ლარის კურსის ქუჩის აქციებისთვის დაბრალება "მელოჩნიკობაა"
25-11-2019
ლარის კურსის ქუჩის აქციებისთვის დაბრალება "მელოჩნიკობაა"
"ეროვნულ ბანკს შეუძლია ხელოვნურად ლარის კურსის დაჭერა კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტ მარწუხებში მოქცევის ხარჯზე"

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა 100 ათას ლარამდე შემცირდეს. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე გაახმაურა და თქვა, რომ ზღვრის დაწევა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის კეთდება. გახარიამ შესაბამისი დავალება ფინანსთა მინისტრს უკვე მისცა და მთავრობის მომდევნო სხდომაზე კონკრეტული წინადადებების წარდგენა დაავალა. ექსპერტების შეფასებით, მთავრობა შეცდომების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ უცხოურ
ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი საერთოდ გაუქმდეს. ეკონომისტების თქმით, თავის დროზე უცხოურ ვალუტაში 200 ათას ლარამდე ზღვრის გაზრდამ ლარიზაციის მაჩვენებელი გაზარდა, მაგრამ დაარტყა გაცვლით კურსს, ხელი შეუწყო ინფლაციის მომატებას და მოსახლეობასაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტების პროცენტი გაეზარდა, ამიტომ საჭიროა ამ პროცესის უკან დაბრუნება.

აკაკი ცომაია, ეკონომიკის დოქტორი:
- გავიხსენოთ მამუკა ბახტაძის საჯარო გამოსვლა, როცა ის ფინანსთა მინისტრობიდან პრემიერობისთვის ემზადებოდა, მან უპასუხისმგებლო დაკრედიტების პოლიტიკაზე ილაპარაკა. სწორედ მაშინ წამოაყენა მან ინიციატივა, რომ დაკრედიტების პოლიტიკა უნდა გამხდარიყო უფრო პასუხისმგებლიანი, ხოლო კრედიტები, რომლებიც უცხოურ ვალუტაში გაიცემოდა, ლარში გაცემულიყო. ახსნა ასეთი იყო - ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, კრედიტებსაც ეროვნულ ვალუტაში უნდა იღებდეს. ინიციატივა მთავრობიდან წამოვიდა, არადა, ეს მათი საქმე არ იყო, ეს ეროვნული ბანკის დისკრეციული უფლებაა. მინდა თქვენი ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ მთავრობა უხეშად ერევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში და აზრი, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია, მითია და არა რეალობა.

დედოლარიზაციისა და ლარიზაციის პოლიტიკის შედეგები ახლა სახეზე გვაქვს, რაც იმით გამოიხატება, რომ სებ-ს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები, ლარი დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა და მივიღეთ ინფლაცია, რის გამოც მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები. ახლა ეროვნულ ბანკს არ უნდა აღიარება, რომ ეს ლარიზაციის ბრალია. მთავრობამ კი რომ დაინახა, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დედოლარიზაციაა, უკან დახევა დაიწყო - შენიღბულად და არა ღიად, არა იმის აღიარებით, რომ ეს მისი ინიციატივის გამო ხდება. ვითარება რეალურად რომ გამოსწორდეს, აუცილებელია ზღვრის არა 100 ათასამდე შემცირება, არამედ მთლიანად გაუქმება.

აგრეთვე, უნდა შემცირდეს სარეზერვო მინიმალური მოთხოვნები დოლარში. მართალია, სებ-მა გადადგა ნაბიჯები მას შემდეგ, რაც ლარის მკვეთრად გაუფასურება დაინახა, მაგრამ ეს არ კმარა - ბანკებისთვის დაწესებული სარეზერვო მოთხოვნები დოლარში კიდევ უნდა შემცირდეს.

თუმცა ეს ყველაფერი მედლის მხოლოდ ერთი მხარეა და აქ არ იკვეთება მხოლოდ სებ-ის შეცდომები. მედლის მეორე მხარეა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ამ შვიდი წლის განმავლობაში. ვგულისხმობ საგადასახადო და ფისკალურ პოლიტიკას, სახელმწიფო რესურსების დაუბალანსებელ, არაპროდუქტიულ ხარჯვას, რასაც, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ფულის ფლანგვა ჰქვია. რეალური ღირებულება, რაც საზოგადოებრივი სიკეთის შექმნასთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო სექტორში არ იქმნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო წლებში სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო, რომელიც მანამდე მომგებიანი იყო, მათ შორის `საქართველოს რკინიგზა~, ბოლო დროს თავის ეკონომიკურ საქმიანობას ძალიან დიდი ზარალით ასრულებს. გარდა ამისა, სახელმწიფო სექტორში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. ცხადია, ეს ყველაფერი ისევ და ისევ გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე და იმპორტზე მოთხოვნას ზრდის. მათ შორის არის მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები, ავტოპარკის შეძენა, მივლინებები, რომელთა არც მიზანი კონტროლდება და არც შედეგი. ამგვარად, რესურსების ხარჯვა ქვეყნიდან დიდი ოდენობით ვალუტის გადინებას იწვევს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახლანდელი მასშტაბით შემცირებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და მისი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის შედეგია ისიც, რომ ინსტიტუციები, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საბაზრო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებენ.
ყველაფერი, რამაც უნდა უზრუნველყოს სისტემის მდგრადი მუშაობა, ჩამოშლილია, ერთი კაცი წყვეტს, ვინ განახორციელოს ინვესტიცია, ვის და რომელ ბიზნესსექტორში შეუძლია დაიმკვიდროს ადგილი, ვის უნდა მიენიჭოს პრივილეგია, ვინ უნდა დაიჭირონ და ა.შ. აი, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.

