”ეს გზა ბიზნესწნეხის შემცირებამდე მიგვიყვანს?!” - კვირის პალიტრა

”ეს გზა ბიზნესწნეხის შემცირებამდე მიგვიყვანს?!”

გაფორმების ეკონომიკური ზონის -გეზ-ის შექმნამ, რომელიც ”სახელმწიფო საბაჟო ტერმინალის” ფუნქციას ასრულებს, კერძო ტერმინალები არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენა.

ისინი კლიენტების გარეშე დარჩნენ. ნაწილმა უკვე შეწყვიტა მუშაობა, დარჩენილები კი მწირ შემოსავალს იღებენ და დახურვის პირას არიან. კერძო ბიზნესს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ანაცვლებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიუდიული პირია და მომსახურებისთვის ფულის აღების უფლებას უკვე კანონი აძლევს. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში განბაჟებისთვის მეტის გადახდა უწევთ.

გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონა გეზ-ი ლილოში დეკემბრიდან მუშაობს, რამაც, როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ, იმპორტირებული ტვირთის განბაჟება უნდა გაამარტივოს, განბაჟების დროც უნდა შეამოკლოს და ტარიფიც. გეზ-ში აცხადებენ, რომ რამდენიმესაფეხურიან პროცედურას იმპორტიორები 15-20 წუთში გაივლიან, თუ ტვირთში რამე საეჭვო ნივთი არ გამოჩნდა (ანუ ”წითელ ზონაში” თუ არ მოხვდა).

აქ ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ტვირთს საბაჟოზე საათზე მეტხანს არ გააჩერებენ, იმპორტიორებს გეზ-ის ოფიცერი შეუვსებს საბაჟო დეკლარაციას და კერძო ბროკერებსაც ჩაანაცვლებს, რომლებიც კერძო საბაჟო ტერმინალებთან მუშაობდნენ. პროცედურის შემდეგ ოფიცერი ბილეთს მისცემს იმპორტიორს, რომელსაც უკვე შეუძლია ტვირთი საბაჟო ტერიტორიიდან გაიტანოს.

გეზ-ში ფინანსთა სამინისტროს ასეთი ტარიფები აქვს: 3 ათას ლარამდე ტვირთის განბაჟება 150 ლარი დაჯდება, 3-დან 15 ათას ლარამდე -200 ლარი, ხოლო 15 ათას ლარს ზემოთ -250 ლარი. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ”სახელმწიფო ტერმინალში” ტვირთის განბაჟება კერძოზე ნაკლები დაჯდება. თუმცა იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში სერვისი გაუძვირდათ.

გიორგი გუგუნაშვილი (იმპორტიორი): ”გეზ-ში ჩვენთვის ერთადერთი შეღავათი ის არის, რომ ლოდინი და რიგში დგომა არ გვიწევს. რაც შეეხება ტარიფებს, განბაჟება გაგვიძვირდა. კერძო ტერმინალ ”გაკოში”, რომელიც აეროპორტში მდებარეობს, შესვლა 80 ლარი ღირდა, 50 ლარს კი დეკლარაციის შევსებაში ვიხდიდით. ნებისმიერი ოდენობის ტვირთის განბაჟება 130 ლარი გვიჯდებოდა.

ბროკერი არ გვჭირდებოდა, რადგან დოკუმენტებს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით. ახლა გეზ-ში 250 ლარის გადახდამ მოგვიწია. გაზრდილია გეზ-ის ტერიტორიაზე სადგომის საფასურიც. ტვირთის სადგომზე ერთი დღე დგომა უფასოა, მაგრამ ყოველ გადაცილებულ დღეზე 50 ლარი უნდა გადაიხადო, როცა კერძო ტერმინალში 10 ლარი უნდა გადაგეხადა. არასამუშაო დღეებში განბაჟება გეზ-შიც სამმაგი ღირს.

თუ ტვირთი წითელ ზონაში აღმოჩნდება, იქაც და აქაც მებაჟემ უნდა გახსნას და დათვალოს. ამ შემთხვევაში მომსახურებისთვის დამატებით უნდა გადაიხადო. კერძოში, კონტეინერის გახსნისთვის 20 ლარს ვიხდიდით, მუშას თუ გადმოვაცლევინებდით, ტონაზე 30 ლარი უნდა გადაგვეხადა. ჯერ გეზ-ში ჩვენ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, ამიტომ აქ რა ტარიფებია, არ ვიცით”.

გამართლდა კერძო ტერმინალის მფლობელების შიში. სახელმწიფო კონკურენტის გახსნის შემდეგ ტვირთები შეუმცირდათ და ახლა მათთან თითი-ოროლა მანქანა თუ შედის. რამდენიმე ტერმინალი უკვე დაიხურა, გაჩერების წინაშე დგას ზაჰესის ტერმინალიც.

ერთადერთი ტერმინალი, რომელსაც კლიენტები ჯერ კიდევ ჰყავს, ლილო-1-ია, რომლის ერთ-ერთი მოწილე ოფიციალურად კახა ბენდუქიძის დაა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მიუხედავად (აეროპორტთან ახლოს), ტვირთების კლებაზე ლილო-1-შიც წუწუნებენ და ამბობენ, რომ გეზ-ი მათაც უმუშევრად დატოვებს.

ზაჰესის კერძო ტერმინალში კლიენტებმა ნოემბრიდან იკლო, როცა საბაჟო სერვისცენტრი, რომელიც ტერმინალის შენობაში იყო განთავსებული და განბაჟებას იქ ახორციელებდა, მცხეთიდან აეროპორტში გადაიტანეს. იმპორტიორებისთვის მცხეთიდან ჯერ აეროპორტში გასვლა და შემდეგ ისევ უკან დაბრუნება დროის კარგვა იყო. მათაც უფრო მოსახერხებელი გზა აირჩიეს და ლილო-1-ში გადაინაცვლეს.

კერძო ტერმინალში ამბობენ, რომ ახლა ყველა ტვირთი შემოსავლების სამსახურის ტერმინალისკენ წავა და უფუნქციოდ დარჩებიან. ”ჯერ ვმუშაობთ, მაგრამ ამ თვეში სულ ათ მანქანამდეა შემოსული. 43 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში უკვე გავუშვით. ჯერ არ ვიკეტებით, მაგრამ უკვე ისეთი ვითარებაა, არ ვიცით, დარჩენილი თანამშრომლების ხელფასები როგორ გავისტუმროთ. აქეთ ტვირთს აღარ უშვებენ”, -აცხადებენ ზაჰესის ტერმინალში.

ფაქტია, რომ საქმე ბიზნესის ცენტრალიზაციასთან გვაქვს. კერძო ბიზნესის კონკურენტი მომგებიან სფეროებში თანდათან სახელმწიფო ხდება. თუმცა ჩნდება კითხვაც: იმპორტიორს რა ურჩევნია, კერძო ტერმინალში მივიდეს და განბაჟებისთვის მეტი დრო და ფული დახარჯოს, თუ თანხა პირდაპირ სახელმწიფოს გადაუხადოს და ტვირთი სწრაფად განაბაჟოს? ამ შემთხვევაში უპირატესობა ალბათ, სახელმწიფო სტრუქტურის მხარეს იქნება. მით უმეტეს, რომ იმპორტიორი გეზ-ში დეკლარაციაში შეცდომისგანაც დაზღვეულია, რადგან დოკუმენტებს თვითონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ავსებს.

ამიტომ, როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, შეცდომის გაპარვის ალბათობა 1%-ზე ნაკლებია. ”უხარისხო” ტერმინალებში, როგორც პრეზიდენტმა კერძო ტერმინალებს უწოდა, იმპორტიორისთვის საკმაოდ დამღლელ პროცესს ხშირად ხელოვნურად ართულებდნენ ბროკერები, მათთვის მომსახურების საფასური რომ გაეზარდათ. ამ უკანასკნელთაც ალბათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. მეტი დრო სჭირდებოდა კერძო ტერმინალში ექსპერტის გამოძახებასა და საეჭვო ტვირთის სათითაოდ შემოწმებასაც.

ამიტომ შემოწმების დროის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების იმპორტიორებისთვის. მათ ურჩევნიათ, ტვირთი იმ დღესვე განაბაჟონ და პროდუქტი ქსელში დაუყოვნებლივ შეიტანონ. გეზ-ში კიდევ ერთი შეღავათი ის იქნება, რომ იმპორტიორს თუ ნაღდი ფული ხელზე არ აქვს, განბაჟების საფასური შეუძლია ბანკის სერვისცენტრში ხუთი დღის განმავლობაში დაფაროს.

ჯერჯერობით არიან იმპორტიორები, რომლებიც ისევ ძველი მეთოდით განაბაჟებენ და კერძო ტერმინალებში შედიან. ასეთები არიან, ვისი ტვირთიც ორ ნაწილად შემოდის. ისინი ამჯობინებენ, მეორე ტვირთს დაელოდონ და საქონელი ერთად განაბაჟონ.

თუმცა მათი რიცხვი ყოველდღიურად მცირდება. კერძო ტერმინალების კლიენტების მეორე ჯგუფი ის იმპორტიორებია, ვისაც ერთზე მეტკოდიანი ტვირთი შემოაქვს. გეზ-ში ჯერჯერობით მხოლოდ ერთკოდიან ტვირთებს განაბაჟებენ. თუმცა, როგორც გაცხადებულია, მომავალში ეს შეიცვლება და გაფორმების ეკონომიკური ზონა მრავალკოდიან ტვირთებსაც მიიღებს.

ნონა ქვლივიძე