საინვესტიციო მზეს მთავრობა ამჯერად აღმოსავლეთიდან ელოდება - კვირის პალიტრა

საინვესტიციო მზეს მთავრობა ამჯერად აღმოსავლეთიდან ელოდება

წლეულს მთავრობა 6,3%-ან, გაისად 7%-იან, ხოლო 2012-ში - 9,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ეს ოპტიმისტური პროგნოზი რომ გამართლდეს, მთავრობა იმედს უცხოურ ინვესტიციებზე ამყარებს, თუმცა რამდენ კაპიტალს უნდა ელოდოს წლეულს, არ იცის. დასავლეთიდან კაპიტალის შემოსვლის იმედი ფინანსურმა კრიზისმა გადაწურა, ამიტომ მომავალში ინვესტიციებს აღმოსავლეთიდან - ჩინეთსა და ინდოეთიდან ელოდებიან.

ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადი ერთბაშად დაეცა და წლეულს I კვარტალში მინიმალური ოდენობა - $75,7 მილიონი შემოვიდა. ამის შემდეგ სამთავრობო ჯგუფმა ინვესტიციების მოსაძიებლად ე.წ. როუდშოუები ჯერ ევროპაში, შემდეგ შეერთებულ შტატებში გამართა. თუმცა ევროპასაც და ამერიკასაც საკუთარი ფინანსური პრობლემები ჰყოფნით. შედეგი სახარბიელო არ აღმოჩნდა.

იქაურ ბიზნესებს მომხმარებლის შემცირების გამო შემოსავლების საგრძნობი კლება აქვთ და ამ პრობლემებთან გამკლავება ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებიათ. შესაბამისად, სხვა ბაზრებზე დასაბანდებლად თავისუფალი სახსრები აღარ ჰყოფნით. ამიტომაც როუდშოუებს ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია და II კვარტალში ინვესტიცია $197 მილიონზე მეტი არ ყოფილა. არცთუ შედეგიანი მცდელობის შემდეგ, მთავრობამ ორიენტირი შეიცვალა და გეზი აღმოსავლეთისკენ, ჩინეთისა და ინდოეთისკენ აიღო.

ახლა სახსრები აღმოსავლეთშია. ჩინეთსა და ინდოეთზე ეკონომიკური კრიზისის გავლენა, რამაც დასავლეთი დეპრესიამდე მიიყვანა, უმნიშვნელო გახლდათ. იქაურ ბანკებს კი ფინანსური პრობლემები საერთოდ არ უგრძნია. პირიქით, ბოლო დროს ჩინეთის ეკონომიკა ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ ეკონომიკის კაპიტალისტური მოდელის უპირატესობა საერთოდ ეჭვქვეშაც კი დააყენა.

ექსპერტები ბევრ ქვეყანაში დაფიქრდნენ, ხომ არ შეიძლება კომუნისტურმა სახელმწიფო წყობამაც გაამართლოს. მზარდი ჩინეთი საკუთარ საზღვრებში ვეღარ ეტევა და სხვა ქვეყნების ბაზრების დაუფლებას აქტიურად ცდილობს. ინვესტირებისთვის ერთ-ერთ მომგებიანი ნიადაგი მათთვის საქართველო შეიძლება გახდეს. ჩინელებმა ის სფეროები შეარჩიეს, სადაც მოგების ნახვა შეიძლება. ასეთი კი შეიძლება იყოს ჰიდროენერგეტიკა, ტექნიკის ბაზარი და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

ერთ-ერთი მსხვილი ჩინური კორპორაცია ZTE ქართულ დელეგაციას გამოჰყვა და თბილისში საკუთარი წარმომადგენლობაც გახსნა. კომპანია ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ტენდერითაა დაინტერესებული, რომელმაც რკინიგზის გასწვრივ უნდა გაიაროს.

