კერძო საბაჟო ტერმინალებს კონკურენტი სახელწიფოს სახით გამოუჩნდა - კვირის პალიტრა

კერძო საბაჟო ტერმინალებს კონკურენტი სახელწიფოს სახით გამოუჩნდა

საბაჟო კონტროლი მკაცრდება. 1-ელი იანვრიდან, ვისაც საზღვარზე განუბაჟებელი საქონლის გადმოტანისას დააკავებენ, გარდა იმისა, რომ ათასი ლარით დააჯარიმებენ, ერთი წლით სახმელეთო საზღვრის გადაკვეთაც აეკრძალება. სანქციების გამკაცრება იმ მოვაჭრეების დასასჯელად შემოიღეს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში, უმეტესად თურქეთში გადადიან და საქონელი გასაყიდად გადმოაქვთ.

ფიზიკურ პირს ამჟამად პირადი მოხმარების ტვირთის საზღვარზე განუბაჟებლად გადმოტანის უფლება თვეში ერთხელ აქვს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ღირებულება 500 ლარს არ აჭარბებს და 30 კილოგრამზე მეტს არ იწონის. თუ ამ ზღვარს აღემატება, საქონელი 18%-იანი დღგ-ის გადასახადით იბეგრება. ასევე იბეგრება პირი, ტვირთს თვის განმავლობაში საზღვარზე მეორედ თუ გადმოიტანს. ეს ცვლილება შარშანდელი ივნისიდან მოქმედებს და ფინანსთა სამინისტრომ ამგვარი გადაწყვეტილება თურქეთიდან განუბაჟებელი საქონლის იმპორტის ზრდით ახსნა.

მანამდე ფიზიკურ პირს 50 კილოგრამამდე 1000 ლარამდე ღირებულების საქონლის განუბაჟებლად შემოტანა შეეძლო. ამ შეღავათიანი რეჟიმით მოვაჭრეები სარგებლობდნენ და დღის განმავლობაში საბაჟოზე რამდენჯერმე გადადიოდნენ, თურქების მიერ ხოფაში საგანგებოდ ქართველი მოვაჭრეებისთვის მოწყობილი ბაზრობიდან იაფფასიანი საქონელი გადმოჰქონდათ, იქვე სარფში აგროვებდნენ, საიდანაც სხვადასხვა ბაზრობებზე ნაწილდებოდა.

უფრო მსხვილი "სპეკულანტები" სარფში თბილისიდან საგანგებოდ ჩადიოდნენ, ადგილობრივებს ქირაობდნენ და განსაზღვრული გასამრჯელოს საფასურად თურქეთიდან საქონელს აზიდინებდნენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კონტრაბანდის გამო ბიუჯეტი ყოველთვიურად 2-3 მილიონი ლარის შემოსავალს კარგავდა.

რადგან საბაჟოზე გადმოსულ მოვაჭრეთა უმრავლესობას ინვოისი არ ჰქონდა, ახალი წესების შემოღების შემდეგ, მებაჟეები საქონელს საბაზრო ღირებულების შესაბამისად აფასებდნენ, რაც ზოგჯერ მის რეალურ ღირებულებასაც აღემატებოდა. ეს მოვაჭრეთა უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი ჩიოდნენ, რომ ხშირად საბაჟოზე თურქეთიდან წამოღებული მეორადი ნივთების განბაჟებასაც ითხოვდნენ. საბაჟო წესების გამკაცრების შემდეგ სარფში მოვაჭრეთა რიცხვმა იკლო. ვაჭრობა თურქებსაც შეუმცირდათ და ზოგიერთმა ქემალ ფაშას ბაზრობაზე მაღაზიებიც დაკეტა. თუმცა მოვაჭრეთა მიმოსვლა არ შეწყვეტილა.

მოვაჭრეთა ნაწილმა მუშაობა განაგრძო და საქონლის დამალვის ახალ ხერხს მიაგნო -თურქეთში სავაჭროდ წასულნი, უკან წონაში მომატებული ბრუნდებოდნენ, რადგან ტანთ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ეცვათ. ტანსაცმელს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ იხდიდნენ და დამკვეთს აბარებდნენ. ამ მეთოდის შესახებ ფინანსურმა პოლიციამაც მალევე შეიტყო და არაერთი მოვაჭრეც დააკავა. რადგან პრობლემა სრულად ვერ მოაგვარა, შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, მოვაჭრეებზე ფული გააკეთოს და ახალი საკანონმდებლო ცვლილებაც მომზადდა. კანონდამრღვევები, რომლებსაც საბაჟოზე "შმონდერები" დაარქვეს, ფულს თუ გადაიხდიან, საზღვრის გადაკვეთის უფლებას მიიღებენ.