- როგორ ფიქრობთ, რა საფრთხე დაინახა ხელისუფლებამ, რამაც მისივე ცვლილებების უკან გაწვევა გადააწყვეტინა? დარწმუნდა, რომ ვეღარ დაიჭერს ლარის კურსს, შესაბამისად, ვეღარ გაუმკლავდება ინფლაციას და ეკონომიკური ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო შენელდეს?
- რადგან მთავრობა არ აღიარებს ყველა იმ შეცდომას, რაზეც ვისაუბრეთ, და არ ცდილობს მათ გამოსწორებას, მთელი სიმძიმე კერძო სექტორზე გადადის. ეროვნულ ბანკს შეუძლია ხელოვნურად ლარის კურსის დაჭერა კერძო სექტორის მარწუხებში უფრო მეტად მოქცევის ხარჯზე. მას შეუძლია უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა და ეს რაღაც ზღვრამდე შეამცირებს ლარის რყევას, მაგრამ 100 ათას კაცს, ვისაც აღებული აქვს იპოთეკური სესხი ლარში, უფრო მეტად გაუძვირდება საპროცენტო განაკვეთი - ანუ საბოლოოდ ეროვნული ბანკი კი შეძლებს ინფლაციის მოთოკვას, მაგრამ ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს, რადგან კერძო სექტორი, ვისაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული, ძალიან დაზარალდება და ეკონომიკური ზრდაც შენელდება. ერთ-ერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან ის არის, რომ არ არსებობდეს შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხებზე, მაგრამ პრობლემაა, რომ დღეს უკვე 1 დოლარი დაახლოებით 3 ლარი ღირს. შესაბამისად, დღეს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე ზღვრის შემცირება ან გაუქმება იმდენად ვეღარ წაახალისებს დოლარში სესხების გაცემას - მიუხედავად იმისა, რომ ლარში სესხები შესაძლოა უფრო გაძვირდეს, ხოლო უცხოურ ვალუტაში უფრო გაიაფდეს.

რა თქმა უნდა, ჯობს, ყველაფერი კვლავ სტატუს-კვოს დაუბრუნდეს - თუ დაუშვებენ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემას 200 ათას ლარის ქვემოთაც, აღდგება უცხოური ვალუტის შემოდინების ეს წყარო, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ლარის კურსსა და ინფლაციის მოთოკვაზეც. თუმცა ეს არის ერთ-ერთი და არასაკმარისი ნაბიჯი. მთავრობამაც მკვეთრად უნდა შეამციროს ხარჯვა, რადიკალური რეფორმები უნდა გატარდეს და შემცირდეს საგადასახადო ტვირთი, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი იმდენით, რამდენითაც შეძლებს სახელმწიფო შეამციროს თავისი ხარჯები და რაც მეტად, მით უკეთესი.

- ხელისუფლებაც და ეროვნული ბანკიც ხშირად ამბობენ, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამის რეალური საფუძველი არსებობს...
- ვინც ამას ამბობს, უნდა გვითხრას, რა დიაპაზონში უნდა იყოს ლარი. რა თქმა უნდა, ლარი წონასწორულ ნიშნულს მიღმაც უფასურდება, მაგრამ დროის განსაზღვრულ შუალედში. არ შეიძლება განუსაზღვრელი და ამხელა მასშტაბის რყევის ამპლიტუდა იყოს. მოლოდინების ფაქტორის გამო ლარი უფასურდება უფრო მეტად ან ნაკლებად, მაგრამ მოლოდინები დროებითი მოვლენაა. მაგალითად, თუ გაქვს მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება განსაზღვრულ ეტაპზე და აღმოჩნდება, რომ იმაზე დიდხანს და მეტად გაგრძელდება გაუფასურება, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო და აღარ მყარდება, ეს უკვე მოლოდინის ეფექტით გაუფასურება აღარ არის.

ჩვენთან მოლოდინების ფაქტორი რაღაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად მისი დასახელება ხელისუფლებას აღარ გამოადგება. შესაბამისად, ის გაცვლითი კურსი გვაქვს, რაც ეკონომიკაში არსებულ რეალურ სურათს, ანუ ლარის საბაზრო წონასწორობის ფასს ასახავს.

