აწონილია, დათვლილია, დაჯარიმებულია... - კვირის პალიტრა

აწონილია, დათვლილია, დაჯარიმებულია...

წლის ბოლო ახლოვდება და სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საკითხი სულ უფრო მწვავდება. ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო გადასახადები და მოსაკრებლებია და ბოლოდროინდელ ბიზნესვითარებას თუ გავითვალისწინებთ, არ გაგვიკვირდება, რომ მათ იმედად ყოფნა ხელისუფლებასაც არ სურს. აქცენტი მკაცრ ადმინისტრირებაზე კეთდება, უფრო მარტივად თუ ვიტყვით-ბიზნესიდან ფულის ამოღებაზე ჯარიმა-საურავების სახით.

მაღაზიების, ტოტალიზატორების, ტუროპერატორებისა და სხვათა დალუქვა-დაჯარიმებების შემდეგ, ჯერი თვითდასაქმებულებზეც მიდგა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშთა ქალაქ -მზიურში- შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ, საბავშვო ეტლებით მოსეირნე ქალბატონებს, ვითომდა ბავშვების მიალერსების საბაბით ვინაობა გამოჰკითხეს და რამდენიმე ძიძა გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით წაიყვანეს კიდეც.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

-ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ძიძებისა და რეპეტიტორების დაკავების, მათი დაბეგვრისა და დაჯარიმების შესახებ. ფინანსთა სამინისტრო წუხს, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეაშფოთა ამ დეზინფორმაციამ. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნული ჭორია და არ სინამდვილეს შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, შეგნებულად ხდება შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია. ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს მოკვლევას, რათა დადგინდეს, რა მიზნით და ვინ გაავრცელა ასეთი ჭორი.

ფინანსთა სამინისტრო ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ ოფიციალურად აცხადებს, რომ მსგავსი რეგულაციები არ იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ ექნება ადგილი მსგავს ფაქტებს, ჩვენი თხოვნაა, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს 077-ს ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს-,-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგანგებო განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის უარყოფის მიუხედავად, მომდევნო ცნობით, საგადასახადოს -მზიურის- მსგავსი რეიდი ძიძების გამოსავლენად ვაკის პარკშიც მოუწყვია. ჩვენც იქით გავეშურეთ. ძიძები ისე არიან შეშინებული, უცხო ადამიანის დანახვისას ზოგი თავს ბავშვის ბებიად ასაღებს, ზოგი მამიდად და ზოგიც-დეიდად. პირად საუბრებში კი დაგვიდასტურეს, რომ ძიძებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება მიიღეს-საგადასახადო კოდექსის თანახმად, მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა ეკუთვნით და წლის ბოლომდე ვალდებული არიან, შემოსავლის 20% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები დაერიცხებათ. ამიტომაც დამფრთხალი ძიძები გამვლელებთან საუბარს ერიდებიან და საკუთარ ვინაობასაც არ ამხელენ. -ძიძების ხელფასი საშუალოდ 300-500 ლარია, იმის გათვალისწინებით, თუ რა დატვირთვით ვმუშაობთ. ამასაც თუ დაგვიბეგრავენ, შინ რაღა უნდა მივიტანოთ. საინტერესოა, ან როგორ უნდა განსაზღვრონ, რამდენს გვიხდის დამქირავებელი? როგორც გავიგეთ, ბოლო დროს შემოსავლების სამსახური, ძიძების გარდა, რეპეტიტორებსა და ბინების გამქირავებლებს დაერია და მათაც სთხოვენ საშემოსავლოს გადახდას. იქაც ასე შენიღბულად მოქმედებენ, ხან თითქოს საგანში მომზადება სურთ, ხანაც ბინის დაქირავება-,-გვითხრა ერთ-ერთმა ძიძამ.

გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა შემოსავლების სამსახურში. ამჯერად ჩვენც ამავე უწყების ხერხს მივმართეთ და ინკოგნიტოდ დარჩენა ვამჯობინეთ. დავრეკე ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულ ნომერზე, თუმცა ვინაობა არ გამიმხელია და ძიძად გავეცანი.

ოპერატორმა საუბრის დასაწყისში გამაფრთხილა, რომ ზარების მონიტორინგის მიზნით, ჩვენი საუბარი იწერებოდა, ამიტომ შესაბამისი უწყების თანამშრომლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოისმინონ, რომ მათ მიერ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები კანონთან შესაბამისობაში არ მოდის და ამდენად, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ჩვენი საუბარი ასე წარიმართა:

- გამარჯობა. ძიძად ვმუშაობ ოჯახში და მაინტერესებს, მავალდებულებს თუ არა კანონი რამე გადასახადის გადახდას?

-მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული ნებისმიერი შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ძიძებიცა და რეპეტიტორებიც ხომ იღებენ შემოსავალს და მათი შემოსავალი არსად იბეგრება. ამიტომ, თუ საშემოსავლო გადასახადს არ იხდით, მომავალი წლის 1-ელ აპრილამდე უნდა წარადგინოთ დეკლარაცია და ნებისმიერ კომერციულ ბანკში გადაიხადოთ შემოსავლის 20% საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა. თუ თბილისში იმყოფებით, შემიძლია შესაბამისი სახაზინო კოდიც მიგითითოთ-100771018.

-კი მაგრამ, 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვა ხომ გაათავისუფლეს გადასახადებისგან?

- ახალი დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე დარჩენილ დროში კი მოქმედი კოდექსის შესაბამისი ნორმაა ძალაში.

- თუ თავს ავარიდებ საშემოსავლო გადასახადის გადახდას?

- თუ დადგინდა, რომ შემოსავალი გაქვთ და საშემოსავლო გადასახადს არ იხდით, მაშინ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯარიმის სახით, შემოსავლის 0,07% დაგერიცხებათ.

ასე რომ, შემოსავლების სამსახურს ძიძების, რეპეტიტორებისა და ბინების გამქირავებლების დასაჯარიმებლად კიდევ ერთი თვე დარჩა. თუ ბიუჯეტს დასჭირდა, შესაძლოა საგადასახადოს თანამშრომლებმა -ჩრდილოვანი ძიძების- აღმოსაჩენად პარკებსა და სკვერებში სიარულს მოუხშირონ. ამიტომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად მაინც გირჩევთ, თან გადასახადის გადახდის ქვითარი იქონიოთ.