"ბორჯომი" - ბრენდი, რომელიც 120 წლისაა - კვირის პალიტრა

"ბორჯომი" - ბრენდი, რომელიც 120 წლისაა

მინერალური წყლის "გაცოცხლებული" ისტორია და იუბილე, რომელიც ბორჯომიდან თბილისამდე აღინიშნა

გასულ კვირას კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" მინერალური წყლის "ბორჯომის" საწარმოო წესით ჩამოსხმის 120 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები ქალაქ ბორჯომსა და თბილისში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები.

საგანგებოდ "ბორჯომის" იუბილესთვის საქართველოში ჩამოვიდა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" პარტნიორი კომპანიების 130-მდე წარმომადგენელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრები, ჟურნალისტები და მასპინძელი კომპანიის წარმომადგენლები თბილისიდან ბორჯომში დილაადრიან გავემგზავრეთ. "ბორჯომის" იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჯერ "ბორჯომის" #2 ჩამომსხმელი ქარხანა დავათვალიერეთ, სადაც მინერალური წყლის ახალ ბოთლებში ჩამოსხმა წარმოებდა. აღსანიშნავია, რომ ახალი ბოთლის პრეზენტაცია კომპანიამ "ბორჯომის" 120 წლის იუბილეს დაამთხვია და მისი პრეზენტაციაც სწორედ იქ შედგა.

აღსანიშნავია, რომ ახალი დიზაინის "ბორჯომის" მინის ბოთლები საქართველოში, ქსნის მინის ქარხანაში, სააქციო საზოგადოება "მინაში" მზადდება. პლასტმასის ტარა კი ფრანგული და გერმანული მანქანა-დანადგარების მეშვეობით იბერება.

ქარხნიდან გამოსულებს კი გარეთ საინტერესო სანახაობა დაგვხვდა - სცენა, სადაც წარმოდგენილი იყო, თუ როგორ ასხამდნენ "ბორჯომს" 120 წლის წინ, როგორ ხდებოდა ბოთლების ჩალით შეფუთვა და ხის ყუთებში ჩაწყობა. ნანახმა ისე აღაფრთოვანა მოწვეული სტუმრები, რომ ყველას სურდა "გაცოცხლებული წარსულის" ფონზე სამახსოვრო ფოტოს გადაღება.

ამის შემდეგ კომპანია "ბორჯომის" სტუმრებმა ბორჯომის პარკში გადავინაცვლეთ, სადაც ბორჯომელებმა ქართული ცეკვა და სიმღერა შემოგვაგებეს. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მინერალური წყლის ბრენდის განვითარების სამ ეტაპზე ისაუბრა:

პირველი ეტაპი რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდს უკავშირდება, როდესაც მინერალური წყლის ხელახალი აღმოჩენა მოხდა და როდესაც ქალაქ ბორჯომის განვითარება დაიწყო, მერე ეტაპი კომუნისტური ეპოქა იყო, როდესაც საბჭოთა ჰიდროგეოლოგების მიერ საბადოს საფუძვლიანი შესწავლა განხორციელდა და როდესაც წარმოების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია, მესამე ეტაპი კი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

"ბორჯომის" 120 წლის იუბილეს დასკვნითი ნაწილი ქ. ბორჯომსა და ქ. თბილისში კონცერტებით აღინიშნა. ბორჯომის ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართა ღია ცის ქვეშ. თბილისში კი  ბორჯომის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

KvirisPalitra.Geმამუკა ხაზარაძე, კომპანია "ბორჯომის" ერთ-ერთი დამფუძნებელი: "უკვე 15 წელზე მეტია "ბორჯომის" ბიზნესში ვარ ჩართული და ის, რასაც დღეს აქ ვხედავთ, მართლაც ძალიან დიდი შრომის შედეგია. შედარებასაც ვერ ვაკეთებ თუ რა განსხვავებაა დღევანდელ წარმოებასა და იმდროინდელ წარმოებას შორის, რაც ჩვენ აქ დაგვხვდა. საბჭოთა პერიოდის წარმოებას ვგულისხმობ. კომპანიის წარმატებაა ის, რომ "ბორჯომი" დღეს 30-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე იყიდება. "ბორჯომი" მულტინაციონალური ბრენდი გახდა, მან დივერსიფიცირება მოახდინა ახალ ბაზრებზე და მისი გაყიდვების მოცულობა იმაზე მეტია, რაც რუსეთის ბაზართან ერთად იყო. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. შესაძლოა ითქვას, რომ ახლა რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ძალიან დიდი რეზერვია. როდესაც ის გაიხსნება, "ბორჯომი" მართლა მიაღწევს თავისი წარმადობის და გაყიდვების პიკს.

