პრევენცია - აივ-შიდსის საუკეთესო წამალი - კვირის პალიტრა

პრევენცია - აივ-შიდსის საუკეთესო წამალი

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. უკვე 25 წელია მსოფლიო აივ-შიდსის ეპიდემიას ებრძვის, ბრძოლა კი, როგორც ექიმები ამბობენ, ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძურისთვის - სიცოცხლისთვის მიმდინარეობს.

მართალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში აივ-შიდსის გავრცელების მასშტაბები დიდი არ არის, მაგრამ რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება. 2010 წლის 18 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების სულ 2624 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აქედან 1935 მამაკაცი, 689 კი ქალია.

ამ ეტაპზე დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი აქტიური პრევენციული ღონისძიებების გატარებაა, რაც პირველ რიგში გულისხმობს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას დაავადების გავრცელების გზებსა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ. სწორედ ამ მისიას ემსახურება საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი", რომელიც არსებობის 12-წლიან ისტორიას ითვლის. თბილისის გარდა, "ბემონი" ნარკომანიისა და აივ-შიდსის პრევენციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებშიც მართავს. ამჟამად ერთ-ერთი ასეთი პროექტი კახეთში ხორციელდება.

პროექტი "კახეთის რეგიონში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოტენციალისა და კოორდინაციის გაძლიერება ნარკომანიისა და აივ-შიდსის პრევენციის საკითხებზე" ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება. "ბემონის" გარდა ამ პროექტში ჩართულია ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია "შიდსის ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთი". პროექტის მიზანია, რომ მოხდეს კახეთში არსებული არასამთავრობო სექტორის ინფორმირება ნარკომანიისა და აივ-შიდსის პრევენციის შესახებ, რაც საბოლოოდ რეგიონში ჯანსაღი და მოტივირებული საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს.

მაია კობაიძე (ფსიქოლოგი): "ვერ ვიტყვით, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ისეთ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც აივ-ინფექციის გავრცელების დონე ძალიან მაღალია, მაგრამ შეინიშნება ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე იმდენია, რამდენიც გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში იყო და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შარშანდელს ალბათ გადააჭარბებს. შესაძლოა უფრო მეტი შემთხვევების გამოვლენა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უფრო მეტი კვლევა ტარდება, ლაბორატორიების რაოდენობა გაიზარდა და ა.შ.

ჩვენთან აივ-ინფექციის გადაცემის გზებში ინიექციური ნარკოტიკების მოხმარება ჭარბობს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში უკვე იმატა სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის შემთხვევების რაოდენობამ. ანუ თუ რამდენიმე წლის წინ აივ-შიდსით ინფიცირებულებს შორის დაახლოებით 70% ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 57%-მდე დავიდა, სამაგიეროდ 35%-მდე გაიზარდა სქესობრივი გზით დაინფიცირების ხვედრითი წილი. აივ-შიდსის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორია ასევე გაზრდილი მიგრაცია.

დაავადების გავრცელების დინამიკას რეგიონების მიხედვით თუ განვიხილავთ, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი - 863, შემდეგ პოზიციას იკავებს სამეგრელო, სადაც აივ-შიდსით ინფიცირების 395 შემთხვევა გამოვლინდა და აჭარა - 339 შემთხვევა. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობს აივ-ინფექციის პრევენციის საკითხებზე, არსებობს ამ პროფილის სხვა ორგანიზაციებიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ბევრად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, ამის გაკეთება კი ალბათ სკოლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. მართალია, აივ-შიდსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ზოგ სკოლაში პერიოდულად ტარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედეგის მისაღწევად, ამას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ჩვენს კვლევებში გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ინფორმირებულები აივ-ინფექციის გადაცემის გზების შესახებ, ვიდრე ზრდასრულები, უფროსი ასაკის ადამიანები. ნაკლებია ასევე ახალგაზრდებში სტიგმა და მიუღებლობა ინფიცირებულების მიმართ."

მაია ჯავახიშვილი (ფსიქოლოგი): "პრობლემა სწორედ საზოგადოების მხრიდან ინფიცირებული ადამიანების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. როდესაც საზოგადოებას არ მიეწოდება სწორი ინფორმაცია დაავადების გადაცემის გზებზე, მისგან თავის დაცვის საშუალებებზე, უსაფუძვლო შიშსაც სწორედ ეს აჩენს. ზოგადად აივ-შიდსის პრობლემა საქართველოში შემოიჭრა სკანდალურად და შიშით. ეს შიში დარჩა საზოგადოებაში და დამკვიდრდა ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც თავიდან არსებობდა, თუნდაც გადაცემის გზების შესახებ. შესაბამისად, დამოკიდებულება ინფიცირებულების მიმართ არის არასახარბიელო და არასწორი.

