შემიფუთეთ... მთელი მსოფლიო! - კვირის პალიტრა

შემიფუთეთ... მთელი მსოფლიო!

რაუსინგების ოჯახს "ჯადოსნურმა ტეტრაედრმა"ათეულობით მილიარდი მოუტანა

მცირე ოჯახური ბიზნესი შვედმა ჰანს რაუსინგმა მსოფლიო შეფუთვების იმპერიად აქცია: სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის პაკეტები მილიონობით ადამიანისთვის, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ტრადიციულად "ფორბსი"ადგენს, 2010 წელს 84 წლის ჰანს რაუსინგმა ოჯახთან ერთად 64-ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება $10 მილიარდად შეფასდა.

სწორედ ჰანს რაუსინგმა შექმნა პატარა საოჯახო საწარმოდან გლობალური იმპერია საკვები პროდუქტებისთვის ტარის დასამზადებლად, რომლის ბრუნვამ მილიარდობით ევროს მიაღწია. ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში კი, სადაც მაღალი ტემპერატურის გამო რძის პროდუქტების დიდი ნაწილი ფუჭდებოდა, თეტრა Pაკ-ის პაკეტების გამოსახულება, რომლებმაც ადგილობრივები ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, ეროვნულ ბანკნოტებზეა გამოსახული.

შვედი საქმოსნის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, უფრო მისი ეგზოტიკური ჩვევები. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში რაუსინგი დაფახფახებული "ნივით"დადიოდა. უყვარს ხალხთან სიახლოვე.

ჰანსი დიდი სიამოვნებით ატარებს ზაფხულს მშობლიურ მხარეში. ოჯახსა და მოსამსახურეებს ინგლისის ადგილ-მამულში დატოვებს ხოლმე, თავად კი რიგითი შვედის ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ იმზადებს სადილს, თმას სოფლის დალაქთან იჭრის და თეატრის ბილეთების შეძენისას, კუთვნილ საპენსიო ფასდაკლებას ითხოვს. რაუსინგი ყოველთვის თავს არიდებდა ე.წ. "გლამურულ"წრეებს და ზეპურ თავყრილობებს მსუბუქი ირონიით უყურებდა.

საოჯახო ბიზნესის ისტორია 1929 წელს დაიწყო, როცა ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულმა რუბენ რაუსინგმა, ჰანსის მამამ, შვედეთის ქალაქ ლუნდში შესაფუთი მასალების მცირე საწარმო დაარეგისტრირა. გასული საუკუნის 20-იან წლებში კვების მრეწველობა ახალ დონეზე ავიდა: გაჩნდა ნახევარფაბრიკატები, სწრაფად ვითარდებოდა კონსერვების წარმოება. ახალგაზრდა მეწარმე რუბენ რაუსინგმა დაასკვნა, რომ რძის წარმოებას სჭირდება სავსებით ახლებური- ერთჯერადი შეფუთვა.

ამასთან ერთად, ის უფრო ეკონომიური და ჰიგიენური უნდა ყოფილიყო, ვიდრე მანამდე არსებული მინის ტარა. თუმცა ამ მიგნებით ფირმის საქმეები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ყველაფერი აღმოჩენამ შეცვალა, ოღონდ მის დანერგვასაც რამდენიმე წელიწადი და ძალიან დიდი მონდომება დასჭირდა. კომპანიის ლაბორანტმა ერიკ ვალენბერგმა წამოაყენა იდეა, რძე ჩამოესხათ ქაღალდის პაკეტში, რომელსაც ტეტრაედრის- ოთხწახნაგოვანი პირამიდის ფორმა ექნებოდა. ასეთი პაკეტის შეკვრა ადვილია, მცირე ადგილს იკავებს და იდეალურია ტრანსპორტირებისთვის.

იდეა მეცნიერს ეკუთვნოდა, თუმცა რუბენ რაუსინგმა პატენტი თავის სახელზე გააფორმა. სამართლიანობამ მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იზეიმა. 1991 წელს შვედეთის საინჟინერო მეცნიერებების სამეფო აკადემიამ და სხვა ინსტანციებმაც ერიკ ვალენბერგის საავტორო უფლებები აღიარეს. მაგრამ ამ დროისთვის ტეტრაედრი უკვე მჭიდროდ ასოცირდებოდა კომპანია "ტეტრა პაკთან".

მორალური თვალსაზრისით, უფროსი რაუსინგი არაკორექტულად მოიქცა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1944 წელს ტეტრაედრის გამოგონებიდან მის წარმოებაში ჩაშვებამდე თითქმის ათი წელიწადი გავიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში კომპანიის დამფუძნებელი ნახევრად მშიერი იყო, მცირედზეც კი ფულს ზოგავდა ერთადერთი მიზნით, რომ რძის მანამდე არნახული შეფუთვა დაენერგა.

სუპერმარკეტების სახელით!

არავინ იცის, რით შეიძლებოდა დასრულებულიყო შესაფუთი ბიზნესის ისტორია, რომ არა გარემოებების იღბლიანი დამთხვევა. დღეს შესაძლოა დაუჯერებლადაც ჩანდეს, მაგრამ პირველმა ტეტრაედრებმა ჰანს რაუსინგის მამა ლამის გააკოტრეს. დიასახლისებმა უბრალოდ უგულებელყვეს რძის პროდუქცია ახალი შეფუთვით. მიზეზი ერთობ პროზაულად ჟღერდა- რძე ხშირად იღვრებოდა, როცა პაკეტს თავს წააჭრიდნენ. ვითარება სუპერმარკეტების გამოჩენამ შეცვალა.

ნაკადურმა ვაჭრობამ თავისთავად უბიძგა ბაზარს შეფუთვის უნივერსალური ფორმისკენ. ტეტრაედრები მოხერხებულად ეწყობოდა ყუთებში და სავაჭრო დარბაზებში მათი განთავსებაც ადვილი იყო.

სანამ უფროსი რაუსინგი არნახული შეფუთვის სერიული წარმოებისთვის იბრძოდა, მისი ვაჟები ჰანსი და გოდი თვალსა და ხელსა შუა იზრდებოდნენ. უმცროსი ჰანსი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინტერესდა ენებითა და ლიტერატურით. გატაცება სერიოზული აღმოჩნდა და ბაკალავრობის შემდეგ დისერტაციის დაცვასაც გეგმავდა რუსულ პოეზიაზე, როცა მამამ ულტიმატუმი წაუყენა: ან ლიტერატურა, ან საოჯახო ბიზნესი.

ჰანს რაუსინგი 28 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში საწარმოს, სადაც მისი ჩათვლით რვა ადამიანი მუშაობდა. ჰანსის სწრაფვა მოგზარობისკენ, სხვა ხალხების კულტურის გაცნობისკენ, იქცა ლოკომოტივად, რომელმაც პატარა ფირმა საერთაშორისო არენაზე გაიყვანა. გაირკვა, რომ კომპანია "ტეტრა პაკის"უნიკალურ შეფუთვაზე (ასე იწოდებოდა 1951 წლიდან რაუსინგების საოჯახო წარმოება) მოთხოვნაა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში: ლათინურ ამერიკაში მუყაოს პაკეტებში წვენს ასხამდნენ, საფრანგეთში- ღვინოს, იტალიაში- კეტჩუპს. ჰანს რაუსინგმა კომპანიის წარმომადგენლობა 165 ქვეყანაში გახსნა. მდიდარი წარმოსახვაა საჭირო იმ პროდუქციის მოცულობის წარმოსადგენად, რომელსაც დღეს კორპორაცია აწარმოებს- ყოველწლიურად მსოფლიოში რაუსინგების მუყაოს შეფუთვით თითქმის მილიარდი ლიტრი რძე, ღვინო, წვენი და სოუსი იყიდება!

შორს გადასახადებისგან

რაუსინგებმა "ტეტრა პაკი"თავის სხვა კომპანიებთან ერთ კორპორაციაში გააერთიანეს, რომელსაც "ტეტრა ლავალი"უწოდეს. მულტინაციონალურ ჯგუფს 30 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ჰანსს ბოლომდე გაჰყვა რუსეთის სიყვარული. მან გვარიანად იზარალა ექსპერიმენტზე, როცა ბორშის ტეტერაედრებში შეფუთვას წარუმატებლად ცდილობდა. ოჯახში კამათიც ხშირი იყო. უფროსი ძმის, გოდის ვაჟებს უკვე ხელმძღვანელი პოსტები ეკავათ საოჯახო კორპორაციაში.

არ ეთანხმებოდნენ ჰანსის ინვესტიციასაც რუსეთში. საბოლოოდ, ბიზნესის წილში რაუსინგმა ძმის ოჯახისგან $7 მილიარდი აიღო და მართვის სადავეები ძმისშვილებს გადააბარა.

როგორც ყველა კაპიტალისტმა, რაუსინგმა იცის ფულის თვლა და არ უყვარს გადასახადების გადახდა. ამ მიზეზის გამო მას შვედეთის დატოვებაც კი მოუხდა და ინგლისში გადასახლდა. ლამის გამაკოტრებელი გადასახადების გამო მისამართი შეიცვალა კორპორაციის მთავარმა ოფისმაც და შვეიცარიაში, ლოზანაში დაიდო ბინა.

როცა ბრიტანეთში დამკვიდრდა, რაუსინგმა მიწა სამხრეთ ინგლისში შეიძინა, სადაც სასახლე ააშენა ვეებერთელა ადგილ-მამულში და ცოლითა და სამი შვილით იქ დასახლდა. სახლს 52 ადამიანისგან შემდგარი მოსამსახურეთა ჯარი ემსახურება. ჰანსმა ააგო "საზაფხულო"სახლი კუნძულ ბარბადოსზეც, სულ რაღაც $20 მილიონად.

მისი ახლანდელი ბიზნესი რაღაცით ქველმოქმედებას ჰგავს. თავისი ფულის დიდი ნაწილი, რომელიც "ტეტრა პაკის"წილის გაყიდვით მიიღო, მცირე შვედურ კომპანია Eცოლეან-ში ჩადო, რომელიც პროდუქციის ახალი ტარის შემუშავებაზე მუშაობს. რაუსინგს იმედი აქვს, რომ ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა, რომელიც უდანაკარგოდ გადამუშავდება მოხმარების შემდეგ, ამ ბიზნესში მეორე რევოლუციას მოახდენს.

რაც შეეხება დიდ საოჯახო ბიზნესს, 2000 წელს გოდი გარდაიცვალა და საქმე მეუღლეს, ბირგიტს გადააბარა. ის სამ შვილთან ერთად უძღვება კორპორაციას და ქონებით უკვე მაზლსაც გადააასწრო: 2010 წლის მარტში "ფორბსმა"86 წლის ბირგიტი, ოჯახთან ერთად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-40 ადგილზე გაამწესა $13 მილიარდით.