მე მინდა ყველას მივულოცო, რომ "ბორჯომი", როგორც ბრენდი დღეს 120 წლის არის. პირველ რიგში ვულოცავ აქ დასაქმებულ ადამიანებს, ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩადო თითოეულმა მათგანმა, თითოეულმა მუშამ, ტექნოლოგმა, ბორჯომელებმა და იმ ხალხმა, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ნდობა გამოგვიცხადა. ყველა იმ მომხმარებელს ვგულისხმობ, ვინც შორიდან გვადევნებდა თვალს და შორიდან გვიჭერდა მხარს. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალი 120 წელი კიდევ უფრო ძლიერი იქნება ისეთი ბრენდისთვის, როგორიც "ბორჯომია".

ზაზა კიკვაძე, "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი: "120 წლის წინ პირველად ჩამოასხეს მინერალური წყალი "ბორჯომი" ბოთლში. შევეცადეთ იუბილესთან დაკავშირებით მაშინდელი წარმოება გაგვეცოცხლებინა. იუბილესთან დაკავშირებით ჩვენს მომხმარებელს სიურპრიზიც შევთავაზეთ - "ბორჯომის" ბოთლი ახალი შეფუთვით. ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ვაწარმოეთ კვლევა და ჩვენი მომხმარებლის მოლოდინისა და მოთხოვნის საპასუხოდ, რომ "ბორჯომი" ახალი, თანამედროვე შეფუთვით ეხილათ, ბოთლის ახალი დიზაინი შევქმენით. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" ახალი ბოთლის დიზაინზე მუშაობა 2010 წლის დასაწყისში დაიწყო.

ფორმა აშკარად შეცვლილია, თუმცა დიზაინერები ცდილობდნენ, ტრადიციული შტრიხები სრულად შეენარჩუნებინათ, რადგან ბოთლი, რომელიც დღევანდელ დღემდე იყო ბაზარზე, ყველასათვის ნაცნობია და საკმაოდ დადებით ემოციებს აღძრავს მომხმარებელში. განახლებული ტარა კვლავინდებურად ღია მწვანე ფერის მინა და პლასტმასია. ახალი დიზაინის მქონე ბოთლი გაცილებით დახვეწილი ფორმის და ოდნავ გამოყვანილია. აქცენტირებულია "ირმის" რელიეფური გამოსახულება, რომელიც ბორჯომის მწარმოებლის სამარკო ნიშანია.

წარწერებისა და გამოსახულებების გეომეტრია ტრადიციულ ბოთლთან შედარებით გაცილებით მკვეთრად არის განსაზღვრული. გამოყენებულია ასევე ტრადიციული თეთრი და წითელი ფერების მქონე ეტიკეტი. ახალი ბოთლის შექმნის იდეა სხვადასხვა ბაზარზე ჩატარებული კვლევის შედეგია. მომხმარებელი სიახლეს ითხოვდა და ჩვენც ეს მოთხოვნა შევასრულეთ.

2006 წელს მართლაც დიდი დარტყმა იყო კომპანიისთვის, როდესაც "ბორჯომის" ბრენდი ყოველგვარი მიზეზების გარეშე აიკრძალა რუსეთის ბაზარზე. მას შემდეგ, ფაქტობრივად ოთხი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ იმ დანაკარგის დივერსიფიკაცია სხვა ქვეყნების ბაზრებზე მოვახდინეთ. შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, გარკვეულწილად ამისათვის მადლობაც შემიძლია ვუთხრა, რადგან დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ვიყავით მაშინ. მაშინ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა კი ჩვენი მთელი გაყიდვები გადანაწილებულია 30 ქვეყანაზე და "ბორჯომი" დღეს გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე იყო თუნდაც ოთხი წლის წინ. მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ამბიციები გვაქვს და გავალთ იმ მასშტაბებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.

