ოფშორული "კრიშა" ელიტური კორუფციისთვის?!
ოფშორული "კრიშა" ელიტური კორუფციისთვის?!
საქართველოში დღეს 3000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ოფშორულ კომპანიებს სრულად ან ნაწილობრივ ეკუთვნით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ოფშორული კომპანიებიდან საკმაოდ დიდი თანხა შემოდის როგორც კერძო­ პროექტებში, ისე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულში. ოფშორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ძნელი ან შეუძლებელია გარკვევა, ვინ დგას ამ ფირმების უკან. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ოფშორულ კომპანიებს მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები არიან ამოფარებული, რომლებიც თავისი ფულის წარმომავლობას მალავენ, მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებსა და პროგრამებში, რისთვისაც
თავიანთ გავლენებს იყენებენ, ხოლო ოფშორული ანონიმურობა კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გარანტიად სჭირდებათ.

"საგადასახადო სამოთხე"


დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლ­ობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციისა და ოპერირების სიმარტივე­ - ბიზნესს ოფშორებში ასეთი შეღავათები იზიდავს, მით უმეტეს, არ არის აუცილებელი ამ ქვეყნების მოქალაქეობა. შესაბამისად, თუ გინდა გაექცე
სახელმწიფო ბიუროკრატიას, სამართლებრივ კონტროლსა და გადასახადების ნაწილს, ოფშორი მართლაც "სამოთხეა". ყველაზე პოპულარული ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები და სხვ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი­ ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი კონფიდენციალურობა და ფულის წარმომავლობის გადამო­წმების დაბალი სტანდარტებია, რაც ფულის გათეთრებასაც ამარტივებს. ოფშორიდან პირს შეუძლია ბიზნესი ვინაობის გაუმხელლად წარმართოს. ამას იყენებენ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ სურთ. ამის ნათელი მაგალითი იყო "საგამ­ოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის" მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული "პანამის დოკუმენტები". ოფშორული კომპანიების კონფიდენციალური დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ ასზე მეტი პოლიტიკოსი ოფშორულ კომპანიებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და "ფულის გასათეთრებლად" იყენებდა.

ფირმის ოფშორში რეგისტრირება აკრძალული არ არის, თუმცა ეს კორუფციისა და თაღლითური ოპერაციების რისკს ზრდის. მაგალითად, ხელისუფლების წევრებმა, რომლებსაც ეკრძალებათ სახელმწიფო შესყიდვებსა და პროგრამებში მონაწილეობა, ბიუჯეტის ფული შესაძლოა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით მიიღონ. თანამდებობის პირმა შესაძლოა არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი თავისივე ფირმას, ბიუჯეტიდან ფულის გამცემი და მიმღები კი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდეს.

ოფშორები და საქართველო


საქართველოში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანიაა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქა­რთველოს სამეწარმეო რეესტრში 3000-მდე საწარმოა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან განსაზღვრული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. 1000-მდე კომპანია დიდ ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია რეგისტრირებული, ვირჯინიის კუნძულებზე - 250-მდე, კვიპროსზე - 280, პანამაში - 74, სეიშელის კუნძულებზე - 63 და ა.შ.

ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "საქართველოში დაბალი გადასახადებია, თუმცა ბევრი ბიზნესმენი ან დიდი ფულის პატრონი მაინც ცდილობს ფულის ოფშორულ ქვეყნებში გატანას და იქიდან საქართველოში ოპერირებას. ოფშორებში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველს არავინ ეკითხება ფულის წარმომავლობას. შესაბამისად, ოფშორი ფულის გათეთრების მარტივი გზაა და საუკეთესო შესაძლებლობა ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსებისთვის, ვისაც არ სურს, რომ მათი ფულის წარმომავლობაზე შეკითხვები გაჩნდეს. პატარა კუნძულოვანი ქვეყნები ამისთვის ნამდვილი სამოთხეა. 2016 წელს პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიებისა და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. ჩამონათვალში 84 ქართველი მოხვდა, იყვნენ ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსებიც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, დავით კეზერაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია.

ზემოხსენებული 3000 კომპანიის არსებობა ნიშნავს, რომ ოფშორების საქართველოთი დაინტერესება დიდია. ეს ჩანს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაშიც. საკმაოდ დიდი მოცულობისაა პანამიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან და ნიდერლანდებიდან საქართველოში შემოსული ფული. ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60-70% რეალურად ქართველების ფულია, რომელიც გატანილი აქვთ ოფშორში და შემდეგ უკან შემოაქვთ. ბოლო წლების ყველაზე მსხვილი ინვესტორი ოფშორებიდან ბიძინა ივანიშვილია. მის სახელს უკავშირდება 9 ოფშორული კომპანია და 70 კომპანია საქართველოში, რომლებიც დაკავშირებული არიან მის ოფშორულ ბიზნესთან. გარდა ამისა, ოფშორული ზონებიდან რუსული კაპიტალიც შემოდის. ოფშორშია რეგისტრირებული თბილისის წყლის კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი", კომპანია "ბილაინი", "ლუკოილი" და სხვა".


"საქართველოში მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ საკითხად რჩება"


კვლევაში ნათქვამია, რომ 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%. ყველაზე მეტი შემოვიდა ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან, ჯამში 3 მლრდ დოლარი.

ამ ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიებს არ მიეკუთვნება, თუმცა რთულია გამიჯვნა, რამდენია არაოფშორული ინვესტიცია. იმავეს თქმა შეიძლება ლუქსემბურგიდან და შვეიცარიიდან შემოსულ ფულზეც.

ოფშორულ ტერიტორიებში პანამა ლიდერობს 288 მლნ დოლარით, შემდეგ მოდიან მალტა (239 მლნ დოლარი), ვირჯინიის კუნძულები (96 მლნ), ბელიზი (64 მლნ დოლარი) და ა.შ.

ბესო ნამჩავაძე: "ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა გამართლებული არ არის და მას არც ერთი ქვეყანა არ კრძალავს, მაგრამ დაწინაურებული ქვეყნების პოლიტიკური კულტურისთვის მიუღებელია, პოლიტიკოსს ან მასთან დაკავშირებულ პირებს ოფშორებთან რამე სახის კონტაქტი ჰქონდეთ. ამის კარგი მაგალითი იყო "პანამის დოკუმენტების" სკანდალი, როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ოფშორული კომპანიის 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების წილის გაყიდვაზე მოუწია განმარტებების გაკეთებამ, თანაც 6 წლის წინანდელ ამბავზე. გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსის ოფშორებთან კავშირი კორუფციისთვის ხელშემწყობი გარემოებაა, არსებობს ე.წ. პოლიტიკური მორალი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლია, სხვა ქვეყნის ბიზნესგარემო უფრო ხელსაყრელად მიაჩნია, ამ დროს კი მისი თანამოქალაქეები მათ ქვეყანაში მოქმედ ბიზნესრეგულაციებს ემორჩილებიან.
ოფშორული "კრიშა" ელიტური კორუფციისთვის?!

საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები უფრო მწვავედ დგას, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. ელიტური კორუფციაა, ხოლო ოფშორული კომპანიების ანონიმური მფლობელობა მისი ხელშემწყობი ფაქტორია. ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება, ნათქვამია, რომ საქართველოში მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ საკითხად რჩება.


ფული ერთგვარ ჩაკეტილ წრეში ბრუნავს


2016 წლის მაისში ლონდონში გაიმართა ანტიკორუფციული სამიტი, რომელსაც საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. სამიტი "პანამის დოკუმენტების" გამოქვეყნებას დაემთხვა. ექვსმა მონაწილე ქვეყანამ (ავღანეთი, საფრანგეთი, კენია, ნიდერლანდები, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი) ვალდებულება აიღო, აწარმოონ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური ბენეფიციარების რეესტრი. კიდევ ექვსმა ქვეყანამ (საქართველო, ავსტრალია, ინდონეზია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია) განაცხადა, რომ ასეთი რეესტრის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. მას შემდეგ 4 წელიწადი გავიდა, მაგრამ ამისთვის ნაბიჯიც არ გადადგმულა.

"პანამის დოკუმენტების" სკანდალის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში შეიცვალა დამოკიდებულება ოფშორებს თავშეფარებული ბიზნესის მიმართ. ოფშორული კომპანიებისა და მათი კლიენტების შესახებ ასეთი მოცულობის ინფორმაციას მანამდე არასდროს გაუჟონავს. სკანდალის შედეგად გადადგნენ ისლანდიის პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი მინისტრები, განმარტებების გაკეთებამ მოუწიათ კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს; ევროპარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. 10-თვიანი მუშაობის შემდეგ ევროკავშირმა ოფშორების 17-ქვეყნიანი "შავი სია" გამოაქვეყნა და ზოგიერთი ტიპის ოპერაციებისთვის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები მოითხოვა.

ბოლო წლებში მოწინავე ქვეყნებში მუშაობენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირებაზე, თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. საქართველო ქსელის წევრია და ეს რეკომენდაცია ეხება, ელიტური კორუფციის არსებობის გამო კი მისი შესრულება მით უფრო საშურია.

აუცილებლად შესამუშავებელია წესები ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით; ქვეყანამ უნდა შეასრულოს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს, სულ ცოტა, იმ შემთხვევაში მაინც, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი საწარმოები სახელმწიფო შესყიდვებში, საპარტნიორო ფონდის პროექტებში ან სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ. მაგრამ რეკომენდაციები არ სრულდება, ინვესტორები კი რაც უფრო ხშირად წაიკითხავენ, რომ საქართველო არ ასრულებს ამა თუ იმ ვალდებულებას, მით უარესია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის.

ცივილიზებულ ბიზნესს არ მოსწონს ქვეყანა, სადაც საქმის ჩაწყობა გიწევს სახელისუფლებო დონეზე. ასეთ ქვეყანაში შეიძლება ჩამოვიდნენ ის ინვესტორები, ვინც თავის ქვეყანაშიც ბიზნესის ასე კეთებას არიან მიჩვეული.
საზოგადოდ, პოლიტიკოსებს ბიუჯეტის ფულზე წვდომა შეზღუდული აქვთ, მაგალითად, არ შეუძლიათ ფლობდნენ ბიზნესს და მოიგონ სახელმწიფო ტენდერები, მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფო პროგრამებში და გახდნენ ბენეფიციარები, მაგრამ როცა ოფშორული კომპანიით შემოდიხარ და მფლობელი არ ჩანს, ძნელია გარკვევა, ვინ იგებს სახელმწიფო ტენდერებს, ვინ მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამებში. შესაძლოა სულაც ერთი და იგივე პირი იყოს ფულის გამცემიც და მიმღებიც. ამიტომ ცნობილი უნდა იყოს ოფშორული კომპანიის რეალური მფლობელი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში.

ჩვენთან პოლიტიკა და ბიზნესი ძალიან გადაჯაჭვულია, პარლამენტარების ნახევარიც მოქმედი ან ყოფილი ბიზნესმენებია, ფულიც ერთგვარ ჩაკეტილ წრეში ბრუნავს და თითქოს გვაქვს ეკონომიკის ზრდა, შემოსავლებისაც, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ამას ვერ გრძნობს. არალეგალურად და კორუფციულად აქ ნაშოვნ ფულს რომ ოფშორში გაიტანენ, შემდეგ მთლიანად კი არ დააბრუნებენ საქართველოში, არამედ სადაც უფრო ხელსაყრელ პირობებსა და მოგებას ნახავენ, იქ გაიტანენ. შესაბამისად, გამდინარე თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი ბრუნდება ქვეყანაში".

ჰოპლა
08 დეკემბერი 2019 14:08
ყველასათვის ცნობილია,რომ საქართველოში შავი ფული "თეთრდება" და ამას სათავეში ოცნების მამა და მარჩენალი უდგას სათავეში.ყველა ტრანზაქციიდან ის თავის პროცენტს იღებს და უფრო მდიდრდება.
ალექს
06 დეკემბერი 2019 17:33
მარტო გადასახადისგან თავის ასარიდებლად არ მიდის ქართველი ოფშორში,ქართველი ჩინოვნიკისაგან დასამალადაც მიდის !
რომ არა ბიზნესში ქართველი ვაი ჩინოვნიკის არაფორმალური და ნუ გიკვირთ და კანონის ფარგლებშიც ჩარევა,ავყვავდებოდით !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები