტრატეგიების ინიციატორიც თავად გახლდათ.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ერთგვარი სტანდარტიც კი დაამკვიდრა თავისი გასაოცარი სარეკლამო კამპანიებით, თურმე ძლივს დაითანხმეს რეკლამაზე. ”მივეჩვიე ფიქრს, რომ კარგი პროდუქცია თვითონ ყიდის თავის თავს, - აღიარებს ნაიტი, რომელმაც, კომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობის მსგავსად, საფირმო ემბლემა მარცხენა ფეხზე ამოისვირინგა, - როცა პირველად მივედი ჭიედენ ანდ Kennedy-ში (სარეკლამო სააგენტო პორტლენდში), პირდაპირ ვუთხარი: ”არ მომწონს რეკლამა”. და ის დღემდე არ მომწონს...” ყვებიან ამ ისტორიის სხვაგვარ ვერსიასაც: 1982 წელს, როცა ნაიტი სააგენტოს ზღურბლზე გამოჩნდა, მისი პირველი სიტყვები იყო: ”გამარჯობა. მე ფილ ნაიტი ვარ და რეკლამა მძულს”.

ნაიტი ბევრჯერ გახდა სკანდალებისა და კრიტიკის სამიზნე, თუმცა ამას კომპანიის წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. კომპანია მსოფლიო ბაზრის თითქმის მეოთხედს აკონტროლებს, თუმცა ამაზე შეჩერებას არ აპირებს - მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრია ადამიანი, ვისაც ”ნაიკის” ბოტასები ერთხელაც არ ჩაუცვამს.

იდეის დაბადება

ფილიპ ჰემონდ ნაიტი ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში დაიბადა. სტუდენტობისას ფილიპი მორბენალი იყო და ერთ-ერთ საუკეთესო - ორეგონის უნივერსიტეტის მძლეოსანთა გუნდში ირიცხებოდა. მეტსახელიც შესაფერისი ჰქონდა - ”ირემი” და საკმაოდ კარგი შედეგებიც, მაგრამ ის უფრო შრომისმოყვარე სპორტსმენად მიაჩნდათ, ვიდრე ნიჭიერად.

მწვრთნელ ბილ ბოუერმანს, რომელმაც 19 ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდა, ფილიპი საცდელი კურდღელივით ჰყავდა, მასზე ცდიდა სარბენი ფეხსაცმლის სრულყოფის იდეებს. მაშინ ამერიკული სპორტული ფეხსაცმელი იაფი ღირდა, სულ რაღაც 5 დოლარი, მაგრამ ძალიან უხეში იყო. ზოგჯერ სპორტსმენებს ვარჯიშისას ფეხები უსისხლიანდებოდათ. გერმანული კომპანიები 30 დოლარად სთავაზობდნენ უფრო მოსახერხებელ ბოტასებს, მაგრამ არც მათი ხარისხი იყო ბევრად უკეთესი.

1959 წელს ნაიტმა ორეგონის უნივერსიტეტი დაამთავრა და ჟურნალისტის დიპლომი მიიღო. ერთი წლით ჯარში წავიდა, იქიდან დაბრუნებულმა კი სტენფორდში, ასპირანტურაში ჩააბარა. სტენფორდმა ფილის ცხოვრება სრულიად შეცვალა. მან ბოლოს და ბოლოს წიგნების კითხვა დაიწყო და არამარტო სპორტის შესახებ.

საბოლოოდ ისე გააფართოვა თავისი თვალსაწიერი, რომ უშუალოდ სემინარზე გამოიგონა ”ნაიკის” კონცეფცია. ლექტორმა სტუდენტებს ახალი ბიზნესიდეის მოფიქრება დაავალა, მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ მიზანი და მარკეტინგული გეგმა. საკონტროლო ნაშრომში საკმაოდ გრძელი სათაურით - ”შეუძლია თუ არა იაპონური წარმოების სპორტულ ფეხსაცმელს იგივე დამართოს გერმანიაში წარმოებულს, რაც იაპონურმა ფოტოაპარატებმა დამართეს გერმანულს?” - ნაიტმა აღწერა, როგორ გაყიდდა იგი ამერიკაში მაღალი ხარისხის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელსაც იაპონიაში დაამზადებდნენ, სადაც სამუშაო ძალა გაცილებით იაფი იყო.

”სწორედ ის სემინარი გახდა ჩემი ბიზნესის სასტარტო წერტილი, - იხსენებდა ნაიტი, - ვწერდი საკონტროლო ნაშრომს და ვხვდებოდი, რომ ამის კეთება ნამდვილად მინდოდა”.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ნაიტმა მამას გაუწია ანგარიში და ”ნამდვილი საქმით” დაკავდა - საბუღალტრო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. თუმცა მანამდე იაპონიაში მაინც გაემგზავრა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ჩამოაყალიბა ნაიტმა თავისი ბიზნესის ფილოსოფია, რომელსაც იაპონური ელფერი დღემდე დაჰკრავს. მაგალითად, ნაიტის ოფისში სტუმრობისას სტუმრები ფეხზე იხდიან, თუნდაც ”ნაიკის” ეცვათ.

ნაიტმა იაპონიაში კობეს ფეხსაცმლის ქარხანა ”ონიცუკა” მოინახულა, სადაც ”ტაიგერსის” ბოტასებს ამზადებდნენ - მაშინდელ ”ადიდასებზე” უკეთესს. ნაწარმის დაბალმა თვითღირებულებამ ნაიტზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის მწარმოებელს შეუთანხმდა ”ტაიგერსის” ამერიკაში გავრცელებაზე და ამისთვის თვალის დაუხამხამებლად გამოუცხადა იაპონელებს, რომ მსხვილ ამერიკულ სადისტრიბუციო კომპანიას წარმოადგენდა.

ამერიკაში 1964 წელს დაბრუნებულმა ფილიპმა იაპონური სპორტული ფეხსაცმლით ვაჭრობა პირდაპირ სპორტულ შეჯიბრებებზე გააჩაღა. საქონელს თავისი მწვანე სატვირთოს საბარგულიდან ყიდდა. პროდუქციას მშობლების ავტოსადგომში ინახავდა. პირველი პარტიის ღირებულების დასაფარავად ფილმა და მისმა მწვრთნელმა ბილ ბოუერმანმა 500-500 დოლარი დადეს. ასე გაჩნდა კომპანია Blue Ribbon Sports-ი - ”ნაიკის” წინამორბედი.

თავიდან ნაიტ-ბოუერმანის ბიზნესი არცთუ წარმატებული იყო. დღისით ნაიტი ბუღალტრობდა და სტენფორდში ასწავლიდა, მაგრამ არც ვაჭრობას ანებებდა თავს. დარწმუნებული იყო, რომ მის იაფ, მაგრამ მაღალი ხარისხის სპორტულ ფეხსაცმელს ბაზრის ლიდერების დამარცხება შეეძლო. 1969 წელს, როცა ძუნძულით სირბილი მოდური გახდა, ნაიტმა მილიონი დოლარის ბოტასი გაყიდა, თუმცა დიდი მოგება მაინც არ უნახავს.

პიროვნების სპორტული კულტი

1971 წელს ნაიტმა ბუღალტრობას თავი დაანება და მთლიანად თავის ბიზნესზე გადაერთო. ის მიხვდა, რომ კომპანიას, რომელიც ასე თუ ისე უკვე ფეხზე იდგა და იაპონელებთან კონტრაქტიც აღარ აკავშირებდა, ახალი სახელი და ლოგო სჭირდებოდა. ჯეფ ჯონსონმა, ნაიტის მეგობარმა მორბენალთა გუნდიდან და Blue Ribbon Sports-ის პირველმა თანამშრომელმა, გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს სახელი შესთავაზა ბერძნული მითოლოგიიდან (ინგლისურად იკითხება, როგორც ”ნაიკ”). ახალი ლოგო კომპანიამ 35 დოლარად დაარეგისტრირა. ამ ხვეულას კომპანიაში შწოოსჰ-ს ეძახიან, რაც ჰაერის გაპობის ხმას აღნიშნავს.

მეტად ეფექტური აღმოჩნდა ბილ ბოუერმანის ლამის ნიუტონისებური მიგნება. მან საუზმობისას მოიფიქრა რეზინის ჩადება ვაფლის საცხობ რკინის ყალიბში და ასეთი ძირით სპორტული ფეხსაცმლის დამზადება. ”ნაიკის” ბოტასების ”დებიუტი” 1972 წელს იუჯინში, ორეგონის შტატში, ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე მოეწყო. ამ მომენტიდან დაიწყო კომპანიის ნამდვილი წარმატება. იმ წელიწადს ”ნაიკმა” 3,2 მილიონი დოლარის ბოტასი გაყიდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები ყოველწლიურად ორმაგდებოდა.

1984 წელს კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა 21 წლის კალათბურთელ მაიკლ ჯორდანთან, რაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი უჯდებოდა, სამაგიეროდ, უკვე ყოველი ამერიკელი ბიჭი ოცნებობდა ისეთ ბოტასებზე, როგორიც ჯორდანს ეცვა. ნაიტის აღიარებით, ასეთი შედეგი თავადაც არ გაუთვლიათ. რა თქმა უნდა, გაყიდვის ზრდას ელოდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დიდი კალათბურთელის სახე კომპანიის კულტურის ნაწილი გახდებოდა.

ეს სიახლე იყო - ჯორდანთან კონტრაქტის დადება და ხალხის კერპად მისი გადაქცევისთვის უამრავი რესურსის დახარჯვა. სპორტსმენი ცოცხალ ლეგენდად იქცა. ასე დამკვიდრდა სპორტში პიროვნებების კულტი, რაშიც ”ნაიკმა” მთავარი როლი შეასრულა.

”ნაიკის” რეკლამებში თითქმის არასდროს ასახელებენ კომპანიის პროდუქციას. ზოგჯერ მისი სახელწოდებაც არ წარმოითქმის. არადა, სწორედ რეკლამით გახადა ”ნაიკმა” თავისი პროდუქცია მომხმარებლისთვის საოცნებო. სტატისტიკის თანახმად, 30 წლის წინ ერთ ამერიკელ მოზარდზე ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი მოდიოდა. დღეს კი ამერიკელი ყმაწვილი წელიწადში საშუალოდ ათ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდულობს: ექვსს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და ოთხსაც უბრალოდ ჩასაცმელად.

ნაიტი გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო თავის ალღოს ენდობოდა, ხოლო ”ნაიკის” ახლანდელი ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს სტატისტიკას და მარკეტინგულ კვლევებს მაშინაც კი აწყობს, როცა ბაზარზე თუნდაც მხოლოდ ახალი თასმები გამოაქვს.

ფილ ნაიტი იშვიათად ნანობს რამეს და წარსულთან დაბრუნებაც შეუძლებლად მიაჩნია. ჰოდა, წარმატების მთავარ მაჩვენებლად მწვერვალზე გატარებულ წლებს კი არ მიიჩნევს, არამედ ციფრებს ბოლო კვარტალურ ანგარიშში.