შემიძლია სიხარულით ვაუწყო საქართველოს მოქალაქეებს, რომ წელს "ბორჯომი" რაოდენობრივად უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე მაშინ იყიდებოდა, როდესაც რუსეთის ბაზარზე შეგვქონდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ არა მარტო ჩავანაცვლეთ რუსეთის ბაზარი, არამედ უფრო მეტს მივაღწიეთ. მიმდინარე მონაცემებით, მხოლოდ წელს ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 90 მილიონი ბოთლი და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება."

აუშა ნასავიჩენა, კომპანია "IDS Borjomi Euroup"-ის წარმომადგენელი: "ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია "ბორჯომის" ევროპულ მხარეს და ჩამოვედით, რომ ეს დიდი დღესასწაული თქვენთან ერთად გვეზეიმა. ჩვენ ფართოდ ვმუშაობთ ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში და ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი ამ ქვეყნებში  საკმაოდ ფართოა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კომპანია "IDS ბორჯომის" ევროპულმა წარმომადგენლობამ დიდი სამუშაო შეასრულა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.

შემიძლია გითხრათ, რომ მოხმარების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში "ბორჯომის" მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ამ სეგმენტში. ამას ემატება ისიც, რომ ლატვია, ლიტვა და ესტონეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნებია და კარგი დამოკიდებულებაა ჩვენს ხალხებს შორის. ეს დაკავშირებულია როგორც ჩვენი ქვეყნების წარსულთან, ასევე სამომავლო გეგმებთან. ჩვენი ქვეყნების ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს."

ალექსეი რეპინი, ყირგიზეთის წარმომადგენელი: "ჩვენ გახლავართ "ბორჯომის" დისტრიბუტორები ყირგიზეთში. ძალიან სერიოზულად და მთელი გულით მოვეკიდეთ ამ ვიზიტს, მეოთხედ ჩამოვდივარ საქართველოში და ყოველი ჩამოსვლისას ახალ-ახალი მხარიდან ვხედავ თქვენს ქვეყანას. "ბორჯომი" პრემიუმკლასის მინერალური წყალია, ამიტომ, პირველ რიგში მას ისინი მიირთმევენ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს და ვისთვისაც ღირებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ "ბორჯომი" წარმატებული პროდუქტია, უკვე 120 წელი შეუსრულდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ ახლა იწყება!

რომ აღარაფერი ვთქვათ ბიზნესის მნიშვნელობის თვალსაზრისით ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააფართოვა ჩვენი მსოფლმხედველობა. აქ იგრძნობა ურთიერთობების ფასი, ის, რომ ყველაფერი გულიდან მოდის. ღია ხალხი ხართ ქართველები, ჩვენ რაღაცით ვგავართ კიდეც ერთმანეთს. ჩვენთან სტუმარი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და თქვენთანაც წმინდათაწმინდაა."

მიროსლავ სანეკი, უკრაინის წარმომადგენელი: "საქართველოში "ბორჯომის" იუბილეზე უკრაინიდან ჩამოვედით. კომპანიის პროდუქცია უკრაინის ბაზარზე ფართოდ არის წარმოდგენილი. საკმაოდ ფართოდ არის განვითარებული სადისტრიბუციო ხაზი. გამიჭირდება იმის აღრიცხვა, რამდენი ლიტრი მინერალური წყალი "ბორჯომი" შემოდის და იყიდება უკრაინის ბაზარზე წლის განმავლობაში, მაგრამ ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მარკეტსა თუ მაღაზიაში.

უკრაინელი მომხმარებელი დიდად აფასებს ამ პროდუქციის მაღალ ხარისხს. ჩვენი მინერალური წყალი "მირგოროდსკაია", "მოშინსკაია" და "ბორჯომი" ერთი კომპანიის პრდუქტია და ყველას თავისი ნიშა აქვთ ბაზარზე."

ასე რომ, ტყუილად კი არ ამბობენ, რომ 120 წლის მიუხედავად, "ბორჯომი" მაინც ახალგაზრდაა - ყოველთვის თანამედროვე 1890 წლიდან!

R