"ჰუავეი" მეორე მსხვილი ჩინური კომპანიაა, რომელსაც მობილური ტელეფონების ასაწყობი ქარხნის აშენების სურვილი აქვს. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჩინეთიდან უახლოეს მომავალში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდება. ამ კაპიტალში შევა შავიზღვისპირა ზოლში საზღვაო პორტის მშენებლობაც. ჩინელებს უკვე მისცეს თანხმობა ლილოს ტერიტორიაზე 100 ჰექტარი მიწის გამოყოფაზე, სადაც მათ დიდი სავაჭრო კომპლექსი უნდა მოაწყონ.

ჰიდროენერგეტიკასა და ახალი მეტალურგიული ქარხნების მშენებლობაში აპირებენ ინვესტიციის ჩადებას ინდოელებიც. იქაური კომპანიებიც აქტიურად ეძებენ უცხოურ ბაზრებს კაპიტალის დასაბანდებლად. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ინდოეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, ინდოელებს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დაბანდება გაზის მოპოვებაში სურთ. $800 მილიონამდე ინდურ ინვესტიციებს ელოდებიან ხუდონჰესის მშენებლობაში, თუმცა ეს კაპიტალი მოგვიანებით შემოვა. ინდური "ტრანს-ელექტრიკალ ლიმიტედი" მშენებლობას 2011 წლის დეკემბრისთვის დაიწყებს.

ინდოელებს ინტერესი აქვთ აგროსექტორისა და სამედიცინო ტურიზმის მიმართ. მათ სამედიცინო ტურიზმის დიდი გამოცდილება აქვთ. ამიტომ ინდურ კომპანიებს საკურორტო, რეკრეაციულ ზონებში ელოდებიან. მათ უკვე შესთავაზეს ბორჯომის, საირმისა და სხვა კურორტების შეძენა. ინდოელები შეიძლება გამოჩნდნენ ჰოსპიტალურ სექტორში.

მათ საავადმყოფოებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულების შეძენას სთავაზობენ, რომლებიც ახლა საპრივატიზაციოდაა გამზადებული.

ყველაზე დიდი მოცულობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2007 წელს შემოვიდა - $2 მილიარდზე ცოტა მეტი. ომისა და კრიზისის გავლენით დაბანდებები 2008 წელს $1,5639 მილიარდამდე შემცირდა. 2009 წელს ინვესტიციები მხოლოდ 658,4 მილიარდი დოლარი იყო, წლევანდელ ორ კვარტალში კი ჯამში $272,5 მილიარდი შეადგინა. ერთი წლით ადრე ეს ნაჩვენებელი $291,2 მილიონს აღწევდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე აქტიური ინვესტორი ნიდერლანდებია, დსთ-ის ქვეყნებიდან - რუსეთი და აზერბაიჯანი. დანარჩენი მსოფლიოდან - აშშ, ვირჯინიის კუნძულები, იაპონია და არაბეთის ქვეყნები.

ყველაზე მეტი ინვესტიცია კრიზისამდეც და წლეულსაც ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში შემოვიდა. მათ მოსდევდა ენერგეტიკა, მრეწველობა და უძრავი ქონება. მომდევნო პოზიციაზე წლეულს მრეწველობა და უძრავი ქონების სფეროა. მცირე იყო ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში, მინიმალური - მშენებლობაში.

წინასწარი გათვლებით, წლის ბოლომდე $1,2 მილიარდამდე უცხოური კაპიტალი უნდა შემოსულიყო, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ინვესტიცია გაცილებით ნაკლები, $700-750 მილიონის ფარგლებში იქნება. მსოფლიო ბანკი ინვესტიციებისთვის მიმზიდველ სფეროებად ჰიდროენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას და ტურიზმის სფეროს ასახელებს, განსაკუთრებით კი ეკოტურიზმს გამოყოფს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს იმის რესურსიც აქვს, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2004 წ. - $499,1 მლნ

2005 წ. - $449,8 მლნ

2006 წ. - $1190,4 მლნ

2007 წ. - $2014,8 მლნ

2008 წ. - $1564,0 მლნ

2009 წ. - $658,4 მლნ

2010 წ. I კვ. - $75,7 მლნ

2010 წ. II კვ. - $196,9 მლნ

ნონა ქვლივიძე