ლაშა თორდია (იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): "ეს კანონი იმისთვის მივიღეთ, რომ კეთილსინდისიერი მეწარმეები დავიცვათ და მომავალში ისინიც საბაჟო პროცედურებისა და გადასახადების თავის არიდების გზას არ დაადგნენ. თუ ერთი მეწარმე იხდის გადასახადს, ის არ უნდა დაიჩაგროს. იმ მეწარმის პროდუქცია, ვინც გადასახადს არ იხდის, იაფი გამოდის, ამის გამო ბაზარზე არაკონკურენტული გარემო იქმნება. დღემდე არიან ასეთი კანონდამრღვევბი.

საქონელზე, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია არ აქვს, 1000-ლარიანი ჯარიმა ახლაც ეკისრება, ამასთან ხდება მისი სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციაც. ახლა კიდევ ვამატებთ ეკონომიკური საზღვრის გადმოლახვის ერთი წლით აკრძალვას. თუმცა ჩვენ არ გვინდა, მთლიანად შევზღუდოთ ასეთი მეწარმეები. მივცეთ ერთი შანსი, რომ განაგრძონ საქმიანობა იმის მიუხედავად, ჩაიდინეს თუ არა სამართალდარღვევა. მთლიანად არ ვზღუდავთ ერთი წლით საზღვრის გადაკვეთას, არამედ ვაძლევთ 5 ათასი ლარის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საშუალებას".

კიდევ ერთი ცვლილება საბაჟო ტერმინალებს შეეხება. ამ დღეებში შემოსავლების სამსახური ლილოში ახალ საბაჟო ტერმინალს ოფიციალურად გახსნის. თუმცა ტერმინალი, რასაც შემოსავლების სამსახური სასაწყობო მეურნეობას უწოდებს, 15 ნოემბრიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს. სახელმწიფო ტერმინალის აშენებამ კერძო ტერმინალების უფუნქციოდ დარჩენის შიში გააჩინა.

კერძო ტერმინალებში ფიქრობენ, რომ მომავალში შემოსავლების სამსახური ქვეყანაში შემოსულ ტვირთებს თავისი საწყობისკენ გადაამისამართებს და მათ ხახამშრალს დატოვებს. შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ მალე იმპორტიორებს ყველა სახის მომსახურებას, რაც ტვირთის განბაჟებას უკავშირება, თვითონ შესთავაზებს. მათ შორის საბროკერო მომსახურებასაც, რაც იმპორტიორებს საქონლის დეკლარირებისას სჭირდებათ. შესაბამისად, ბიზნესის დაკარგვის შიში კერძო საბაჟო ტერმინალებთან არსებულ კერძო საბაჟო საბროკეროებშიც გაჩნდა.

სახელმწიფო ტერმინალი ჯერჯერობით ერთკოდიან ტვირთებს იღებს და განაბაჟებს. ხოლო მომავალში დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა დასახელებებიანი ტვირთის მიღებაც.

მერაბ მეტრეველი ("ზაჰესის" საბაჟო ტერმინალი): "ჯერჯერობით შემოსავლების სამსახურის ტერმინალს ცენტრალური გამანაწილებელი ტერმინალის ფუნქცია აქვს. ანუ ის შემოსულ ტვირთს იმის მიხედვით ამისამართებს, სად სურს იმპორტიორს მისი განბაჟება. როგორც აგვიხსნეს, ეს პირველი ნაბიჯია და მომავალში მისი ფუნქციები გაიზრდება. წინასწარი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური კონტროლს ტვირთების, ასე ვთქვათ, სწორ მოძრაობაზე აიღებს.

ხშირად იყო შემთხვევა, როცა შემოდიოდა ტვირთი, რომლის ინვოისში ეწერა სხვა, რეალურად კი საქონელი იყო სხვა. ხშირად მეპატრონემაც არ იცოდა, რა სახის საქონელი იყო მის კონტეინერში. იყო ისეთი ტვირთი, რომელიც ითხოვდა სხვა შემოწმებას, ექსპერტიზას, მაგალითად, ფიტოშემოწმებას. ამის გამო ტვირთი ყოვნდებოდა, იმპორტიორს ლოდინი უწევდა. როგორც ამბობენ, აღნიშნულმა ცვლილებამ ასეთი გაუგებრობები უნდა შეამციროს. საზღვარზე წინასწარი დეკლარირება მოხდება, რა სახის ტვირთია. წესით, ეს ვითარება უნდა მოწესრიგდეს.

ცენტრალურ ტერმინალს საწყობი ჯერ არ აქვს, ამიტომ ტვირთები ისევ კერძო ტერმინალებში მოდის. რა იქნება მომავალში, არ ვიცით. შესაძლოა ტვირთები შეგვიმცირდეს კიდეც, მაგრამ ამის ანალიზს ჯერ ვერ ვახდენთ. ბოლო ორი კვირაა ტვირთებმა იკლო, მაგრამ ეს მუსლიმანურ ქვეყნებში ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება. ამიტომ რეალურ სურათს მას შემდეგ დავინახავთ, როცა უქმეები ჩაივლის".

ნონა ქვლივიძე