მილიარდები- ფასდაკლებით! - კვირის პალიტრა

მილიარდები- ფასდაკლებით!

როგორ იშოვეს გერმანელმა ძმებმა მილიარდები ჩვეულებრივი დისკაუნტით

საცალო მაღაზიათა ქსელ Aldi-ის მფლობელები, ძმები კარლ და თეო ალბრეხტები, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში შედიან. "ალდის" მაღაზიები ძირითადად ნაკლებშემოსავლიან მომხმარებელზეა გათვლილი. ჯერ კიდევ ბიზნესის დასაწყისშივე საქმოსანმა ძმებმა სტრატეგია არა სავაჭრო ქსელში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე, არამედ ფასების შემცირებაზე ააგეს. მაღაზიების ქსელში გამოტანილი პროდუქციის დასახელებების რაოდენობა არ იმატებდა, ოღონდ ჩამონათვალი იცვლებოდა დროის მოთხოვნების შესაბამისად.

"ალდის" მომხმარებლებს შორის დღეს საკმაოდ შეძლებული ადამიანებიც არიან. ქსელი მრავალრიცხოვან მომხმარებელს იზიდავს. ბიზნესი რამდენადაც პოპულარულია, იმდენად იდუმალებით არის მოცული ინფორმაცია მისი მფლობელების შესახებ. გასაკვირია, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ისიც კი არ არის ზუსტად ცნობილი, როდის და სად დაიბადნენ ძმები ალბრეხტები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უფროსი ძმა კარლი 1920 წელს დაიბადა, მისი ძმა თეო კი ორი წლის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მამა მაღაროელი ჰყავდათ, რომელმაც ამ პროფესიისთვის დამახასიათებელი დაავადებების მთელი "თაიგული" შეიძინა...

მომავალი მილიარდერების დედა პრაგმატული ქალი აღმოჩნდა და გადაწყვიტა საკუთარი საქმე წამოეწყო- ესენის მახლობლად სასურსათო ფარდული გახსნა, ჯერ კიდევ შვილების დაბადებამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბიზნესი თეოსა და კარლს მემკვიდრეობით ერგოთ.

სწორედ ამ ერთი მაღაზიით დაიწყო ძმები ალბრეხტების კომერციული წარმატების ისტორია. ომის დამთავრების შემდეგ გერმანიაში იაფი პროდუქტის დეფიციტი იყო. კარლმა და თეომ ამ მოთხოვნას საგანგებო ყურადღება მიაქციეს და 1950 წელს ერთი მაღაზია უკვე ცამეტად იქცა. კიდევ ხუთი წლის შემდეგ ძმები ალბრეხტების მაღაზიები რურის მთელ რეგიონში გამოჩნდა.

გერმანული საცალო მაღაზიების ქსელი "ალდი" უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ფასდაკლებით (დისკაუნტით) გაყიდვაზე. მისი შვილობილი კომპანიების ქსელი მრავალ ქვეყანაშია ამერიკიდან ავსტრალიამდე. კომპანიის სახელი "ალბრეხტისა" და "დისკაუნტის" პირველი ორ-ორი ასო-ნიშნის შეერთებითაა მიღებული. "ფორბსის" შეფასებით, 2010 წლის აპრილში კარლი $23,5 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის მეათე იყო, თეო ალბრეხტი კი $16,7 მილიარდით- 31-ე. წლეულსვე 28 ივლისს თეო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. უფროსი კარლი ამჟამად 90 წლისაა.

გერმანელ მილიარდერებზე თითქმის არაფერი იწერებოდა პრესაში, ისინი არ ჩანდნენ ელიტურ წვეულებებზე და არც პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ. კარლი და თეო თითქმის არასდროს აწყობდნენ შეხვედრებს ფინანსურ ანალიტიკოსებთან, მედიის წარმომადგენლებთან, შეიძლება თქვას, ცხოვრების ჩაკეტილი წესი ჰქონდათ.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალბრეხტები 1971 წლის ნოემბერში აღმოჩნდნენ, როცა თეო ქალაქ რეკლინგჰაუზენში, მისი ერთ-ერთი მაღაზიის ზღურბლიდან გაიტაცეს. გამტაცებელთა ტყვეობაში თეომ 17 დღე გაატარა და მხოლოდ გამოსასყიდის, 7 მილიონი მარკის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას შემდეგ ძმები თავს არიდებდნენ ნებისმიერ ხმაურს მათ შესახებ. ინტერნეტსაიტების უმეტესობაზე, სადაც ეს ორი მილიარდერია ნახსენები, როგორც წესი, ინფორმაცია მწირია. ამბობენ, რომ ძმებს გატაცების შიში ჩამოუყალიბდათ და ამიტომ საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდებოდნენ...

"ფენომენური" ფასდაკლება

კომპანიის ისტორია გერმანიის პროვინციულ ქალაქ რურში დაიწყო, პატარა საბაკალეიო ფარდულით. ომისშედგომ გერმანიაში, როცა იაფი სურსათი სანთლით იყო საძებარი, ალბრეხტების მაღაზიებში ყოველთვის შეიძლებოდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის იაფად შეძენა. კარლს და თეოს ალღო აღმოაჩნდათ. ისინი თითქმის არ ხარჯავდნენ ფულს რეკლამაზე, ძვირად ღირებული ვიტრინებისა და სტელაჟების შესყიდვაზე. ხშირად პროდუქტი მაღაზიებში მუყაოს ყუთებით პირდაპირ იატაკზე ეწყო. "ჩვენი რეკლამა- დაბალი ფასია",- ამბობდნენ ძმები.

საქმე მომგებიანი აღმოჩნდა. ყოველ წელს ძმები ახალ-ახალ მაღაზიებს ხსნიდნენ. 1953 წელს "ალდის" ქსელი 30 ობიექტს აერთიანებდა, 1960 წელს ეს რიცხვი 300-მდე გაიზარდა. მართალია, მაღაზიებში ასორტიმენტი შეზღუდული იყო, მაგრამ რაც იყო, იაფი ღირდა. ბრუნვა იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ 1960 წელს კომპანიამ ქვეყნის ბაზრის 47% დაიკავა. გერმანიის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა ალბრეხტებს მოსთხოვა, ახალი ბაზრები სხვა ქვეყნებში მოეძებნათ. პირველი საზღვარგარეთული ფილიალი ბელგიაში გაიხსნა. აშშ-ში მაღაზიები 1976 წელს გამოჩნდა. დღეს კომპანიას 20-ზე მეტ შტატში 600-მდე მაღაზია აქვს.

1961 წელს ძმებმა კომპანიის გაყოფა გადაწყვიტეს. მდინარე რურის ჩრდილოეთით მდებარე მაღაზიების ქსელი 1950 ფილიალით თეოს ერგო, სამხრეთით კი კარლს, 1500 ფილიალით. გერმანელები ირონიულად შენიშნავდნენ, რომ "ალდი თეო" და "ალდი კარლი" ერთმანეთისგან მხოლოდ ცელოფანის პაკეტების ფერით განსხვავდებოდა. კომპანიის გაყოფის მიზეზი დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი იყო, თუმცა კარლი და თეო საქმიან ინფორმაციას ერთმანეთს მუდმივად უცვლიდნენ და ზოგჯერ შესყიდვების შესახებაც მოლაპარაკებებსაც ერთად წარმართავდნენ.

ფაქტია, რომ ალბრეხტებმა გერმანიაში ფასდაკლებით ვაჭრობას დაუდეს საფუძველი. დისკაუნტს (ფასდაკლებას) მომხმარებელს დღეს უმრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი სთავაზობს, თავისი ფასდაკლების ბარათებითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

უცნაურია, მაგრამ ქსელი მაღაზიებისა, სადაც საშუალოდ 3-10 ადამიანია დასაქმებული და პროდუქციის 700-800 დასახელებაა, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულში შედის. "ალდის" მთლიანი სავაჭრო ქსელის ბრუნვა $66 მილიარდს აჭარბებს.

გერმანია იქნება თუ ახალი ზელანდია, ქსელის ნებისმიერ მაღაზიაში არის განსაზღვრული ფართობის სავაჭრო მოედანი და ასევე მოსახერხებელი ადგილი პარკირებისთვის. კომპანია არც ახლა ხარჯავს ფულს რეკლამაზე, არ ეწევა ქველმოქმედებას და არც სასაქონლო ნაშთს იშორებს გროშებად. თუმცა ყოველ ორ კვირაში კომპანია ფლაერებს ავრცელებს, სადაც დეტალური ინფორმაციაა მაღაზიებში გამოტანილ პროდუქციაზე.

"ალდიში" ეკონომიას პოლიეთილენისა და ქაღალდის პაკეტებზეც კი აკეთებენ. თუ სუპერმარკეტების უმეტესობაში პროდუქციის ჩასაწყობი პაკეტები უფასოა, "ალდიში" ისინი იყიდება- ქაღალდის პაკეტი 5 ცენტად, პოლიეთილენის- 10. მომხმარებელი ურიკისაც კი ქირაობს და ამისთვის 25-ცენტიანი დეპოზიტი წინასწარ შეაქვს. საიდუმლო არ არის, რომ "უფასო" პაკეტებისა და ურიკების ღირებულება ყველგან გასაყიდ ფასებშია გათვალისწინებული, "ალდი" კი მომხმარებელს არჩევანის წინაშე აყენებს, დამატებით გადაიხადოს თუ არა წვრილი ფული.

საშუალოდ 30-60 მაღაზიას ერთი გამანაწილებელი ცენტრი ამარაგებს. დაწესებულია პროდუქციის ჩამოცლის ნორმატივებიც კი. მაგალითად, ერთი დასახელების საქონლის ჩამოცლას 2,83 წამზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.

"ალდი" დაბალშემოსავლიან მომხმარებელზე იყო გათვლილი, მაგრამ მაღაზიების პოპულარობა შეძლებულ ადამიანთა შორისაც გაიზრდა. დრო ძვირად ფასობს და მომხმარებლისთვის სისწრაფე და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანია. "ალდიც" ადრე თუ მცირეშემოსავლიანებზე იყო ორიენტირებული, ახლა მისი მომხმარებლები "ყველაზე ეკონომიური და ყაირათიანი" ადამიანებია.

ესენელი მხცოვანები ალბრეხტების შესახებ იხსენებდნენ: "ძალიან შრომისმოყვარენი იყვნენ. დილიდან დაღამებამდე მუშაობდნენ, ხოლო სხვაგან არსად ჩანდნენ და მათ შესახებაც არაფერი ისმოდა". ისინი არ წარმოაჩენდნენ არც საკუთარ თავსა და არც საქმეს. მათ გამოიცნეს, რა სჭირდებოდათ მცირეშემოსავლიან უბრალო ადამიანებს და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. ფულმა და დიდებამ ალბრეხტები თავად იპოვა.