- ამ მოცემულობაში შესაძლებელია ლარის კურსზე რაიმე პროგნოზის გაკეთება?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკაზე დაგვიანებით მოქმედებს. ჯერ 1 თვეც არ გასულა, რაც რეფინანსირების განაკვეთი სებ-მა კიდევ ერთხელ გაზარდა. სესხის მომსახურებისთვის უფრო მეტი პროცენტის გადახდა რომ მოუწევთ, მხოლოდ ამის შემდეგ დაეტყობა ეს ყველაფერი სამომხმარებლო ხარჯებს; მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამომხმარებლო ხარჯები ეკონომიკაში შემცირდება, ეს გამოიწვევს ეკონომიკის შენელებას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ გავლენას ლარზე. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს უფრო მეტად მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ბევრი რამ არის დამოკიდებული ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებაზე. მე არა მაქვს ამ ორი ინსტიტუტის რაციონალურობისა და ვითარების ადეკვატურად შეფასების იმედი, ამიტომაც ლარის გაუფასურების კვლავ გაგრძელებას ველოდები, ხოლო თუ ეროვნულმა ბანკმა ძალიან გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ლარის გამყარება მიზნად დაისახა, ბუნებრივია, ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ეკონომიკა ძალიან შენელდება და მოსახლეობა, განსაკუთრებით ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, თავის ჯიბეზე ამ ყველაფერს მძიმედ იგრძნობს.

- უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის დაწევით ხელისუფლებამ ირიბად აღიარა, რომ თავის დროზე ეს რეგულაცია შეცდომა იყო, თუმცა უნდა აიღოს თუ არა ამაზე ვინმემ პასუხისმგებლობა და შესაძლებელია თუ არა ყველაფერი ეროვნული ბანკის ქმედებებსა თუ უმოქმედობას დაჰბრალდეს?
- იმდენ რამეზე უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებზე, პროპორციული არჩევნების ცვლილებების ჩაგდებაზე და ა.შ., ჩემგან უხერხული იქნება მოთხოვნა, პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ ლარიზაციის პოლიტიკა შეცდომა იყო. თუმცა
ისეთი პირი უჩანს, უნდათ ჯოხი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტზე გადატეხონ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაშვებული აქვს შეცდომები, მაგრამ რომელი უფრო მეტად დამნაშავეა - ეროვნული ბანკი თუ მთავრობა?

საუბარიც ხომ იმით დავიწყეთ, რომ თავის დროზე ეს ბახტაძის ინიციატივა იყო, რომელსაც გახარიაც და მთელი მთავრობა აქტიურად უჭერდა მხარს. თუმცა, ცხადია, იურიდიულად პასუხს ლარიზაციაზე ეროვნული ბანკი აგებს, ისევე როგორც ინფლაციაზე.

- მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების გამო პრემიერმა პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ამიტომ ჩვენ ამას შესაბამისი ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთო...
- სასაცილოა ამაზე კომენტარის გაკეთება. როგორ შეიძლება ოპოზიციის თუნდაც დესტრუქციული ნაბიჯები ასეთ ეკონომიკურ რყევებს იწვევდეს. როცა დესტაბილიზაციაა ქუჩებში, ეს საინვესტიციო გარემოზე დადებითად არ მოქმედებს, მაგრამ ეს ხომ შედეგია და არა მიზეზი. რისგან არის გამოწვეული ოპოზიციის ეს ქმედებები? არალეგიტიმურია გამოსვლები? არასწორად აპროტესტებს ხალხი პროპორციული სისტემის ცვლილებების ჩაგდებას? რეალურად ივანიშვილმა არ შექმნა ეს პრობლემები და შემდეგ ამას არ მოჰყვა ხალხის რეაქცია? ამ 8 წლის განმავლობაში სულ პროტესტი იყო? რატომ უფასურდებოდა ლარი? რატომ იყო ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალი? ძალიან ბევრი შეკითხვაა და ამაზე გაგვცენ პასუხი, ნაცვლად იმისა, ოპოზიციას გადააბრალონ ეკონომიკური პრობლემები. გამოვიყენებ რუსულ ჟარგონს და მოუხდება კიდეც გახარიას - ამაზე აპელირება `მელოჩნიკობაა~ და სხვა არაფერი! ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი. პრემიერს სურს დაიჭიროს ორი კურდღელი - ერთი მხრივ, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, ოპოზიციას დააბრალოს ის, რაც რეალურად მისი ბრალი არ არის.

ემა ტუხიაშვილი
ალექს
05 დეკემბერი 2019 11:38
ჰმ,კურსზე ჭორმართალი მოქმედებს,ამას იყენებენ აჟიოტაჟის ასაგორებლადაც და ჩასაქრობადაც !
მაგალითად, როტშილდმა, ნაპალეონმა ვატერლოო მოიგოო, ჭორზე ააგო იმპერია !

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები