"მტკნარი წყლის რესურსები უნდა ავამოქმედოთ" - არსებობს თუ არა ფორმულა საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის
"მტკნარი წყლის რესურსები უნდა ავამოქმედოთ" - არსებობს თუ არა ფორმულა საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის
"წყალზე მოთხოვნილება მხოლოდ გაიზრდება. მეტიც, უკვე შეინიშნება კონფლიქტები, დაძაბულობა მტკნარი წყლის რესურსების გამო"

სამი ათწლეულია სიღარიბესა და უმუშევრობას ვებრძვით. როგორადაც უნდა ვიკვეხნიდეთ ქვეყნის მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, არაფერს ფასი არა აქვს, სანამ აქტუალური იქნება ფრაზა, არ გაბრიყვდე, საქართველოში არ დაბრუნდე, აქ რა დაგრჩენიაო! ექსპერტების შეფასებით, ყველა კარს აქვს თავისი გასაღები, მთავარია, სწორად მოარგო.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
- საქართველო საშუალოდ განვითარებული ქვეყნების აუტსაიდერთა რიგებშია. ეკონომიკური ზრდის ტემპები თითქოს მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია,
მაგრამ აბსოლუტური მონაცემები არასახარბიელო. მაგალითად, საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით გერმანიას სამჯერ და მეტად უსწრებს, მაგრამ თუ ავიღებთ აბსოლუტურ მატებას მოსახლეობის ერთ სულზე, გერმანიაში ის სამჯერ სწრაფად იზრდება. ამ ტემპებით გერმანიას 159 წლის შემდეგ დავეწევით.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოკლე ვადებში შევძლოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის
ტემპის მიღწევა.?
- ამისთვის ორი გზა არსებობს. ერთი გადის ინოვაციურ მეცნიერებებზე დაფუძნებულ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებაზე. თავის დროზე ეს გზა აირჩია და წარმატებასაც მიაღწია ირლანდიამ. ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე მილიონი ადამიანი დაკარგა XIX საუკუნეში შიმშილობისა და ემიგრაციის გამო, დღეს მშპ-ით მნიშვნელოვნად უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა. რამდენად შესაფერისია ირლანდიის გზა საქართველოსთვის? ჩვენ გვყავს ნიჭიერი, ინოვაციური ხალხი, მაგრამ ამას უფრო სეგმენტური და ფრაგმენტული ხასიათი აქვს. გარდა ამისა, თუ ვნახავთ, რა თანხაა ბოლო წლებში ჩადებული მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებში, სამწუხაროდ, რამე მნიშვნელოვანი გარღვევისა და გარდატეხის იმედი არ უნდა გვქონდეს.

გვრჩება მეორე გზა, რომელიც რაც უნდა ბანალური მოგვეჩვენოს, ქვეყნის რესურსების სწორად გამოყენებას ეხება. XX საუკუნის დასაწყისში ჭიათურის მანგანუმზე მსოფლიოს ექსპორტის 50%-ზე მეტი მოდიოდა. საბჭოთა კავშირის ფარგლებში ჩვენი ციტრუსები და ჩაი მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩეოდა. ახლა ასეთი პოტენციალი ჩვენს წყლის რესურსებს აქვს, ვგულისხმობ მტკნარ, დასალევ წყალს, რომელზეც მსოფლიოში მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. პირდაპირ შეგვიძლია გადმოვიღოთ მოდელი, რაც თავის დროზე გამოიყენა ნორვეგიის ხელისუფლებამ ნავთობპროდუქტების ათვისებისას. დღესაც ნორვეგია ჩრდილოეთის ზღვაში იმდენ ნავთობს მოიპოვებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია როგორც ეკონომიკური განვითარების დონით, ასევე ადამიანური განვითარების ინდექსით.

