ცაში ასროლილი პროცენტები - კვირის პალიტრა

ცაში ასროლილი პროცენტები

უფასო ყველის არ იყოს, სწრაფი ფული დღეს მხოლოდ "სათაგურშია". მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პრობლემების გამო ბანკებმა კრედიტების გაცემა მნიშვნელოვნად შეზღუდეს, ფულის შოვნის ფაქტობრივად ერთადერთი გზა, მევახშეებისგან საკმაოდ მაღალი პროცენტით სესხის აღებაა.

ფულის კერძო გამსესხებლები მომხმარებლებს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს არც კრიზისამდე სთავაზობდნენ, მაგრამ როცა ბანკების სახით კონკურენტი მოაკლდათ და მათი საქმიანობა კანონში შესულმა ცვლილებამაც წაახალისა, რაც შეიძლება მაღალი მოგების მიღება გადაწყვიტეს.

ამირან  გიგუაშვილი (ადვოკატი): - კანონდებლობაში ძირეული რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ეს თუ არა, პროცესს მტკივნეული შედეგებიც ახლავს. მოქალაქეები ცვლილებების მნიშვნელობას სწრაფად ვერ აღიქვამენ, სანამ თავად არ მოექცევიან მისი რეგულირების სფეროში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი შედეგებს, გვინდა თუ არა, ყოველი ჩვენგანი შეიგრძნობს.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განახორციელეს კანონმდებლებმა 2007 წლის ივნისში, სასესხო ვალდებულებით ურთიერთობებს უკავშირდება. მანამდე მოქმედი ნორმით, სასესხო ხელშეკრულების მხარეებს შეეძლოთ განესაზღვრათ საპროცენტო განაკვეთი და კანონი ითხოვდა, მისი განაკვეთი გონივრულ შესაბამისობაში ყოფილიყო ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. მარტივად რომ ავხსნათ, თუ საბანკო წლიური საპროცენტო განაკვეთი იყო მაგალითად 18-20%, კერძო სამართლის სუბიექტებს, ანუ მევახშეებს, არ შეეძლოთ, ამაზე განსაკუთრებულად მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაეწესებინათ. ეს არ ნიშნავდა, რომ საბანკო პროცენტის ოდენობით უნდა შემოფარგლულიყვნენ, შეიძლეობდა ყოფილიყო უფრო მეტიც, მაგრამ გონივრულ შესაბამისობაში უნდა გაეთვალისწინებინათ.

მევახშეები სესხს დაახლოებით წლიური 30%-40%-ით გასცემდნენ. ესეც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო, მაგრამ კანონი ერთმნიშვნელოვან შეზღუდვას არ აწესებდა. გონივრული ფარგლები - ეს არის სამართლებრივი შეფასების საგანი. მას სასამართლო აფასებდა, თუკი საკითხი სადაო გახდებოდა. საკმაოდ ბევრი ასეთი დავა დღემდე გრძელდება, როცა მოვალეებმა ვერ შეძლეს საპროცენტი განაკვეთების გადახდა. ხშირად ყოფილა, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა ერთი საპროცენტო განაკვეთი, ზეპირი შეთანხმებით კი სხვა, უფრო მაღალი, კატასტროფულად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. უშუალოდ გავცნობივარ რამდენიმე ასეთ შემთხვევას, მსესხებლები უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იგდებდნენ თავს. თუ ისინი სასამართლოს მიმართავდნენ და ამის დრო და რესურსი ეყოფოდათ, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს, როგორც წესი, საკმაოდ ობიექტური გადაწყვეტილება გამოჰქონდა და გამოაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამართალში ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც სასამართლო, რეალურად, ობიექტურად ცდილობს გადაწყვეტილების მიღებას.

- რა შედეგი მოიტანა კანონში 2007 წელს შეტანილმა ცვლილებებმა?

- კანონდებელი, ფაქტობრივად, საერთოდ გავიდა სასესხო ურთიერთობიდან. თუ ადრე სამოქალაქო სამართლის კოდექსის 625-ე მუხლი განსაზღვრავდა საპროცენტო განაკვეთის შესაბამისობას ზღვრულ ნორმასთან, დღეს იგივე მუხლი ამბობს, რომ მხარეებს სესხის ხელშეკრულების დადებისას შეუძლიათ გაითვალისწინონ პროცენტი. სხვა არანაირი განმარტება კანონს არ ახლავს.

ეს თითქოს მარტივი ჩანაწერი ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს. მანამდე თუ მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ რაღაც ჩარჩო ზღუდავდათ, დღეს მევახშეებს აქვთ სრული თავისუფლება, დააწესონ ისეთი საპროცენტო განაკვეთი, როგორიც სურთ. გასაგებია, მსესხებელს თუ არ სურს, ნუ ისესხებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი კრიზისისის ფონზე ბანკებმაც მაქსიმალურად შეზღუდეს კრედიტების გაცემა. ვინც ბანკის მუდმივი კლიენტი იყო, იმათაც კი უჭირთ სამომხმარებლო სესხების აღება, ან ბიზნესის განვითარებისთვის კრედიტების მოზიდვა. დამერწმუნებით, რომ მევახშეებს ძნელად თუ მიმართავს სოლიდური და გრძელვადიანი პერსპექტივის გათვლით მოქმედი კომპანია.

როგორც წესი, ამათ მიმართავენ მცირე მეწარმეები, ის მოქალაქეები, ვისაც ერთჯერადად სჭირდებათ ფული ფინანსური პრობლემის გადასაწყვეტად. ამ ადამიანებისთვის, ამ ეტაპზე მაინც, საბანკო სექტორი დახურულია. მათაც მოუხშირეს კერძო მევახშეებისადმი მიმართვას, რომლებმაც კანონის მუხლის ახალი ჩანაწერით ისარგებლეს.

არსებობს დამატებითი გარემოებაც. როგორც წესი, მევახშეებს (მით უფრო, თბილისში), ერთმანეთთან დაუწერელი ურთიერთობები აქვთ, რომლითაც არეგულირებენ კლიენტებთან ურთიერთობებსაც. იშვიათად, რომ ამ დაუწერელ ნორმებს გადაუხვიონ. მსესხებლებიც, სადაც უნდა მივიდნენ, დაახლოებით ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთი ხვდებათ, - 200-300%-იანი წელიწადში. წარმოიდგინეთ, განა რა ბიზნესი უნდა განახორციელო, რომ ასეთი მაღალი პროცენტით აღებული სესხის დაფარვა შეძლო? ასეთ მაღალ მოგებაზე მომუშავე ბიზნესი დღეს საქართველოში არ არსებობს. ეს ადამიანებიც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რისკავენ და შესაბამისად, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

თავის მხრივ, მევახშეები სხვა ბერკეტებითა და საშუალებებით ცდილობენ ფულის ამოღებას. არსებობს შუამავლების სისტემა, პირდაპირ მევახშემდე იშვიათად რომ ვინმე მიდიოდეს, მსესხებელსა და მას შორის არის კიდევ შუამავალი. თავს შევიკავებ ახლა ამ შუამავლების სტატუსის დასახელებისგან, ისინი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ხერხებით ცდილობენ მოვალისგან ფულის ამოღებას. შესაბამისად, ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემები გროვდება და დარწმუნებული ვარ, თუ საბანკო სექტორში კრედიტების გაცემა არ გამარტივდება, ვითარება, რომელიც დენთის კასრს ემსგავსება, აუცილებლად თავს იჩენს ახლო მომავალში.

მსესხებლები ძირითადად არიან მცირე მეწარმეები, თვითდასაქმებულები. ახლა აქტიურობენ ისინი, ვინც დაკავებულია ხილის დამზადებით და ქვეყნის გარეთ გადაზიდვით. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესი საკმაოდ მაღალრისკიანია, მაგრამ ამავე დროს სწრაფია. ეს სეზონური ბიზნესია და ამ ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ თანხა დამზადებისთვის, გადამზიდავის დაქირავებისა და გადაზიდვისთვის. ასე სწრაფად ფულის მოძიება მათთვის პრობლემურია. თავის დაიმედებით, რომ სწრაფად ნახავენ უკუგებას, იძულებული ხდებიან, მევახშეებს მიმართონ, ფიქრობენ, რომ ერთ თვეში დაფარავენ თავნსაც და პროცენტსაც. მაგრამ ხშირად ასე არ ხდება და ისინი პრობლემების წინაშე დგებიან. მერე უკვე დომინოს პრინციპის მსგავსად ხდება - მცდელობაში, იქნებ მეორე რეისი მოვასწროთო, სხვა მევახშისგან იღებენ ფულს წინა ზარალის გადასაფარავად, ბოლოს კი გადაულახავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

კიდევ სხვა კატეგორიაა მოქალაქეები, ვისაც იპოთეკური სესხები აქვთ ბანკში და ამ სესხების გადაფარვა სურთ, რათა უძრავი ქონება გამოათავისუფლონ. თავისი უძრავი ქონების გადასარჩენად ცდილობენ მევახშისგან სესხი აღებას. გამოთავისუფლებულ უძრავ ქონებას კი ვერ ყიდიან და მევახშეების ვალი კატასტროფულად იზრდება.

- რა უნდა გააკეთოს მსესხებელმა, რომელიც ასეთ დაკაბალებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება?

- სასამართლოს უნდა მიმართოს. კარგი იურისტისთვის არსებობს ბერკეტები, რომლითაც მას შეუძლია დაიცვას თავისი კლიენტის ინტერესები და კაბალური ხელშეკრულებისგან გაათავისუფლოს. სასამართლო გრძელი გზაა და დროს მოითხოვს, და კანონდებელმა რაღაც შეზღუდვები უნდა დააწესოს, რათა მცირე სამეწარმეო სფეროში კოლაფსი არ მოხდეს. ადამიანებსაც ეცოდინებათ, რომ არსებობს განსაზღვრული წინაპირობები, რათა მათი უფლებებიც დაიცვან და თავიანთი მოვალეობებიც შეასრულონ.