ევროკავშირი სავაჭრო შეღავათების გაუქმებით გვემუქრება - კვირის პალიტრა

ევროკავშირი სავაჭრო შეღავათების გაუქმებით გვემუქრება

ერთი თვის წინ სავაჭრო შეღავათები ბელორუსიას გაუუქმეს, უფრო ადრე - შრი-ლანკას

ევროკავშირი ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას არ შეასრულებს, შესაძლოა დღის წესრიგში შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის, GSP-ის გაუქმების საკითხი დადგეს. ყველაზე დიდი პრეტენზია დასავლელებს შრომის კოდექსთან აქვთ.

ევროკავშირში არც ის ლიბერალური რეფორმები მოსწონთ, რომლებიც ყოფილ სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძის სახელს უკავშირდება. ევროპა თავის დროზე ბენდუქიძის მიერ გაუქმებული რეგულაციების აღდგენას ითხოვს.

ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო შეღავათებით საქართველო 2005 წლიდან სარგებლობს. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 95%, GSP-ის პრეფერენციების სისტემით, ნულოვან საგადასახადო რეჟიმშია მოქცეული (ზოგიერთ პროდუქტზე შენარჩუნებულია საბაჟო მოსაკრებელი). ევროპიდან იმპორტირებული საქონელი კი ჩვეულებრივად იბეგრება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. ევროკავშირისგან მიღებული პრეფერენციებით საქართველოში მომუშავე ბიზნესებს შანსი გაუჩნდათ, რომ თავიანთი პროდუქცია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე შეეტანათ, მაგრამ ამ რეჟიმით სარგებლობა კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო.

GSP-ი 7,2 ათას დასახელებას მოიცავს, მაგრამ რეალურად ამ პრეფერენციებით ევროკავშირის ბაზარზე 27-დან 32-მდე დასახელების პროდუქტი შედის. მათ შორის ძირითადია: ამონიუმის გვარჯილა, ფეროშენადნობები, თხილი, მაღალტექნოლოგიური იზოტოპები, მწვანილი, კონცენტრატები, ხილი, ხილის წვენები, სოჭის თესლი, საკონსერვო პროდუქტი, სანელებლები, ჩაი.

სიის სათავეში ამონიუმის გვარჯილა და თხილია. საქართველოში წარმოებულ პროდუქტს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ამჟამად მხოლოდ 18 იღებს, ყველაზე დიდი მოცულობით კი - გერმანია, იტალია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი. შარშან ამ ქვეყნებში სულ $112 მილიონის ექსპორტი გავიდა. წლეულს 11 თვეში კი GSP-ით $97 მილიონის საქონელია გასული და ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ დეკემბრის ბოლომდე ექსპორტი შარშანდელ მოცულობას გაუტოლდება. პროდუქციის ჩამონათვალი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნების იმპორტში უმნიშვნელო ადგილს იკავებს. სულ კავკასიის ქვეყნების წილად ევროპის საგარეო ვაჭრობის 0,5%-ზე ნაკლები მოდის, საქართველოს წილი კი 0,1%-ს მცირედით აღემატება. სხვა მიზეზებთან ერთად, ექსპორტს ევროპის მხრიდან სურსათის უსაფრთხოებაზე მკაცრი მოთხოვნებიც უშლის ხელს. საექსპორტო პროდუქტის საჭირო ფიტოსანიტარიულ კონტროლს კი ქართული მხარე ჯერ ვერ ახორციელებს.

ხოლო GSP-ის რეჟიმში მოსაქცევად საექსპორტო პროდუქციას ფიტოსანიტარიული და ადგილწარმოშობის სერტიფიკატები სჭირდება. ამ დოკუმენტების გაცემის სქემა ცოტა ხნის წინ მთავრობამ შეცვალა და სურსათის უვნებლობის სამსახურისა (გაუქმებამდე გასცემდა ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს) და ეკონომიკის სამინისტროს (გასცემს ადგილწარმოშობის სერტიფიკატს) გარდა, სერტიფიკატების გაცემის უფლება საბაჟოსაც მისცა. მაგრამ ეს მექანიზმი სრულყოფილად ჯერჯერობით არ ამოქმედებულა, გაცემის წესი საბოლოო ჯამში უფრო ბუნდოვანიც კი გახდა.