აქედან გამომდინარე, თავად ინფიცირებულებიც ერიდებიან თავისი სტატუსის გახსნას, რადგან არსებობს არასწორი დამოკიდებულება, შიში თავად ინფიცირებულების, მათთან ურთიერთობის. შესაძლოა ზოგჯერ სამედიცინო დაწესებულებაში უარიც კი უთხრან აივ-შიდსით ინფიცირებულს თუ ის გახსნის თავის სტატუსს. შესაძლოა სკოლაში ან სამსახურში შეექმნას პრობლემა იმის გამო, რომ ის ინფიცირებულია, მაშინ, როდესაც მასთან ურთიერთობა გარშემომყოფებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.

თუ ადამიანებმა იციან ამ ინფექციის გადაცემის გზები, იციან, როგორ დაიცვან თავი, მაშინ მათ ინფიცირებულთან ურთიერთობის შიში აღარ ექნებათ. უცნაურია, მაგრამ ადამიანები თავს არიდებენ ურთიერთობას ინფიცირებულთან, მაგრამ არ ერიდებიან იმ სარისკო ქცევას, რომლითაც შესაძლოა თავად დაინფიცირდნენ. მით უფრო, რომ ასეთი მოპყრობა ინფიცირებული ადამიანის მიმართ, სხვა არაფერია, თუ არა მისი უფლებების შელახვა. იმ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ამ დაავადების შესახებ, გადაცემის გზების შესახებ, რა შეიცავს საფრთხეს და რა არა, შესაბამისად, იქ მათ მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო გახსნილი და ჯანსაღია."

მაია კობახიძე: "ძირითადად ვმუშაობთ იმ ადამიანებთან, ვინც ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აივ-შიდსით დაინფიცირების მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება. მაგალითად, ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებლები და ადამიანები, ვისაც უფრო ხშირად აქვთ სქესობრივი კონტაქტები, ანუ კომერციული სექსის მუშაკები. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ პედაგოგებთან, მედიკებთან, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეთ ამ ადამიანებთან და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მედიატორები სწორედ ისინი არიან და ყველაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებრივ აზრზე.

მე საყურადღებოდ მეჩვენება ის, რომ ისინი, ვინც ერთი შეხედვით თითქოს ინფორმირებულები არიან, მაგალითად, იციან ვირუსის გადაცემის ძირითადი გზები და ჩამოგითვლიან, რომ გადადის სქესობრივი გზით, სისხლით და დედიდან შვილზე, ამას გარდა კიდევ ჰგონიათ, რომ არსებობს გადაცემის კიდევ სხვა გზებიც. მაგალითად, ტრენინგზე ხშირად უკითხავთ, ვრცელდება თუ არა აივ-ინფექცია კოღოს ნაკბენით, საყოფაცხოვრებო კონტაქტებით, რაზეც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი გვაქვს."

აივ-ეპიდემიის პრევენციის პროექტის ფარგლებში კახეთში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ-შიდსის პრევენციის სათათბიროც ჩამოყალიბდა, სადაც არასამთავრობო სექტორის გარდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც შედიან. სათათბიროს სხდომები კვარტალურად იმართება, სადაც განიხილება მიმდინარე პრობლემატური საკითხები, მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებსა და რეკომენდაციებზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასაწყისში კახეთის რეგიონში ჩატარდა თვისებრივი კვლევა სამიზნე ჯგუფებთან, რათა შეესწავლათ არსებული ვითარება და სწორედ ამის გათვალისწინებით მომზადდა საინფორმაციო მასალები.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კი საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" სასტუმრო "მეტეხი პალასში" ფოტომოყვარულთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს მართავს, მეორე დღეს კი ნამუშევრები თელავში, თელავის თეატრის ფოიეში გამოიფინება.

საზოგადოებრივი გაერთანება ბემონი: თბილისი, ქავთარაძის 16, ტელ: 18-60-61;

"ბემონის" ცხელი ხაზი 188-788

თელავი, უნივერსიტეტის 20, ტელ: (+995 250) 7-10-94;

(+995 90) 18 90 30

R