ნორვეგიული მოდელის საიდუმლო ის არის, რომ რესურსები ცხადდება მთელი ქვეყნის სიმდიდრედ და არა საკუთრებად და აქედან სარგებელს იღებს ნორვეგიელი ხალხი. ნავთობი სპეციალური კომპანიების საშუალებით გადის ექსპორტით და ფული ბიუჯეტში აკუმულირდება. დღეს ნორვეგიის მომავალი თაობების ფონდში­ 1 ტრილიონ დოლარზე მეტია, მოსახლეობა კი 5,5 მილიონია. თანხა გადადებულია, რომ თუ ნავთობის მოპოვება შეწყდება, ამ თანხით ქვეყნის ეკონომიკის განვითარება იქნება შესაძლებელი.

- ჩვენი სახელმწიფო მომავალ თაობებს ჯერჯერობით ვალებს უგროვებს...
- გასული საუკუნის 70-იან წლებში ნორვეგიის სახელმწიფო ვალი მშპ-ის თითქმის მესამედის დონეზე იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვალების გარეშე ცხოვრობენ და პროფიციტიც კი აქვთ ბიუჯეტში.

- ანუ ჩვენ რომ ნორვეგიის მოდელი გადმოვიღოთ, მტკნარი წყლები უნდა გამოვაცხადოთ სახელმწიფო საკუთრებად?
- მათი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება, შესაბამისი სარგებლის მიღებით ბიუჯეტისა და ყოველი მოქალაქისთვის. ეს სტიმულს მისცემს სეპარატისტულ რეგიონებსაც, ამ მოდელით დაინტერესდნენ და კეთილდღეობის ზრდას საქართველოსთან ერთად მიაღწიონ.
ნავთობს აქვს ალტერნატივებიც, ევროპაში ნავთობის 35-დან 60%-მდე უნდა ჩანაცვლდეს განახლებადი ენერგიის საშუალებებით. წყალზე კი მოთხოვნილება დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. მეტიც, უკვე შეინიშნება კონფლიქტები, დაძაბულობა მტკნარი წყლის რესურსების გამო. ამიტომ უნდა გავიხედოთ პერსპექტივაში, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კორპორაცია და ჩვენი მტკნარი წყლის რესურსები ავამოქმედოთ. ეს უნდა იყოს ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის პროექტი და 8-10 წელიწადში შესაძლოა საქართველოს ჰქონდეს 2,5-3-ჯერ მეტი მშპ ერთ მოსახლეზე. ამით ბევრი დღეს თითქოს გადაუჭრელი პრობლემაც მოგვარდება.

- პრემიერ-მინისტრმა ექსპერ­ტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დიდი ხანია მსგავს ფორმატში ხელისუფლებას მათთვის არ მოუსმენია. საინტერესოა, როგორ ხედავს მთავრობა გამოსავალს რთული ეკონომიკური ვითარებიდან?
- ხელისუფლების სურვილი და ამოცანაა ეკონომიკის ზრდა, სიღარიბის შემცირება და საშუალო კლასის გაზრდა. ამას გაესვა ხაზი შეხვედრაზე.

- რატომ ვერ აღწევს ეკონომიკის თუნდაც 5-6%-იანი ზრდა საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობამდე?
- ნამეტი ღირებულება იქმნება დარგებში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია. მაგალითად, დამატებული ღირებულების სიდიდე მეტად იზრდება საფინანსო შუამავლობაში, აგრარულ სექტორში კი ნაკლებად. არადა, აქ დასაქმებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეული ათასია, საფინანსო სექტორში კი 30-35 ათასი. ჯაჭვის სიმტკიცე ყველაზე სუსტი რგოლის სიმტკიცით განისაზღვრება. ვერ ვილაპარაკებთ წარმატებაზე რომელიმე მიმართულებით, თუ იმავდროულად ჩავარდნა გვაქვს სხვა დარგში. ჩვენ გვინდა კომპლექსური და არა სეგმენტური განვითარება.

