რძიანი გზა ოქროს მთებისკენ - კვირის პალიტრა

რძიანი გზა ოქროს მთებისკენ

შოკოლადის იმპერია მარსების დინასტიით

თავისივე სახელობის შოკოლადის ბატონისა და კიდევ ათეულობით მსგავსი ტკბილეულის გარდა, ფორესტ მარსმა შექმნა საკვები კატებისა და ძაღლებისთვის - "პედიგრი" და "ვისკასი", ავტომატ-დისტრიბუტორები კანფეტებისთვის M&M და "ბაუნტი". ამერიკის შოკოლადის მეფედ წოდებულმა მარსმა დაარწმუნა ტკბილეულის მოყვარულნი, რომ მისი "მარსი" და "სნიკერსი" სასუსნავი კი არა, სრულფასოვანი საკვებია. ცდილობდა რა თავისი შოკოლადის ბატონის პოპულარიზებას, ფორესტმა ამბიციური ამოცანა დაისახა და აღასრულა - ინგლისელები დააჯერა, უარი ეთქვათ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპზე, თითქოს ტკბილეულის შეძენა ფულის ფუჭად ხარჯვაა.

დღეს "მარსი" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და საკონდიტრო წარმოების, კვების პროდუქტების, ცხოველების საკვების, სავაჭრო ავტომატებისა და ელექტრონიკის სექტორებში მუშაობს. კომპანიის 175-ზე მეტ საწარმოში, 60 ქვეყანაში, 40 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, პროდუქცია ხუთივე კონტინენტის ასზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ამ კომპანიის საკუთრებაა ცნობილი სამარკო ნიშნები - "მარსი", "სნიკერსი", "ტვიქსი", "ორბიტი", "დავი", "ბაუნტი", "სკიტლზი", "ანკლ ბენსი", "პედიგრი", "ვისკასი", "ჩაპი", "კიტ-კეტი", "როიალ კენინი" და სხვ.

პირველი მცირე წარმოება ფორესტის მამამ, ფრენკ მარსმა 1902 წელს დააარსა, თუმცა წარმატება ადვილად არ მოსულა. 1923 წელს კი მეწარმემ თავის ვაჟთან ერთად შოკოლადის ბატონი "მილკი ვეი" (რძიანი გზა) დაამზადა, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა. მისი წყალობით, დიდი დეპრესიის დროსაც კი კომპანია "მარსი" ვითარდებოდა, იზრდებოდა და ბაზარს ახალი პროდუქტებიც შესთავაზა - ბატონები "სნიკერსი" და "3 მუშკეტერი". 1929 წელს კომპანიამ აშშ-ის მინესოტის შტატიდან ილინოისში, ჩიკაგოში გადაინაცვლა.

კომპანიის ცნობილი კორპორატიული კულტურა ფორესტ მარსმა შექმნა. ის ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ერთად ემუშავათ ღია საოფისე სივრცეში, კაბინეტური სისტემის გარეშე. არ არსებობდა დაბევებული ავტოსადგომები, არც ცალკე სასადილო ხელმძღვანელობისთვის, ყველა თანამშრომელი დამოუკიდებლად პასუხობდა ზარებს და თავის კორესპონდენციას ამუშავებდა. კომპანიაში ფასობდა დამოუკიდებელი აზრი და ინიციატივა, არ ცნობდნენ არაფრის მომტან მემორანდუმებსა და სხდომებს. "თუ ვინმეს აუცილებლად უნდა უთხრათ რამე, უბრალოდ მიდით მასთან და უთხარით" - ასეთი იყო მარსის პრინციპი.

ბიზნესის ამგვარად წარმართვა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ დღესაც, XXI საუკუნეშიც, უკვე გლობალური კომპანია, გასული საუკუნის 30-იანი წლების ინგლისის მცირე საწარმოს ამ მოდელს მისდევს. კომპანიის ოფისებში დღესაც ვერ ნახავთ კაბინეტებს, ყველა თანამშრომელი, უმაღლესი მმართველი რგოლის ჩათვლით, ერთ დიდ ღია სივრცეში მუშაობს. კომპანიაში დამკვიდრებულია "შენობით" მიმართვის დემოკრატიული ფორმა. განსაკუთრებულად ფასობს თანამშრომელთა ნოვატორული აზროვნება.

გზის დასაწყისი

ფორესტ მარსი 1904 წელს მინესოტელი კონდიტერის ოჯახში დაიბადა. იაფფასიანი კანფეტების დამზადებაში ფრენკ მარსი ღამეებს ათენებდა, დღისით კი მისი ცოლი ეთელი კულინარიულ ნაწარმს ქუჩა-ქუჩა დაატარებდა. ბავშვობაცა და ყრმობაც ფორესტს სწორედ ისეთი ჰქონდა, როგორიც მომავალ ამერიკელ მილიარდერს შეშვენის. სკოლის დამთავრების შემდეგ მან კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიგო. საზაფხულო არდადეგებზე, იმ დროს ნაკლებად პოპულარული თამბაქო "ქემელის" გაყიდვის აგენტად მუშაობდა. 1928 წელს იელის უნივერსიტეტი დაამთავრა და მამასთან ერთად დაიწყო მუშაობა...

პირველი საკულტო ტკბილეულის, "მილკი ვეის" იდეა სახელდახელოდ დაიბადა. ერთხელ ფორესტი მამასთან ერთად შოკოლადის კოქტეილს შეექცეოდა და უცებ შესთავაზა, კოქტეილის შემადგენლობა შოკოლადის ბატონში მოექციათ. შოკოლადი არცთუ კარგი გამოვიდა, სამაგიეროდ, კარგად იყიდებოდა. ერთი წლის განმავლობაში "მილკი ვეის" გაყიდვამ $800 ათასი მოუტანათ. მაგრამ ფორესტ მარსს ეს არ აკმაყოფილებდა, ის მსოფლიო დიდებაზე ოცნებობდა, მამამისს კი მხოლოდ ის აწუხებდა, რომ უზრუნველყოფილი სიბერე ჰქონოდა. მამა-შვილის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ, 1932 წელს, ფორესტი ინგლისში გადაბარგდა.

იქ მან "მილკი ვეის" საფუძველზე შოკოლადის ბატონი "მარსი" შექმნა. ფორესტმა გაითვალისწინა, რომ ინგლისელების გემოვნება ამერიკელებისგან განსხვავდებოდა, ამიტომ ნაზ, რძიან შოკოლადს ტკბილი კარამელი ჩაურთო. თხილი, შოკოლადი და ნუგა ინგლისელ მომხმარებელს არა მარტო შიმშილის დამარცხებას ჰპირდებოდა, არამედ დაძაბულობის, დაღლილობის მოხსნასა და ახალი ენერგიის მოზღვავებას. მომხმარებელმა დაიჯერა შოკოლადის ახალი ზღაპარი და ბატონები დიდი მოთხოვნით იყიდებოდა. 1940 წლისთვის ფორესტ მარსი უკვე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო ინგლისსა და ამერიკაში.

1943 წელს მარსს აზრად მოუვიდა, სწრაფი მომზადების ბრინჯი გაეყიდა. გაჩაღებული ომის დროს ბრინჯის ფაფა ჯარისკაცული სამზარეულოს საფუძველი იყო. მარსმა მოიფიქრა, რომ ბრინჯის მარცვლები ცხელ ორთქლში გაეტარებინათ - როგორც ქერცლის გასაცლელად, ასევე თერმული დამუშავებისთვის. ჯერ მიიღეს სამხედრო დაკვეთა, რომელმაც კარგი მოგება დატოვა, შემდეგ კი პროდუქტი სავაჭრო ობიექტების დახლებზე გამოჩნდა, სახელწოდებით "ანკლ ბენსი" და მაშინვე გახდა გაყიდვის ლიდერი მთელი ექვსი წლით.

50-იანების შუაწელში მარსმა საგანგებოდ ცხოველებისთვის საკვების დამამზადებელი საწარმო დაარსა. მან ყველაფერი ზუსტად გათვალა: ხორცკომბინატები ნარჩენებს გროშებად გაყიდდნენ, ხოლო დიასახლისები ფულს არ დაიშურებდნენ ოჯახის ოთხფეხა ბინადრებისა და საკუთარი კომფორტისთვის.

მოჩვენება კანფეტების ფაბრიკიდან

"მარსის" იმპერიას 1970 წელს ბოლო აგურებიც დააშენეს. კორპორაციამ შეიმუშავა და დანერგა შოკოლადის კანფეტების გასაყიდი აპარატები, რომელმაც საფუძველი დაუდო კომპანიის ბიზნესის ახალ განშტოება "მარს ელექტრონიქსს".

კომპანიის შინაგანაწესი, რომლის წლიური გაყიდვა $30 მილიარდს აჭარბებს, მეტად ორიგინალურია. მაგალითად, ყველა თანამშრომელს, ვინც სამსახურში გაცდენებისა და დაგვიანების გარეშე დადის, ხელფასზე 10% ემატება. საზოგადოდ, მკაცრი დისციპლინა "მარსისთვის" უმნიშვნელოვანესია. კომპანიის იდეოლოგია, რომელიც ფორესტ მარსმა მრავალი წლის წინ ჩამოაყალიბა, რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება: ხარისხი, პასუხისმგებლობა, ეფექტურობა, თავისუფლება, კორპორატიულობა. თავისი მიზნების მისაღწევად მარსი არაფერზე იხევდა უკან.

ცნობილი ფაქტია, როცა მან 1980 წელს ლას-ვეგასში "ეთელის" სახელით ცნობილი ლიქიორის შიგთავსიანი კანფეტების ახალი საწარმო გახსნა, თანამშრომლების კონტროლის პრობლემა მარტივად გადაწყვიტა. მარსი ერთ-ერთი ქარხნის სხვენში "გამაგრდა" და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იქიდან ადევნებდა თვალს, თანამშრომელთაგან ვინ მოსვამდა სპირტიან სითხეს, ან პირს ვინ ჩაიტკბარუნებდა ერთი-ორი კანფეტით. ამისთვის მარსს კანფეტების ფაბრიკის მოჩვენება შეარქვეს...

დღეს კომპანია "მარსი" მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც შოკოლადის ბატონების, კვების პროდუქტების, ცხოველების საკვებისა და ავტომატური გადახდის ელექტრონული სისტემების წამყვანი მწარმოებელი. კომპანია მსოფლიოში ცნობილ სავაჭრო მარკებს ფლობს. 1999 წელს ფორესტ მარსი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბიზნესი მისმა შვილებმა განაგრძეს. 2010 წლის მარტის მდგომარეობით, მარსების ოჯახის სამი წარმომადგენელი - და-ძმები:

ფორესტ მარსი უმცროსი (78 წლის), ჟაკლინ მარსი (70 წლის) და ჯონ მარსი (73 წლის), $11-11 მილიარდით, ორ სხვა მილიარდერთან ერთად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 52-56 ადგილებს იყოფენ.