ევროპაში ექსპორტი დიდი არ არის, მაგრამ თუ მთავრობა ევროპის მოთხოვნებს უყურადღებოდ დატოვებს, ჩვენმა ბიზნესებმა შეიძლება ეს შეღავათებიც დაკარგონ. ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბევრი შენიშვნა დაუგროვდა. იწუნებენ შრომის კოდექსს, რომლის შეცვლას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დიდი ხანია ითხოვს.

ამას ემატება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის პრობლემები. დასავლეთი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ შექმნას კონკრეტული სტრუქტურა, რომელთანაც ის მოლაპარაკებებს წარმართავს, აგრეთვე ქართულ მხარეს ურჩევს, მეტი კოორდინაცია იყოს მინისტრებს შორის და ამ საკითხებზე მათ შეთანხმებული პოზიცია ექნეთ. ევროკომისიაში შეშფოთებას ლიბერტარიანული მიდგომების გამოც გამოხატავენ, რომელსაც კახა ბენდუქიძის პოლიტიკას უკავშირებენ.

კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ აამოქმედოს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც კონკურენციის გაზრდაზე იმუშავებს. "ვიცით, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური აღადგინეს, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ არაფერი გაუკეთებია, სიტყვიერ შეთანხმებებს რეალური საქმე არ მოსდევს", - აცხადებენ ევროკომისიაში.

დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევის გამო ევროკავშირმა GSP-ი დაახლოებით ერთი თვის წინ ბელორუსიას, ხოლო უფრო ადრე შრი-ლანკას გაუუქმა. "თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გვეტყვის, რომ საქართველო არ სცემს პატივს შრომით კანონმდებლობას, GSP-ი საფრთხის ქვეშ დადგება. თქვენი მეგობარი კი ვართ, მაგრამ შეიძლება მკაცრი გადაწყვეტილება მივიღოთ", - ასეთია ევროკავშირის პოზიცია.

შრომის კოდექსზე სამუშაოდ, მთავრობის, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების მონაწილეობით ნოემბრის დასწყისში სამმხრივი კომისია შეიქმნა, მაგრამ საქმე ჯერ წინ არ წასულა.

ირაკლი პეტრიაშვილი (პროფკავშირების თავმჯდომარე): "კომისია მეორედ ამ დღეებში უნდა შეიკრიბოს და შრომის კოდექსის შესაცვლელ მუხლებზე მუშაობას თუ არ დაიწყებს, კომისიას დავტოვებ, რადგან არ მინდა ფორმალურად ვიყო მის შემადგენლობაში, ვიკრიბებოდეთ, ვითომ ვმსჯელობდეთ და არაფერს ვაკეთებდეთ. მოქმედი კოდექსი მთლიანად დასაწვავია, რადგან ის მე-17 საუკუნის დოკუმენტია.

განსაკუთრებით 37-ე მუხლის დ) პუნქტი, სადაც წერია, რომ შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს რომელიმე მხარის ინიციატივით. უმრავლეს შემთხვევაში ხელშეკრულებას დამსაქმებელი წყვეტს. კოდექსი მას უფლებას აძლევს, დასაქმებულს კონტრაქტი ნებისმიერი მიზეზით შეუწყვიტოს, მაგალითად, პოლიტიკური სიმპათიის, რელიგიური მრწამსის გამო ან იმისთვის, რომ დაქირავებული ქალია. ამ კოდექსის პოლიტიკური ფასი დიდია. თუ არ შეიცვლება, არა მარტო GSP-ს, ევროპის დაპირებულ გამარტივებულ სავიზო რეჟიმსაც საფრთხე შეექმნება".

როგორც ევროკომისიაში ამბობენ, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა ისეთი საინტერესო არ არის, როგორც ჩინეთთან ან ბრაზილიასთან, მაგრამ ტერიტორიული სიახლოვის გამო საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილი მაინც აქვთ. "გვინდა, რომ სტიმული მივცეთ წარმოების განვითარებას და არა მხოლოდ ნედლეულის ექსპორტს", - აცხადებენ ევროკომისიაში. ევროპას სურს, სამომავლოდ საქართველოსთან ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე გადავიდეს, თუ ამის საშუალებას საქართველოს მთავრობა მისცემს.

ნონა ქვლივიძე