- არსებობს პასუხი შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რა იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას?
- ობიექტურ მიზეზებს შო­რისაა ეკონომიკის ზრდის არადამაკმაყოფილებელი ტემპები და დაბალი ინკლუზიურობა, ანუ მაკროეკონომიკასთან თითოეული ოჯახის კეთილდღეობის "მოჭიდება". სუბიექტურია, რომ ადამიანები ხშირად გადიან რაციონალური ქცევისა და მიზანშეწონილობის სფეროდან და დგამენ ნაბიჯებს, რაც მათ ოჯახებს დიდ ზიანს აყენებს. მაგალითად, სესხულობენ თანხას და არარაციონალურად იყენებენ, მათ შორის აზარტულ თამაშებში ხარჯავენ. სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხშირად თამაშდამოკიდებულება დაუძლეველ გარემოებად იქცევა და მოსახლეობის შემოსავლების ნაწილი სწორედ სათამაშო ბიზნესში­ მიემართება, რაც ასევე მნიშვნელოვანწილად აკოტრებს მოსახლეობას.

- არჩევნებამდე ხელისუფლებას 1 წელიწადი აქვს განვლილი 7 წლის განმავლობაში არ ან ვერშესრულებული დანაპირების სანაცვლოდ. რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე მყისვე იქონიებს დადებით გავლენას?
- უნდა ავირჩიოთ ტრადიციული გზები, რაც გამოიხატება ბიზნესისთვის მაქსიმალური შეღავათების მიცემასა და თანადგომაში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს საქართველოს მთიანეთში. ისტორიულად, კავკასიონის მთიანეთი სამ ფუნქციას ასრულებდა: ეკონომიკურს, თავდაცვითსა და კულტურულ ფასეულობათა შენახვის. დროთა განმავლობაში ეს ფუნქციები დაკნინდა და ვფიქრობ, რომ უნდა აღდგეს, პირველ რიგში კი ეკონომიკური და თავდაცვითი ფუნქციები. მოსახლეობა რომ მთაში დაბრუნდეს, ე.წ. მთის კანონი, რომელიც სამი წლის წინ მიიღეს, აღარ არის საკმარისი. საჭიროა გაცილებით მეტი რადიკალური ნაბიჯი, რათა მთაში ცხოვრება იყოს არა მარტო პრესტიჟული პატრიოტული კუთხით, არამედ ეკონომიკურად მიზანშეწონილი. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს რესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ ადამიანს მთაში დამკვიდრებისა და იქ ბიზნესის კეთების მაღალი მოტივაცია გაუჩნდეს. ამით ჩვენ რამდენიმე საკითხს გადავჭრით: მოსახლეობა ურბანული სექტორიდან გადაინაცვლებს რეგიონებში, მთას დავუბრუნებთ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ თავდაცვის ფუნქციასაც.
დავეწიოთ ევროპას
28 ოქტომბერი 2019 10:03
მიწა,წყალი,ყველა სახის წიაღისეული და სტრატეიული მნიშვნელობის ობიექტები უნდა იყოს ქვეყნის საკუთრებაში და მისან სარებელს თანაბარწილად უნდა იღებდეს ამ ქვეყნის მოასხლეობა .
მეგი
21 ოქტომბერი 2019 12:15
ეროვნულ საკუთრებად არაფერს არ გამოაცხადებენ, მით უფრო წყალს! იმიტომ, რომ დიდი პერსპექტივა აქვს და ყველა ღორს, ვისაც ხელეწიფება, თავისთვის მოუნდება. ისე ჩუმად მიისაკუთრებს, ხალხი აზრზეც ვერ მოვა, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში.მთავრობას უნდა გული შესტკიოდეს და ზრუნავდეს ხალხზე. ამათი იმედი ვინმეს გაქვთ?
ალექს
20 ოქტომბერი 2019 16:44
წყლისნაყვაა ადვილი, გაყიდვა უფრო ძნელია,ვიდრე ღვინის !
ბიუჯეტის შევსება უფრო ადვილია,ვიდრე იქიდან ხალხის სახეიროდ რაიმეს მიღება!
ეს სისტემა უპერპექტივოა,ბერწი და ანაქრონისტული !
გამოსავალია არცერთი ხმა 2020-ში (აჯობებს არც მერე ,არც ოდესმე) ნაცქოცმოქკავშირს და მის ახალ ,ძველ და სამომავლოდ ჩაფიქრებულ სატელიტებს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები